Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-307(კ-23) 19 სექტემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ა.კ-ა, მ.კ-ა, ალ.კ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.კ-ამ, მ.კ-ამ, ალ.კ-ამ და ნ.კ-ამ 2021 წლის 29 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის N03-1409/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

2022 წლის 16 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე ნ.კ-ას წარმომადგენელმა გაიხმო სარჩელი, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ნ.კ-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ა.კ-ას, მ.კ-ას და ალ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ა.კ-ას, ალ.კ-ას და მ.კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა.კ-ამ, მ.კ-ამ და ალ.კ-ამ.

კასატორების განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ზუსტად არ არის ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მასში გაკეთებული დასკვნები არ ეყრდნობა ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, სასამართლომ, არასათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით: დევნილის ანკეტებით, დევნილის მოწმობებით, ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და მოწმე ნ.ნ-ას მიერ 11.05.2022 წლის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით მიიჩნია, რომ ა. და მ. კ-ების მუდმივი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დედის, ნ.ნ-ას საცხოვრებელი ადგილი შემდეგ მისამართზე: ქ. ..., მე-11 მ/რ, 2, მე-5 სართული, ბინა 44. მითითებული გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმეში არსებულ ალ.კ-ას და მ.კ-ას დევნილის ანკეტებზე არ არის დევნილის, პასუხისმგებელი პირის და ანკეტის შემვსების ხელმოწერები, ანკეტებში არ არის მითითებული მისი შევსების ადგილი და თარიღი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ზემოაღნიშნული ანკეტები დაუშვებელი მტკიცებულებაა და სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა გადაწყვეტილების გამოტანისას.

მოწმე ნ.ნ-ას, 11.05.2022 წლის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით არ დაუდასტურებია ის გარემოება, რომ ა. და მ. კ-ების მუდმივი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი იყო მისი საცხოვრებელი ადგილი; პირიქით მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ა. და მ. კ-ების მუდმივი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი იყო მათი მამის, ა.კ-ას საცხოვრებელი ადგილი.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ა.კ-ამ 23.09.2013 წელს ერთ პირზე შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, რის შემდგომ 09.10.2017 წელს მოითხოვა განაცხადში თავის დის - მ.კ-ას ჩამატება. ამ დროს მ.კ-ა ჩამოსული იყო საქართველოში. 26.01.2021წ. მონიტორინგის დროს ა.კ-ამ მიუთითა, რომ მ.კ-ა 2010 წლიდან ცხოვრობს რუსეთში. სასამართლო სხდომაზეც მოსარჩელე მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ მ.კ-ა 2010 წლიდან ცხოვრობდა რუსეთში და ა.კ-ა დის გათვალისწინებით არ ითხოვდა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას. ასევე 07.06.2021წ. განცხადებით ა.კ-ამ მოითხოვა განაცხადიდან დის, მ.კ-ას ამოღება. ამრიგად, უტყუარად დადასტურებული ფაქტია, რომ ა.კ-ას დის გათვალისწინებით არ უცდია მიეღო საცხოვრებელი ბინა.

ა.კ-ას ოჯახი შედგება სამი პირისაგან. მის ოჯახში შედის თვითონ ა.კ-ა, მისი შვილები: ა. და მ. კ-ები. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ა.კ-ას სამპირიანი ოჯახი უნდა დაკმაყოფილებულიყო ოროთახიანი ბინით, რასაც ითხოვდა ა.კ-ა განაცხადით. ის განაცხადში დის, მ.კ-ას დამატებით ოროთახიან ბინაზე მეტს მაინც ვერ მიიღებდა. შესაბამისად ა.კ-ა დის - მ.კ-ას გათვალისწინებით არ ითხოვდა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას. კასატორის განმარტებით სააპელაციო პალატას აღნიშნულზეც 16.12.2022წ. განჩინებაში საერთოდ არ უმსჯელია, თუმცა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

კასატორების განმარტებით, მოცემულ საქმეზე დავის საგანი იყო სააგენტოს 22.04.2021წ. ბრძანება, რომლითაც ა.კ-ას ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მოტივით უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებაზე. ბინის მიცემაზე უარის თქმის საფუძველი არ ყოფილა ის გარემოება, რომ ა.კ-ას შვილების ა. და მ. კ-ების მიმართ სახელმწიფოს არ გააჩნია საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, რადგან მათ დედას, ნ.ნ-ას სახელმწიფოსაგან მიღებული აქვს ბინა. ამრიგად, სასამართლო გასცდა დავის საგანს, იმსჯელა და გადაწყვიტა ის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მოცემულ შემთხვევაში მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა. გარდა ამისა, ნ.ნ-ას სახელმწიფოსაგან ბინა მიღებული აქვს 21.07.2015 წელს, ალ.კ-ა კი დაბადებულია ... ... ... წელს, ხოლო მ.კ-ა დაბადებულია ... ... ... წელს, ე.ი. ისინი დაბადებული არიან ბინის მიღების შემდეგ. ა. და მ. კ-ები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები. ა.კ-ა და ნ.ნ-ა არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ აქვთ სხვადასხვა საოჯახო ნომერი, ისინი არ არიან განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები პირები და ერთობლივად არ ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. შესაბამისად, ისინი არიან სხვადასხვა ოჯახის წევრები. ა.კ-ა სახელმწიფოსაგან არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. მასთან მუდმივად ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები, შვილები - ა. და მ. კ-ები, რომლებიც ასევე სახელმწიფოსაგან არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია ა., ალ. და მ. კ-ები დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინით. წინააღმდეგ შემთხვევაში უხეშად დაირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, ადგილი ექნება ა. და მ. კ-ების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განმარტა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაში (ოქმი N19), სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის ბრძანებაში არ არის მითითებული იმის თაობაზე, რომ ა.კ-ას შვილები ალ.კ-ა და მ.კ-ა ითვლებიან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულებად (როგორც დაღმავალი შტოს წარმომადგენლები) და ამის გამო ა.კ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამას ადასტურებს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 11.02.20226. სამსახურებრივი ბარათიც, რომელშიც მითითებულია, რომ ა.კ-ას განაცხადში შეყვანილი ჰყავდა და მ.კ-ა, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციაში. სწორედ ეს არგუმენტი იქნა მიჩნეული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ „ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო“ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსს, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს არ გააჩნია ზემოაღნიშნული უფლებამოსილება. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც არ იყო უფლებამოსილი დაყრდნობოდა დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 11.02.2022წ. სამსახურებრივ ბარათს და მის საფუძველზე დაესკვნა, რომ ა.კ-ა, ალ.კ-ა და მ.კ-ა რეგისტრირებული არიან დედის, ნ.ნ-ას საოჯახო ნომერზე და ითვლებიან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად (როგორც დაღმავალი შტოს წარმომადგენლები).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აპრილის განჩინებით ა.კ-ას, მ.კ-ას და ალ.კ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.კ-ას, მ.კ-ას და ალ.კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო არსებითად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის N03-1409/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ოჯახის ხელოვნური გაერთიანების მოტივით, უარი ეთქვათ მოსარჩელეებს ქ.თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

მითითებული მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე“, ,,ი“ და ,,ო“ ქვეპუნქტების მიხედვით, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს; დევნილთა ანკეტირება ნიშნავს სამინისტროს მიერ დევნილთა პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურას, ხოლო დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, რომლითაც დადგენილია საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები (დანართი N9). აღნიშნული დანართის თანახმად, დევნილის ოჯახების წევრთა 1-2 მოსახლეზე განისაზღვრა ერთოთახიანი ბინით, ხოლო 3-4 მოსახლეზე ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები - ა.კ-ა და ნ.ნ-ა არიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილები: მე.კ-ა (დაბადების თარიღი - ... ... ... წელი), ალ.კ-ა (დაბადების თარიღი - .... ... ... წელი), მ.კ-ა (დაბადების თარიღი - ... ... ... წელი) და ნ.კ-ა (დაბადების თარიღი - ... ... ... წელი), რომლებსაც ასევე მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ა.კ-ას სიდედრს - მ.რ-ეს, მეუღლეს - ნ.ნ-ას და შვილს - მე.კ-ას, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, 2015 წლის 21 ივლისის N340201/41 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეუძინა N44 ბინა, მდებარე ქ. ...ში, მე-11 მ/რ, N2-ში, მე-5 სართულზე.

ა.კ-ამ 23.09.2013 წელს ერთ პირზე შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, რის შემდგომ 09.10.2017 წელს მოითხოვა განაცხადში თავისი დის - მ.კ-ას ჩამატება, რომელიც 2010 წლიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლის განაცხადში ა.კ-ამ მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილია ქ. ..., ...ის ქუჩა N12ა, ბინა N61, ცხოვრობს ნაქირავებში და იხდის 150 ლარს.

სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელის მიერ რამდენჯერმე დაზუსტდა ფაქტობრივი მისამართი და მიეთითა: ქ. თბილისი, ... N3, 1 მ/რ, კორპუსი N18, ბინა N43; ქ. ..., 8 მ/რ, კორპუსი N7, ბინა N7; ქ. ..., 21 მ/რ, კორპ. N4, ბინა 95 (სარჩელში მითითებული მისამართი). მოსარჩელის მიერ ბოლოს ფიქსირდება მისამართი - ქ. ..., 17 მ/რ, კორპ. N20, ბინა N60.

ა.კ-ა 02.12.2020 წელს ელექტრონული ფორმით შევსებულ განაცხადში ოჯახის წევრებად დამატებით უთითებს შვილებს, ა. და მ. კ-ებს. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ოთხ პირზე, კერძოდ, საკუთარი თავის, მისი დისა და შვილების სასარგებლოდ.

საქმეში წარმოდგენილი დევნილის ანკეტებით, დევნილის მოწმობებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერითა და საქმის სხვა მასალებით (მოწმის ჩვენება, მხარეთა ახსნა-განმარტება და სხვა) ა. და მ. კ-ების რეგისტრირებული მისამართია დედის - ნ.ნ-ას საცხოვრებელი ადგილი - ქ. ..., მე-11 მ/რ, N2, მე-5 სართული, ბინა N44. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ ა. და მ. კ-ების მუდმივ, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს სწორედ დედის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს, რაც გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, დასტურდება მონიტორინგის მასალებითაც. ა. და მ. კ-ების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ კი რაიმე სახის რელევანტური მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საკასაციო პალატას, ქვედა ინსტანციის სასამართლოების ანალოგიურად, დადასტურებულად მიაჩნია ა.კ-ას მიერ, დედის საცხოვრებელ ადგილას მუდმივად მცხოვრები შვილების ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განაცხადში მითითებით, სახელმწიფოსაგან ოროთახიანი ბინის გადასაცემად პირობების ხელოვნურად შექმნა, რა გარემოებაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მართებულად დაედო საფუძვლად მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფას (ოროთახიანი ბინის გადაცემის შესახებ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.კ-ას, მ.კ-ას და ალ.კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა