Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ას-1-453-06 14 ივლისი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

თ. თოდრია

სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 25 ივნისს ნ. ე-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ნ. ნ-ძის, ი. და მ. ს-ძეების წინააღმდეგ და მოითხოვა ნ. ნ-ძესა და ი. ს-ძეს შორის დადებული მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა, ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრისა და ქუთაისის ¹2 სანოტარო ბიუროს მიერ ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ი. ს-ძისა და ნ. ნ-ძის სახელზე გადაფორმების შესახებ შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი ი. და მ. ს-ძეების ბინიდან გამოსახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ი. ს-ძის შეგებებული სარჩელი, ნ. ე-ძის მიერ 1996წ. 26 იანვარს შეძენილ სახლზე ქუთაისის ¹1 სანოტარო ბიუროს მიერ გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, სადავო სახლი ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროში უნდა აღრიცხულიყო ი. ს-ძის სახელზე და მასვე დაეკისრა ნ. ე-ძის სასარგებლოდ ბინის საფასურის _ 11000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998წ. 24 დეკემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წლიდან 2003წ. 23 მაისამდე სახლი კვლავ მის სახელზე ირიცხებოდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ფაქტობრივად აღუსრულებელი იყო და მისთვის ს-ძეებს არ დაუბრუნებიათ სასამართლოს მიერ მათზე დაკისრებული თანხა 11000 ლარის ოდენობით.

ნ. ე-ძის განმარტებით, მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული სახლი 2003წ. 23 მაისს გადაფორმდა ი. ს-ძის სახელზე, რასაც საფუძვლად დაედო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მოსარჩელის აზრით, სასამართლომ, გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოების _ 11000 ლარის დაბრუნების გაუთვალისწინებლად გასცა სააღსრულებო ფურცელი, ქუთაისის ტექსამსახურმა სახლი გადააფორმა სააღსრულებო ფურცლის გარეშე და მეტიც, სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2003წ. 29 მაისს, ხოლო გადაფორმდა 2003წ. 23 მაისს, რაც ამ სამსახურის უკანონო ქმედებაზე მიუთითებს. სააღსრულებო ფურცლის გარეშე, ქუთაისის ¹2 სანოტარო ბიუროს არ ჰქონდა უფლება სახლი ახალ მყიდველზე _ ნ. ნ-ძის სახელზე გადაეფორმებინა, რადგანაც საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო მითითებული მისთვის ი. ს-ძისაგან ვალის 11000 ლარის დაბრუნების შესახებ.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თვალთმაქცურად დადებული გარიგებაა, რათა მოპასუხეს მისთვის არ გადაეხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ქმედება სკ-ის 56-ე მუხლის საფუძვლეზე გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. ს-ძესა და ნ. ნ-ძეს შორის 2003წ. 29 მაისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ასევე გაუქმდა ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრისა და ქუთაისის ¹2 სანოტარო ბიუროს მიერ შესრულებული ჩანაწერები სახლის, მდებარე ქ.ქუთაისში, .... ¹91-ში მდებარე სახლის ი. ს-ძისა და ნ. ნ-ძის სახელზე გადაფორმების შესახებ. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითია და იგი დაიდო მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად, რაც, სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხებმა ი. და მ. ს-ძეებმა და ნ. ნ-ძემ და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

ნ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 4 მაისის განჩინებით ი. და მ. ს-ძეების სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ე-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოსაზრებებს სასამართლო თავისი შინაგანი რწმენით არ გამორიცხავს, მაგრამ მან ვერ შეძლო წარმოედგინა მითითებული გარემოებების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულები, რაც სასამართლოს შინაგან რწმენას საფუძვლად დაედებოდა. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე-ძემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიღო, რითაც მოესპო შესაძლებლობა სარჩელის საფუძვლიანობის დამტკიცებისა. ასევე სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთების გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება. ს-ძესა და ნ-ძეს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მოჩვენებითობა დასტურდება იმით, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია, ნ. ნ-ძე დღემდე არ შედგომია შეძენილი ქონების ფლობას, სარგებლობასა და მართვას. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ ს-ძეები, ხოლო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ემსახურება არა იურიდიული შედეგების დადგომას, არამედ ვალდებულების შესრულების თავის არიდებას. რაც დასტურდება იმით, რომ გადაწყვეტილება 1998 წლიდან კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო ს-ძეს მისთვის დღემდე არ გადაუხდია მითითებული თანხა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ი.ს-ძესა და ნ.ე-ძეს შორის დადებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა. ი. ს-ძეს დაეკისრა ნ.ე-ძის სასარგებლოდ 11 000 ლარის გადახდა, ხოლო სადავო სახლი საკუთრებაში დაუბრუნდა ი. ს-ძეს. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. 2003 წლამდე გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და სადავო სახლი ირიცხებოდა ისევ ნ.ე-ძის სახელზე. 2003წ. 23 მაისს ი.ს-ძემ სადავო სახლი აღრიცხა თავის სახელზე. 29 მაისს კი ი.ს-ძესა და ნ.ნ-ძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო სახლი აღირიცხა ნ.ნ-ძის სახელზე. დადგენილია, რომ ი.ს-ძე და ნ.ნ-ძე არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ნ.ნ-ძეს ნასყიდობის საგანი ფაქტობრივად არ გადასცემია და სადავო სახლში დღემდე ცხოვრობს ი.ს-ძე. ნ.ნ-ძე სტუდენტია, მას არა აქვს არანაირი შემოსავალი, და მის მიერ სადავო ბინის ღირებულების გადახდის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. ასევე დადგენილია, რომ ი.ს-ძეს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას. სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ არის. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ გაყიდულ სახლს ფაქტობრივად ფლობს გამყიდველი, იგი მყიდველს არ გადასცემია. ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ბინის ღირებულების გადახდის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსთან ნ.ნ-ძეს თანხა არ გადაუხდია. ნ.ნ-ძის განმარტებით, მას დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ბინა, რომელიც გაყიდა და გაისტუმრა ვალები, გადაიხადა სწავლის ქირა და დარჩენილი თანხით შეიძინა ი.ს-ძისაგან სადავო ბინა. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ნ.ნ-ძემ განმარტა, რომ დედის ბინა გაყიდა 3000 აშშ დოლარად, ხოლო სადავო ბინა, ხელშეკრულების თანახმად, შეიძინა 14 000 ლარად. საქმის მასალებში, ნ.ნ-ძის მიერ ბინის გასხვისების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. ამასთან, აღნიშნულის გაზიარების შემთხვევაშიც, მითითებული თანხით, მითუმეტეს, ვალების გასტუმრების შემდეგ, სადავო ბინის ღირებულებას იგი ვერ გადაიხდიდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 2003წ. 29 მაისის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. იგი დადებულია იმ მიზნით, რომ მოვალე ი. ს-ძემ თავი აარიდოს კრედიტორის დაკმაყოფილებას, რის გამოც იგი ბათილ გარიგებად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ი.ს-ძის სახელზე სადავო სახლის აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. კანონიერ ძალაში შესული 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო სახლი უნდა აღრიცხულიყო ი.ს-ძის სახელზე. მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით შეუძლია მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ნ. ე-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

ბათილად იქნას ცნობილი ი. ს-ძესა და ნ. ნ-ძეს შორის დადებული 2003წ. 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება;

გაუქმდეს ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, ქ.ქუთაისში, ... მდებარე სახლის ნ. ნ-ძის სახელზე აღრიცხვის თაობაზე და სადავო სახლი აღირიცხოს ი. ს-ძის სახელზე;

ნ. ნ-ძესა და ი. ს-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ ნ. ე-ძის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 37 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.