Facebook Twitter

საქმე №ბს-576(კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 9 სექტემბერს დ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი; ჰყავს მეუღლე - ხ. კ-ე და სამი არასრულწლოვანი შვილი, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №13-ში. მეუღლის ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ იმყოფებოდნენ საფრანგეთში; პანდემიის პერიოდში საქართველოს საზღვრების ჩაკეტვიდან გამომდინარე ვერ დაბრუნდნენ საქართველოში. 2019 წელს სახელმწიფომ დააკმაყოფილა ნგრევად ობიექტში ქ. თბილისში, ...ის ქ. №13-ში მცხოვრები პირები, თუმცა მოსარჩელეს უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არცხოვრების საფუძვლით. მოსარჩელის ოჯახი შეფასებულია 7 ქულით. იგი აღნიშნავს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 21.07.2020წელს განიხილა მისი განაცხადი და უარი უთხრა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე იმ პირობებში, როდესაც სამოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ 3 ქულიანი ოჯახები. კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ვერ მოხერხდა მათი საცხოვრებელი პირობების გადამოწმება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომისიის ოქმი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ილახება მისი უფლება და კანონიერი ინტერესები. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმის დ. დ-ისა და მისი ოჯახის ნაწილში, ბათილად ცნობა და დ. დ-ის, ხ. კ-ის, და. დ-ის, ა. დ-ის, გ. დ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოსარჩელეთა წრე და დ. დ-ესთან ერთად მოსარჩელეებად მიუთითა ხ. კ-ე, და. დ-ე, ა. დ-ე, გ. დ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. დ-ის, ხ. კ-ის, და. დ-ის, ა. დ-ის, გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმი დ. დ-ისა და მისი ოჯახის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. დ-ის, ხ. კ-ის, და. დ-ის, ა. დ-ის, გ. დ-ეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დენილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიჩნია ის გარემოება, რომ დ. დ-ის დევნილი ოჯახი ექვემდებარება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას (დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით (ოქმი №36) დ. დ-ეს ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რადგან ვერ განხორციელდა დევნილი ოჯახის საჭიროებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის პირველ ნაწილზე (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება) რომლის თანახმად, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა. ამ კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

სააპელაციო პალატამ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1, 87.1 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე (განაცხადის წარდგენისას) ცნობილი იყო, რომ დ. დ-ეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული ჰყავდა წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირი - მ. დ-ი. ამდენად, მოსარჩელეს გააჩნდა კანონისმიერი უფლება, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა მიეღო და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა ჰქონოდა წარმომადგენლის მეშვეობით. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება დ. დ-ესთან ურთიერთობა ეწარმოებინა, როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე დაარღვია პრიორიტეტულობის პრინციპი, რამეთუ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №19 სხდომის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3.0 და მეტი ქულა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიენიჭა 7.00 ქულა, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გასაჩივრებული ოქმით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული წარმოებისას დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობები იყო განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამებოდა მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია), რის გამოც ოჯახს მიენიჭა 2 ქულა, რომელიც წარმოების დროს არ მოჰკლებია. ასევე, სააგენტოსთვის ცნობილი იყო, რომ საცხოვრებელი, სადაც მოსარჩელის ოჯახი დევნილობის შემდეგ და დროებით ქვეყნიდან გამგზავრებამდე ცხოვრობდა, სასამართლო გადაწყვეტილებით გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. სააგენტოს მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ორგანოს თანამშრომლებს არაერთხელ, როგორც სატელეფონო, ასევე პირადი კომუნიკაცია ჰქონდათ დ. დ-ის წარმომადგენელთან - დედასთან, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია, რომ დ. დ-ეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღარ ექნებოდა ის დროებითი საცხოვრებელიც, სადაც გამგზავრებამდე ოჯახით ცხოვრობდა.

სააპელაციო სასამართლომ „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-2, მე-3, მე-8 მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ დ. დ-ის არასრულწლოვანი შვილების ინტერესები ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, დ. დ-ის ოჯახის მონიტორინგი განხორციელდა 13.03.2020წ. რა დროსაც მითითებულ მისამართზე არ დახვდათ განმცხადებელი. აპლიკაციაში მითითებულ ნომერზე დაკავშირების შემდეგ დ. დ-ის დედამ - მ. დ-მა მონიტორინგის თანამშრომლებს განუცხადა, რომ შვილის ოჯახი იმყოფებოდა ნიდერლანდებში და ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას კორონა ვირუსის გამო. კასატორი მიუთითებს, რომ მ. დ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა შედგენილია 2013 წლის 23 დეკემბერს. მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, დ. დ-ის დედა უფლებამოსილი იყო მოსარჩელეთა ნაცვლად სააგენტოში განცხადების შეტანაზე. კასატორი ყურადღებას მიაქცევს დ. დ-ის საქართველოს საზღვრის კვეთის ინფორმაციას და განმარტავს, რომ 2011 წლიდან 2013 წლამდე მოსარჩელე მხარე კვეთდა საზღვარს და ბრუდებოდა უკან, ხოლო 2013 წლის 24 დეკემბერს მან დატოვა საქართველო და უკან არ დაბრუნებულა. კასატორი მიიჩნევს, რომ დ. დ-ე არ ცხოვრობს საქართველოში, უტყუარად ვერ დგინდება უნდა იყვნენ თუ არა საცხოვრებელი ფართით გადაუდებლად უზრუნველყოფილნი.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მიიღო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მათ სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმის კანონიერება დ. დ-ისა და მისი ოჯახის ნაწილში და დ. დ-ის, ხ. კ-ის, და. დ-ის, ა. დ-ის, გ. დ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია; ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.08.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს, პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. დ-ე და მისი არასრულწლოვანი შვილები: ა. დ-ე, გ. დ-ე და და. დ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები; მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, ...ში ...ის ქ. №17, ბინა №11. დროებით საცხოვრებელი ადგილი კი - თბილისი, ...ე, ...ის ქ. №13, ...ო.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 24 ოქტომბერს დ. დ-ისა და ხ. კ-ის წარმომადგენელმა მ. დ-მა №54273 განცხადებით მოითხოვა დ. დ-ის 5-სულიანი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა. დ. დ-ის ოჯახი შეფასდა 7 ქულით. 2 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). 2 ქულა - 18 წლამდე ასაკის 3 არასრულწლოვანი. 3 ქულა - დ. დ-ე ომში დაღუპული ოჯახის წევრი, რომელიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობების განსაკუთრებული სიძიმისა და მინიმალურ საცხოვრებელ პირობებთან შეუსაბამობის გამო მინიჭებული 2 ქულა, მოსარჩელის ოჯახს წარმოებისას არ მოჰკლებია.

დადგენილია, რომ 2017 წლის 24 თებერვლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №000909617 დასკვნის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა №14-ში მდებარე სამსართულიანი შენობის მე-3 სართულზე (ს/კ ...) 80 კვ.მეტრი ფართი დაზიანებათა ინტენსიურობის კლასიფიკაციით დაზიანებულია III ხარისხში, რომლის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული ფართის ფუნქციონირება საფრთხის- შემცველია. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო იქნება მთლიანი შენობის დეტალური გამოკვლევის საფუძველზე შედგენილი პროექტის მიხედვით მოხდეს აღდგენა-გაძლიერება. მესამე სართულის გეგმარებიდან გამომდინარე არსებული ოთახების საცხოვრებელ ბინებად გამოყენება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. ამიტომ საჭიროებდა მობინადრეთა დროულ გაყვანას.

2020 წლის 13 მარტს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის №13-ში. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ზემოაღნიშნულ მისამართზე არ დახვდათ მოსარჩელე. ამრიგად, მისამართზე ოჯახის საცხოვრებელი პირობები ვერ დადგინდა და დაკავშირება მოხდა აპლიკაციაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე. დ. დ-ის დედის მ. დ-ის სატელეფონო განმარტებით, დ. დ-ე ოჯახთან ერთად იმყოფება ნიდერლანდებში, საიდანაც ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, კორონა ვირუსის პანდემიის გამო.

2020 წლის 22 ივნისს მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ...ა, კორპუსი №15ა, ბინა 27-ში დ. დ-ის ოჯახის მონიტორინგის მიზნით. გასაუბრება მოხდა დედასთან მ. დ-თან, რომელმაც განმარტა, რომ დ. დ-ე ოჯახთან ერთად 2017 წლიდან იმყოფება ნიდერლანდებში, მეუღლის ხ. კ-ის მკურნალობის მიზნით. დ. დ-ის ოჯახი ნიდერლანდებში წასვლამდე ცხოვრობდა ქ.თბილისში, ...ის №13-ში კერძო საკუთრებაში, საიდანაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის №2/22407-16 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოხდა იქ მცხოვრები პირების მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეზე გადაცემა. მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობს აპლიკანტის დედა და ძმის ოჯახი, რომელთაც საცხოვრებელი ბინა ჯერ დაკანონებული არ აქვთ.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისი №36 ოქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, დ. დ-ის (სარეგისტრაციო ნომერი ...) ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ვერ განხორციელდა დევნილი ოჯახის საჭიროებებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ საფუძვლიან, გულისხმიერ და კანონშესაბამის მიდგომას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საქმის მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დევნილი პირის კერძო ინტერესი უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უპირატესი და გასათვალისწინებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რადგან არ მოხდეს მისი კანონით გარანტირებული უფლებების დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ „ვერ განხორციელდა დევნილი ოჯახის საჭიროებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. ამ კოდექსის 87.1 მუხლის მიხედვით, თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის პირველ ნაწილზე (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება) რომლის თანახმად, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა. ამ კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის მიხედვით, სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი.

ზემოხსენებულ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ დ. დ-ეს გააჩნია კანონისმიერი უფლება, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე (განაცხადის წარდგენისას) ცნობილი იყო, რომ დ. დ-ეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნული ჰყავდა წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირი - მ. დ-ი).

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №19 სხდომის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3.0 და მეტი ქულა.

დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიენიჭა 7.00 ქულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ კომისიამ უგულებელყო კანონის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

საკასაციო სასამართლო საქმეში დაცული მონიტორინგის ოქმებით დადგენილად მიიჩნევს, რომ სააგენტოსთვის ასევე ცნობილი იყო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო მისამართზე არსებული ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. საქმის მასალებით აგრეთვე დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს წარმოებისას არაერთხელ, როგორც სატელეფონო, ასევე, პირადი კომუნიკაცია ჰქონდათ დ. დ-ის წარმომადგენელთან - დედასთან, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია ოჯახის საჭიროებების თაობაზე, კერძოდ დ. დ-ეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღარ აქვს ის დროებითი საცხოვრებელიც, სადაც გამგზავრებამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რომ 2017 წლის 24 თებერვლის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, ...ის ქ. №14-ში მდებარე ნაგებობს მე-3 სართულზე არსებული 80 კვ.მ ფართი დაზიანებათა ინტენსიურობის კლასიფიკაციით დაზიანებულია მე-3 ხარისხში, ასევე საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე აღნიშნული ფართის ფუნქციონირება საფრთხის შემცველია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ აქტში მითითებული საფუძველი - დევნილის საცხოვრებელი პირობების შესწავლის შეუძლებლობა, მოსარჩელის საქართველოში არყოფნაზე მითითებით, უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისთვის მინდობილობით უფლებამოსილება გადაცემული ჰქონდა დედისთვის - მ. დ-ისთვის, რაც აღქმადი იყო მოპასუხისთვისაც. მოცემული დავის გადასაწყვეტად საკასაციო სასამართლო არარელევატურად მიიჩნევს მოსარჩელე დ. დ-ის საზღვრის კვეთის თაობაზე არსებულ ინფორმაციას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დ. დ-ესთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ასევე უარი ეთქვათ მის არასრუწლოვან შვილებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მოსარჩელის არასწულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და დ. დ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა