საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-988(კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - ე.დ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 1 ივლისს ე.დ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1984 წლიდან თვითნებურად ფლობს და სარგებლობს ქ. გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2021 წლის 7 აპრილის განკარგულებით მას უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწა სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული გორის მუნიციპალიტეტს და ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გზის დაგეგმარება. მოსარჩელის მითითებით, გზის დაგეგმარების საკითხი არ დასტურდებოდა არცერთი ოფიციალური დოკუმენტით. ამასთან, მართალია ეს ტერიტორია აღრიცხული იყო გორის მუნიციპალიტეტის სახელზე, თუმცა არ იკვეთებოდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოსარჩელემ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 7 აპრილის №322 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2021 წლის 7 იანვრის №... წერილში მითითებულ, ქ. გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ, საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით მონიშნულ 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დავალება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ე.დ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 7 აპრილის №322 განკარგულება. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2021 წლის 7 იანვრის №... წერილში მითითებული, ქ. გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ, საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით მონიშნულ 885 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ე.დ-ის (მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოცემა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებსა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ე.დ-ი დაეუფლა სადავო ტერიტორიას 1984 წლიდან და სწორედ მან ააშენა ამჟამად არსებული შენობა-ნაგებობები. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობაში გადაცემა არ წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ საფუძველს და მიიჩნია, რომ ე.დ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაში იყო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, კომისიას უნდა დავალებოდა საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ ფართზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილში მოპასუხე მხარედ მიეთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.1. და 1.2. ნაწილი და ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ე.დ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 7 აპრილის №322 განკარგულება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2021 წლის 7 იანვრის №... წერილში მითითებულ, ქ. გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ, საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით მონიშნულ 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ე.დ-ის (მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელემ სადავო ტერიტორია დაიკავა 1980-იანი წლებში და შემოღობა, ხოლო რაიმე სხვა შენობა მანამდე არ ყოფილა. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ა(ა)იპ „...ის“ 2021 წლის 27 სექტემბრის №2/027 დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ქ. გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში ე.დ-ის შეჭრის (დაუფლების) სავარაუდო თარიღად ფიქსირდებოდა წინა საუკუნის 80-იანი წლები.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში განსახილველ დავასთან მიმართებაში მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ ეს მიწა უკვე განკარგულია. აქედან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში გადაცემა არ წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 7 აპრილის №322 განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალი, რომელმაც მოიცვა გარდაბნის მუნიციპალიტეტიც. ბრძანებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო სისტემური რეგისტრაცია და დასრულდება 2025 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, სწორედ საქმეში თანამოპასუხედ ჩართულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2021 წლის 7 იანვრის №... წერილში მითითებული, გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ, საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით მონიშნულ 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ე.დ-ის (მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მსჯელობას, რომ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა არ ნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ ეს მიწა განკარგულია და აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამაბრკოლებელ გარემოებას.
კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. კერძოდ, ქ. გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა, რომლითაც ე.დ-ი ითხოვდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, კომისიაში წარდგენილი მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით არ იყო ე.დ-ის აშენებული და დასახელებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო რკინა-ბეტონის შენობა, რომელიც დღესაც არსებობდა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს არც ის გარემოება, რომ სადავო ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საერთო სარგებლობის გზის დაგეგმარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 7 აპრილის №322 განკარგულების კანონიერება და მოპასუხისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2021 წლის 7 იანვრის №... წერილში მითითებულ, ქ. გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ, საჯარო რეესტრში № ... საკადასტრო კოდით მონიშნულ 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დავალების საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების ის ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის მიზნის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოყვანილ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17,18)
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, რომელშიც მითითებულია სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაზე და დამატებით განმარტებულია რომ: „კანონის მიღება ემსახურებოდა ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას, რაც თანაბრად ავრცელებდა მის მოქმედებას როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება“ (სუსგ №ბს-504-501(კ-17), 28.10.2019წ.).
დამატებით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილი შემდეგი სამართლებრივი მსჯელობა: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი არ წარმოადგენს მასზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავ გარემოებას...“ (სუსგ №ბს-521(3კ-21), 25.11.2021წ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, დადგენილია, რომ მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხისა, სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემის შედეგად, შესაბამისი უფლების მოპოვება არ უთანაბრდება სახელმწიფო ქონების განკარგვას, ამა თუ იმ ქონების სახელმწიფოს საკუთრებიდან გამოცალკევებას და არ გამორიცხავს აღნიშნულ ქონებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოწმეთა ჩვენებების სახით წარმოდგენილი მეზობლების განცხადებების თანახმად, რ.ბ-ი, ბ.კ-ი და კ.მ-ე აცხადებენ, რომ ე.დ-ი 1984 წლიდან ქალაქ გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ ფლობს 885 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული იყო 51 კვ.მ რკინა-ბეტონის შენობა-ნაგებობა, რომლის საძირკვლის ნარჩენები დღესაც არსებობს, ხოლო მასზე განთავსებულია ნახევრად ხის მასალით აშენებული შენობა. ეს შენობა ე.დ-მა ააშენა 1985 წელს, ხოლო შემდეგ წლებში მოხდა მისი ნაწილობრივ დანგრევა გარკვეული მიზეზების გამო. მიწის ნაკვეთი ამავე პერიოდიდან არის კაპიტალურად შეღობილი და შიგ განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული კ.მ-ის და რ.ა-ის განმარტებების მიხედვით, მოსარჩელემ ეს ტერიტორია დაიკავა 1980-იანი წლებში და შემოღობა. იქ რაიმე სახის შენობა მანამდე არ ყოფილა. მოსარჩელის მიერ აშენებული შენობა წყალდიდობის გამო დაინგრა, რის შემდგომაც, მან ააშენა მეორე შენობა, ხოლო პირველ შენობას დაადგა ხის კონსტრუქცია. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ორივე მშენებლობის პროცესში ეხმარებოდნენ ე.დ-ს.
გარდა ამისა, ა(ა)იპ „...ის“ 2021 წლის 27 სექტემბრის №2/027 დასკვნის მიხედვით, ქ. გორში, ...ის ქუჩის მიმდებარედ 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში ე.დ-ის შეჭრის (დაუფლების) სავარაუდო თარიღად განისაზღვრა 1980-იანი წლები. ამასთან, დასკვნის მიხედვით, 2000 წლის ორთოფოტოზე ამ ნაკვეთში ასახულია დამხმარე ნაგებობა. ნაკვეთი ოთხივე მხრიდან შემოღობილია და დარგულია სხვადასხვა მრავალწლიანი ნარგავები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 7 აპრილის №322 განკარგულების მიღების საფუძვლად, თავად სადავო აქტში მითითებული არის ერთი მხრივ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის გორის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში გადაცემის ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გზის დაგეგმარება. საკასაციო სასამართლო, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობაში გადაცემა, არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ საფუძველს.
რაც შეეხება სადავო ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის გზის დაგეგმარებას, საქმის მასალებში არსებული მასალებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება, რამეთუ არ არის წარმოდგენილი გზის დაგეგმარების საპროექტო დოკუმენტაცია. ამასთან, 2020 წლის 25 დეკემბრის ორთოფოტოს შესაბამისად იკვეთება, რომ გზა გადის სადავო ნაკვეთის აღმოსავლეთით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე