Facebook Twitter

საქმე №ბს-728(კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 15 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ი №94, საკადასტრო კოდით: №... ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ-შენობა №7-ის 115.01 კვ.მეტრი ფართით 2015 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 21 აპრილამდე არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა შპს ,,...ი’’. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2015 წლის 3 აგვისტოს №004461315 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ...ი №94-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი: №...) შენობა №7-ის 115,01 კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 24 მარტიდან დღემდე შეადგენს 460 ლარს. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები (2015 წლის 26 ივნისის №7/38461, 2015 წლის 17 აგვისტოს №7/49574 და 2016 წლის 06 იანვრის №7/683), რომლითაც განესაზღვრა ვადა საიჯარო ქირის გადახდისა და ფართის გამოთავისუფლებისთვის, თუმცა უშედეგოდ.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის - შპს ,,...ი’’-სთვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 21 აპრილამდე პერიოდისათვის 11484,70 (თერთმეტი ათას ოთხასოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს - შპს ,,...ი’’- ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015წლის 24 მარტიდან 2017წლის 21 აპრილამდე პერიოდისათვის 11484,70 (თერთმეტიათას ოთხასოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2019 წლის 18 მარტს სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

2019 წლის 19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით, ხოლო 2019 წლის 2 მაისს დაზუსტებული განცხადებით მომართა შპს ,,...ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება, ასევე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018წლის 30 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განჩინებით, შპს ,,...ის’’(წარმომადგენელი ე. ი-ე) განცხადება კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3/7702-17) ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების(საქმე №3/7702-17) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, შეჩერდა შპს ,,...ის’’ განცხადების განხილვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3/7702-17) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3/7702-17) ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს ,,...ის’’ განცხადების განხილვამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019წლის 3 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,...ის’’ (წარმომადგენელი ე. ი-ე) განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018წლის 30 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/7702-17) აღსრულების შეჩერების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განჩინებით, შპს ,,...ის’’ (წარმომადგენელი ე. ი-ე) განცხადება კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების(საქმე №3/7702-17) ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ის“ წარმომადგენელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, შპს ,,...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განჩინება №295528-19; შპს ,,...ის“ განცხადება-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა.

15.09.2021წ. სასამართლო სხდომაზე, შპს "...ის" წარმომადგენელმა იშუამდგომლა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე განცხადების გამოხმობასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს "...ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შპს "...ის" განცხადება, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად, განმცხადებლის მიერ განცხადების გამოხმობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ,,...ი’’-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 6 იანვრამდე პერიოდისათვის 2852 (ორიათას რვაასორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხეს საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ...ის ფონდთან, იგი ხელშეკრულების პირობებს ასრულებდა ჯეროვნად და იხდიდა საიჯარო თანხას, კერძოდ, შპს ,,...ის“ მიერ საიჯარო ქირა გადახდილია 2015 წლის ივნისის ჩათვლით. სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,...ის“ გაეგზავნა გაფრთხილების წერილები (2015 წლის 26 ივნისის №7/38461 წერილი, 2015 წლის 17 აგვისტოს №7/49574 წერილი, 2016 წლის 06 იანვრის №7/683 წერილი); თუმცა, აღნიშნული წერილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომებზე განმარტა, მისთვის მხოლოდ 2015 წლის ივნისის თვის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო. ზემოაღნიშნული პერიდიდან მოპასუხეს საიჯარო თანხა აღარ გადაუხდია ...ის ფონდისათვის (მეიჯარე), თუმცა უძრავი ქონებით სარგებლობას განაგრძობდა ხანძრის გაჩენამდე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-... განყოფილების 2016 წლის 9 იანვრის №27/12/12 და შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ...ო სამსახურის 2016 წლის 11 იანვრის №52799 ცნობების გათვალისწინებით, შპს ,,...იმ“ საიჯარო ქონებით სარგებლობა და მფლობელობა შეწყვიტა 2016 წლის 7 იანვრიდან. ამდენად, შპს ,,...ი“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 7 იანვრამდე პერიოდში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, შპს ,,...ისთვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის, 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 6 იანვრამდე პერიოდისათვის 2852 (ორიათას რვაასორმოცდათორმეტი) ლარის გადახდის დაკისრების მართებულობაზე, ვინაიდან მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს 2015 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს სათანადო მტკიცებულებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. კასატორის მითითებით სახეზეა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, კერძოდ შპს „...ის“ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება მესაკუთრისაგან - სახელმწიფოსგან არ ჰქონდა მოპოვებული. კასატორი აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს შპს „...ისა“ და ...ის ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბუნებას, მის შინაარს და მიზანს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედი სისრულის, სიზუსტისა და უტყუარობის პრეზუმფცის შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები საჯაროა. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით კი უტყუარად დგინდება ...ი №94-ში, №... ს/კ-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობეზე მხოლოდ სახელმწიფოს ერთპიროვნული საკუთრების უფლება.

კასატორი მიუთითებს, რომ მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად არ შეიძლება ჩაითვალოს შპს „...ისა“ და ... ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რადგან სახელმწიფო ქონებაზე მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ სახელმწიფოსგან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით მოპოვებული სარგებლობის უფლებაა. კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ დასტურდებოდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული საკუთრებით უნებართვო და არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა შპს „...ისთვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის ყოველთვიური საიჯარო ქირის, ჯამში - 11 484 ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 21 აპრილამდე პერიოდისთვის.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის, რომ ქ. თბილისში, ...ი №94-ში (საკადასტრო კოდი: №...) მდებარე უძრავი ქონების ნაწილის (შენობა №7-ის 115.01კვ.მეტრი ფართი) არამართლზომიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა შპს „...ი“. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მხარეებს შორის სადავოა შპს „...ის“ მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენების პერიოდის დადგენა, რომლის შესაბამისადაც დაანგარიშდება თანხის ოდენობა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ...ი №94-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობით 3105.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 (მ/შ სარდაფი - 120.02 კვ.მეტრი, I სართული - 786.93 კვ.მეტრი და II სართული - 396.32 კვ.მეტრი), №2 ფართით - 22.49 კვ.მეტრი, №3 ფართით-14.76კვ.მეტრი, №4 ფართით - 64.13კვ.მეტრი, №5 ფართით - 78.99 კვ.მეტრი, №6 ფართით- 20.26 კვ.მეტრი, №7 (მ/შ Iსართული ფართით 115.01 კვ.მეტრი, ნახევარ სარდაფი-43.21კვ.მეტრი), №8 ფართით 180.87 კვ.მეტრი და №9 ფართით 63.56 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., 2015 წლის 24 მარტიდან საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.

2015 წლის 1 იანვრს ...ის ფონდსა და შპს ,,...ის“, შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ,,მეიჯარე“ გადასცემდა, ხოლო ,,მოიჯარე“ დროებით სარგებლობაში იღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №94, ოფისი 144 კვ.მ. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, იჯარით აღებული ქონებით სარგებლობისთვის საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 180 დოლარის ეკვივალენტს ლარებში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. დასახელებული ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. სს ,,... ბანკის“ 01/01/2014-31/12/2017 წლების ამონაწერით დასტურდება, რომ შპს ,,...ის“ მიერ საიჯარო ქირა გადახდილია 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით.

2016 წლის 09 იანვრის შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე ... განყოფილების №27/12/12 ცნობის მიხედვით: ,,2016 წლის 7 იანვარს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-... განყოფილებაში დაიწყო გამოძიება №004070116002 საქმეზე, ხანძრის შედეგად ნივთის განადგურების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 7 იანვარს დილის საათებში ხანძარი გაუჩნდა ... ი №94-ში მდებარე ,,... ფონდის“ კუთვნილ შენობა-ნაგებობას სადაც განთავსებული იყო შპს ,,...ის“ მატერიალურ ტექნიკური ბაზა (ოფისი). ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა აღნიშნული შენობა-ნაგებობა და განადგურდა შპს,,...ის“ კუთვნილი სარეალიზაციო პროდუქცია და ინვენტარი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ.თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ... სამსახურის 2016 წლის 11 იანვრის №52799 ცნობით დგინდება, რომ 2016 წლის 7 იანვარს ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №94-ში ნამდვილად მოხდა ხანძარი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 აგვისტოს №004461315 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ...ი №94-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №7-ის პირველ სართულზე მოწყობილი ფართის (ფართობი 115.01კვ.მეტრი) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 24 მარტიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 460 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შპს „...ისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის გამო, თანხის გადახდის დაკისრების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ შპს „...ი“ წარმოადგენდა არამართლზომიერ მოსარგებლეს 2015 წლის 24 მარტიდან, კერძოდ სადავო ფართის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, მტკიცებულებებს სასამართლოს სწორედ მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.).

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლს, რომლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია. კონკრეტულ დავასთან მიმართებაში, უდავოა, რომ სახელმწიფოს სახელზე შპს ,,...ის" ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონება 2015 წლის 24 მარტიდან აღირიცხა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ - ადმინისტრაციული ორგანომ ვერ გასწია მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, კერძოდ შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი სარგებლობის დადასტურება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია ...სა და შპს „...ის წარმომადგენელს შორის დადებული 1.07.2007 წლის, 3.01.2008წ, 2.01.2009წ., 01.01.2010წ, 01.07.2010წ, 01.01.2011წ, 3.01.2012წ, 3.01.2013წ., 01.01.2014წ., 01.01.2015წ, საიჯარო ხელშეკრულებები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნივთის ფლობისას შპს „...ის“ შეექმნა რწმენა უფლების გადამცემის სათანადოობასთან დაკავშირებით. საბანკო ამონაწერებით დადგენილია, რომ შპს „...ი“ ჯეროვნად ასრულებდა საიჯარო ქირის გადახდის მოვალეობას, მის აღქმაში ქონების მესაკუთრის - ...ის ფონდის მიმართ, 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო, ასევე, საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის დაცული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაფრთხილების წერილების (2015 წლის 26 ივნისის №7/38461 წერილი, 2015 წლის 17 აგვისტოს №7/49574 წერილი, 2016 წლის 6 იანვრის №7/683 წერილი) მოპასუხისთვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომებზე მოპასუხის წარმომადგენლმა განმარტა, რომ მათთვის მხოლოდ 2015 წლის ივნისის თვის ბოლოს გახდა ცნობილი უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რის შემდგომაც საიჯარო თანხა აღარ გადაუხდია ...ის ფონდისათვის (მეიჯარე), თუმცა, შპს "...ი" უძრავი ქონებით სარგებლობას განაგრძობდა ხანძრის გაჩენამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე ... განყოფილების განყოფილების 2016 წლის 9 იანვრის №27/12/12 და შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ.თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ...ო სამსახურის 2016 წლის 11 იანვრის №52799 ცნობებზე, რომლითაც დგინდება 2016 წლის 7 იანვრიდან შპს „...ის“ მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობისა და მფლობელობის შეუძლებლობის ფაქტი. შესაბამისად, შპს „...ის“ მიერ სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ფლობის დასრულების პერიოდად 2016 წლის 6 იანვარი უნდა იქნეს მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 6 იანვრამდე პერიოდისათვის - 2852 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მოცემული დავის გადაწყვეტისას საიჯარო ურთიერთობის გაუთვალისწინებლობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ სწორედ ის არის ვალდებული მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ...ის ფონდი არაუფლებამოსილი იყო ქონების განკარგვაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს "...ი" უთითებს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დროულად შესრულებაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ შპს ,,...ი“ 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 7 იანვრამდე პერიოდში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი 2015 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 21 აპრილამდე პერიოდთან მიმართებით მოსარჩელის მხრიდან სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, შპს ,,...ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 6 იანვრამდე პერიოდისათვის 2852 (ორიათას რვაასორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა