Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-455(2კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე; გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ი. და ს. კ-იები (ნ. კ-ის უფლებამონაცვლეები)

კასატორი (მესამე პირი) - შპს „პ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირი - შპს „ი...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 12 ივნისს ნ. კ-იმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირების - შპს „ი...სა“ და შპს „პ...ს“ მონაწილეობით.

მოსარჩელემ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის N01-01-3/277 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 13 მაისის N04/3253 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ი...ზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N... ლიცენზიის, შპს ,,პ...ზე“ საკუთრებაში მთლიანად გადაცემის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 ივნისის N01-01-3/277 ბრძანება; ნ. კ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „პ...მა“, შპს „ი...მა“, ნ. კ-იმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ის განცხადება (შუამდგომლობა) დაკმაყოფილდა; ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (ნ. კ-ის სარჩელის უარყოფის) ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „ი...ს“, შპს „პ...ს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 ივნისის №01-01-3/277 ბრძანების ბათილად ცნობის) ნაწილში. მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და შპს „პ...მა“.

კასატორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მოცემული დავის გადასაწყვეტად სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს, რადგან სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინების აღსრულება უნდა განეხორციელებინა მოსარჩელეს. სასამართლოს გადაწყვეტილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თუ არ იქნებოდა მიმართული აღსასრულებლად, მისი აღსრულება ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დაერეგისტრირებინა სამეწარმეო რეესტრში, რაც არ განუხორციელებია. კასატორის განმარტებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც ნ. კ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და შპს „ი...ს“ აეკრძალა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2009 წლის 29 დეკემბრის №... ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ სხვისთვის გადაცემა (გასხვისება) და იჯარით გაცემა, უნდა აღსრულებულიყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან წარმოადგენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიან ბანკს და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ ძალაში მყოფ მონაცემებს. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას.

კასატორმა ასევე მიუთითა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი არის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე და ამავე კანონის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის გამცემი და აღნიშნა, რომ უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი არ მოიცავს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრს.

კასატორის განმარტებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დაინტერესებულ პირს საჯარო რეესტრში არ წარუდგენია ლიცენზიის გასხვისებისა და იჯარის ფორმით გაცემის აკრძალვის შესახებ განჩინება, რათა სასამართლოში დავის დასრულებამდე არ მომხდარიყო ობიექტის გასხვისება ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა. 2018 წლის 8 ივნისს სამინისტროში შევიდა შპს „ი...ს“ №01-01-09/3828 განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა შპს „პ...ს“ განცხადება და მხარეებს შორის გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით. შპს „ი...ს“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასხვისების დროს წარმოდგენილ ამონაწერებში ფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის შეზღუდვები (რაც დასტურდება ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (რეგისტრაციის №...; №...)). 2018 წლის 12 ივნისს სამინისტროს წარედგინა შპს „ი...ს“ №01-01- 09/3898 განცხადება, რომელსაც ერთვოდა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც აღმოფხვრილი იყო შეზღუდვები (ამონაწერში არ იყო ყადაღა რეგისტრირებული) სამინისტროს დამატებით აღარ გამოუკვლევია არსებული მდგომარეობა იმ კუთხით, კვლავ ძალაში იყო თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინება (ვინაიდან შპს „ი...ს“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასხვისების დროს წარმოდგენილ ამონაწერში არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის შეზღუდვა), რაც არ უნდა შეფასებულიყო სამინისტროს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოებისას გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულების შეუსრულებლობად, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს.

კასატორის განმარტებით, სამინისტროს არ ჰქონდა ნ. კ-ის მიერ განცხადებით წარმოდგენილი 2016 წლის 30 ივნისის განჩინების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლით დადგენილი წესით გადაგზავნის ვალდებულება. წარმოდგენილი განცხადებით ნ. კ-ი ითხოვდა სამინისტროს დავალდებულებას ლიცენზიის გასხვისების აკრძალვის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო აწარმოებს სალიცენზიო რეესტრს, რომელიც არ მოიცავს შეზღუდვის რეესტრს, არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მეორე კასატორის - შპს ,,პ...ს“ განმარტებით, მოსარჩელემ არ გამოიჩინა გონივრული წინდახედულობა, არ იხელმძღვანელა კანონის შესაბამისად და 2016 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლის რეგისტრაციაც ევალებოდა მას ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს (რომელიც თავად მოახდენდა მის რეგისტრაციას), წარადგინა სხვა უწყებაში. მოსარჩელე მხარემ წლების განმავლობაში არც კი გადაამოწმა, დარეგისტრირებული იყო თუ არა მის მიერ წარდგენილი განჩინება, შედეგად კი ილახება კეთილსინდისიერი შემძენის, შპს „პ...ს“ უფლებები, რომელმაც გარდა იმისა, რომ გადაიხადა ნასყიდობის თანხა სრულად, ასევე, შეძენამდე გადაამოწმა თავად ნასყიდობის საგნის უფლებრივი მდგომარეობა, სადაც მითითებული იყო, რომ არანაირი ყადაღა, აკრძალვა ან უფლების შემზღუდავი სხვა გარემოება რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, შპს „პ...მა“ მიმართა წინდახედულობის ყველა ზომას, რაც გონივრულობის ფარგლებში შეიძლება გამოეჩინა ნებისმიერ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის გასხვისების მართლზომიერების შემოწმების ერთადერთი საშუალება იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემების გადამოწმება, ფიქსირდებოდა თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა ნასყიდობის საგანზე, რაც განხორციელდა კიდეც როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე თავად შპს ,,პ...ს" მიერ.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რომ შპს ,,პ..." წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს, რომელმაც შეიძინა უფლება, გადაიხადა თანხა და გაუჩნდა კანონიერი ნდობა სადავო აქტის მიმართ. შპს ,,ი...ს" მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასხვისების დროს პირველადად წარდგენილ ამონაწერებში ფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის შეზღუდვები. 2018 წლის 12 ივნისს კი შპს ,,ი...მა" სამინისტროში წარადგინა ახალი ამონაწერი, სადაც აღმოფხვრილი იყო შეზღუდვები. ამონაწერში არ იყო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N ... ლიცენზიაზე ყადაღა რეგისტრირებული.

გამყიდველის მიერ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე გასხვისებულია ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. მყიდველმა არ იცოდა 2016 წლის 30 ივნისის განჩინების თაობაზე, რითაც შპს ,,ი...ს“ აეკრძალა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასხვისება. ამასთან, მყიდველს არც შეიძლებოდა სცოდნოდა აღნიშნული აკრძალვის თაობაზე, რადგანაც ნ. კ-იმა არ იმოქმედა კანონის შესაბამისად და არც კი დაარეგისტრირა განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში.

სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არ უნდა აღმოჩნდეს ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ. შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს დაეყრდნოს სსიპ რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს.

კასატორმა ასევე განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებულია კერძოსამართლებრივი გარიგება, რომლის საფუძველზეც გადასცა ერთმა მხარემ მეორე მხარეს ლიცენზია, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. სამინისტროს ბრძანებით კი მოხდა აღნიშნული ფაქტის დადასტურება.სამინისტროს არ ევალება ხელშეკრულების შინაარსის შესწავლა. სამინისტრო ამოწმებს უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე გარიგების დამაბრკოლებელი გარემოებებს ლიცენზიის რეალიზაციის უფლებასა და მის ფლობასთან დაკავშირებით, შემდგომ კი გამოსცემს ბრძანებას. მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მისი კანონიერება და არ მოუთხოვია ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით აწ გარდაცვლილი (მოსარჩელე) ნ. კ-ის შვილების - ი. და ს. კ-იების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარის - აწ გარდაცვლილი ნ. კ-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაერთნენ მისი შვილები - ი. და ს. კ-იები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „პ...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის N01-01-3/277 ბრძანების, რომლითაც შპს „ი...ს“ საკუთრებაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გადაეცა შპს „პ...ს“, ბათილად ცნობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. კ-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ი...ს“ აეკრძალა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2009 წლის 29 დეკემბრის №... ლიცენზიის გასხვისება, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ი...ს“ დაეკისრა ნ. კ-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 511 909 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 11 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის 25,56 აშშ დოლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 050 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №01-01-3/277 ბრძანების გამო, რომლითაც შპს „ი...ს“ კუთვნილი №... ლიცენზია საკუთრებაში გადაეცა შპს „პ...ს“, ხოლო შპს „ი...ს“ სხვა ქონება და აქტივი არ გააჩნია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ზოგადად წარმოადგენს მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. სარჩელის უზრუნველყოფა ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ დროს, როცა არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხე ან სხვა პირი არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს, რაც შეუძლებელს გახდის სასამართლო აქტის აღსრულებას. მოსარჩელემ, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, ქონების გასხვისების აკრძალვის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინება, 2016 წლის 1 ივლისს შესასრულებლად წარუდგინა ლიცენზიის გამცემ და მარეგისტრირებელ ორგანოს - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება ევალება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს. მითითებული კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზიის ერთ-ერთი სახეა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოს ეროვნული სააგენტო, ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებით, სხვა სახის წიაღისეულთან ერთად, სამინისტროსთვის გადაცემული იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალშენის ტერიტორიაზე სამშენებლო ღორღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის უფლება.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების 73 მუხლის (ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა) თანახმად: 1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს; 2. ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა; გ) 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა (ფორმატი (A4), მასშტაბი 1:25000 ან 1:10000), რომელზეც დატანილია ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატები; დ) ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 დღეში ლიცენზიის გამცემს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას (ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში ახალი სალიცენზიო მოწმობა არ გაიცემა); 4. ლიცენზიის მიმღები ვალდებულია შეასრულოს, ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი არის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე, ხოლო მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის გამცემი. საკასაციო სასამართლო იზიარებს, კასატორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებას, რომ უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი არ მოიცავს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრს და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის, ყადაღის და სხვა სამართლებრივი უფლებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფას - დაცვას ემსახურება. მოსარჩელეს კი, საჯარო რეესტრში არ წარუდგენია ლიცენზიის გასხვისებისა და იჯარის ფორმით გაცემის აკრძალვის შესახებ განჩინება. თუმცა, საკასაციო პალატა, ამავდროულად მიუთითებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინება, სათანადო წესით დამოწმებული, ნ. კ-იმა 01.07.2016წ. შესასრულებლად წარუდგინა აღნიშნული ლიცენზიის გამცემ და მარეგისტრირებელ ორგანოს - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის წარმოება ევალება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-13, მე-20, 21-ე, 33-ე, 36-ე მუხლებით და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 11.08.2005წ. №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-3 და 7.1-7.3 მუხლებით, რაზედაც ადმინისტრაციული ორგანოსგან პასუხი ან შენიშვნა არ მიუღია, შესაბამისად, ნ. კ-ის გაუჩნდა კანონიერი ნდობა და დარწმუნებული იყო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აღასრულა სასამართლოს განჩინება და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში აისახა, რომ შპს „ი...ს“ აეკრძალა №... ლიცენზიის გასხვისება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებას აგრეთვე წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმირება არა მხოლოდ უფლებრივი ასპექტით, არამედ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის (№258/უზრ-2016წ.) განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ი...ს“ აეკრძალა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2009 წლის 29 დეკემბრის №... ლიცენზიის გასხვისება, ნ. კ-იმა 2016 წლის 1 ივლისს ნებაყოფლობით შესასრულებლად წარუდგინა ლიცენზიის გამცემ და მარეგისტრირებელ ორგანოს - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. საკასაციო პალატა მიუთითებს კასატორს, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნდა, რომ მას არ ჰქონდა უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის უფლებამოსილება, ნ. კ-ის განცხადება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, შესასრულებლად უნდა გადაეგზავნა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი ნ. კ-ის 2016 წლის 1 ივლისის განცხადება, მასზე დართულ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განჩინებასთან ერთად სარეგისტრაციოდ არ გადაუგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და განცხადება დატოვა რეაგირების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვალდებული იყო, მოსარჩელისთვის განემარტა, რომ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და განეხორციელებინა შესაბამისი ღონისძიებები, დაინტერესებული პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს ნ. კ-ის იმ უფლებებს, რაც დადასტურებულია მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებითა და გადაწყვეტილებით, ხოლო ამ უფლებასთან შედარებით პრიორიტეტული დაცვის ღირსი ინტერესი აქტის ადრესატ მესამე პირს (ლიცენზიის შემძენს) არ გააჩნია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „პ...ს“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „პ...ს“ საკასაციო საჩივარზე ქ. ე-ას 08.062022წ. №13526677604 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქ. ე-ას (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი№300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „პ...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. ქ. ე-ას (ს/კ ...) დაუბრუნდეს შპს „პ...ს“ საკასაციო საჩივარზე 08.062022წ. №13526677604 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე