საქმე №ბს-584(კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 15 იანვარს ლ., გ. და ლი. კ-იებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წარმოადგენენ ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.12.2018წ. №04-847 ბრძანებით მოსარჩელეს და მის არასრულწლოვან შვილებს ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნა, რომლის თანახმადაც ლ. კ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა არა ზემო აფხაზეთი, კერძოდ სოფელი ..., არამედ მარნეულის რაიონი სოფელი .... ლ. კ-ი აღნიშნავს, რომ 1988-1998 წ.წ-ში ნამდვილად სწავლობდა მარნეულის რაიონის, სოფელ ...ში, ხოლო 2000 წლის 8 დეკემბრიდან აფხაზეთის ს/რ სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით გაწვეულ იქნა ნამდვილ სამხედრო სამსახურში - ზემო აფხაზეთში დისლოცირებულ სამთო ბატალიონ „...ს“ შემადგენლობაში, სადაც მსახურობდა 2002 წლის 31 მაისამდე. 2007 წლიდან ლ. კ-იმა მუშაობა დაიწყო ზემო აფხაზეთში, ...ის მორიგე ოპერატორად. 2008 წლიდან ზემო აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდგომ მოსარჩელემ დატოვა აფხაზეთი. ლ. კ-ისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტა განაპირობა 2013-2014 წლებში სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის ფაქტმა.
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04-847/ო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის №1774 ბრძანებების ბათილად ცნობა და მათთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/218-19, მოსარჩელე – ლ. კ-ი, არასრულწლოვნები - გ. კ-ი, ლი. კ-ი, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩართული იქნა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის, გ. კ-ის და ლი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის №1774 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „ზოგიერთი პირისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04-847/ო ბრძანება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელეებისათვის ლ. კ-ისათვის, გ. კ-ისათვის და ლი. კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებებით 2008 წლის აგვისტომდე, მოსარჩელე ლ. კ-ის აფხაზეთში, გულრიფში, სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2008 წლის 18 ნოემბრის №588 ცნობის თანახმად, ლ. კ-ი 2000 წლიდან ნამდვილად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფ. ...ში, სადაც აქვს სახლ-კარი. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2008 წლის 10 დეკემბრის №679 ცნობის თანახმად, ლ. კ-ი ნამდვილად მუშაობდა ზემო აფხაზეთის „...ის“ მორიგე ოპერატორად 2007 წლის 1 იანვრიდან. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2009 წლის 29 აპრილის №519 ცნობის თანახმად, ლ. კ-ი ნამდვილად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფ. ...ში, 2008 წელს აგვისტოს ომის დროს მან დატოვა ხეობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლოზე მოწმეთა სტატუსით დაკითხული მ. ც-ის (პ.ნ. ...) და ჯ. ც-ის (პ.ნ. ...) ახსნა-განმარტებებზე, რომელთა თანახმად, ლ. კ-ი 2000 წლიდან ცხოვრობდა გულრიფშის სოფ. ...ში ოჯახთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების ერთობლიობაზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია აფხაზეთში, გულრიფში, სოფ. ...ში მოსარჩელე ლ. კ-ის 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რითაც გამოირიცხა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტრიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და იმ გარემოებას, რომ მას იძულების წესით აქვს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ლ. კ-იმა 13.02.2017წ. განცხადებით მიმართა სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ გავლილი არ აქვს 2013-2014 წლების დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. კასატორი აღნიშნავს, რომ განცხადებაში დასმული საკითხის სრულყოფილი შესწავლის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა გასაუბრება, რა დროსაც ლ. კ-იმა აღნიშნა, რომ არის ზემო აფხაზეთის, სოფ. ...დან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, დაიბადა ... წელს ქ. მესტიაში, 1989-1998 წწ-ში სწავლობდა მარნეულის რაიონის, სოფ. ...ში, შემდგომ მსახურობდა ჯარში სოფელ ...ში, 5 წელი იმუშავა აჟარის სპეცდანიშნულების რაზმში. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ლ. კ-ის 2000-2008 წლებში აჟარის უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობის ფაქტის დადგენის შესახებ, თუმცა პასუხად ეცნობათ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობდნენ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით დგინდება, რომ ლ. კ-ი 2008 წლის აგვისტომდე ცხოვრობდა მარნეულის რაიონის სოფ. ...ში. სააგენტომ მოკვლეული გარემოებებიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ იკვეთებოდა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეთან მიმართებაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტრიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება - ამ მუხლში გათვალისწინებული გარემოებების გამო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არსებითად არ იყო დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიასთან.
კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, სხვა კანონქვემდებარე აქტებსა და უზენაესი სასამართლოს №ბს-1227-1213(კ-11) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ იგი მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი მხრიდან მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო დასაბუთებული. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირებზე, ხოლო მოსარჩელე არ წარმოადგენს ასეთ პირს. კასატორი აღნიშნავს, რომ პირი, რომელსაც არა აქვს დევნილის სტატუსი ვერ იქნება სამინისტროს ბენეფიციარი და მის მიმართ გაწეული ხარჯები მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხად. კასატორი მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ აღუდგინა ლ. კ-ის დევნილის სტატუსი, ვინაიდან ეს სტატუსი მას არ ეკუთვნოდა. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო ქმედება მათი მხრიდან იქნებოდა უკანონო მმართველობითი საქმიანობა და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს "იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილითვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის №1774 და "ზოგიერთ პირისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04-847/ო ბრძანებების კანონიერება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. კ-იზე (პ/ნ ...) გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო №62004-100568) და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე განსაზღვრული იყო - აფხაზეთი, გულრიფში, სოფ. ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად ქ. თბილისი, საბურთალო, ..., ...ის ქ. №7. დადგენილია, რომ გ. კ-იზე (პ/ნ ...) გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო №001-40091) და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებული იყო - აფხაზეთი, გულრიფში, სოფ. ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად ქ. თბილისი, საბურთალო, ... ...ის ქ. №7.დადგენილია, რომ ლ. კ-იზე (პ/ნ: ...) გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო №...) და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებული იყო - აფხაზეთი, გულრიფში, სოფ. ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად ქ. თბილისი, საბურთალო, ... ...ის ქ. №7.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ლ. კ-ის ჩამორთმეული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, იმ საფუძვლით, რომ მას არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია 2013-2014 წლებში. 13.02.2017წ. ლ. კ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ლ. კ-ითან მიმართებით არ დასტურდებოდა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი გარემოებები. შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ლ. კ-ისთვის გადააადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის №1774 ბრძანებით ლ. კ-ის უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.12.2018წ. №04/847/ო ბრძანებით დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ გ. და ლ. კ-იებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთ-ერთი სადავო აქტის (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04-847/ო ბრძანება) გამოცემის საფუძვლად მითითებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა აღნიშნული გარემოების დამდგენი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2008 წლის 18 ნოემბრის №588 ცნობის თანახმად, ლ. კ-ი 2000 წლიდან ნამდვილად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფ. ...ში და აქვს სახლ-კარი. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2008 წლის 10 დეკემბრის №679 ცნობის თანახმად, ლ. კ-ი ნამდვილად მუშობდა ზემო აფხაზეთის „...ის“ მორიგე ოპერატორად 2007 წლის 1 იანვრიდან. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2009 წლის 29 აპრილის №519 ცნობის თანახმად, ლ. კ-ი ნამდვილად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფ. ...ში, 2008 წელს აგვისტოს ომის დროს მან დატოვა ხეობა. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი კომისიის 29.09.2008წ. №1 დასკვნის თანახმად, ლ. კ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ზემო აფხაზეთი, სოფ. ....
ნიშანდობლივია, რომ ლ. კ-ის აფხაზეთში, სოფ. ...ში ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პირებიც. მოწმე მ. ც-ის (პ/ნ ...) ახსნა-განმარტებით, ლ. კ-ი 2000 წლიდან ცხოვრობდა გულრიფშის სოფ. ...ში ოჯახთან ერთად. ლ. კ-ი სოფელში საცხოვრებლად გადავიდა სკოლის დამთავრების შემდეგ და გაიარა ორწლიანი სამხედრო სამსახური, შემდეგ მუშაობდა ...ზე. ლ. კ-ი 2000-2008 წ.წ-ში მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში. 2004 წლიდან 2005 წლამდე სამხედრო სამსახური გაიარა ბატალიონ „...ში“. მოწმის - ჯ. ც-ის (პ/ნ ...) ახსნა-განმარტების თანახმად, ლ. კ-ი იყო მისი მეზობელი გულრიფშის სოფ. ...ში. ლ. კ-ი ცხოვრობდა დედასთან ერთად, იყო სოფლის მუდმივი მაცხოვრებელი. მან გაიარა სამხედრო სამსახური. 2004 წლამდე ისინი ერთად მუშაობდნენ ბატალიონ „...ში“ და ხელფასსაც იღებდნენ. 2004 წლიდან კი ლ. კ-ი მუშაობდა ...ზე, ოპერატორად. ლ. კ-ი გულრიფშის სოფ. ...ში ცხოვრობდა 2008 წლამდე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო 2008 წლის აგვისტომდე, მოსარჩელე ლ. კ-ის აფხაზეთში, გულრიფში, სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ როდესაც საკითხი ეხება ფაქტის დადგენას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს. ამდენად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2008 წლის 18 ნოემბრის №588 წერილი და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი კომისიის 29.09.2008წ. №1 დასკვნა ადასტურებს 2008 წლის აგვისტოს ომამდე აფხაზეთის რაიონის სოფ. ...ში ლ. კ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტს და წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებებს, რომელში ეჭვის შეტანის საფუძველიც, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელეებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა