Facebook Twitter

საქმე №ბს-482(2კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის და რ.პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 31 მარტს რ.პ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1.07.2020წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება, რადგან მასში ჩათვლილი არ იყო მისი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, რაც ეწინააღმდეგება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას. ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 22.10.2020წ. წერილით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი მიიღო, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას დასაბუთებულად წარადგინა მისი მოთხოვნის მართლზომიერების დამადასტურებელი არგუმენტები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს, მართალია, სამხედრო სამსახურში ჩაუთვალეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, თუმცა, აღნიშნულიც არასაკმარისად იქნა მიჩნეული მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოსარჩელის განმარტებით მისი მოთხოვნა არასწორად გაიგო ადმინისტრაციულმა ორგანომ. მოსარჩელე განმარტავს, რომ კომპენსაციის გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელთა თანახმად, „სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს „..ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ..ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი“. ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მოსარჩელე ითხოვს მისი ნამსახურობის წლების (11 წელი და 10 თვე და 12 დღე) 20 წელთან გათანაბრებას, მასზე სწავლის პერიოდის - 7 წლის დამატებას და საპენსიო თანხის 27 წლის ნამსახურობის პერიოდზე გადაანგარიშებას.

შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის №04-00-ძ/190088 წერილის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 23 თებერვლის №04/1311 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დადგენილ 20 წლის სამხედრო ნამსახურობის წელს დაემატოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლების პერიოდი - 7 წელი და 27 წლის წელთა ნამსახურობის სტაჟის გათვალისწინებით იქნეს გადაანგარიშებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 1.07.2020წ-დან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით რ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი რ.პ-ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის მომატების მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე რ.პ-ესთან მიმართებაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ.პ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რ.პ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ.პ-ეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2005 წლის 27 ივნისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის მოსარჩელის წელთა ნამსახურობა შეადგენდა 11 წელს 10 თვესა და 12 დღეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ.'' ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას, მოსარჩელისათვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თვალსაზრისით, განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს სწავლის პერიოდი ჩაუთვალა და დაუმატა წელთა ნამსახურობაში, თუმცა მიუთითა, რომ აღნიშნული პერიოდის ჩათვლა არ იყო საკმარისი მოთხოვნილი კომპენსაციის დანიშვნისთვის; ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით სწავლის პერიოდის და სამხედრო სამსახურში ყოფნის წელთა ჯამი ნაკლებია კანონით დადგენილ 20 წელზე, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა დაყენებული იყო სხვაგვარად. კერძოდ, იგი მიუთითებდა, რომ სამხედრო სამსახურის ფაქტიური დრო - 11 წელი 10 თვე და 12 დღე, კანონის ძალით გათანაბრებული იქნა 20 წელთან (ფიქტიური დრო). შესაბამისად, იგი ითხოვდა დიპლომის წარდგენის მეშვეობით დადასტურებული სწავლის პერიოდი - 7 წელი, დამატებოდა არა ფაქტიურ წელთა რაოდენობას (11 წელი 10 თვე და 12 დღე), არამედ, კანონის ძალით აღიარებულ ფიქტიურად გათანაბრებულ მონაცემს - 20 წელს. ამდენად, აპელანტის საბოლოო ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ 27 წლის წელთა ნამსახურების სტაჟის გათვალისწინებით გადაანგარიშებოდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა.სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი და გამოკვლეული არ იყო სწორედ აღნიშნული სხვაობა, რისი გამოკვლევაც მართებულად დაევალა მოპასუხეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა რ.პ-ემ.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კასატორი მიუთითებს, რომ რ.პ-ეს სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად არ აქვს 20 და 20-ზე მეტი ნამსახურობის კალენდარული წელი, სწორედ აღნიშნული საფუძვლით ეთქვა მას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კასატორმა მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ სამხედრო სამსახურში (ზემოხსენებულ ორგანოებში, მ.8, პ.1) ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვრათ 20 წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს წელთა ნამსახურობაში (წელთა ნამსახურობა სამხედრო სტაჟს და არა შრომის საერთო სტაჟს, რომელიც ასევე მოიცავს სამოქალაქო სამსახურებში მუშაობის პერიოდსაც) სწავლის პერიოდის ჩათვლას. შესაბამისად, როგორც კანონით განსაზღვრული 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შემთხვევაში, 20 წლის ზემოთ, კანონმდებლობა ითვალისწინებს სწავლის პერიოდის ჩათვლას, იგივენაირად არის შესაძლებელი, 10-წლიანი ნამსახურობის მქონე პირზეც (იგულისხმება შეღავათიანი პირობით კომპენსაციაზე უფლების მქონე კატეგორია), 10 წლის ზემოთ ნამსახურობაში სწავლის პერიოდის დამატებაც. ზემოხსენებული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი სწავლის დამატებას ითვალისწინებდა არა სამოქალაქო შრომის (მუშაობის) სტაჟში, არამედ სამხედრო წელთა ნამსახურობაში. შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის მომენტში, რ.პ-ეს სწავლის პერიოდი მაინც დაემატებოდა სამხედრო ნამსახურობის წლებზე (11 წელს 10 თვეს და 12 დღეს) და კომპენსაცია დაუანგარიშდებოდა იგივე პრინციპით. კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რ.პ-ის მიერ წარმოდგენილი დიპლომის დედნის წარმოდგენისთანავე, მოსარჩელეს სწავლის პერიოდი ჩაეთვალა ნამსახურობაში და აღნიშნული მის პირად საქმეში აისახა, თუმცა გასაცემლის ოდენობის გაანგარიშებაზე ეს გარემოება გავლენის მომხდენი ვერ იქნება.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - რ.პ-ე აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ხელახლა გამოსაკვლევი არაფერია. რ.პ-ე მიუთითებს, რომ ითხოვს კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო სამხედრო წელთა ნამსახურობის 20 წლის სავალდებულო სტაჟზე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის (7 წელი) დამატებას და 27 წლის სტაჟის გათვალისწინებით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშებას, რაც მის პენსიაზე 70 ლარით მეტია (ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მქონე პირის თითოეული წელი სამხედრო სტაჟისა 10 ლარზე მრავლდება), "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "ა.გ" ქვეპუნქტის შესაბამისად. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე იშუამდგომლა საქმის ზეპირის მოსმენით განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ.პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და რ.პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის №04-00-ძ/190088 წერილის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 23 თებერვლის №04/1311 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის კანონიერება. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის შეფასებაზეა დამოკიდებული ასევე, არსებობს თუ არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის, კერძოდ, რ.პ-ის სამხედრო ნამსახურობის წლებზე უმაღლეს სასწავლებელში სწავლების პერიოდის - 7 წლის დამატების და ჯამში 27 წლის წელთა ნამსახურობის სტაჟის გათვალისწინებით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის ხელახლა 2020 წლის 1 ივლისიდან გადაანგარიშების საფუძველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ.პ-ეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2005 წლის 27 ივნისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის მოსარჩელის წელთა ნამსახურობა შეადგენდა 11 წელს 10 თვესა და 12 დღეს. დადგენილია, რომ 2020 წლის 1 ივლისს რ.პ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება, რადგან ნამსახურობის წლებში არ ჰქონდა ჩათვლილი სამხედრო სამსახურის დაწყებამდე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, რაც ეწინააღმდება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას. აღნიშნულ განცხადებას ერთვოდა ...ში სწავლის დამადასტურებელი დიპლომის ქსეროასლი, რომლითაც დგინდება რომ მისი სწავლის ხანგრძლივობა შეადგენდა 8 წელს, 1965-1973 წლებში.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 22 ოქტომბრის N04-00-ძ/19088 წერილით რ.პ-ეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის და გაცემის წესის’’ მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია მაძიებელს/კომპენსაციის მიმღებს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა, ვინაიდან მას არ წარუდგენია მოთხოვნილი დოკუმენტი - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან 1965-1973 წლებში სწავლის ხანგრძლივობის შესახებ, სააგენტომ გამოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ რომ მისი წელთა ნამსახურობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შეადგენდა 11 წელს 10 თვეს და 12 დღეს. რ.პ-ის ნამსახურობის წლებზე სწავლის პერიოდის დამატება არ გამოიწვევდა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის ცვლილებას.

2020 წლის 24 ნოემბერს რ.პ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს. რ.პ-ემ მოითხოვა 2020 წლის 22 ოქტომბრის №04-00-ძ/19088 წერილის ბათილად ცნობა და სამხედრო ნამსახურობის წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1965-1973 წლებში სწავლების პერიოდის ჩათვლა და დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება.

რ.პ-ის №121544 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (...) 2020 წლის 22 ოქტომბრის №04-00-ძ/19088 წერილობითი აქტი (გადაწყვეტილება) სწავლის პერიოდის გათვალისწინებაზე უარის თქმის ნაწილში და რ.პ-ეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალა საქართველოს ...ში სწავლის პერიოდი. აღნიშნული ასახული უნდა ყოფილიყო როგორც ბენეფიციარის საქმეში, ასევე სახელმწიფო გასაცემლის მონაცემთა ერთიან სააღრიცხვო ბაზაში. რ.პ-ის მოთხოვნა, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის მომატების (გადაანგარიშების) თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ რ.პ-ეს სწავლის პერიოდი ჩაუთვალა ნამსახურობის ვადაში, თუმცა არასაკმარისად მიიჩნია კომპენსაციის ოდენობის ხელახლა გაანგარიშებისთვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი კომპენსაცია ენიშნებათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი.

ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ.

„სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიურის სტიპენდიის“ შესახებ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევისას, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში-კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გადაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ზემოხსენებული კანონის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ.'' ქვეპუნქტის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი. მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თვალსაზრისით არსებითია სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს სწავლის პერიოდი ჩაუთვალა ნამსახურობის წლებში, თუმცა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადმინისტრაციული ორგანომ 23.02.2021წ. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ რ.პ-ის სამხედრო სამსახურში ყოფნის ვადის (11 წელი 10 თვე და 12 დღე) და სწავლის პერიოდის ჯამი არ აღემატებოდა 20 წელს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაციის თანხის გადაანგარიშებას სხვა საფუძვლით მოითხოვდა, კერძოდ, რ.პ-ე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებაში უთითებდა, რომ სამხედრო სამსახურის გავლის ფაქტობრივი (რეალური) დრო - 11 წელი 10 თვე და 12 დღე, ვინაიდან კანონის ძალით გათანაბრებული იყო 20 წელთან. იგი ითხოვდა ნამსახურობის ზემოაღნიშნული გზით მოპოვებულ 20 წელზე სწავლის პერიოდის - 7 წლის დამატებას და მისი საბოლოო იურიდიული ინტერესი 27 წლის წელთა ნამსახურობის სტაჟის გათვალისწინებით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება იყო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი და გამოკვლეული არ იყო სწორედ აღნიშნული სხვაობა, რისი გამოკვლევაც მართებულად დაევალა მოპასუხეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომელთაც ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობს 20 წელზე ნაკლები კალენდარული წელი აქვთ, ამ მუხლის მიზნებისთვის, ნამსახურების წლებად განესაზღვრათ 20 წლით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი წელთა ნამსახურობაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის ჩათვლის შესაძლებლობასაც იძლევა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება (სუსგ №ბს-211-209(კ-17) 25.01.2018, №ბს-860(2კ-20) 28.04.2021). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი ჩაუთვალა, რისი სრული უფლებამოსილებაც გააჩნდა, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში სრულყოფილად არ იმსჯელა რ.პ-ის მოთხოვნაზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ შეიცავს რ.პ-ის მოთხოვნის უარმყოფელ სათანადო დასაბუთებას.

რაც შეეხება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - რ.პ-ის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არა ერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს და შეგებებულ საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. რ.პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა