საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1280(კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - ჟ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ვ. შ-ი
მესამე პირები - ე. უ-ა, ა. ბ-ი (სავარაუდო უფლებამონაცვლეები)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 26 ნოემბერს ჟ. შ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1976 წლიდან ფაქტობრივად ფლობდა უძრავ ქონებას, რომლის დაზუსტებული მონაცემები დაცული იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ქონებაზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირა ვ. შ-ის, ე. უ-ას და ა. ბ-ის, რითიც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის ინტერესებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. შ-ი.
2019 წლის 4 იანვარს, ჟ. შ-იმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ჟ. შ-ის წარმომადგენლის მ. ხ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. ჟ. შ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივნისის №... და 2018 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის პირველი ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ჟ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ე. უ-ა და ა. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. შ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინებით ჟ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო ფართის პირველადი რეგისტრაციის საფუძვლებზე. კერძოდ, ქ. თბილისის სახელმწიფო რეგისტრატორს 2000 წლის 31 მარტს წარედგინა ვ. შ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია და დადგენილი წესით გაეცათ რეგისტრაციის დამდასტურებელი საბუთი. აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2000 წლის 31 მარტს მომზადდა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერში აღინიშნა (მომზადების თარიღი: ...), ნაკვეთის №..., ფართობი: 58 კვ.მ.; მისამართი: ...ს I გასასვლელი, №...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; მესაკუთრის გრაფაში მიეთითა - ვ. შ-ის, აწ გარდაცვლილი ე. უ-ას და აწ გარდაცვლილი ა. ბ-ის საერთო საკუთრება.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 13 ოქტომბერს წარედგინა ვ. შ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა 58 კვ.მ მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც დატანილი იყო ფართობის მონაცემები. სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ასევე საკადასტრო რუკები ..., ... და ... მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკები და სხვა დოკუმენტები. შედეგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2011 წლის პირველ ნოემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება ვ. შ-ის №... განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. შესაბამისად, მომზადდა საკადასტრო გეგმა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მესაკუთრეთა განსაზღვრით განხორციელდა 2000 წლის 31 მარტს, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის პირველი ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ უფლებაში მოხდა მხოლოდ ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და არ განხორციელებულა მესაკუთრეთა ცვლილება.
რაც შეეხება ადმინისტრაციული გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 13 ივნისს, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება 2018 წლის 26 სექტემბერს. ხსენებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივარი ჟ. შ-ის მიერ წარდგენილი იქნა 2018 წლის 26 ნოემბერს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. შ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 9 თებერვლის დასკვნაზე მითითებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ... საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ქონება თავდაპირველად რეგისტრირებულ იქნა 2000 წელს მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის და 1999 წლის 7 დეკემბერს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული მონაცემების შესაბამისად, ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთის (საერთო სარგებლობის გასასვლელი) ადგილმდებარეობა ძირითად შემთხვევებში არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებული საერთო სარგებლობის გასასვლელის ადგილმდებარეობას. კასატორი ზემოაღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავს მის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ ფაქტობრივად განთავსებულ შენობა-ნაგებობის ნაწილებს, რომლებიც საჯარო რეესტრში აღნიშნული პერიოდისათვის რეგისტრირებული არ არის.
კასატორი ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ ფოტოსურათებსა და დანართებზე მითითებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ. შ-იმა თავის სახელზე დაარეგისტრირა როგორც საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე ჟ. შ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში და მის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ამასთან, ვ. შ-ის სახელზე რეგისტრირებული საზღვარი მოიცავს ჟ. შ-ის არა მხოლოდ მიწის ნაკვეთს, არამედ უძრავი ქონების შენობა-ნაგებობის ნაწილსაც, რასაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის რეგისტრაციით არ მომხდარა მესაკუთრეთა ცვლილება და არცერთი მესაკუთრის საკუთრების უფლება არ შელახულა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო უნდა გასცნობოდა ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2011 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვითი ნახაზი და იმ დრომდე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლებები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, შესაბამისად ვ. შ-ის მოთხოვნა რეგისტრაციაზე ცვლილების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საჩივრის შეტანისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გაშვებასთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ მან ადმინისტრაციული აქტის ჩაბარებიდან კანონით გათვალისწინებულ ვადაში გაასაჩივრა იგი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჟ. შ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის პირველი ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 30 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ჟ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საკითხი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები თავის მხრივ განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარმოადგენს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო რეგისტრატორს 2000 წლის 31 მარტს წარედგინა ვ. შ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა საკადასტრო რუკა, სადაც დატანილი იყო №... მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2000 წლის 31 მარტს მომზადდა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერში აღინიშნა (მომზადების თარიღი: ...), ნაკვეთი №..., ფართობი: 58 კვ.მ.; მისამართი: ...ს I გასასვლელი, №...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; მესაკუთრის გრაფაში მიეთითა - ვ. შ-ის, აწ გარდაცვლილი ე. უ-ას და აწ გარდაცვლილი ა. ბ-ის საერთო საკუთრება.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 ოქტომბერს წარედგინა ვ. შ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა 58 კვ.მ მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც დატანილი იყო ფართობის მონაცემები. სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ასევე საკადასტრო რუკები ..., ... და ... მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკები და სხვა დოკუმენტები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 20 ოქტომბრის №... და 2011 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების საფუძველზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა განმცხადებელმა ორგანოში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რომლის შემდგომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2011 წლის პირველ ნოემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება ვ. შ-ის №... განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მესაკუთრეთა განსაზღვრით განხორციელდა 2000 წლის 31 მარტს, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის პირველი ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ უფლებაში მოხდა მხოლოდ ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და არ განხორციელებულა მესაკუთრეთა ცვლილება. ამასთან, მოსარჩელეს თავდაპირველი რეგისტრაცია არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში მესაკუთრეთა დადგენა და აღნიშნული მიმართულებით მოსარჩელის მოთხოვნის შეფასება ვერ მოხდება.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებას და სააგენტოსთვის საჩივრის განხილვის დავალებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით კი განსაზღვრულია, რომ სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ელექტრონული სახით დოკუმენტი კი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის – www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 13 ივნისს, ხოლო სარეგისტრაციო შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება 2018 წლის 26 სექტემბერს. ხსენებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივარი ჟ. შ-ის მიერ წარდგენილი იქნა 2018 წლის 26 ნოემბერს. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან დარღვეულ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი 30-დღიანი ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ. შ-ის საკასაციო საჩივარზე 01.02.2023წ. №15925818421 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. დ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჟ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება.
3. გ. დ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.02.2023წ. №15925818421 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე