Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-910(გ-23) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე; გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს შორის გ. შ-ეის საჩივრის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 14 აგვისტოს გ. შ-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N... საჯარიმო ქვითრისა და შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის MIA ... დადგენილების გაუქმება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 აგვისტოს დადგენილებით გ. შ-ეის საჩივარი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N... საჯარიმო ქვითრისა და შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის MIA ... დადგენილების გაუქმების თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას. ამავე კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც პირის დაჯარიმება გამოიწვია, მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საავტომობილო გზაზე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, საჩივარი განხილულ უნდა იქნას სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებულ დადგენილებაშიც საჩივრის განხილვის განსჯად სასამართლოდ თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოა მითითებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. შ-ეის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო.

თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით გ. შ-ეის საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. აღნიშნული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებამოსილებას ანიჭებს მოსარჩელეს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის საქმეები განიხილება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი პირის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას.

მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის საცხოვრებელ მისამართად საჩივარში მითითებულია ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N.... საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს ერთვის მის მიერ წარმომადგენლისათვის გაცემული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც ასევე დგინდება, რომ გ. შ-ეის საცხოვრებელი მისამართია ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N.... საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. შ-ეის მიმართ N... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია, როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, ასევე - დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გ. შ-ემ კი, 2023 წლის 14 აგვისტოს საჩივარი შეიტანა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რის უფლებასაც აძლევდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი. ამდენად, მაგისტრატი სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ გ. შ-ეის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N... საჯარიმო ქვითრისა და შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის MIA ... დადგენილების კანონიერების შემოწმება. დადგენილია, რომ გ. შ-ეის მიმართ 2021 წლის 12 აგვისტოს N N... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე, თერჯოლის რ/ნ, სოფელ ...ის საავტომობილო გზაზე, ხოლო გ. შ-ეის საცხოვრებელი ადგილია ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N....

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა 121-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 121-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 121-ე მუხლი. გ. შ-ეის მიმართ N... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საავტომობილო გზაზე, გ. შ-ეის საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N.... შესაბამისად, გ. შ-ე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა - გ. შ-ემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. შ-ეის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. შ-ეის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე