Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-685(კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 12 აგვისტოს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 27 ივნისს, მან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა აღსრულების ქვემდებარე №16056060/170025 აქტი, რომლის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება №16061144. მითითებულ სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 14 მაისს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოვალეს დაუფიქსირდა უძრავი ქონება.

მოსარჩელემ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, 35-ე და 50-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ არაერთხელ მოითხოვა ბიუროს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელება, მიღებული წერილობითი პასუხებით დაგეგმილი იყო გარკვეული მოქმედებები, თუმცა 2019 წლის 3 ივნისს, მოვალის სოციალური მდგომარეობა შეიცვალა, რის გამოც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო შეიზღუდა სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების მხრივ და ამ ყოველივეს შედეგად შპს „...ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოება ვერ განხორციელდა და კრედიტორი ვერ დაკმაყოფილდა არა იმ საფუძვლით, რომ მოვალეს ქონება არ გააჩნდა, არამედ, აღმასრულებლის უმოქმედობის გამო, რომელმაც 2018 წლის 14 მაისიდან, 2019 წლის 3 ივნისამდე პერიოდში არ განახორციელა სააღსრულებო მოქმედებები.

მოსარჩელემ 2018 წლის 14 მაისიდან, 2019 წლის 3 ივნისამდე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული ქმედების (უმოქმედობის) უკანონოდ მიჩნევა და მოპასუხისთვის შპს „...ის“ სასარგებლოდ 1543.23 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, ქმედების უკანონოდ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 21 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა №16056060/170025 ბრძანება, დავალიანების გადახდევინების შესახებ. ლ. ს-ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 1497.00 ლარის ოდენობით, შპს „...ის“ სასარგებლოდ. 2016 წლის 24 ივნისს, შპს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით. შედეგად, აღსასრულებელი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოვალე დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, გაეგზავნა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე და მოძიებული იქნა მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე გაიგზავნა მიმართვები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №... წერილით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, .... საკადასტრო კოდზე, რომლის თანახმად, ამ პერიოდიდან ლ. ს-ე, გ. ს-ესთან, გი. ს-ესთან და ნ. ს-ესთან ერთად ირიცხებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, 2001.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) თანამესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტსა და მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, შპს „...ის“ მიერ აღმასრულებლის ქმედების სადავოდ ქცევა (აღმასრულებლის პასიურობა აღსრულების პროცესთან მიმართებაში) და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეეზღუდა შესაძლებლობა დასახელებული წარმოების ფარგლებში განეხორციელებინა იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ დგინდებოდა აღმასრულებლის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც გამორიცხავდა ქონებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო, რომ სასამართლოს დროის კონკრეტულ მონაკვეთში (14.05.2018-03.06.2019) შეეფასებინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უმოქმედობა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელიათ.

კასატორის განმარტებით, მართალია სასამართლოებმა მიუთითეს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის უმოქმედობის უკანონობა არ დასტურდებოდა, თუმცა მოპასუხემ 2018 წლის 14 მაისიდან 2019 წლის 3 ივნისამდე პერიოდში არ ჩანიშნა არც საჯარო აუქციონი და არ განახორციელა არანაირი სააღსრულებო მოქმედება, რითაც დაარღვია „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც აღმასრულებელს აკისრებს ვალდებულებას, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისთვის. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო აღმასრულებლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა, ვინაიდან იგი ვალდებული იყო ევარაუდა, რომ მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა შეიძლება შეცვლილიყო.

კასატორმა „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხი მისი მხრიდან სადავო არ გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოების დაწყების თარიღიდან (2016 წლის 24 ივნისიდან) იქნებოდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოვალისთვის სტატუსის მინიჭებამდე (2019 წლის 3 ივნისამდე), გასული იყო 3 წელი. აღნიშნული კი კასატორის მოსაზრებით, მიუთითებს სწორედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გულგრილობაზე მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით.

კასატორმა მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ კრედიტორი სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში არ იყო აქტიური და აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს, რის საფუძველზეც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს რიგ ვალდებულებებს, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კრედიტორს კი უჩნდება მოთხოვნის დაკმაყოფილების ლეგიტიმური მოლოდინი, ვინაიდან კანონში არ არის გათვალისწინებული კრედიტორის ჩართულობა სააღსრულებო წარმოების პროცესში (გარდა საფასურის გადახდის ვალდებულებისა). ამასთან, კასატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი უშედეგოდ ითხოვდა მოპასუხის მხრიდან აქტიურ ქმედებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 2018 წლის 14 მაისიდან 2019 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული ქმედების (უმოქმედობის) კანონიერების შემოწმება და მოპასუხისთვის შპს „...ის“ სასარგებლოდ 1543.23 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამდენად, ზემოაღნიშნული დანაწესების შესაბამისად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-17 მუხლი კი აწესრიგებს აღმასრულებლის უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელს აძლევს უფლებამოსილებას გადახდევინება განახორციელოს მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი განსაზღვრავს, აღმასრულებლის ვალდებულებას, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 251 მუხლზე, რომლის თანახმად, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებად განსაზღვრულია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ამავე კანონის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ყადაღას არ ექვემდებარება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდება, რომ 2016 წლის 21 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა №16056060/170025 ბრძანება, დავალიანების გადახდევინების შესახებ. ლ. ს-ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 1497.00 ლარის ოდენობით, შპს „...ის“ სასარგებლოდ. ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №... წერილით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ლ. ს-ეს სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ იყო, ხოლო, სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 29 ივნისის №... წერილით, სააღსრულებო ბიუროს აცნობა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლ. ს-ე არ იყო რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, ასევე არ იყო რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. გარდა ამისა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებოს ბიუროს 2016 წლის 5 აგვისტოს №A16061144-010/001 წერილით, სს „... ბანკს“ ეცნობა, მოვალე ლ. ს-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დარეგისტრირების შესახებ, 1601.79 ლარის ფარგლებში.

ასევე დადგენილია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 14 თებერვლის №A16061144-008/001 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ სააღსრულებო საქმეზე ხორციელდებოდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები და აღსრულების ქვემდებარე აქტების სისრულეში მოყვანის მიზნით გრძელდებოდა იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები, ამასთან, დაგეგმილი იყო მოვალის მისამართზე ვიზიტი. ხოლო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №... წერილით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ამ პერიოდიდან ლ. ს-ე, გ. ს-ესთან, გი. ს-ესთან და ნ. ს-ესთან ერთად ირიცხებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, 2001.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) თანამესაკუთრედ.

საქმეში დადგენილი მტკიცებულებების შესაბამისად იკვეთება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1 ივლისის №16061144-014/001 წერილით, შპს „...ს“ ერთი მხრივ ეცნობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართვის დაფიქსირებისა და საფასურის გადახდის საჭიროების თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ ეცნობა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით ლ. ს-ის ქონებრივი მდგომარეობა იყო დადგენილ ზღვარზე ნაკლები. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შპს „...ის“ წარმომადგენლის 2019 წლის 8 ივლისის №CA0041191095030 მიმართვის (რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ინფორმაციას განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების და საქმისთვის პასიური სტატუსის მინიჭების თარიღის, ასევე მოვალის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა/არ არსებობის შესახებ) პასუხად, მოპასუხის 2019 წლის 11 ივლისის №A16061144-011/001 წერილით, შპს „...ს“ კვლავ ეცნობა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის შესაბამისად, მოვალე ლ. ს-ის ქონებრივი მდგომარეობა დადგენილ ზღვარზე ნაკლები იყო და იგი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა.

საქმის მასალებში არსებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 აგვისტოს №A16061144-018/001 წერილის თანახმად, შპს „...ს“ ეცნობა, რომ ბიუროს №16061144-014/001 მიმართვის საპასუხოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, მას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობისთვის, უნდა დასტურდებოდეს აღმასრულებლის ქმედების უკანონობა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობად ითვალისწინებს მოხელის მხრიდან მისი სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევას. განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიუროს მიერ, შესაბამისი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად, განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოვალე დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, გაეგზავნა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე და მოძიებული იქნა მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე გაიგზავნა მიმართვები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. ამასთან, 2018 წლის 14 თებერვლის №A16061144-008/001 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ სააღსრულებო საქმეზე ხორციელდებოდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები და აღსრულების ქვემდებარე აქტების სისრულეში მოყვანის მიზნით გრძელდებოდა იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები, ამასთან, დაგეგმილი იყო მოვალის მისამართზე ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში გარკვეული მოქმედებების განუხორციელებლობა ავტომატურად არ აქარწყლებს იმ მოქმედებებს, რომლებიც დროის სხვა მონაკვეთში განხორციელდა და იგი არ შეიძლება აღქმულ იქნეს იმგვარად, რომ ბიუროს, სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, საერთოდ არ განუხორციელებია მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება ბიუროს მხრიდან საქმის მიმართ გულგრილობის გამოჩენის და კანონით გათვალისწინებული მოვალეობებისთვის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის ფაქტი, განსაკუთრებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე საქმეთა სიმრავლის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, იძულებითი აუქციონის ჩატარების 1-თვიან ვადაზე. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლი ითვალისწინებს საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, აუქციონის ჩატარების ვალდებულებას. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული კანონის 251 მუხლი სააღსრულებო წარმოების სხვადასხვა ეტაპებად ასახელებს ქონებაზე ყადაღის დადებასა და აუქციონის ჩატარებას. ამდენად, აუქციონის ჩატარება წარმოადგენს ქონებაზე ყადაღის დადების შემდგომ ეტაპს და 69-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ თვიანი ვადაც სწორედ მას მიემართება. რაც შეეხება თავად ყადაღის დადების პროცედურას, კანონი არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ ვადას, რომლის ფარგლებშიც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები და მას შემოსაზღვრავს მხოლოდ დასახელებული კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, გადაწყვეტილების სწრაფი და რეალური აღსრულების ზოგადი ვალდებულებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მე-17 მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა მართალია მოიაზრებს გონივრულ ვადაში შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას, თუმცა გონივრული ვადის გამოთვლაც უნდა განხორციელდეს ბიუროს რეალური დატვირთულობის გათვალისწინებითა და სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული მოქმედებების მხედველობაში მიღებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 02.06.2022წ. №537 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ი“-ს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება.

3. შპს „...ი“-ს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.06.2022წ. №537 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე