Facebook Twitter

საქმე №ბს-639(კ-23) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ი. ც-ა, ვ. ც-ა, ტ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ც-ამ, ვ. ც-ამ და ტ. მ-ემ 2022 წლის 08 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 2021 წლის 14 ივნისის №03-2233/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელეები სარჩელში აღნიშნავდნენ, რომ არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც წლებია ქირით ცხოვრობენ. გრძელვადიანი განსახლების მიზნით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინეს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, სადაც მიენიჭათ 10 ქულა, მათ შორის, 1.5 ქულა - ქირით ცხოვრების ნაწილში, 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან, 2 ქულა - ი. ც-ას შშმ პირის ნაწილში, 2 ქულა - ტ. მ-ის შშმ პირის ნაწილში, 2 ქულა - ვ. ც-ას შშმ პირის ნაწილში, 1.5 ქულა კი - ვ. ც-ას ომის ვეტერანის ნაწილში. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ საცხოვრებელი ფართები მიიღეს უფრო დაბალი, კერძოდ, 4.5 ქულის მქონე ოჯახებმა. ისინი არ იზიარებდნენ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო ბრძანების საფუძველს, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ფართით უზრუნველყოფაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების მოტივით და მიიჩნევენ, რომ აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რომლითაც დაირღვა მოსარჩელეების კანონიერი უფლებები და ინტერესები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ც-ას, ვ. ც-ასა და ტ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 14 ივნისის №03-2233/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. კერძოდ, სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებსაც უძრავი ქონება საკუთრებაში არ აქვთ რეგისტრირებული. ისინი ქირით ცხოვრობენ ქ. თბილისში ...ის ქ. №19-ში. აღნიშნულის დასადგენად სასამართლომ გამოიკვლია მონიტორინგის ოქმები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობები, გადახდის ქვითრები, რომლითაც დგინდება, რომ ი. ც-ა 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 25 მარტის ჩათვლით მ. ც-ას სისტემატურად ურიცხავდა ბინის ქირას. ამდენად, სააპელაციო პალატამ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ, იმ პირობებში, როდესაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უტყუარად ვერ ადასტურებდა მოსარჩელეთა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების (ი. ც-ას მშობლების სხვა ადგილას ცხოვრების) ფაქტს, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, სასამართლომ კი ყურადღება არ მიაქცია ოჯახის საცხოვრებელს, რომლითაც შეუზღუდავად სარგებლობენ და არის მამა-პაპისეული სახლი. აღნიშნულით კი გამოდის, რომ ფაქტობრივად დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა უკვე მეორე საცხოვრებელი ფართით, რომლის საშუალება სახელმწიფოს არ გააჩნია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი უსახლკარო დევნილი ოჯახია დასაკმაყოფილებელი.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მოპასუხე მხარეს მიუთითა, რომ სააგენტოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საკითხი, თუმცა წარმოდგენილი ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალების საფუძველზე სასამართლო არ უთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით რა უნდა შეესწავლა და გამოეკვლია და ამასთან, მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციაში სასამართლოს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაეკმაყოფილებინა და ხელახლა გამოსაკვლევად დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სრულად დააკმაყოფილა მოთხოვნა. ის გარემოება, რომ ოჯახის წევრები შეუზღუდავად ცხოვრობენ მამა-პაპისეულ სახლში ნათელია, ხოლო ვის საკუთრებაშია რეგისტრირებული ხსენებული უძრავი ქონება, კასატორის მოსაზრებით, არ არის რელევანტური, ვინაიდან წლებია მოსარჩელეები განკარგავენ და სარგებლობენ ამ ქონებით. ამდენად, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სადავო განჩინება მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს დააფუძნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული და წარდგენილი მტკიცებულებები სრულად უგულებელყო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სააგენტო საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებულ ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლასა და მხოლოდ ამის შემდგომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ინტერესია ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ბინით დროული დაკმაყოფილება, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად, დევნილი ოჯახის სასწრაფოდ განსახლების საჭიროებიდან გამომდინარე, აკმაყოფილებს მათ საცხოვრებლით. მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, გააჩნიათ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას დევნილთა პრიორიტეტულობის განმსაზღვრელი ნორმა არ უარყოფს და ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა შესაბამისი რიგითობის დაცვით. მისი მოსაზრებით, თუ სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, წარმოიქმნება ქაოსური სიტუაცია, დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რაც საზოგადოებაში უსამართლობის განცდას გამოიწვევს.

კასატორის მითითებით, სააგენტომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებით, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ც-ას, ვ. ც-ასა და ტ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, ი. ც-ას, ვ. ც-ასა და ტ. მ-ის მიერ გასაჩივრებულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების მოტივით. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ც-ა, ვ. ც-ა და ტ. მ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ი. ც-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 10 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ნაქირავები) – 1.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან 1 ქულა, ი. ც-ას სტატუსის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული) გამო - 2 ქულა, ტ. მ-ის სტატუსის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული) გამო - 2 ქულა, ვ. ც-ას სტატუსის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული) გამო - 2 ქულა და ვ. ც-ას სტატუსის (ომში მონაწილეობის და ომის ვეტერანის) გამო - 1.5 ქულა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში კასატორის წარმომადგენლის მიერ განვითარებული მსჯელობა წინააღმდეგობრივია, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს გააჩნიათ მამა-პაპისეული საცხოვრებელი ფართი დაუშვებელია მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რადგან ორჯერ დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით, ხოლო, მეორე მხრივ, არ უარყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას, საცხოვრებლით უზრუნველყოფს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ისეთი, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა, კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანია რიგითობისა და პრიორიტეტულობის დაცვა. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას ი. ც-ას ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროების არ არსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს „წესის“ საფუძველზე მინიჭებული კრიტერიუმები განსაზღვრავს სწორედ პრიორიტეტულობის საკითხს. საქმის გარემოებებით კი დადგენილია, რომ ი. ც-ას ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 10 ქულა. კასატორი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებებით მოსარჩელის ოჯახთან შედარებით ,,სხვა პირთა“ საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი მიდგომა შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაუმართლებელია და წარმოადგენს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების მცდარ გაგებას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას. ხოლო რაც შეეხება ალტერნატიულ საცხოვრებელს, დადგენილია, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ კასატორის მიერ მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და მით უფრო, სახელმწიფოს ვალდებულების გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს ყველა დევნილი ოჯახი, უმართებულოა ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია, არამედ ისიც, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი, რა კრიტერიუმსაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვერ აკმაყოფილებს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 14 ივნისის №03-2233/ო ბრძანებით ი. ც-ას ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ ოჯახის ხელოვნური გაერთიანების მოტივით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა ი. ც-ას ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ, საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი. ც-ა, ვ. ც-ა და ტ. მ-ე ერთად ცხოვრობენ და საქმიანობენ ქალაქ თბილისში.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა