Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-292(კ-23) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი - ს.ც-ი (კანონიერი წარმომადგენელი - ო.ც-ი)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - გ.ჩ-ა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 10 დეკემბერს, ს.ც-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №6 ში მდებარე მიწის ნაკვეთსა (დაზუსტებული ფართობი: 269 კვ.მ. ს/კ ...) და მასზე მდგარ შენობა- ნაგებობაზე „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის, ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 1990 წლის 5 სექტემბრის №20.496.14 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარ არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ 1990 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე დარეგისტრირდა მ.ლ-ის საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2005 წლის 2 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ.ს-ის, ხოლო შემდგომ, კვლავ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ.ბ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ს.ც-ი.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ.ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივარი. ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6-ში მდებარე უძრავ ნივთთან ს/კ ... დაკავშირებით პირობითი განცხადების მიღება და უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია დაევალა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, ს.ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, ს/კ ... დაზუსტებული ფართობი განისაზღვრა 232 კვ. მეტრით. ხოლო გ.ჩ-ას 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაურეგისტრირდა 370 კვ.მეტრი.

ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მესაკუთრე ს.ც-ის, ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში, ს/კ ... უძრავი ნივთის ფართობის 269 კვ.მ-ით განსაზღვრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ გ.ჩ-ა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ც-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ს.ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ 1990 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1992 წლის 30 სექტემბრის №539 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 14 მარტის №ლეგ-339 ბრძანების, საქმეში არსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების, ადგილზე დათვალიერების შედეგად მოპოვებული მონაცემებისა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ ს.ც-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები სცდებოდა მყარ სასაზღვრო მიჯნას (ქვის ღობეს), გადადიოდა მეზობლის - გ.ჩ-ას ეზოში და კვეთდა მის ავტოფარეხს, აღნიშნული ადასტურებდა, რომ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მდგომარეობა იყო ურთიერთშეუსაბამო და საჯარო რეესტრს უნდა უზრუნველეყო რეგისტრირებული მონაცემების გასწორება და მათი ურთიერთშესაბამისობა ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს №468500/17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოებისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოიყენა კანონით დადგენილი ყველა შესაძლო საპროცესო მოქმედება (მედიაცია, ზეპირი მოსმენა, ადგილზე დათვალიერება, მეზობლების ახსნა-განმარტების მოსმენა, ინფორმაციის გამოთხოვა სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან) და საქმეში არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად, კანონის სრული დაცვით მიიღო 2018 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

რაც შეეხება რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც გასწორდა ს.ც-ის უძრავი ნივთის რეგისტრირებული საზღვრები და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №6-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., 2018 წლის 14 ნოემბრიდან კორექტირებული მონაცემებით საკუთრების უფლებით აღირიცხა ს.ც-ის სახელზე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად, არ არსებობდა მისი აღსრულების მიზნით გამოცემული რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ც-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ... საკადასტრო კოდით, ს.ც-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, მიწის ნაკვეთის მოცულობა ისტორიულად ყოველთვის 269 კვ.მ.-ს შეადგენდა და ხსენებული საკადასტრო ერთეული წინამორბედ მესაკუთრეთა კუთვნილებას იყო იმავე მოცულობით. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ყოველი განკარგვითი ტრანზაქციის ფარგლებში სწორედ ამ მოცულობით (269 კვ.მ.) წარმოადგენდა გასხვისების საგანს, მათ შორის, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების ჭრილშიც, რომელთა ფარგლებშიც მიწის ნაკვეთის ეს მოცულობა იყო გარიგების საგანი.

კასატორის მოსაზრებით, ს.ც-ი, ისევე, როგორც მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის წინამორბედი მესაკუთრეები, კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსით ინარჩუნებდნენ იმ გარანტიას, რომ რეგისტრირებული მონაცემებით მათი საკუთრების საგანს სწორედ 269 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა. ხოლო, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში მოხმობილი ყველა გარემოება და ტექნიკური საკითხი, რომლებზე აპელირებითაც სასამართლო მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის, ურთიერთგანლაგებისა და ღობეთა განთავსების ასპექტებს შეეხო, ვერ გამოდგება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მოცულობის შემცირების საფუძვლად, რადგან მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტობრივი მდგომარეობა, მათ შორის, ამა თუ იმ ნაგებობის (ღობე და სხვ.) განთავსების ადგილი, არ შეიძლება ქმნიდეს საკუთრების უფლების საგნობრივი მახასიათებლების ცვლილების, მით უფრო მისი შემცირების საფუძველს და ასევე არ შეიძლება იქცეს სხვა სუბიექტისთვის რაიმე პრივილეგიის მინიჭების წინაპირობად. კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ საზღვრის შიგნით ღობის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა წვიმის შედეგად მოვარდნილი წყლის ეზოში შედინების თავიდან აცილება, თუმცა არ გულისხმობს იმას, რომ მან ამ ქმედებით შეიმცირა მიწის ნაკვეთის ფართი.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ გ.ჩ-ას არ გააჩნია მიწის ნაკვეთის კონკრეტული მოცულობისა და კონფიგურაციის განმსაზღვრელი რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილი მის კუთვნილებას წარმოადგენს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი პოზიციაა. აღნიშნულს ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ საქმეში დაცული საინვენტარიზაციო გეგმით მიწის ნაკვეთის მოცულობად ფიქსირდებოდა 712 კვ.მ., ეს უკანასკნელი არ იყო გამიჯნული და, შესაბამისად, არ განსაზღვრავდა გ.ჩ-ასთვის რაიმე მიწის ნაკვეთის ინდივიდუალიზებულად მიკუთვნებას. ამასთან, ს.ც-ის უფლებრივი წინამორბედისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის დროს ის გამყოფი კედელი, რომელიც მოცემული საქმის განმხილველმა ქვემდგომმა სასამართლოებმა საქმეზე დადგენილი შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტად განიხილეს, საერთოდ არ არსებობდა და, შესაბამისად, ვერ იქნებოდა განხილული მიწის ნაკვეთების გამყოფად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს.ც-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ს.ც-ის, ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში, ს/კ ... უძრავი ნივთის ფართობის 269 კვ.მ-ით განსაზღვრის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საკითხი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები თავის მხრივ განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარმოადგენს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-61 და მე-62 პუნქტების თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდება, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე დაცული, მისი გრაფიკული მონაცემის ამსახველი დოკუმენტები არის ურთიერთშეუსაბამო და ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც გვერდის ზომების, ასევე კონფიგურაციის მიხედვით. ამასთან, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 14 მარტის №ლეგ-339 ბრძანებით ლეგალიზებული, ს.ც-ზე ... ს/კ-ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გენგეგმაზე ასახული შენობის საზღვრის, შენობის ფაქტობრივ საზღვართან შედარებით დგინდება, რომ გ.ჩ-ას მხარეს მიწის ნაკვეთის საზღვარი ემთხვევა ნაკვეთის ფაქტობრივ (სადავო რეგისტრაციით რეგისტრირებულ) საზღვარს. ხოლო 2008 წლის მარტისა და აპრილის თვეებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზები არ შეესაბამებოდა ლეგალიზების პროექტს. ლეგალიზების აქტით შენობასა და გ.ჩ-ას მხარეს დაშორება მითითებულია 80სმ, ფაქტობრივი მდგომარეობით კი არის 1,20 მეტრი.

ასევე დადგენილია, რომ ს.ც-ზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებული სახით რეგისტრაციისას წარდგენილი აზომვითი ნახაზი ზედდებაში მოდიოდა ... (მესაკუთრე - თ.შ-ი) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დაკორექტირდა ნახაზი - უძრავი ნივთის კონტური შეიცვალა სადავო ნაწილშიც, მიწის ნაკვეთის საზღვარი გადაიწია გ.ჩ-ას მხარეს. ამასთან, თავად მხარის მიერ მომზადებული და სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი კორექტირებული აზომვითი ნახაზების შესაბამისად, გ.ჩ-აზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, გამყოფ საზღვრად ნაჩვენებია მხოლოდ ქვის ღობე და ქვის ღობის იქეთ იწყება უშუალოდ გ-ას ეზო. ხოლო ნაკვეთის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს ქვის ღობის შემდეგ სასაზღვრო მიჯნად ასევე ასახულია დამატებითი ღობე. ქვის ღობესა და დამატებით ღობეს შორის მოქცეულია კლდის ნაწილი და გ.შ-ზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიჯნამდე არსებული ტერიტორია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩატარებული ადგილზე დათვალიერების დროს GNSS ტექნოლოგიის გამოყენებით, უძრავი ნივთი აიგეგმა როგორც დაინტერესებული პირების მიერ მითითებულ საზღვრებში, ასევე მყარი სასაზღვრო მიჯნების, მათ შორის შენობა-ნაგებობების მიხედვით. ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6-ში მდებარე, უძრავი ნივთის რეგისტრირებული და ფაქტობრივი მდგომარეობა ურთიერთშეუსაბამო იყო, კერძოდ, ს.ც-ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები სცდებოდა მყარ სასაზღვრო მიჯნას (ქვის ღობეს), გადადიოდა მეზობლის - გ.ჩ-ას ეზოში და კვეთდა გ.ჩ-ას ავტოფარეხს. აღნიშნული რეგისტრაციით, ... საკადასტრო კოდზე არსებული შენობა (საცხოვრებელი სახლი) ასევე კვეთდა ქვის ღობეს და გადასული იყო მომიჯნავე ნაკვეთში. ამდენად, აღნიშნული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მდგომარეობას არ შეესაბამებოდა სწორედ სადავო ნაწილში. ამასთან, გარდა ქვის ღობისა, აღნიშნული უძრავი ნივთების გამყოფ სასაზღვრო მიჯნას წარმოადგენდა მრავალწლიანი ნარგავები, კერძოდ, ვაზის ხეივანი, რომელიც გაშენებულია გ.ჩ-ას ნაკვეთზე და ესაზღვრება ს.ც-ის მიწის ნაკვეთს და ავტოფარეხის ნაწილს. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერებისას მიწვეულ იქნენ მეზობლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ფაქტობრივი საზღვარი ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის ამ სახით წლებია არსებობს და არ შეცვლილა. მათი მითითებით სასაზღვრო ღობე თავად ც-ების მიერ იყო აშენებული, ხოლო სადავო ნაწილი მუდამ გ.ჩ-ას სარგებლობაში იყო.

საქმეში არსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2018 წლის 2 ნოემბრის №33-01183062940 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით დაინტერესებულ მხარესთან ერთად ადგილზე შემოწმდა ფაქტობრივი მდგომარეოება. ადგილზე შემოწმებით დადგინდა, რომ ... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთი (რომელიც წარმოადგენს ს.ც-ის საკუთრებას) მდებარეობს გ.ჩ-ას საკუთრებაში არსებულ და ... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთის (რომელიც წარმოადგენს გ.შ-ის საკუთრებას) მოსაზღვრედ. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მათ მიჯნაზე არსებული კედელი (გ.ჩ-ას ინფორმაციით) აშენებულია 2005 წლიდან და შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებულ ფართობს. გამგეობის ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ ... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთი მდებარეობს გ.ჩ-ას საკუთრებაში არსებულ და ... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთის მოსაზღვრედ. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ დღეის მდგომარეობით, ... საკადასტრო კოდით ს.ც-ზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით (გ.შ-ზე რეგისტრირებული ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მხარეს) მდებარე 40 კვ.მ ფართობის ტერიტორია დაურეგისტრირებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ს.ც-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები სცდებოდა მყარ სასაზღვრო მიჯნას (ქვის ღობეს), გადადიოდა მეზობლის - გ.ჩ-ას ეზოში და კვეთდა მის ავტოფარეხს. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს №468500/17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოებისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოიყენა კანონით დადგენილი მოქმედებები და საქმეში არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომელიც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული, ამდენად არ არსებობდა მისი აღსრულების მიზნით გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს.ც-ის საკასაციო საჩივარზე 16.05.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პ.კ-ეს (პ/ნ: ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება.

3. პ.კ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.05.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე