საქმე №ბს-590(კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 25 თებერვალს ა. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა. მოსარჩელე დედასთან ერთად ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. მოსარჩელე და მისი დედა - გ. ჯ-ა არიან მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. ოჯახი სხვის საკუთრებაში ცხოვრობს ქირით. 2017 წლის 6 ნოემბერს ა. ჯ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.01.2022წ. №03-84/ო ბრძანებით დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მისი განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ზემოაღნიშნული ბრძანება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების გარეშე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლი პირველი და მე-2 ნაწილის მოთხოვნები. მოსარჩელე აცხადებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა - 6,5, ასევე მათი შეჭირვებული ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტით მის კანონიერ უფლებას მიადგა უშუალო და პირდაპირი ზიანი.
ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის №03-84/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჯ-ას 6.11.2017წ. განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 6,5 ქულა, (1,50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები; სოციალური კრიტერიუმი 3,0 ქულა, ა. ჯ-ა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2,0 ქულა) სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს დედა, რომელთან ერთადაც აკეთებს განაცხადს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში მოსარჩელე დევნილი ოჯახისთვის ,,ამ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროების არარსებობის“ თაობაზე და მიიჩნია, რომ ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი (ხანგრძლივობა დამოკიდებულია მესაკუთრის კეთილ ნებაზე) არ წარმოადგენდა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (სუს 25.03.2021წ. განჩინება, საქმე №ბს-1129(კ-20)).
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობენ სხვის (ნათესავის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. პალატამ მიიჩნია, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა ქირით თუ მის გარეშე, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით. დღეის მდგომარეობით დევნილი ოჯახი, მინიჭებულ ქულათა გათვალისწინებით, საჭიროებს უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახივილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე და მისი დედა არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. საქართველოს კონსტიტუციის 11.4. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით) 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები საჭიროებენ საცხოვრებელი ფართით სასწრაფოდ დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ ის, რომ მოსარჩელეებს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ გააჩნიათ, რადგან ცხოვრობენ ნათესავის საკუთრებაში. 22.06.2021წ. მონიტორინგის ოქმით ირკვევა, რომ შემოწმება განხორციელდა ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში, ...ის ქ. №8-ში, სადაც სააგენტოს თანამშრომლებს დახვდნენ ა. ჯ-ა და მისი დედა - გ. ჯ-ა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ქირის გარეშე, სახელმწიფოს მხრიდან იღებენ სხვადასხვა დახმარებას. მისი ძმა - ჯ. ჯ-ა სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებლით. კასატორის აზრით, მონიტორინგის ოქმიდან ნათლად დგინდება, რომ მოსარჩელე შეუფერხებლად სარგებლობს ნათესავის საკუთრებით, რაც გამორიცხავს მოსარჩელესთან მიმართებით გადაუდებელი განსახლების საჭიროებას მოცემულ ეტაპზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის №03-84/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არის დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 6 ნოემბერს ა. ჯ-ას მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით 6,5 ქულით (1,50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები; სოციალური კრიტერიუმი 3,0 ქულა, ა. ჯ-ა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2,0 ქულა). ა. ჯ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს დედა, რომელთან ერთადაც გააკეთა განაცხადი.
2021 წლის 22 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, ...ის №8-ში. გასაუბრება მოხდა ა. ჯ-ასთან, რომელმაც განაცხადა, რომ მითითებულ მისამართზე 2017 წლიდან ცხოვრობენ ქირის გარეშე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი კერძო სახლი ეკუთვნის მის ნათესავს - ნ. გ-ას.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (17.11.2021წ, ოქმი №79), ა. ჯ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან მიჩნეული იქნა, რომ მისი იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ნათესავის საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მითითებით მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ ეტაპზე არ იყო პრიორიტეტული.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის №03-84/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79), ა. ჯ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვათ ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ნოემბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის №04-09-9208 ცნობის თანახმად, ა. ჯ-ა იმყოფება აღრიცხვაზე სამეგრელო ზემო-სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრში, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის სოციალური პაკეტის მიმღები ბენეფიციარის ცვლილებამდე და იღებს შესაბამის ფულად გასაცემელს. სს „ე...ის“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის 2021 წლის 19 მაისის №000013623 ცნობის თანახმად, გ. ჯ-ა არის შშმ პირი, შრომისუუნარო, მკვეთრად გამოხატული, უვადო. ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 21 თებერვლის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, გ. ჯ-ა და ა. ჯ-ა ირიცხებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 28710 ქულას.
საყურადღებოა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულთა ნაკლებობა, არამედ იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ალტერნატიული საცხოვრებლის, კერძოდ ნათესავის საკუთრებაში ქირის გადახდის გარეშე ცხოვრება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ა. ჯ-ას ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, ოჯახს არც საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ფართი.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა. ჯ-ა ოჯახი ცხოვრობს ნ. გ-ას საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში. საჯარო რეესტრის 27.09.2012წ. ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ზუგდიდის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის ს/კ ..., მესაკუთრეა ნ. გ-ა. უდავოა, რომ ა. ჯ-ას და მის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
სანოტარო წესით დამოწმებული 4.11.2022წ. №221511680 ნ. გ-ას განცხადების თანახმად, 2017 წელს მან ა. ჯ-ას და მის დედას- გ. ჯ-ას თხოვნის საფუძველზე საცხოვრებლად გამოუყო მის საკუთრებაში არსებული კერძო სახლის ერთ-ერთი ოთახი. სამი წლის გასვლის მიუხედავად, ა. ჯ-ამ ნ. გ-ას საკუთრებაში არსებული ფართი არ დატოვა, რის შემდეგაც ნ. გ-ას კატეგორიული მოთხოვნით დაჰპირდა ქირის გადახდას. ქირის თანხა განისაზღვრა - 150 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქირას ვერ იხდიდა. შესაბამისად, 2022 წლის 1 ნოემბერს ნ. გ-ამ მოსარჩელეს კატეგორიულად მოსთხოვა ოთახის დაცლა, რის შემდეგაც ა. ჯ-ა დედასთან ერთად 2022 წლის 3 ნოემბერს სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით ქირის გარეშე სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156 (კ-20)). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი საჭიროების არარსებობის დასაბუთება ვერ უზრუნველყო. ამდენად, მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების მიღების, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა წარმოშობდა ა. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი არ არის კანონშესაბამისი.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 6,5 ქულიდან მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 1,5 ქულა- ნათესავის/ახლობლის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის მითითება ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების საფუძვლით მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების გამორიცხვასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმ გარემოებას, რომ ა. ჯ-ა და მისი დედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. საქართველოს კონსტიტუციის 11.4. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: a. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების მისაწვდომობას; b. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას; c. უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა. d. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას; e. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნათესავის საკუთრებად რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების ფაქტი არ არის ადეკვატური დევნილის ღირსეული ცხოვრების თვალსაზრისით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განსაკუთრებული საჭიროებები და ეზრუნა მოსარჩელის და მისი დედის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა