საქმე №ბს-615(კ-23) 10 ოქტომბერი,2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 2 აგვისტოს თ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. 18.08.2021წ. მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს პრეზიდენტი.
მოსარჩელის განმარტებით, 1953 წელს დაიბადა ...ის რაიონის სოფ. ...ში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. მოსარჩელემ სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ...ში, კერძოდ, ქ. ...ში, სადაც დაიწყო მუშაობაც. მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არასდროს განუცხადებია და დღემდე სოფ. ...ის კომლად ირიცხება. ამასთან, იგი არის ...ში არსებული სათვისტომო „...ს“ ...ი. თ. ბ-ა ხელმძღვანელობს ქართულ სათვისტომოს და სარგებლობს დიდი ავტორიტეტით. მოსარჩელის ინიციატივით ჩატარდა არაერთი ღონისძიება. თ. ბ-ამ ქ. ...ში გახსნა არამარტო ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, არამედ, ასევე უზრუნველყო ქართული საკვირაო სკოლის დაარსება, სადაც ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ქართული ცეკვა, ისტორია და მწერლობა. 2008 წელს აგვისტოს თვეში გააპროტესტა ქართველების დევნის ფაქტები და საზოგადოებრივი აქტიურობით ცდილობდა თანამემამულეთა დაცვას. მოსარჩელის მითითებით, ფლობს ქ. ...ში, ...ს ქ. №26-ში, მდებარე ბინას.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 22 თებერვალს მასზე გასცა დროებითი ბინადრობის მოწმობა 23.01.2017 წლის ჩათვლით, თუმცა იმავე ადმინისტრაციულმა ორგანომ მის მიმართ გამოსცა უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, მისი ცოდნის დონე შეესაბამება კანონით დადგენილ მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო მის მიმართ უკანონო და დისკრიმინაციულ ქმედებებს ახორციელებს. თ. ბ-ამ არაერთი განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №1000746799 დასკვნით, „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული თ. ბ-ასთვის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება.
11.01.2022წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტდა მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნები. საქართველოს პრეზიდენტი მოიხსნა მოპასუხეთა წრიდან. მოცემულ საქმეზე მოპასუხე მხარედ განისაზღვრა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №1000746799 დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე დადებითი დასკვნა), გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 6 მაისის ინფორმაცია, რის გამოც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესით, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, დადებითი დასკვნის გაცემა. შესაბამისად, ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ" მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ...ის მოქალაქის - თ. ბ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, სააგენტომ 2021 წლის 28 ივნისს მოამზადა №1000746799 უარყოფითი დასკვნა. 2021 წლის 29 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი დაეთანხმა №1000746799 განცხადებაზე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე წარდგენილ უარყოფით დასკვნას.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დაევალა ინფორმაციის (დოკუმენტაციის) წარმოდგენა, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №1000746799 დასკვნის - მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს; ამასთან, საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით მისი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ...ში ცხოვრების და საქმიანობის გამო მიანიჭეს ...ის მოქალაქეობა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არასდროს უთქვამს. მის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მიტოვების დამადასტურებელი მტკიცებულება იუსტიციის ორგანოებში არ იძებნება. კასატორზე 2016 წლის 22 თებერვალს გაიცა დროებითი ბინადრობის მოწმობა 23.01.2017 წლის ჩათვლით. კასატორი ლოგიკას მოკლებულად მიიჩნევს მასზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას, თუ საშიშროებას წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის. კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომით იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ მის მიმართ უარყოფითი დასკვნა მოამზადა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საკითხი ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა თ. ბ-ა ქვეყნის უშიშროებისა თუ უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პიროვნებას. კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (სუსგ №ბს-1655-1627(კ-11) 11.04.2012) მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერებისა და სუბიექტის უფლებების დარღვევა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას და არ აკონკრეტებს, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უშიშროებისათვის საფრთხის შექმნა. კასატორის მოსაზრებით, ყურადსაღებია ისიც, რომ იგი დაიბადა საქართველოში, მისი ქმედებები განმსჭვალული იყო საქართველოს და ქართველების კეთილდღეობისთვის. ამდენად, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენს იგი საშიშროებას საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №1000746799 დასკვნის ბათილად ცნობა და მოსარჩელე თ. ბ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის თაობაზე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ბ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს. ... წლის ... ...ის №28136005071 განმეორებითი დაბადების მოწმობის თანახმად, თ. ბ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს ...ში. მშობლები არიან მამა - დ. ბ-ა, დედა - ბ. ბ-ა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს №49/6/1/1/2-01857023 ცნობის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით თ. ბ-ას მიმართ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების შესახებ ინფორმაცია აღრიცხული არ არის. ...ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს სარატოვის ოლქის საინფორმაციო ცენტრის 2019 წლის 10 სექტემბრის №064/58669-M ცნობის თანახმად, თ. ბ-ას შესახებ ცნობები სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტის შესახებ ან სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ...ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს სარატოვის ოლქის საინფორმაციო ცენტრში არ არსებობს.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2021 წლის 15 აპრილს ...ის თ. ბ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 19 აპრილს №1000746799/1 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 6 მაისის №SSG 6 21 00058049 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თ. ბ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2021 წლის 25 ივნისის სხდომის №6585 ოქმის თანახმად, კომისიამ ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის საფუძველზე შეაფასა თ. ბ-ას ცოდნის დონე და დაადგინა, რომ მისი ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულმა კომისიამ ასევე შეისწავლა ...ის მოქალაქის - თ. ბ-ას მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალები, შეაფასა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაცია და მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დაადგინა, რომ კომისია არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა თ. ბ-ას „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხზე.
2021 წლის 28 ივნისს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა ...ის მოქალაქის - თ. ბ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი №1000746799 დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. 2021 წლის 29 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი დაეთანხმა №1000746799 განცხადებაზე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე წარდგენილ უარყოფით დასკვნას.
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს არეგულირებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტსა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 17.1 მუხლზე, რომელთა თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თუ მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს კანონის საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
"საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 4.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.
2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №1000746799 დასკვნით სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია, ...ის მოქალაქის - თ. ბ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის გაცემა. აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია თ. ბ-სთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციის გაცემას და მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ბ-ას მის საკასაციო საჩივარზე 08.05.2023წ. №17020244112 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ბ-ას (პასპორტის №...) უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. თ. ბ-ას (პასპორტის №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.05.2023წ. №17020244112 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა