Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-96(კ-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „... კლინიკა"

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „... კლინიკის" წარმომადგენელმა 2019 წლის 02 მაისის სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 3 იანვრის №04/78 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №04/16863 გადაწყვეტილება შპს ,,... კლინიკის’’ 2019 წლის 8 თებერვლის №01-188/6 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ანაზღაურდება შპს „... კლინიკის“ მიერ №1754-ით ინვოისით შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 44 752,50 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,... კლინიკის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 3 იანვრის №04/78 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №04/16863 გადაწყვეტილება შპს „... კლინიკის" 2019 წლის 8 თებერვლის №01-188/6 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება; აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-13 მუხლის პირველ პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით.

კასატორმა მიუთითა, რომ როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები განმარტავენ 2018 წლის 19 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკის თანამშრომლებმა - ს. ბ-ემ და გ. პ-მა საბუთების მიღებისთვის გამოყოფილ წარმომადგენელთან, კერძოდ - რ. ჯ-ასთან სააგენტოში მიიტანეს მაისის თვის შესრულება, თუმცა კლინიკისთვის გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, აუნაზღაურებელი №1754 ინვოისის (218-ე გადაუდებელი სტაციონარი) ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრის პროგრამული ასახვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან არ განხორციელდა. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი/ინსპექტორი ნ. პ-ე სექტემბრის თვეში, მაშინ, როდესაც დაიწყო შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება, დაუკავშირდა კლინიკის ხარისხის კონტროლის სამსახურის წარმომადგენელს- ი. ჯ-ას რათა დაეწყო ზემოხსენებულ ინვოისში შემავალი სამედიცინო ისტორიების შესწავლა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მათი გამოსწორება, თუმცა სამინისტროს ინსპექტორის პროგრამაში №1754 ინვოისი დახვდა „გაუქმებულის" სტატუსით. „გაუქმებული" სტატუსის მინიჭების მიზეზად სამინისტრომ განმარტა, რომ არც მათთან და არც კლინიკაში არ არსებობდა ჩაბარებული ინვოისი №1754 (218-ე გადაუდებელი სტაციონარი) დოკუმენტაციის რეესტრი, რის გამოც ინსპექტორმა ვეღარ შეძლო შემდგომ განსახორციელებელი მოქმედებების შესრულება. საბოლოოდ კი, კასატორმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 3 იანვარს N 04/78 გადაწყვეტილების თანახმად, სააგენტომ ინვოისით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, კასატორის განმარტებით ნათელია, რომ სამედიცინო დაწესებულებას შესრულებული სამუშაო N3846336031 არ ჩაუბარებია სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის და აღნიშნულმა გამოიწვია სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება. განსახილველ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმა ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „... კლინიკის“ მიერ დარღვეულ იქნა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის კანონით გათვალისწინებული წესი და ფორმა, რაც გამოიხატა საანგარიშგებო დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარუდგენლობაში. კერძოდ, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.

მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მაისის თვის შესრულების №1754 ინვოისის შესაბამის სამსახურში მიტანის ფაქტს არც ადმინისტრაციული ორგანო უარყოფს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არც მიტანის თარიღი და არც ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი (ორმხრივი ხელმოწერით) ვერ მოიძებნა, კასატორმა (მოპასუხემ) უარი განაცხადა ხარჯების ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-13 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილ წესზე, რომლის თანახმად საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი შედარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით; ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტად სააგენტო მიიჩნევს ორმხრივად ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტს.

საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებითა (მათ შორის სპეციალისტის სახით მოწვეული პირების განმარტებებით) და საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კლინიკის წარმომადგენლებმა №1754 ინვოისით შესრულებული სამუშაოს დოკუმენტური მასალა ჯანდაცვის სამინისტროში ნამდვილად მიიტანეს მანამ, სანამ დაიწყებოდა შემთხვევების შემოწმება (სპეციალისტებმა განმარტეს რომ დოკუმენტაცია აღმოჩნდა იმ ოთახში, სადაც კლინიკის წარმომადგენლები აწყობენ მატერიალურად წარმოდგენილ დოკუმენტაციას), რომელიც შემდეგ შესამოწმებლად გადაეცა სამინისტროს სპეციალურ ინსპექტორს, თუმცა ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრის არარსებობის გამო ანაზღაურების პროცესი შეჩერდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა ფაქტი, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაცია შემოწმების დაწყების დროისათვის აღმოჩნდა სააგენტოში; ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს რომ საანგარიშგებო დოკუმენტაცია მიტანილია სამთვიანი ვადის დარღვევით და სააგენტომ აცნობა მხარეს - მიმწოდებლისათვის 2 სამუშაო დღის ხანგრძლივობით ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რათა მას გამოესწორებინა აღმოჩენილი ხარვეზები ან/და ხელახლა წარედგინა პაკეტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის სათანადო წესით გაფორმება, მისი არსისა და დანიშნულების გათვალისწინებით, ვალდებულების შემსრულებელი მხარის ინტერესშია. შესაბამისად, მისი არარსებობის პირობებში, სამართლებრივი რისკებიც ვალდებულების შემსრულებელმა უნდა იტვირთოს, თუმცა, აღნიშნული პრინციპი მტკიცების ტვირთის განაწილების თვალსაზრისით სამართლებრივად რელევანტურია მაშინ, თუკი მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობით სადავო ხდება თვით ვალდებულების შესრულების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მხარის მიერ მისი ვალდებულების შესრულების - დოკუმენტაციის დროულად წარდგენის ფაქტი უდავოდ დასტურდება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კერძოდ კონკრეტული უფლებამოსილების მქონე განყოფილებაში შესაბამისი დოკუმენტაციის ფიზიკურად არსებობით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არის დასაბუთებული, როგორ აღმოჩნდა მასთან სათანადო წესით აღურიცხავი დოკუმენტაცია, თუკი მხარეს მისი ვალდებულება არ შეუსრულებია. მოცემულ პირობებში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ გაუმართლებელია დოკუმენტაციის წარუდგენლობაზე აპელირებით მხარეს წარმოეშვას ის სამართლებრივი შედეგი, რაც მის მიერ დოკუმენტაციის რეალურად წარუდგენლობის შემთხვევაში დადგებოდა, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საკითხის სრულყოფილი შესწავლა და გამოკვლევა კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2023 წლის 22 თებერვალს №05523 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე