Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-263(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ფ-მა 2020 წლის 21 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრისა N... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 იანვრის N... გადაწყვეტილება; დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ. ფ-ის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს წარდგენილი N... განცხადების დაკმაყოფილება - ქ. თბილისი, ...ი, ...ში მდებარე უძრავი ნივთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ნ. ფ-ზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა ნ. ფ-მა, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. კერძოდ, არ არის განმარტებული თუ რატომ არ წარმოადგენს წარდგენილი საბუთები მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. შესაბამისად, კასატორის განმარტებით დარღვეული იქნა სზაკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნები. 2020 წლის 22 იანვრის N... გადაწყვეტილებაში აღნიშნულია არასწორი სამართლებრივი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იჯარის გადაცემის აქტი და სანიმუშო ხელშეკრულება (10.05.1992წ.) ვერ მიიჩნევა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებად, რადგან ეს აქტები გამოცემული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოთხოვნილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ მიიჩნევა კანონის მე-3.1 „ნ“ მუხლით გათვალისწინებულ „სხვა დოკუმენტად“.

კასატორი მიუთითა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე და მიიჩნია, რომ კანონის მითითებული განმარტებების შესაბამისად, კანონმდებელი რეგისტრაციისას არ განასხვავებს მიწის ნაკვეთებს მათი დანიშნულების მიხედვით. საკუთრებად რეგისტრაციას ექვემდებარება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. პირი ითვლება საკუთრების უფლების მოთხოვნის რეგისტრაციაზე უფლებამოსილად, თუ მას აქვს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციოდ წარდგენილი აქტები (1992 წლის 10 მაისის მიწის იჯარით გადაცემის აქტი და სანიმუშო ხელშეკრულება) პასუხობს სარეგისტრაციო დოკუმენტაციისათვის კანონით დადგენილ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს. ამასთან, თვით ეს აქტები არ ადასტურებს ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას. ორივე მათგანში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ მიწის ნაკვეთი არის „მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწის ფართობი“, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაზე. წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (03.05.2017) მიხედვით, ნაკვეთი მიჩნეულია არასასოფლო-სამეურნეოდ, ხოლო თავად საჯარო რეესტრის ნახაზში ეს გრაფა ცარიელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა მიწის ნაკვეთი მიეჩნია სასოფლო-სამეურნეოდ.

კასატორის მითითებით, მისი მართლზომიერი მფლობელობის შესაბამისად რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს 1992 წლის 10 მაისის იჯარის სანიმუშო ხელშეკრულება სოფელ ...ის დირექტორ ი. ჭ-ესა და მას შორის გაფორმებული, რომლის თანახმადაც, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება გადაეცა ნ. ფ-ისათვის მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. მდებარე: ...ა, ... ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხელშეკრულება დაიდო 1992 წლიდან 2002 წლამდე, ყოველწლიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 100 მანეთი. საქმის მასალებით დასტურდება კასატორის მიერ საიჯარო გადასახადის 2500 მანეთის ოდენობით გადახდა. მეზობლების რ. შ-ისა და ი. ყ-ის განცხადების (სანოტარო მოქმედედების რეგისტრაციის N190889345, 29.07.2019წ.) თანახმად, კასატორი 1992 წლიდან დღემდე ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ განცხადების აღძვრის დროისათვის მიწის ნაკვეთი იმყოფებოდა კასატორის მართლზომიერ მფლობელობაში. საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2002 წელს. გამქირავებელი არ შედავებია და შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 559.2 და 581.2 მუხლების შესაბამისად ხელშეკრულება განახლდა განუსაზღვრელი ვადით. კასატორს წინასწარ გადახდილი ჰქონდა 25 წლის საიჯარო ქირა 2017 წლამდე, ანუ განაცხადის აღძვრის პერიოდის ჩათვლით.

კასატორის განმარტებით, წარმოდგენილი საბუთები კერძოდ, 1992 წლის იჯარის გადაცემის აქტი და სანიმუშო ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით შეესაბამება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 2.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რადგან არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებები (სახელმწიფო საკუთრების მიწის გადაცემაზე ნება გამოხატული აქვს სოფ. ...ის დირექციას). ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშინ განეკუთვნება 2.1. „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ვრცელი ჩამონათვალიდან ორ მათგანს, რომელთა მიმართაც დამოუკიდებლად უნდა შემოწმდეს მათი სამართლებრივი ბუნება.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილი პრაქტიკისაგან ( N ბს-191(კ-21); N ბს-519-(2კ-20); N ბს-569-559(კ-12); N ბს-814-778(კ-09); N ბს-510-503(კს-15); N ბს-1524-1485(კ-10).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. ფ-ისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა კასატორის 2017 წლის 02 ოქტომბრის სარეგისტრაციო განცხადება N..., რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი იყო უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი 1000 კვ.მ. (ზონა: თბილისი, სექტორი: ...ი). განცხადებას თან ახლდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანხმობა დოკუმენტის აღიარების კომისიისთვის გადაცემაზე, თანხმობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ, ქვითარი, ორთოფოტო, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, მინდობილობა და ელ. ვერსია.

საქმეში წარმოდგენილი მიწის იჯარით გადაცემის შესახებ 1992 წლის 10 მაისის აქტის თანახმად, სოფელ ...ის დირექციამ ნ. ფ-ს იჯარით სარგებლობისთვის გადასცა 1 000 კვ.მ. ტერიტორია, მათ შორის ... ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეურნეობისთვის გამოუყენებელი მიწის ფართობი 10 წლის ვადით, 2002 წლამდე; ასევე 1992 წლის 10 მაისის იჯარის სანიმუშო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ...ის, სოფ. ...ის დირექტორმა და ამ მეურნეობის კოლექტივის წევრმა ნ. ფ-მა 1992 წელს 2002 წლამდე დადეს ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ფ-ს ყოველწლიურად 100 მანეთის გადახდის საფუძველზე გადაეცა 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ...ა, ... ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეურნეობისთვის გამოუყენებელი ფართი და 1992 წლის 10 მაისის N 334 ქვითარი, რომლის გათვალისწინებითაც ნ. ფ-მა გადაიხადა მიწის ნაკვეთზე გადასახადი 2500 (ორიათას ხუთასი) მანეთი.

სსიპ საჯარო რეესტრმა დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიების მიზნით, საქართველოს ეროვნული არქივიდან, ...ის რეგიონული არქივიდან და შემოსავლების სამსახურიდან საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მოითხოვა აღნიშნულ უწყებებში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ასლები ქ. თბილისი, ...ი, ...ი (ყოფილი ...ის რაიონი) მოქ. ნ. ფ-ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლის წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის N 21-02- 1/157812 წერილის თანახმად, თბილისში, ...ი - ...ი მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო - სამეურნეო, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები 2002 (მებაღეობა) 2003 წელი; ნ. ფ-ი სიაში არ ფიქსირდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 23 ოქტომბრის N31/164111 წერილის თანახმად ...ის რეგიონულ არქივში დაცული, ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1996 წწ. 1997-2000წწ. და 2001-2006 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, 2004 წ. 10 თებერვლით დათარიღებულ რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სიაში ჩანაწერი ნ. ფ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წ. საკომლო წიგნი, 1992-2007 წწ. მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიები, მიღება - ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 11 ოქტომბრის N 2254 განკარგულებით უარი ეთქვა ნ. ფ-ს (...) მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი ...ი, საერთო ფართობი - 1000.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ დადგინდა ნ. ფ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ ორთოფოტოებითა და ფოტოსურათით არ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი ...ი) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.

საკასაციო პალატა მოიხმობს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში კი მითითებულია, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს, შეწყდეს, ან პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, დეტალურადაა მოწესრიგებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობით კონკრეტულად არის გაწერილი ის დოკუმენტები, რომლებიც უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველია, ხოლო ნ. ფ-ის მიერ N... განცხადებაზე წარდგენილი იჯარის ხელშეკრულება ვერ იქნება მიჩნეული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად ან ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ,,სხვა დოკუმენტად’’.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (28.12.2022 წელს მოქმედი რედაქცია) 592-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო - სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო - სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი, ამასთან იმავე კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. ამავე კოდექსის 605-ე მუხლის თანახმად, საიჯარო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლით. სამ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე _ გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა _ მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში. წინადადება და მასზე უარი უნდა გაფორმდეს წერილობით. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მითითება, რომ მის მიერ წარდგენილი იქნა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვერ იქნება გაზიარებული.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. ამავე კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო . ამდენად საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის განკარგვაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და არა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რის გამოც იგი, ვერც შეწყვეტილი და ვერც განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ვერ განახორციელებდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება.

3. მ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 06 მარტის №2685 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე