Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-334(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-ემ 2021 წლის 28 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის NSSVA 00019530 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის NSSVA 00019530 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. გ-ისათვის ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც აპელირებდა სააპელაციო სასამართლოში, კერძოდ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების, სპეციალისტის (ექსპერტის) დასკვნების ამომწურავად შეფასებას. კასატორის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, არ შეიცავს მსჯელობას, თუ რის საფუძველზე არ გაიზიარა კონკრეტული მტკიცებულებები ან რატომ დაეყრდნო იგი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მხოლოდ მოსარჩელე მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის გარდაცვალების მიზეზთან. ამასთან კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები, კერძოდ მოწვეულმა სპეციალისტმა სხდომაზე განმარტა, რომ საქმეში არსებულ დოკუმენტაციას ვერ დააკავშირებდა გარდაცვალების მიზეზთან, აღნიშნულის დასადგენად საჭიროდ მიაჩნდა ონკოლოგის დასკვნა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხის შესწავლის გარეშე გამოირიცხება ომში დაღუპულად კვალიფიკაციის საკითხი. კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა მოეწვიათ შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტი, რომელიც თავისი ცოდნით და საქმეში წარმოდგენილი საბუთებით შეძლებდა პასუხის გაცემას თუ იყო რაიმე მიზეზობრივი კავშირი სიკვდილის მიზეზსა და იმ დაავადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელეს მეუღლე იყო დაავადებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. გ-ისთვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერინარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლების მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. იმავე კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და სახელმწიფო და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამოყოფას. ოჯახის სოციალური დაცვის გარანტი არის სახელმწიფო; ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

საკასაციო პალატა ასევე ხელმძღვანელობს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომში დაღუპულის ოჯახის წევრზე. იმავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთების დედნები და ანკეტა-განაცხადზე დასართავად დედნების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები: ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა: მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მიზნით ჩამოყალიბებულ არგუმენტაციას და უპირველეს ყოვლისა მიუთითებს დადგენილ ფატქობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად ზ. მ-ა 1993 წლის აპრილის თვიდან აქტიურად მონაწილეობდა მოხალისედ აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... საარმიო კორპუსის ...-ე ბრიგადის 241-ე ბატალიონთან ერთად და თავი გამოიჩინა, როგორც თავდადებულმა მებრძოლმა. 30.03.2009 წელს შედგენილია საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... საარმიო კორპუსის ყოფილი ...-ე ბრიგადის 241-ე ბატალის მეთაური - თ. ი-ი, კაპიტანი - თ. შ-ა, მეთაურის მოადგილე - ჯ. ბ-ა და აფხაზეთის მებრძოლთა კავშირი ,,...“-ის თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი - ა. მ-ი, რომლებიც ადასტურებენ, რომ აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას, ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, ზ. მ-ას მოუწია მთელი ღამის განმავლობაში წელს ქვემოთ წყალში ყოფნა, რის გამოც გაცივდა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ აფხაზეთის მეომართა კავშირის მოწმობაზე, ასევე სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრის მოწმობასა და სშსკ შემოწმების აქტის ამონაწერზე. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ ზ. მ-ა იყო აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრი, ასევე აღრიცხული იყო სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, როგორც პირველი ჯგუფის დაინვალიდებული მებრძოლი, შრომისუუნარო. ასევე საყურადღებოა ის დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური საექსპერტო კომისიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისრის მიმართვის შესაბამისად, შეამოწმა ზ. მ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეისწავლა მის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგად 1996 წლის 13 ივნისს N421 ავადმყოფობის მოწმობით დაადგინა ზ. მ-ას შემდეგი სახის დიაგნოზი: ,,ორმხრივი ორტოეპიდიდიმიტი, მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ტერატოპლასტომა მეტასტაზებით (IV სტადია), მარჯვენამხრივი ორქოფუნიკულოექტომია“, მიღებული აქვს საქართველოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დადგენილი დაავადების გამო, კერძოდ, კიბოსმიერი ინტოქსიკაცია-კახექსიის შედეგად 1996 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა ზ. მ-ა კერძოდ მისი გარდაცვალება დაკავშირებულია აფხაზეთის ომში, საბრძოლო მოკვლევაში ასახული, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან, რამაც როგორც საექსპერტო კომისიის, ისე სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრის მოწმობისა და სშსკ შემოწმების აქტის ამონაწერის თანახმად, გამოიწვია ჯერ ზ. მ-ას, როგორც მებრძოლის, პირველი ჯგუფით დაინვალიდება, ხოლო შემდგომ სიმსივნით გარდაცვალება. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ დასტურდება ზ. მ-ას გარდაცვალება ომში მიღებული დაზიანებების გართულებების შედეგად. მოცემული ვითარება კი წარმოადგენს ლ. გ-ისთვის ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე