საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-437(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...“- ის მონაწილე შპს „...ა“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-ამ 2020 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო საქმის წარმოების შეწყვეტისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისა და ახალი საკადასტრო კოდის მინიჭების თაობაზე, ქ. თბილისი, ...-ში მდებარე (ს.კ ...), უძრავი ქონებიდან მის კუთვნილ წილ უძრავი ქონებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, მ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა მ. ქ-ამ, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ და ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი. კასატორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-5, მე-6, მე-7 და მე-17 მუხებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 268-ე მუხლებზე, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე და განმარტა, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია საკასაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული კანონის დანაწესი ავალდებულებდა მარეგისტრირებელ ორგანოს გასცნობოდა საკასაციო საჩივარს, რომლის მიხედვითაც სადავოდ არ იყო გამხდარი სასამართლოს მიერ დადგენილი ფართების განაწილების შედეგი, ამრიგად ამ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მომხდარიყო მისთვის ფართების რეგისტრაცია. კასატორის მოსაზრებით აღნიშნულ საკითხზე ასევე არ უმსჯელიათ სასამართლოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის დავის საგანი მესამე პირად ამხანაგობის ჩართვა იყო და არა მისთვის ფართების მიკუთვნების საკითხი. კასატორის მოსაზრებით, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და განისაზღვროს მასზე მინიჭებული ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მოთხოვნის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. ქ-ასათვის უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
საკასაციო პალატა მოიხმობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 26-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენიმეჯერ მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობით კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. ამ კანონის 21-ე მუხლის ''ე'' ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ''ბ'' ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
ზემოხსენებულ სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს განსახილველ საქმეში არსებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 მარტის №... გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარეგისტრაციო განაცხადზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. განმცხადებელს განსაზღვრა დამატებითი დოკუმენტების წარსადგენად ვადა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის 2ბ/6517-16 გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში და შესაბამისად, საჯარო რეესტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხელმძღვანელა აღნიშნული სასამართლო აქტით, როგორც უფლებადამდგენი, სარეგისტრაციო დოკუმენტით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი იყო საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით უფლებადამდგენი დოკუმენტის სახით წარდგენილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა აღნიშნული დოკუმენტი ყოფილიყო კანონიერ ძალაში შესული, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვერ მოახდენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას განმცხადებელზე. ამრიგად, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სარეგისტრაციო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პოზიციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ №ას-373-347-2017 საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად "სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 402-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ნაწილში, რომლის კანონიერებაზეც მხარე პრეტენზიას არ აცხადებს, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება შედის კანონიერ ძალაში. ასეთ შემთხვევაში კი, ფაქტებს, რომლებსაც ემყარება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, პრეიუდიციული ძალა აქვს და მხარეებს ამ ფაქტების შედავების უფლება არ გააჩნიათ’’. აღნიშნული მსჯელობის თანახმად ცალსახაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 402-ე მუხლის მიზნებისთვის, კანონმდებელი არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების შესაძლებლობას საქმეზე საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე იმ პირობებში, როდესაც წარდგენილია საკასაციო საჩივარი. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულია სრულად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე