საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-475(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ო-ე
თავდაპირველი მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მესამე პირი - მ. ო-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ო-ემ 2019 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 ნოემბრის N1854 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 18 თებერვლის N004056 დადგენილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ო-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (ბრძანების მე-4 პუნქტი). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დ. ო-ე გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 18 თებერვლის N 004056 დადგენილებით ჯარიმის სახით დაკისრებული 8000 ლარის გადახდისგან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე. მოსარჩელის მიმართ გამოცემულია N000765 დადგენილება, როგორც ჩატარებული წარმოების შემაჯამებელი აქტი. აღნიშნული გარემოება საბოლოოდ ადასტურებს კონკრეტული სუბიექტის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას, რაც არ ექცევა კანონის მოთხოვნათა ფარგლებში, რადგანაც იგი გამოცემულია 2019 წლის 15 იანვრის შემდეგ. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომელთაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე. ვინაიდან სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დროში უწყვეტად განგრძობას სანამ არ მოხდება მისი გამოვლენა, სამართალდარღვევის ჩადენის დროს წარმოადგენს დადგენილების გამოცემის თარიღი, მოცემულ შემთხვევაში კი, 2019 წლის 18 თებერვალი. შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ დ. ო-ეზე 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ გავრცელება მიაჩნია უსაფუძვლოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. ო-ისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 27 სექტემბერს შედგა №004056 მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დ. ო-ემ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N 10ბ-ში დმებარე N ... საკადასტრო კოდის მიმდებარედ კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობა აწარმოა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღე. დ. ო-ემ მითითება პირადად ჩაიბარა 2018 წლის 27 სექტემბერს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 18 თებერვლის N 004056 დადგენილებით დ. ო-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N 10ბ-ში მდებარე N ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (სახელმწიფო საკუთრება, ჯიპიეს კოორდინატები: X:...; Y: ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის. ამასთან დ. ო-ეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა - ნაგებობის დემონტაჟი.
2019 წლის 11 მარტს დ. ო-ემ საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 18 თებერვლის N 004056 დადგენილების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ნოემბრის N 1854 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ო-ის 2019 წლის 11 მარტის N 19/0119070987- 01 ადმინისტრაციული საჩივარი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 18 თებერვლის N 004056 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი შემცირდა 8 000 (რვა ათასი) ლარამდე. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 18 თებერვლის N 004056 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი დ. ო-ისთვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, N10ბ-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (ამჟამინდელი ს/კ: ...) არსებული კაპიტალურ შენობა - ნაგებობის დემონტაჟის დავალების ნაწილში. ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 18 თებერვლის N 004056 დადგენილება დანარჩენ ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N 10დ, ს/კ ..., 2019 წლის 08 აგვისტოდან რეგისტრირებულია მ. ო-ის სახელზე.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობისა – 8 000 ლარით.
ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 პუნქტი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა- ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს კანონზე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“, რომლის 1-ლი მუხლის შესაბამისად აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი −დევნილი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის ამოქმედების დროისთვის (01.10.2019წ.) მოსარჩელე - დ. ო-ე წარმოადგენდა ასაკით პენსიონერს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე იგი გათავისუფლებულია 2019 წლის 18 თებერვლის N 004056 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის (8 000 ლარის) გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ამასთან ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონის ამოქმედების დროისთვის (01.10.2019წ.) მოსარჩელე იყო ასაკით პენსიონერი, თუმცა აღნიშნული გარემოებები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული 2019 წლის 26 ნოემბრის N 1854 ბრძანების მიღებისას, მიუხედავად იმისა, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველმა პუნქტმა დაადგინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყვიტონ ამავე კანონის თანახმად, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე