Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-478(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ბ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მესამე პირი - ... უნივერსიტეტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ტ-ემ 2021 წლის 07 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ამავე ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 20 სექტემბრის №MES 5 21 0000943443 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; ასევე მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2012 წელს მოსარჩელის სახელზე გაცემული ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ბ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ტ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარუმატებლად ჩაბარების შედეგად, ბ. ტ-ე ჩაირიცხა ... უნივერსიტეტში; სადაც 4-წლიანი სწავლების შემდგომ მიენიჭა კვალიფიკაცია - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

კასატორის განმარტებით ნიშანდობლივია, რომ წლების განმავლობაში არავის დაუყენებია ეჭვქვეშ ბ. ტ-ის დიპლომის ნამდვილობა, რომლის საფუძველზეც მან დაიწყო და დღესაც აგრძელებს მუშაობას საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ...ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე (წოდება - პოლიციის კაპიტანი). ამჟამად კი, რაღაც გაუგებარი მოსაზრების გამო ქვეყნის მასშტაბით დაიწყო დიპლომების ნამდვილობის დადასტურება/შემოწმება და 2005 წლის შემდგომ, ვინც ვერ ჩააბარა წარმატებით ეროვნული გამოცდები და განათლება მიიღო მსგავსი სახის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათი არა მარტო პროფესიული ზრდის, არამედ ამჟამინდელი სამუშაოს გაგრძელების პერსპექტივა საფრთხის ქვეშ დადგა. აღნიშნული ფაქტი საბოლოოდ ბევრ მოქალაქეს დატოვებს სამსახურის გარეშე.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.12.2022წ. განჩინებაში მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პალატა ვერ ადასტურებს დაინტერესებული მხარის კანონიერ ნდობას, რამდენადაც არ იკვეთება თავად აპელანტის კეთილსინდისიერების ფაქტორი. ყოველივე ეს კი ემსახურება წინა წლებში არსებული და დღევანდელი ხარვეზიანი სახელმწიფო განათლების სისტემის "გაკეთილშობილებას" და პასუხისმგებლობის მთლიანად რიგით მოქალაქეზე გადატანას, რაც ყოვლად დაუშვებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ... უნივერსიტეტის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უარის თქმის კანონიერება.

დადგენილია, რომ ბ. ტ-ე შპს ... უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2008 წლის 10 ოქტომბერს, 2012 წლის 02 ივლისის N10 გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ხოლო 2012 წლის 21 აგვისტოს მის სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი ....

ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 20 აგვისტოს ბ. ტ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ... უნივერსიტეტის მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 20 სექტემბრის №MES 5 21 0000943443 გადაწყვეტილებით ბ. ტ-ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ ბ. ტ-ის მიერ შპს ... უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი (მათ შორის - 2012 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია) და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი ... არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ცენტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბ. ტ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებამოპოვებულ პირთა შორის. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის შესაბამისად, ბ. ტ-ე შპს ... უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2008 წლის 10 ოქტომბრის N23 ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოსარჩელის სასწავლებელში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით აკრედიტაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით. მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ; ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს სტუდენტთა მიღების უფლება.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის - 2008 სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წელს ბ. ტ-ემ მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს სასწავლებელ დაწესებულებაში, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამასთანავე, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ბ. ტ-ის სწავლების ფაქტი, მისთვის 2012 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რის გამოც, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

რაც შეეხება კასატორის მითითებას კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ განმარტებებს, რომლის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, შესაბამისად, დიპლომის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ №ბს-516-516(კ-18), 19.07.2018; №ბს-812(კ-18), 04.10.2018; №ბს-987(კ-19), 05.03.2020; №ბს-672(კ-20), 15.10.2020). ამდენად, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ადასტურებს დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის შესაძლებლობას, თუმცა, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ კანონიერ ნდობას გამორიცხავს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც შპს ... უნივერისიტეტში სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ იგი წარმოადგენდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ამასთანავე, თავად მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით გამორიცხავს კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტს სახელმწიფო არ ცნობს და არ უკავშირებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ბ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება;

3. კ-ა ნ. (ს/ნ ...) დაუბრუნდეს ბ. ტ-ის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 26 ივნისს №17612674438 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე