Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-594(2კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. რ-ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. რ-მა 2022 წლის 02 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის 16 988 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 16 988 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. რ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2015 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნამდე (2021 წლის 01 მარტამდე) – 15 764 ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ყველა საჭირო დოკუმენტით. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო, სადაც მსახურობდა პირი, არ არის უფლებამოსილი მოამზადოს წარდგინება, თუ პირი ვერ აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

კასატორმა განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. მოცემულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მოსარჩელის მიერ კომპენსაციით სარგებლობის თაობაზე შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე მოქმედებდა თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში. თავდაცვის სამინისტროს მოქმედება ვერ ჩაითვლება კანონსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან იგი ვალდებულია, მხოლოდ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირობების არსებობისას, მოამზადოს წარდგინება და დაუთვალოს წელთა ნამსახურობა. თავდაცვის სამინისტრომ თავისი უფლებამოსილებისა და კანონიერების ფარგლებში გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან, პირადი საქმის მიხედვით დათვალა წელთა ნამსახურობა და ამის შესახებ აცნობა განმცხადებელს, რომ მისი წელთა ნამსახურობა პირადი საქმის მიხედვით არ იყო საკმარისი წარდგინების მოსამზადებლად.

კასატორის განმარტებით სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმე არის საფუძველი წელთა ნამსახურობის დაანგარიშების. სასამართლომ ბათილად ცნო თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 მაისის წერილი და ამავე დროს მოსარჩელეს თავისი უფლებამოსილების, მიხედულობისა და დისკრეციის ფარგლებში წელთა ნამსახურობაში ჩაუთვალა ის წლები, რომლის დადგენის უფლებამოსილებაც არ გააჩნია თავდაცვის სამინისტროს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის -საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობა სახეზე არ არის და ზიანის მიყენების ფაქტიც ვერ დასტურდება. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ზიანისათვის, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯ. რ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად იქნა დაკისრებული.

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ გაუგებარია თუ რატომ დააკისრა სასამართლომ პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის სახით მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი კანონით დადგენილი წინაპირობები. რამეთუ, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; კერძოდ, არ დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან.

კასატორის მოსაზრებით, უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც საფუძვლად დაედო მოწინააღმდეგე მხარის - ჯ. რ-ის სასარჩელო მოთხოვნას და მიღებულ გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე - ჯ. რ-ი ითხოვდა მოპასუხეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად დაჰკისრებოდათ მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 16 988 ლარის ოდენობით, აღნიშნული მოიცავდა 2015 წლის თებერვლიდან 2021 წლის 01 მარტამდე პერიოდს (კომპენსაციის მოთხოვნის დღიდან, სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნამდე პერიოდი). კასატორის მითითებით, მოსარჩელე განმარტავდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის MOD 0 15 00000226 ბრძანებით დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, რა დროსაც აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად ყველა პირობას. აგრეთვე, ადასტურებდა, რომ 2015 წლის 09 ივლისს მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს და მოითხოვა ნამსახურობის დაანგარიშება. თუმცა თავდაცვის სამინისტრომ არ მისცა ნამსახურობის ნუსხა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს MOD 8 15 00648271 წერილით მას განემარტა, რომ არ გააჩნდა სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული 20 - წლიანი ნამსახურობის სტაჟი, რაც მის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის N3/3816-18 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იგი აკმაყოფილებდა ყველა პირობას სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად.

კასატორმა აღნიშნა, რომ სარჩელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ზემოაღნიშნულ საქმეზე დაკმაყოფილდა მხოლოდ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში წოდებით ნამსახურობის საკითხი და დადგინდა, რომ ჯ. რ-ი შინაგან საქმეთა სამინისტროში წოდებით მსახურობდა 16.12.1994-13.12.2002 წლებში და მისი ნამსახურობა შეადგენს: 07 წელს, 11 თვეს და 27 დღეს, ასევე, 16.10.2006-06.01.2010 წლებში მსახურობდა და შეადგენს: 03 წელს, 02 თვეს და 20 დღეს; სამოქალაქო პირად (კონტრაქტით) მსახურობდა 14.07.2004-01.01.2005 წლებში და ნამსახურობა შეადგენს 00 წელს, 05 თვეს და 17 დღეს. შესაბამისად, ჯ. რ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წოდებით ნამსახურები აქვს სულ 11 წელი, 2 თვე და 21 დღე. ხოლო, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა 2015 წელს წელთა ნამსახურობის ცნობის გაცემაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის N MOD 0 15 00000226 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... რეგიონული სამმართველოს (აჭარა) ... განყოფილების (პატრული) უფროსი პატრული (საშტატო კატეგორია ,,კაპიტანი“, შტატი N...), კაპიტანი ჯ. რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2015 წლის 25 იანვრიდან, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს მიმართა 2015 წლის 09 ივლისს და მოითხოვა ნამსახურობის დაანგარიშება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. მას აღნიშნული კომპენსაცია დაენიშნა 2021 წლის 1 მარტიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მიეღო სახელმწიფო კომპენსაცია და მოპასუხეების მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის წელთა ნამსახურობა არ იყო საკმარისი კომპენსაციის მისაღებად, უსაფუძვლო იყო. შედეგად, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის N3/3816-18 გადაწყვეტილების საფუძველზე ჯ. რ-ს 2021 წლის 01 მარტიდან დაენიშნა 24 სახელმწიფო კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით, წელთა ნამსახურობის გამო თვეში 276.00 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 აგვისტოს N04/8329 წერილზე, რომლითაც ჯ. რ-ს ეცნობა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, ნამსახურობის წლები შეადგენს 21 წელს, სამხედრო წოდება - კაპიტანი, ასაკი 65 წელზე. ზემოაღნიშნულისა და 2015 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდში, სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ჯ. რ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრებოდა: 01.02.2015–01.09.2015წწ. თვეში - 204 ლარი; 01.09.2015–01.07.2016წწ. თვეში – 212 ლარი; 01.07.2016–01.01.2019წწ. თვეში - 228 ლარი; 01.01.2019–01.01.2020წწ. თვეში - 244 ლარი; 01.01.2020–01.01.2021წწ. თვეში - 260 ლარი; 01.01.2021–01.03.2021წწ. თვეში - 276 ლარი; სულ - 16 988 ლარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულაციურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში კი, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის N3/3816- 18 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხეების მიერ არასწორად მოხდა ჯ. რ-ის წელთა ნამსახურების დაანგარიშება, რაც მათ მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ჯ. რ-ისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხეთა მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას, რომ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან კანონით დადგენილი წესით, მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე დაიანგარიშეს მოსარჩელის წელთა ნამსახურობა. თუმცა საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული აქტების არამართლზომიერება. სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წელთა ნამსახურობის დათვლა არასწორად მოხდა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დასტურდება მათი სოლიდარული პასუხისმგებლობა მოსარჩელის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

ნუგზარ სხირტლაძე