საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-631(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ. მ-ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. მ-მა 2022 წლის 16 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2021 წლის 28 იანვრის N04/467-/21-01 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 27 აპრილის N04/4292 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქ. მ-ს აღუდგება პენსიის გაცემა; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს ქ. მ-ის სასარგებლოდ 2021 წლის 28 იანვრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურება, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე 2021 წლის 24 იანვრის მდგომარეობით ქ. მ-ის ... ბანკის საბარათე ანგარიშზე არსებული დადებითი ნაშთის 70 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი- სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2021 წლის 28 იანვრის N04/467-/21-01 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 27 აპრილის N04/4292 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქ. მ-ს აღუდგება პენსიის გაცემა; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს ქ. მ-ის სასარგებლოდ 2021 წლის 28 იანვრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურება, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე 2021 წლის 24 იანვრის მდგომარეობით ქ. მ-ის ... ბანკის საბარათე ანგარიშზე არსებული დადებითი ნაშთის 70 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კანონის აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, მითითებულ მუხლში დასახელებული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირები, მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებენ. კასატორის განმარტებით, ქ. მ-ის საქმიანობა არ განეკუთვნება დასახელებულ საგამონაკლისო კატეგორიას, შესაბამისად სააგენტოს მიერ სრულად არის დაცული ‘’სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის პენსიის შეჩერების კანონიერების შემოწმება მისი საჯარო სამსახურში საქმიანობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანი საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ხოლო 23-ე მუხლის ‘’ა’’ პუნქტის თანახმად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან საზოგადოებრივ ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან წაახალისონ შესაბამისი ზომები, საშუალება მისცენ ხანდაზმულ პირებს დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს, შემდეგი საშუალებებით: ა) ადეკვატური სახსრებით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის გარემოებებით დადასტურებულია, ქ. მ-ი დასაქმებული იყო სსიპ ...ში, ...ის თანამდებობაზე, ხოლო ამ დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამრიგად, ქ. მ-ის სამუშაო ადგილი და განხორციელებული საქმიანობის მახასიათებლები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომლის მიხედვითაც კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა. ამდენად, ...ის ...ის პოზიციაზე საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა და შემდგომ კი აღდგენაზე უარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე