საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-733(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. ს-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ს-ემ 2022 წლის 09 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის N03-226/ო ბრძანება, ჯ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე მოითხოვა დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ. ს-ის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ჯ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის N03-226/ო ბრძანება, ჯ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ. ს-ის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება; აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, 2014 წელს ჯ. ს-ემ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. 2021 წელს მისი საკითხის განხილვისას მიენიჭა 14,5 ქულა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის მიხედვით, რომელიც თარიღდება 2018 წლით; ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული დაზარალების კატეგორია შეფასებულია, როგორც მეორე კატეგორიის დაზიანება. 2021 წლის 9 ოქტომბერს მისამართზე ცაგერი, სოფელი ...ი განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი მონიტორინგის ოქმი. სახლი არის ორსართულიანი, პირველი სართული ქვის, ხოლო მეორე სართული ხის შენობა. სახლი მეწყრული პროცესების შედეგად არის დაზიანებული. სახლი, 2022 წლის 22 თებერვლის მონაცემების მიხედვით, არის ოჯახის წევრების თანასაკუთრებაში, კერძოდ, თ. ს-ის, ი. ს-ის, ნ. ს-ის, ჯ. ს-ის და მ. დ-ას საკუთრება, თუმცა 2022 წლის 28 თებერვალს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, ზემოაღნიშნულ მისამართზე სახლის ერთადერთი მესაკუთრეა ჯ. ს-ე. ჯ. ს-ის განმარტებით, სოფელ ...ში ცხოვრობს მარტო, ხოლო მეუღლე და შვილი ნ. ს-ე ცხოვრობენ ქუთაისში თავიანთ საკუთრებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე კი კასატორის განმარტებით, სააგენტომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებლით იმ მიზეზით, რომ აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ქ. ქუთაისში, ...ის ქ N139, ბინა N42-ში ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა ჯ. ს-ის შვილის ნ. ს-ის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ...ის ქ N139, ბინა N42, რომელიც 2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მოსარჩელის მეუღლემ მ. დ-ამ და შემდეგ 2021 წლის 12 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შვილს ნ. ს-ეს. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით ირკვევა, ი. ს-ე - მოსარჩელის ძმა ფლობს საკუთრებას, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N1-ში და ...ის გზატკეცილზე.
კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი გამოიკვლია სრულყოფილად. კომისიამ და სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მოსარჩელე არ დააკმაყოფილა საცხოვრებლით, რადგან აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ქ. ქუთაისში, ...ის ქ N139, ბინა N42-ში ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ჯ. ს-ის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი განჩინების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ჯ. ს-ის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, მისი გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე (დანართი№1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე- 3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ჯ. ს-ემ 2014 წლის 7 ივლისს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, როგორც ეკომიგრანტმა და დააგროვა 14.5 ქულა (სახლს აღენიშნება მეორე კატეგორიის დაზიანება - 7 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა; ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისგან - 1 ქულა; სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა - 0.5 ქულა). ასევე დადგენილია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, 2021 წლის 23, 24, 27 და 28 დეკემბრის (სხდომის ოქმი №5) სხდომაზე განიხილა ჯ. ს-ის ოჯახის საკითხი და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი, იმ მიზეზით, რომ ოჯახს ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი, კერძოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ ჯ. ს-ე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან მას შესაძლებლობა ჰქონდა შეუფერხებლად ესარგებლა (ქ. ქუთაისში, ...ის N139, ბ N42) შვილის - ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. მითითებული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის N03-226/ო ბრძანებით, საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის, ჯ. ს-ის ოჯახი სასწრაფოდ განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2022 წლის 4 მარტს გაცემული განქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ მ. ს-ე და ჯ. ს-ე 2013 წლის 23 აგვისტოს განქორწინდნენ, ხოლო ქართულ ენაზე ნათარგმნი, სანოტარო წესით დამოწმებული, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის, ლიპეცკის მუნიციპალური რაიონის ადმინისტრაციის ...ის განყოფილების 2013 წლის 12 ოქტომბრის I-PД N... (ჩანაწერი N340) ქორწინების მოწმობის თანახმად, დგინდება, რომ 2013 წლის 12 ოქტომბერს მ. დ-ა, საქართველოს მოქალაქე და ი. შ-ე, რუსეთის მოქალაქე, დაქორწინდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ. დ-ას (ჯ. ს-ის ყოფილი მეუღლის) ჩვენება მასზედ, რომ იგი დაოჯახებულია და ცხოვრობს შვილთან და მეუღლესთან ერთად ქ. ქუთაისში, ...ის N139, ბ N42- ში. შესაბამისად, სახეზეა მოცემულობა, როდესაც ჯ. ს-ე და მ. დ-ა წლებია განქორწინებული არიან და ერთად არ ეწევიან საოჯახო მეურნეობას, თავის მხრივ კი, მ. დ-ა სხვა პირთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასთან ერთად ცხოვრობს ქალიშვილის საკუთრებაში არსებულ ქ. ქუთაისში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. გარდა აღნიშნულისა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ მრავალგზის განიმარტა, „მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის №ბს-1161(კ-20) განჩინება).
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახლის ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლად განხილვა იმ პირობებში, როდესაც იქ ცხოვრობს ყოფილი მეუღლე მ. დ-ა ი. შ-ესთან (მეორე მეუღლესთან) ერთად, დაუშვებელია. სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი შვილის საკუთრება იყოს, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ეკომიგრანტის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გონივრული ვადის დაცვის აუცილებლობაც, რაც გათვალისწინებული არ იქნა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე კასატორი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს არსებობს თუ არა ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) მიჩნევის საფუძველი. ამასთან, ასევე უნდა განისაზღვროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის 2018 წლის შეფასების ფორმის მიხედვით, ჯ. ს-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში დაზიანების მეორე კატეგორია მიენიჭა, ხოლო ჯ. ს-ემ 2014 წლის 7 ივლისს შევსებული განაცხადის (საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე) საფუძველზე მან როგორც ეკომიგრანტმა დააგროვა 14.5 ქულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ სახეზეა კომისიის მხრიდან არაკანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც არსებობს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის N03-226/ო ბრძანების ჯ. ს-ის ნაწილში ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელე სათანადო საცხოვრებელი ფართით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე