Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

ას-165-589-06 23 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე‚ მომხსენებელი),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში შპს „ს. რ-ის“ წარმომადგენლობის სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოსა და შპს „ს. რ-ის“ ფილიალისქუთაისის ელმომარაგების დისტანციის მიმართ და აღნიშნა, რომ იგი 1982წ. 11 ნოემბრიდან მუშაობდა ქუთაისის ელმომარაგების დისტანციაში ელმონტიორად. 2001წ. 5 ნოემბერს მიდიოდა რა სამსახურში, ხრესილის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთის დროს ჩავარდა მიმავალი მატარებლის ბორბლებში და მიიღო მძიმე ტრავმა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ქვედა კიდურების ამპუტაცია, არის I ჯგუფის ინვალიდი. ქუთაისის ელმომარაგების დისტანციამ საწარმოო ტრავმის აქტის შედგენაზე უარი განაცხადა. მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების („შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“) საფუძველზე მოითხოვა დასახიჩრების დღიდან მიუღებელი ხელფასი, რაც შეადგენს 2350 ლარს, მომვლელისათვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 20 ლარი, ყოველთვიური სარჩო 170 ლარი, ხოლო ველოეტლის შესაძენად 300 ლარი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ს. რ-ის“ სამტრედიის წარმომადგენლობას თ. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 9130,50 ლარისა და ყოველთვიურად 106 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ის“ წარმომადგენლობის სამტრედიის ტერიტორიულმა სამმართველომ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ს. რ-ის“ წარმომადგენლობის სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ლ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 25 ოქტომბრის განჩინებით თ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2005წ. 22 მარტის განჩინებით შპს „ს. რ-ის» საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2005წ. 14 სექტემბერს განიხილა შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი და დააკმაყოფილა იგი, გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 21 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამარლოს 2004წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ს. რ-ას“ გადასახდელად დაეკისრა თ. ლ-ძის სასარგებლოდ 2001წ. 5 ნოემბრიდან _ 2004წ. 3 თებერვლამდე ერთჯერადი სახით 2524,50 ლარი, ხოლო შემდგომში ყოველთვიურად 93,50 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას, თუ საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევით საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

სააპელაციო პალატამ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზიანის დადგომას თვით დაზარალებულის გაუფრთხილებლობამ შეუწყო ხელი, ვინაიდან ტრავმის მიღების დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და დაარღვია რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესები, კერძოდ, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების წესები.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოსგადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის აზრით, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის მიერ ლ-ძის საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი», რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც ასევე ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა თ. ლ-ძის სარჩელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს იხელმძღვანელა სკ-ის 999-ე, 408-ე და 415-ე მუხლის შესაბამისად. სკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოცემული ნორმა არ ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას ისეთ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ახორციელებდა სატრანსპორტო საშუალების მართლზომიერ ექსპლუატაციას ანუ მის მიერ არ იყო დარღვეული ექსპლოატაციის წესები. მომეტებული საფრთხის წყაროდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი წარმოიშობა იმ მიზეზის გამო, რის გამოც აღნიშნული მომეტებული საფრთხის წყაროდ მიიჩნევა ანუ შედეგი, ყოველგვარი გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, უშუალო შედეგობრივ კავშირში უნდა იყოს საფრთხის მომეტების გამომწვევ მიზეზებთან.

მოცემულ შემთხვევაში შედეგი - თ. ლ-ძისათვის მიყენებული ზიანი დამდგარია თვით თ. ლ-ძის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს, ჰქონდა თუ არა ადგილი შპს „ს. რ-ის“ მხრიდან სატრანსპორტო საშუალებათა არასწორ ექსპლუატაციას, რასაც შეეძლო გამოეწვია დამდგარი შედეგი. ამ კუთხით გაუგებარია სკ-ის 415-ე მუხლის გამოყენებაც. მოცემული ნორმით რეგულირდება ზიანის ანაზღაურების შემთხევები შერეული ბრალის არსებობისას. ნორმის თანახმად ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მხოლოდ და მხოლოდ თ. ლ-ძის ბრალი ზიანის დადგომაში. ამავე დროს უპასუხოდ რჩება კითხვა - თუ როგორ შეიძლება ანაზღაურდეს ზიანი, როდესაც საერთოდ არ არის განსაზღვრული მეორე მხარის ბრალი.

მითითებული თვალსაზრისით პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

პალატა მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე არსებობდა თუ არა შპს „ს. რ-ის“ ბრალი ზიანის დადგომაში, ხომ არ მომხდარა მისი მხრიდან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2004, #118, samoq., gv. 2699-2702.