№12351-13 10 აპრილი, 2013 წელი
ბ-ი ა.-1235 1-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ყ-ის
ადვოკატ – პ. მ-ის
მსჯავრდებულ _ ა. ბ-ის
თარჯიმან – ა. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31ივლისის განაჩენით ა. ბ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე–2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განაჩენით (საქართველოს სსკ–ის 184–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსკ-ის 55-ე მუხლით განსაზღვრული 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი) დანიშნული სასჯელი, პირობითი მსჯავრი – 5 წელი, რაც საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ა. ბ-ს განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღფკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 6000 ლარი.
ა. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2005 წლის 18 აგვისტოდან იმავე წლის 20 აგვისტომდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით (რომელიც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის უზუსტობის განჩინებით) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ბ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის უზუსტობის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ა. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და, როგორც განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირმა, ითხოვა სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან – სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლების თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, როდესაც ა. ბ-ს 1/4-ით შეუმცირა ამ მუხლით დანიშნული სასჯელები, რადგან მართალია, ზემოაღნიშნული მუხლი ეკუთვნის დანაშაულთა ნაკლებად მძიმე კატეგორიას, მაგრამ მისი ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 1/4-ით შემცირებისას დაშვებულ უზუსტობას, იგი გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით, რომლითაც ზემოაღნიშნულ მუხლზე გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი და მსჯავრდებულს, იმის გამო, რომ იყო ნასამართლობის არმქონე არასრულწლოვანი, სსკ–ის 184–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წელი გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოო სასჯელად კი ა. ბ-ს განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 და მე-20 მუხლებით, როდესაც ამ კანონის მოქმედება გაავრცელა თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე ცალ–ცალკე და დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა დატოვა უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება (რომელიც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის უზუსტობის განჩინებით) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება (რომელიც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის უზუსტობის განჩინებით) დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
გ. შავლიაშვილი