№12361-13 10 აპრილი, 2013 წელი
ქ-ი თ., 12361-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჭ-ას
ადვოკატ – მ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენით თ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – 1000-1000 ლარი ჯარიმა, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – ჯარიმა 1000-1000 ლარის ოდენობით (რომელთა მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე – 4 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე – 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით თ. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი და 8 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1000 ლარი ჯარიმა, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) – ჯარიმა 1000-1000 ლარის ოდენობით (რომელთა მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე – 4 წლითა და 8 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე – 4 წლითა და 4 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ თ. ქ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 1000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2008 წლის 8 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ქ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ქ-ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 2 წლითა და 4 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 2 თვით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 28 სექტემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ქ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მას ყაჩაღობის ერთი ეპიზოდი ზედმეტად აქვს შერაცხული. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს ამ ხარვეზის გამოსწორებას და მართლზომიერი სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ არასრულწლოვან თ. ქ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლებით (ბრალდების 3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების განახევრება და მისთვის საბოლოოდ სასჯელის სახით 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მას ყაჩაღობის ერთი ეპიზოდი ზედმეტად აქვს შერაცხული, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე