საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-535(2კ-23) 16 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - შპს „ღ...“
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია
მესამე პირები - შპს „კ...“, სს „ტ...“
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 27 აგვისტოს, შპს „ღ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პოლიციისთვის 2019 წლის 10 ივლისის NA19035022-014/006 წინადადების საფუძველზე ქმედების (სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის აკრძალვა) განხორციელების აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნენ სს „ტ...“ და შპს „კ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ღ...მ“ და შპს „კ...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს „ღ...სა“ და შპს „კ...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ღ...მ“ და შპს „კ...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით შპს „ღ...ს“ საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შპს „ღ...ს“ და 2023 წლის 5 ივლისს ჩაბარდა მის დირექტორს - მ. ა-ეს, რაც დასტურდება გზავნილზე აღნიშნული პირის ხელმოწერით.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 10 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით დადგენილ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ 7 დღიან ვადაში, შპს „ღ...ს“ დირექტორმა - მ. ა-ემ, საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19 ივლისის განჩინებით, შპს „ღ...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შპს „ღ...ს“ და 2023 წლის 25 ივლისს ჩაბარდა მის დირექტორს - მ. ა-ეს, რაც დასტურდება გზავნილზე აღნიშნული პირის ხელმოწერით.
2023 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19 ივლისის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში, შპს „ღ...ს“ დირექტორმა - მ. ა-ემ, საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შპს „ღ...“-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შპს „ღ...ს“ და 2023 წლის 12 სექტემბერს ჩაბარდა მის დირექტორს - მ. ა-ეს, რაც დასტურდება გზავნილზე აღნიშნული პირის ხელმოწერით.
2023 წლის 13 სექტემბერს შპს „ღ...ს“ დირექტორმა - მ. ა-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი თქმა საკასაციო საჩივარზე (სარჩელზე) და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. 2023 წლის 4 ოქტომბერს კი, შპს „ღ...ს“ დირექტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დამაზუსტებელი განცხადება, რომლითაც დააკონკრეტა, რომ კასატორი უარს ამბობდა საკასაციო საჩივარზე და ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შპს „ღ...ს“ საკასაციო საჩივარზე. ამასთან, შპს „ღ...ს“ უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ღ...ს“ განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ღ...ს“ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე