Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-82(კ-22) 19 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია, ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „ჰ...“

თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ...მა“ 2019 წლის 26 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის N003878 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ივლისის N978 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ჰ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ივლისის N978 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,ჰ...ს“ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურმა შპს „ჰ...ს“ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2018 წლის 30 ივლისის N003878 მითითების შედგენით, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის გამზირის N56-ის მიმდებარედ (ნაკვ. N...), N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის: ღობის, ლითონის ბოძებისა და დაბალი მონოლითური კედლების მოწყობა. ამავე მითითებით, მოსარჩელეს განესაზღვრა 3 კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით სადავო ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად. ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს N003878 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის N003878 მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა.

ზედამხედველობის სამსახურში 2018 წლის 18 სექტემბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჰ...ს“ დირექტორის, ლ.გ-ის წარმომადგენელი გ.ბ-ი, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ დაბალი კაპიტალური კედლები არსებობდა ხელშეკრულებამდე და მათ მიერ მოხდა მხოლოდ მისი შერემონტება, ხოლო ღობე და ლითონის საყვავილე არსებობდა უძრავი ქონების იჯარით გადაცემამდე. ბოძები დემონტირებულ იქნა მითითების გაცემის მომენტისთვის.

შპს „ჰ...ს“ მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებში არსებული მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 17 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად შპს „ჰ...ს“ მიერ ნაწილობრივ გამოსწორდა მითითებით გათვალისწინებული დარღვევები, კერძოდ განხორციელდა მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი, ხოლო სხვა დარღვევები არ იქნა გამოსწორებული, შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 17 დეკემბრის N003878 დადგენილებით შპს „ჰ...“ დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით. ამავე დადგენილებით შპს „ჰ...ს“ დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.

კასატორის განმარტებით გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დგინდება, თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოები, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჰ...ს“ პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელს. აღსანიშნავია, რომ შპს „ჰ...“ წარმოადგენს საპროექტო მიწის ნაკვეთის მოიჯარეს 2010 წლიდან, რომელიც 2020 წლის 30 აპრილამდე საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ...ის მიზნით ახორციელებს გარკვეული სახის სამუშაოებს. ამასთან, როგორც ადმინისტრაციულ საჩივარში, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ჰ...ს“ დირექტორის, ლ.გ-ის წარმომადგენელმა, გ.ბ-მა დაადასტურა ლითონის ბოძებისა და დაბალი მონოლითური კედლების შეკეთების ფაქტი. ამრიგად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჰ...“ განკარგავს საპროექტო მიწის ნაკვეთს, სწორედ მის ინტერესს წარმოადგენდა სადავოდ გამხდარი სამუშაოების განხორციელებაც.

რაც შეეხება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალებას, ვინაიდან, შპს „ჰ...ს“ მიერ მშენებლობა განხორციელებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად მისთვის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალება ემსახურებოდა სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს.

საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ივლისის N978 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 17 დეკემბრის N003878 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციით, შეუსაბამოა სასამართლოს გადაწყვეტილება მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 17 დეკემბრის N003878 დადგენილების ძალაში დატოვებითა და შესაბამისად, კანონიერად მიჩნევის პირობებში, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც ასევე ძალაში დარჩა მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება. სასამართლო არ უთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე ნორმის თუ წესის დარღვევაზე და შემოიფარგლება ზოგადი მითითებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გამოიკვლია სრულყოფილად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც სასამართლო უთითებს, თარიღდება 2019 წლის 18 ივლისით, ანუ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული მტკიცებულება ვერც იქნებოდა გამოკვლეული, ხოლო სხვა სახის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დაადასტურებდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შემთხვევაში ობიექტის მდგომარეობის გაუარესებას, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“. აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მოქმედება იმ შემთხვევაში ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N08.47.427 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის გამზ. N56-ის მიმდებარედ ს/კ ..., არსებული 1005 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონის ფუნქციით (რზ-1), შემოღობვის უფლების გარეშე, საზოგადოებრივი სივრცის შენარჩუნების პირობით, 10 წლის ვადით გადაეცა შპს „ჰ...ს“. აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ბოძებისა და დაბალი მონოლითური კედლების მოწყობისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს მიღებული იქნა №003878 დადგენილება, რომლითაც ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ჰ...“ დაჯარიმდა 25 000 ლარით, ასევე დაევალა აშენებული ნაგებობის დემონტაჟი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 ივლისის N005014419 დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ,,ჰ...ს“ საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი (ს.კ...), რომელზეც მდებარეობს კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ე.წ. .... ხსენებული უძრავი ქონების უშუალო მომიჯნავედ (აქვთ საერთო საზღვარი), თბილისში, ...ის გამზ. N56-ის მიმდებარედ მდებარეობს ... (ს.კ....) დასკვნის თანახმად, ხსენებული ...ის ტერიტორიაზე ბეტონის საყვავილის ე.წ. დაბალი მონოლითური კედლის (საყვავილე ორივე წინა და უკანა კედლების) დემონტაჟი-დანგრევა გამოიწვევს გრუნტის ჩამოშლას, რაც პირველ რიგში დააზიანებს წყავის ბუჩქებს (გაშიშვლდება ფესვები). ასევე გრუნტის ჩამოშლის შედეგად ...ის მხარეს და გვერდითი ქუჩების ტროტუარს ...ის მხარეს გამოეცლება საფუძველი. უხვი ნალექის (წვიმის სახით) შემთხვევაში ... დაიტბორება. აქედან გამომდინარე არსებული ბეტონის კედლების დემონტაჟი-დანგრევა დაუშვებელია.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, 2019 წლის 18 ივლისის N005014419 დასკვნა ადასტურებს დემონტაჟის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელ რისკებს, თუმცა აღნიშნული რისკების თაობაზე ინფორმაცია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მოპასუხის მიერ არ იქნა მოძიებული და შეფასებული, რაც გამორიცხავს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე კასატორის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული საკითხი, მათ შორის, გაითვალისწინოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, სადავო აქტი არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება არსებითად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა