Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-105(კ-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ.კ-ი, ბ.ფ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.კ-მა და ბ.ფ-მა 2019 წლის 2 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვეს ამავე კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1937 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №17-ის მიმდებარედ არსებულ 122 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.კ-ისა და ბ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ნ.კ-ისა და ბ.ფ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1937 განკარგულება; კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ.კ-ისა და ბ.ფ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება კომისიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ნ.კ-ისა და ბ.ფ-ის განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას 2016 წლის 30 მაისს მიღებული ჰქონდა №504 საოქმო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, განცხადების ხელახლა წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონმდებლობის ფარგლებში, შესაძლებელი იქნებოდა, თუკი იარსებებდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება. კომისიის მიერ საქმის განხილვისას კი დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი (ლითონის) შენობა. კასატორი მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. ნ.კ-ისა და ბ.ფ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტი არის ლითონის, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისას მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შპს „...ის“ 2019 წლის 16 ნოემბრის №... ექსპერტის დასკვნაზე, როგორც განმცხადებლისთვის ხელსაყრელ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №12-ის მოპირდაპირედ განთავსებული შენობა-ნაგებობა ... და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე ნარგავები (რომელთა სავარაუდო ასაკია 20-26 წელი) წარმოადგენს უძრავ ქონებას, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის - მ.მ-ის განმარტებით, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2019 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით განთავსებული შენობა წარმოადგენს კაპიტალურ შენობას, რომელსაც გააჩნია აგურის კედლები და საძირკველი, კერძოდ, შენობა მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და მისი მიწიდან მოშორება შენობის დანგრევის გარეშე შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ აღნიშნული დასკვნა ადმინისტრაციულ ორგანოში სადავო განკარგულების მიღებისას არ ყოფილა წარდგენილი. ამასთან, საქმეზე არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს დამატებითი გამოკვლევის საგანი ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება უსაფუძვლოა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ნ.კ-ისა და ბ.ფ-ისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ კომისიის მიერ საკითხი ერთხელ უკვე იყო განხილული და წარდგენილი განცხადებით არ დასტურდებოდა შეცვლილი გარემოების არსებობა. მოცემულ დავაში კი, პირველ ყოვლისა, შეფასებას საჭიროებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეთა მიწვევის სავალდებულოობის საკითხი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია ვალდებულია, 2 სამუშაო დღით ადრე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს, 7 დღით ადრე წერილობით აცნობოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომისია ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს აცნობოს ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოიწვიოს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეებს დადგენილი წესით ეცნობათ მათი განცხადების განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ დაინტერესებულ მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 30 მაისის №504 საოქმო გადაწყვეტილებით ნ.კ-სა და ბ.ფ-ს უარი ეთქვათ თბილისში, ...ის ქ. №17-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ( ...) შენობა-ნაგებობა. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ 2019 წლის 16 ნოემბრის №... ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №12-ის მოპირდაპირედ განთავსებული შენობა-ნაგებობა ... (შენობა კაპიტალურია და მყარადაა დამაგრებული მიწაზე) და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე ნარგავები, რომლის სავარაუდო ასაკია 20-26 წელი, წარმოადგენს უძრავ ქონებას, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის განმარტებით, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2019 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით განთავსებული შენობა წარმოადგენს კაპიტალურ შენობას, რომელსაც გააჩნია აგურის კედლები და საძირკველი, კერძოდ, შენობა მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და მისი მიწიდან მოშორება შენობის დანგრევის გარეშე შეუძლებელია. სპეციალისტმა დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო შენობის 2018 წლის ფოტომასალით (იხ. ს.ფ. 226-241). ასევე დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობას გააჩნია მყარი საძირკველი, სახეზე არ არის მშრალი მონოლითური ჩამაგრება, რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული შენობა წარმოადგენს კაპიტალურ შენობას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1937 განკარგულებით კი, მოსარჩელეებს კვლავ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მათ მიმართ 2016 წლის 30 მაისს კომისიას ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ საკითხზე ხელახლა მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა №1, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ითხოვდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ისე მიიჩნია დროებით (ლითონის) ნაგებობად, რომ არ მიუთითებია, თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო იგი ამგვარი დასკვნის გაკეთებისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემა. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და ადმინისტრაციული წარმოების სათანადოდ წარმართვა, მათ შორის, დაინტერესებული პირების მონაწილეობით. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე