საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-799(კ-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:გ.გ-ემ 2021 წლის 5 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2341/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის გ.გ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2341/ო ბრძანება; მოპასუხეს გ.გ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, გ.გ-ეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, სოფელ ...ში შვილის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. სწორედ ამიტომ, ოჯახის განსახლების საკითხი პრიორიტეტულად არ ჩაითვალა.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შეავსო განაცხადი, რომლის დამუშავების შედეგად ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 5.5 ქულა (მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსურ პირობებში - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში - 1 ქულა; ჯილდოებში (მედალზე „მხედრული მამაცობისთვის“) - 1.5 ქულა; არის ომის მონაწილე/ომის ვეტერანი - 1.5 ქულა; თუმცა მხარეს დააკლდა სიღარიბის მაჩვენებელში 1 ქულა). კასატორის მოსაზრებით, მართალია, მხარემ დააგროვა 5.5 ქულა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ კომისიას მისი მოთხოვნა განეხილა, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საკითხის განმხილველმა კომისიამ სრულიად დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ქონის გამო, მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა იყო კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილს საკუთრება გააჩნია და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს სასამართლოში. თუმცა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მონიტორინგის ოქმზე, რომელშიც სადავო ქონების მესაკუთრის მეზობელი უთითებს, რომ თავად მოსარჩელე შვილის საკუთრებაში არსებულ სახლს ხშირად სტუმრობს და როგორც ჩანს, თავად განკარგავს. სასამართლოები კი გადაწყვეტილებას შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს განმარტებას აყრდნობენ, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახს და მ.დ-ეს კონფლიქტი აქვთ. ნათელია, რომ კონფლიქტი წარმოიშვა ბაბუის სიცოცხლეში, თუმცა გაგრძელდა თუ არა, შემდგომ არსად არ არის მითითებული. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან სახლი დაკეტილია და მოსარჩელეც პერიოდულად სტუმრობს სახლს, როგორც ჩანს, მოსარჩელის ოჯახი თავისუფლად განკარგავს მას. სასამართლოებს არც ის მტკიცებულება გამოუკვლევიათ, რომელიც ადასტურებდა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა საკუთრება და იგი შვილს გადაუფორმა. ასეთი ოჯახების განსახლების საკითხი კი, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ეტაპზე განიხილება.
დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, სადავო აქტით მოსარჩელის ოჯახს მართებულად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე გ.გ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, სოფელ ...ში შვილის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 აგვისტოს №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთები ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე, რომ გ.გ-ეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი, და, ორი დისშვილი და ორი გაურკვეველი პირი. მოსარჩელეს, შევსებული განაცხადის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსურ პირობებში - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში - 1 ქულა; ჯილდოებში (მედალზე „მხედრული მამაცობისთვის“) - 1.5 ქულა; არის ომის მონაწილე/ომის ვეტერანი - 1.5 ქულა. განაცხადს აკეთებს ერთ შვილთან, შვილიშვილთან და არადევნილ რძალთან - მ.კ-სთან ერთად. საქმეზე უდავოდ არის დადასტურებული, რომ მოსარჩელე გ.გ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი და მისი ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, სოფელ ...ში შვილის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის №52 სხდომის ოქმით კი დასტურდება, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.0 და მეტი ქულა. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ გორში, ...ის ქ. №4-ში 2020 წლის 15 იანვარს განხორციელებული მონიტორინგისას გ.გ-ემ აღნიშნა, რომ გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე შვილის - დ.გ-ის საკუთრებაში არსებული სახლი არის დაკეტილი, ვინაიდან განმცხადებლის სიმამრმა სახლი გაუფორმა შვილიშვილს, თუმცა სიმამრს ჰყავს მეორე მეუღლე, რომელიც დავობს აღნიშნულ სახლზე. ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 16 იანვარს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა ასევე გორის რაიონის სოფელ ...ში გ.გ-ის შვილის - დ.გ-ის საკუთრებაში არსებული სახლის მისამართზე, სადაც იგი დაკეტილი დახვდათ. ადგილობრივი მაცხოვრებლის კ.ე-ის განმარტებით, სახლი ძირითადად არის დაკეტილი, ხოლო გ.გ-ე წელიწადში რამდენჯერმე ადის სოფელში და მოინახულებს სახლს. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება, რომლითაც დ.გ-ეს აეკრძალა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ასევე, საქმის მასალებში დაცული საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს ...ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის 2019 წლის 8 მაისის წერილით დგინდება, რომ მის წარმოებაშია №666013 საქმე, გორის რაიონის სოფელ ...ში დ.გ-ეს, მ.დ-ეს და ქ.ე-ეს შორის არსებული კონფლიქტის ფაქტზე.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს არასწორად ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ გორის რაიონის სოფელ ...ში მოსარჩელე გ.გ-ეს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და სისხლის სამართლის საქმის გასაუბრების ოქმებზე) დაყრდნობით განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელის შვილის - დ.გ-ის საკუთრებაში ირიცხება აღნიშნული უძრავი ქონება, თუმცა ქ.ე-ესთან (მისი ბაბუის - ა.ე-ის მეუღლე) კონფლიქტის გამო, მოკლებულია აღნიშნული ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამდენად, შვილის საკუთრებაში არსებული სახლის ქონა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გამოირიცხება აღნიშნული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. ამასთანავე, საქმის მასალების მიხედვით, დადასტურებულია, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულათა ოდენობა წარმოშობდა გ.გ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. მოცემულ პირობებში კი, იგი აკმაყოფილებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ამდენად, გ.გ-ეს უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მაშინ, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე