Facebook Twitter

№ბს-48(კ-23) 11 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინების და ამავე სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „ ...“.)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 30 აპრილს ნ.კ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ ...ოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ ...ოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 19 აპრილის №...-.../... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ...ოს დირექტორს, ნ.კ-ეს გამოუცხადდა უნდობლობა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; სსიპ ...ოს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, გათავისუფლებამდე არსებული პირობებით; სსიპ ...ოსათვის ნ.კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 3300 ლარის ანაზღაურების დაკისრება 2019 წლის 19 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სსიპ ...ოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 25.04.2019წ. №... გადაწყვეტილების მიღების დღიდან ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ნ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.კ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ნ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ „...ოს“ დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადებას საფუძვლად დაედო შემდეგი საფუძვლები: სატელევიზიო რეიტინგების/ნდობის კლება; პრიორიტეტების შეუსრულებლობა; საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში რაც ეხებოდა დირექტორის მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ერთპიროვნულ, მრჩეველთა საბჭოსთან შეუთანხმებელ განკარგვას; ევროპის მაუწყებელთა კავშირთან სამართლებრივი დავა; დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემა; ინსტიტუტების და ნორმების უგულებელყოფა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თითოეულ არგუმენტზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ვრცელი შეფასება გააკეთა, რაც სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო არა ის, თუ კონკრეტული ერთი საფუძველი, თუნდაც ისეთი მცირემნიშვნელობის უარყოფითი შედეგების მომტანი, როგორიცაა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მაუწყებლისთვის სანქციების დაკისრება, ქმნიდა თუ არა დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკმარის საფუძველს, არამედ უნდა შეფასებულიყო ყველა ეს გარემოება ერთობლიობაში იძლეოდა თუ არა საკმარის საფუძველს ჯერ უნდობლობის გამოცხადების შესახებ საკითხის დასმის, ხოლო შემდეგ უნდობლობის გამოცხადების საფუძვლით დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში.

სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ნ.კ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისთვის, როგორც მაუწყებლის დირექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევას.

მრჩეველთა საბჭოს, რომელიც წარმოადგენდა ძირითად პასუხისმგებელ ორგანოს მაუწყებლის კანონით განსაზღვრული მიზნებით საქმიანობის განხორციელებაზე, უფლება ჰქონდა მიეღო უნდობლობის გამოცხადებით იმ დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომელმაც ვერ შეასრულა ან არასრულყოფილად შეასრულა მის წინაშე დასახული მიზნები, როგორც პროგრამული პრიორიტეტების, ისე მენეჯერული ფუნქციების შესრულების მხრივ და მეტიც, შეუთანხმებელი და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებით, ვერ გაამართლა დირექტორის თანამდებობაზე არჩევით მისთვის გამოცხადებული ნდობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.კ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ნ.კ-ემ ასევე გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინება, რომლითაც საქმეს მტკიცებულებად დაერთო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ...ოს რეიტინგების გამოთვლის შესახებ ინფორმაცია და მოითხოვა მითითებული მტკიცებულების საქმიდან ამორიცხვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების არცერთ ნაწილში საუბარი არ არის, რამდენად განხორციელდა სსიპ ...ოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილი გამოკვლევა, რა გარემოებები გამოიკვლია და მითითებული 17 საკითხიდან, რომელი გარემოების შეუსრულებლობა რა დოკუმენტაციითა თუ მტკიცებულებებით დაადგინა მოპასუხემ. ის, რომ მოპასუხე მხარემ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, ამაზე არაფერს ამბობს სასამართლო.

მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ 12 პრიორიტეტული მიმართულებიდან არ შესრულდა 4 პრიორიტეტული მიმართულება, ესენი იყო: - ბავშვთა/მოზარდთა გადაცემები, განათლება, თვითმმართველობა, ეკონომიკა. კასატორი მიუთითებს კონკრეტულ გადაცემებსა და პროექტებზე და აღნიშნავს, რომ ეს პრიორიტეტები შესრულებული იყო.

ამასთან, კასატორის მითითებით, აღნიშნული საკითხი არ გამხდარა სადავო. პროგრამული პრიორიტეტების შესრულება იყო სამუშაო პროცესი, რაზეც ტელევიზიის შესაბამისი სამსახურები დირექტორის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნული ნორმატიული აქტი არ ადგენს არანაირ ვალდებულებას, პროგრამული პრიორიტეტით გათვალისწინებული ყველა გადაცემა ერთ დღეს ჩაეშვას სამაუწყებლო ბადეში. პროგრამული პრიორიტეტების შესრულება ცოცხალი მუშა პროცესია, რომლის შესრულებაც ხორციელდებოდა ეტაპობრივად. ხოლო ეტაპობრივი განხორციელებით მოსარჩელის მიერ რომელი ნორმა დაირღვა ამაზე სასამართლო არაფერს ამბობს, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროგრამული პრიორიტეტით გათვალისწინებული გადაცემების ერთ დღეს ჩაშვებას, შესაბამისად, არც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა რაიმე სახით იმის დაფიქსირება რომ პრიორიტეტები საანგარიშო წლის განმავლობაში შესრულდებოდა.

ასევე სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ იზიარებს მოპასუხის პოზიციას მაუწყებლობის მიმართ ნდობის შემცირების ნაწილში, თუმცა არ უთითებს რომელი კონკრეტული მტკიცებულებებით დაადგინა აღნიშული გარემოება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაუწყებლის ნდობის კლება ნ.კ-ის მართველობის პერიოდში არ დასტურდება, რადგან უნდობლობის გამოცხადების პერიოდში არ ჩატარებულა რაიმე ანალიტიკური კვლევა, არ მომზადებულა დასკვნა, რომელიც კონკრეტულად ...ის ... ...ის, ასევე ონლაინ აუდიტორიის ნდობას განსაზღვრავდა. ამიტომ ნდობაზე საუბარი საბჭოს მხრიდან, ამ საკითხის გაზიარება არასათანადო და შეუსაბამო არგუმენტია, ხოლო სასამართლოს მითითება სრულიად დაუსაბუთებელი.

კასატორის მითითებით, დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის პოზიციის გასაზიარებლად სასამართლოებისათვის საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ ის არგუმენტი, რომ არ მოხდა მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინება. მოწმის სახით დაკითხულმა რ.ი-მა უსამართლო სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით განმარტა, რომ როცა გაზრდილი ბიუჯეტი მიიღო მაუწყებელმა, დირექტორს გაეგზავნა რეკომენდაცია და ამ თანხით უნდა მომხდარიყო სახელფასო ანაზღაურების გაზრდა სამართლიანად, მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია იყო, არსებული ბიუჯეტით მომხდარიყო სახელფასო ზრდა 5%, 10% და 20%-ით, ანუ დანამატის ოდენობისას უნდა გათვალისწინებულიყო ხელფასის ოდენობა რასაც დასაქმებული იღებდა, ანუ თუ დასაქმებულს მაღალი ჰქონდა ხელფასი მისი დანამატი იქნებოდა დაბალი, რითაც მოხდებოდა ორგანიზაციაში არსებული დაბალი და მაღალი სახელფასო დისბალანსის შევსება, ეს იყო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია, რაც შეფასების საკითხია, რამდენად იყო მსგავსი განაწილების სქემა სამართლიანი. კასატორის განმარტებით, ყოველთვის შეიძლება იყოს უკმაყოფილება ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, მაგრამ აშკარაა, რომ მრჩეველთა საბჭოს მიერ სარეკომენდაციოდ შეთავაზებული დანამატების განაწილების სქემა უფრო უსამართლო იყო, ვიდრე დირექტორის მიერ გამოყენებული. ამასთან, მრჩეველთა საბჭომ რეკომენდაცია შესთავაზა დირექტორს, რისი გათვალისწინების ვალდებულებაც მას არ ჰქონდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დირექტორს არ დაურღვევია არანაირი პრინციპი, მან არ გაიზიარა რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება, რისი უფლებამოსილებაც ჰქონდა.

კასატორის მოსაზრებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან სამართლებრივი დავასთან დაკავშირებით სასამართლომ არც კი შეაფასა აღნიშნულ საკითხში მრჩეველთა საბჭოს წევრის გ.ჩ-ის მიერ საკითხისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. საკითხი ეხებოდა არასწორი კომუნიკაციას, რომელშიც მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი (დავის წარმოქმნის პერიოდისთვის მაუწყებლის თანამშრომელი) გ.ჩ-ი მონაწილეობდა. იგი მანამდე დასაქმებული იყო მაუწყებელში და სამწუხაროდ არ უზრუნველყო მისთვის მინდობილი საქმის კეთილსინდისიერად შესრულება, დროულად ხელშეკრულების გაფორმება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან. მომსახურება არასტანდარტული ხასიათის იყო (არ გაფორმებულა შესაბამისი კონტრაქტი) და საჭიროებდა დაზუსტებას, რაც დროულად ვერ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დირექტორმა კონსულტაცია გაიარა იურიდიულ სამსახურთან, საიდანაც მიიღო კონსულტაცია, რომ დაახლოებით სამასი ევრო მაუწყებლისთვის არ არის იმ ოდენობის თანხა, რომ ღირდეს რისკის გაწევა და სასამართლოში დავა, ამასთან, საერთაშორისო კომპანიასთან შეინარჩუნებდა იმიჯს სამომავლო ურთიერთობისათვის.

ინსტიტუტების და ნორმების უგულებელყოფასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირის დანიშვნა დირექტორის დისკრეციაა. საშტატო განრიგით მაუწყებელს ჰყავდა 76 თანამშრომელი, მაშინ როდესაც დასაქმებული იყო 310 პირი. შესაბამისად, დირექტორს უწევდა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული დავალების შესასრულებლად 76 საშტატო პირს გარდა სხვებისთვისაც შრომითი კონტრაქტის გაფორმება. აღნიშნული გარემოების საფუძვლად მოპასუხე მხარე მიუთითებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციის შემოღებას, რომელიც თითქოს იყო ახალი თანამდებობა და არ იყო დებულებით გათვალისწინებული. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხულმა გ.ქ-ემ განმარტა, რომ სახელი რა დაერქმეოდა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, შეიძლება ყოფილიყო დირექტორის თანაშემწე, ეს არ იყო თანამდებობის პირი, ეს უფრო იყო დირექტორის თანაშემწე, რომელიც ლოჯისტიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა, შესყიდვებს, იურიდიულ, საკადრო ბაზას და რაღაც ტექნიკის ნაწილს.

კასატორის მითითებით, მოპასუხე მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ხარჯვის კანონიერებას ადგენდა ე.წ. შესაბამისობის აუდიტი, რომელიც 2017-2018 წლებისთვის მაუწყებელში არ ჩატარებულა. აღნიშნულ პოზიციას სასამართლოც იზიარებს გადაწყვეტილების დასაბუთებაში. მიუხედავად ამ ფაქტობრივი გარემოებისა, სასამართლომ გაურკვეველია რაზე დაყრდნობით დაადგინა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. ამასთან, სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები და ფაქტები სასამართლო დადგენილ ფაქტად მიიჩნევს გარემოებას, რომ არამიზნობრივი ხარჯვა მოხდა დირექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მრჩეველთა საბჭოსთან შეუთანხმებლად. ნ.კ-ემ პირველი ინსტანციის სასმართლოს არაერთხელ განუმარტა, რომ ამ საკითხში მითითებული ხარჯების გადანაწილება განხორციელდა შეთანხმებულად, არსებობდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც. კასატორის მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო იყო ის საკითხი - ბიუჯეტში შევიდა თუ არა ცვლილება და არა ის, შეთანხმებული იყო თუ არა მრჩეველთა საბჭოსთან, რადგან ეს საკითხი სადავო არ იყო, სასამართლომ არ მისცა კასატორს საშუალება და შესაძლებლობა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა წარდგენის.

კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები კუმულატიურად რომ შეეფასებინა სააპელაციო სასამართლოს, გააუქმებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღებდა ახალ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ნ.კ-ის სარჩელი, თუმცა ამის ნაცვლად, სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და ზედაპირული გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, მრჩეველთა საბჭო შებოჭილია კანონით დისკრეციული უფლებამოსილებების განხორცილებისას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს იმას რომ ადმინისტრაციული ორგანო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად უნდა იკვლევდეს ყველა გარემოებას და სწორედ, მათი ურთიერთშეჯერების შემდგომ იღებდეს გადაწყვეტილებას.

კასატორი ასევე ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც საქმეს მტკიცებულებად დაერთო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ...ოს რეიტინგების გამოთვლის შესახებ ინფორმაცია და ითხოვს მითითებული მტკიცებულების საქმიდან ამორიცხვას. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილია რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტი, სადაც არ არის მითითებული ვინ არის და რა ცოდნისა და გამოცდილების მატარებელია ავტორი/ავტორები, რის საფუძველზეა დათვლილი რეიტინგები და საერთოდ რატომ მოდის წინააღმდეგობაში აღნიშნული მტკიცებულების ნაწილი ექსპერტის მიერ შედგენილ დოკუმენტებთან. ამ მტკიცებულებით მხარე ადასტურებდა რეიტინგებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც იყო უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი და რომელი საფუძველიც დასაბუთებულად ჩათვალა ორი ინსტანციის სასამართლომ. მტკიცებულებასთან დაკავშირებით, აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ თვითონ სთხოვა მხარეს ახსნა-განმარტების დროს გაკეთებული ზეპირი მოსაზრების გადამოწმების მიზნით წარმოედგინა დოკუმენტი, რასაც ეყრდნობოდა. მოპასუხე მხარემ, ზემოაღნიშნული მტკიცებულება სასამართლოში წარმოადგინა არა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც სთხოვა სასამართლომ, არამედ, უფრო ვრცელი "დოკუმენტი".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2016 წლის 24 ოქტომბერს სსიპ „...ოს“ მრჩეველთა საბჭომ კანონით დადგენილი წესით აირჩია ნ.კ-ე, სსიპ „...ოს“ დირექტორად, 3 წლით, უფლებამოსილების დაწყების ვადად კი განსაზღვრა, 2016 წლის 21 დეკემბერი.

2019 წლის 10 აპრილს სსიპ „...ოს“ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, გ.ჩ-მა და ი.დ-ემ მრჩეველთა საბჭოს მიმართეს წერილობითი განცხადებით, სსიპ „...ოს“ დირექტორის, ნ.კ-ის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზნით, საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე.

2019 წლის 11 აპრილს №01-07/36 კორესპონდენციით მრჩეველთა საბჭომ გ.ჩ-ის და ი.დ-ის აღნიშნული განცხადება გადაუგზავნა მაუწყებლის დირექტორს, ნ.კ-ეს. ამავე კორესპონდენციით მაუწყებლის დირექტორს განემარტა, რომ განცხადების შეტანიდან ათი დღის განმავლობაში მოწვეული იქნებოდა მრჩეველთა საბჭოს სხდომა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3511 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დირექტორი უფლებამოსილი იყო დასწრებოდა სხდომას და წარედგინა თავისი მოსაზრება.

2019 წლის 15 აპრილს მრჩეველთა საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, 2019 წლის 18 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, რომლის დღის წესრიგი იქნებოდა სსიპ სსიპ „...ოს“ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა. 2019 წლის 16 აპრილს მრჩეველთა საბჭომ ცვლილება შეიტანა აღნიშნულ განცხადებაში, მრჩეველთა საბჭოს წევრის, ი.დ-ის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო, რომ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა 2019 წლის 18 აპრილს სხდომაზე დასწრებას და ითხოვდა, სხდომის ჩატარებას 2019 წლის 19 აპრილს. მრჩეველთა საბჭოს დანარჩენმა წევრებმა გაიზიარეს მისი თხოვნა და სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა, 2019 წლის 19 აპრილი.

სსიპ „...ოს“ დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზეზად დასახელებული იყო შემდეგი საკითხები: სატელევიზიო რეიტინგების/ნდობის კლება; პრიორიტეტების შეუსრულებლობა; კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა; საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა; დაუსაბუთებელი ხარჯები, უტენდერო შესყიდვები; განმეორებითი, პარალელური შესყიდვა; ინტერესთა კონფლიქტი შესყიდვებში/უშედეგო შესყიდვა; ევროპის მაუწყებელთა კავშირთან სამართლებრივი დავა; დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემა; სამართლებრივი დავები უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან/სამსახურეობრივი რესურსების პირადი მიზნებით გამოყენება; სამართლებრივი პროცედურების დარღვევით გაფორმებული ხელშეკრულებები; ინსტიტუტების და ნორმების უგლებელყოფა; ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი; შრომითი კონტრაქტების სრულიად დაუსაბუთებელი ხარჯები/ცალმხრივი გადაწყვეტილებები; გადაცემები ხელშეკრულებების და სამართლებრივი ბმის გარეშე; პროფესიონალი და კომპეტენტური პირების მოსაზრებების უგულებელყოფით ორგანიზაციის მართვა. მრჩეველთა საბჭოს წევრთა განცხადებაში მითითებული თითოეული საკითხი წარდგენილი იქნა 2019 წლის 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე. მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სსიპ „...ოს“ დირექტორს მიეცა დრო თავისი მოსაზრებების წარსადგენად.

2019 წლის 19 აპრილს მრჩეველთა საბჭომ განიხილა უნდობლობის საკითხი და ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება, უნდობლობის გამოცხადების და ნ.კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ნ.ზ-ე. უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა ოთხმა მრჩეველმა. უნდობლობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება წერილობითი სახით გამოქვეყნდა, 2019 წლის 22 აპრილს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთერთი მიზანია სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება (მუხლი 1.2).

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსი) თანახმად, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას, მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 353-ე მუხლით დადგენილი იყო ...ოს სტრუქტურა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). მოცემული მუხლის თანახმად, ...ოს ხელმძღვანელი ორგანოები იყვნენ: ა) მრჩეველთა საბჭო; ბ) დირექტორი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ...ოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავდა მრჩეველთა საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით. მრჩეველთა საბჭო დირექტორთან აფორმებდა შრომით ხელშეკრულებას. დირექტორი ხელმძღვანელობდა ამ კანონით, ...ოს დებულებით და დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავდა ...ოს საქმიანობას, წარმოადგენდა მას მესამე პირებთან ურთიერთობაში (მუხლი 3510. 1, 6-7; სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

რაც შეეხება, ...ოს კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას, კანონის 359 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული იყო მრჩეველთა საბჭოს შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ...ის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ...ოს პროგრამულ პრიორიტეტებს;

ბ) დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს ...ოს დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;

გ) დირექტორის წარდგინებით მსჯელობს ...ოს ბიუჯეტის პროექტზე და, ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;

დ) ისმენს ...ოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, შეიმუშაოს პროექტი ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ და ის დასამტკიცებლად წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;

ე) ისმენს დირექტორის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს, კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში;

ვ) თანხმობას აძლევს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება ...ოს ბიუჯეტის 1%-ს;

ზ) განსაზღვრავს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;

თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ...ოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;

ი) ადგენს ...ოს თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია);

კ) განსაზღვრავს ...ოს პროგრამულ პრიორიტეტებს და მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უთანხმებს.

ამდენად, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მრჩეველთა საბჭო წარმოადგენდა კოლეგიურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ...ოს მაუწყებლობის ძირითადი პოლიტიკასა და მიმართულებების, პრიორიტეტების განსაზღვრაზე, ხოლო მათი განხორციელების მიზნით ნიშნავდა მაუწყებლის დირექტორს, რომელიც აღჭურვილი იყო აღმასრულებელი უფლებამოსილებებით და ანგარიშვალდებული იყო საბჭოს წინაშე. თვითონ საბჭო კი ანგარიშვალდებული იყო ...ის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რამდენადაც უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იყო უნდობლობა გამოეცხადებინა ...ოს მრჩეველთა საბჭოსთვის, თუ: ა) არ შესრულდებოდა მრჩეველთა საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭო არ განახორციელებდა ქმედით ღონისძიებებს მათ შესასრულებლად; ბ) არ შესრულდა ამ კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ბიუჯეტი და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად (მუხლი 35​6).

დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრებოდა, სადავო პერიოდში მოქმედი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 3511 მუხლით, რომლის თანახმადაც, დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდებოდა, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდოდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებდა, გარდაცვლილად გამოაცხადებდა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობდა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) დაარღვევდა ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს; გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებდა დირექტორის უფლებამოსილებას; დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებდა დირექტორის უფლებამოსილებას; ე) მას მრჩეველთა საბჭო გამოუცხადებდა უნდობლობას – უნდობლობის გამოცხადების დღიდან; ვ) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგებოდა თანამდებობიდან – განცხადების მრჩეველთა საბჭოში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან; ზ) გარდაიცვლებოდა – გარდაცვალების დღიდან.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო - მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული უნდობლობა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საფუძვლებს არ განსაზღვრავს. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე ასევე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (იხ. ამავე კანონის 4.1.ტ მუხლი) და ამ კანონით დადგენილი თანამდებობის დაკავებისა და გათავისუფლების საფუძვლები.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3511 მუხლით დადგენილია, რომ მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). მრჩეველთა საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება. სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულოა ან შესაძლოა დადგეს დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საჭიროება. ამის საპირისპიროდ, არც ის შემთხვევებია ჩამოთვლილი, თუ როდის არის დაუშვებელი უნდობლობის საკითხის დაყენება, გარდა 3511 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის მიხედვითაც, თუ მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა დირექტორს, დაუშვებელია მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში.

კანონმდებლობა არ აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შესაძლოა დირექტორი დამაკმაყოფილებლად ასრულებდეს მის მოვალეობებს, თუმცა საბჭომ ჩათვალოს, რომ საჭიროა უფრო ეფექტური მართვა და დააყენოს უნდობლობის საკითხი, ან ამის საპირისპიროდ დირექტორი ვერ ართმევდეს თავს საკუთარ მოვალეობებს, თუმცა საბჭომ არ ჩათვალოს საჭიროდ უნდობლობის გამოცხადების გზით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და დირექტორი გათავისუფლდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შედეგად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავად უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი, ისე როგორც ეს არის რეგულირებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, წარმოადგენს არა სახდელის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რაც გამოიხატება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაში, არამედ მრჩეველთა საბჭოს დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხს შეაფასოს - დირექტორის ვადამდე გათავისუფლების მიზანშეწონილობა. თუმცა საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

ამდენად, მართალია მრჩეველთა საბჭო სარგებლობს ფართო მიხედულების ფარგლებით, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მრჩეველთა საბჭო არ იბოჭება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვალდებულებებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, უფლებამოსილებების კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების სათანადოდ, კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე გამოყენების პრინციპებით (იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4-8 მუხლები).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ...ოს მრჩეველთა საბჭოს მართალია ფართო დისკრეციით სარგებლობს (სარგებლობდა) დირექტორის დანიშვნისა და მისი ვადამდე, უნდობლობის გამოცხადების გზით გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა ასეთ დროს საბჭო უნდა მოქმედებდეს არა თვითნებურად არამედ, მისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც პასუხისმგებელია ...ოს მაუწყებლობის ძირითად პოლიტიკასა და მიმართულებების, პრიორიტეტების განსაზღვრაზე, ხოლო მათი განხორციელების მიზნით ნიშნავს მაუწყებლის დირექტორს, რომელიც აღჭურვილია აღმასრულებელი უფლებამოსილებებით და ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე. თვითონ საბჭო კი ანგარიშვალდებულია ...ის უმაღლესი საბჭოს მიმართ. ამასთან, კანონმდებლობა ადგენს დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მექანიზმს. აღნიშნული მექანიზმი, მართალია ზღუდავს დირექტორისათვის არსებულ სამართლებრივ გარანტიებს, თუმცა აქცენტს აკეთებს და უფრო მეტ სამართლებრივ მოქნილობას ქმნის საჯარო მიზნის, მაუწყებლობის ეფექტური საქმიანობის, მიღწევისთვის. შესაბამისად, თუკი მრჩეველთა საბჭო ჩათვლის, რომ დირექტორის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფს დადგენილი პრიორიტეტებისა და მიმართულებების შესაბამისად მაუწყებლის ფუნქციონირებას, საბჭო მისი კანონისმიერი ფუნქციებიდან გამომდინარე უფლებამოსილი ხდება აქტიურად გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება - დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ „...ოს“ დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად დაედო, მათ შორის, შემდეგი მიზეზები: სატელევიზიო რეიტინგების/ნდობის კლება; პრიორიტეტების შეუსრულებლობა; საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში რაც ეხება დირექტორის მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ერთპიროვნულ, მრჩეველთა საბჭოსთან შეუთანხმებელ განკარგვას; ევროპის მაუწყებელთა კავშირთან სამართლებრივი დავა; დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემა; ინსტიტუტების და ნორმების უგულებელყოფა. აღნიშნული საფუძვლებით დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება მართლზომიერად მიიჩნიეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.

უნდობლობის გამოცხადების საფუძვლებთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, უნდობლობის გამოცხადების რამდენიმე საფუძველზე, მათ შორის, ერთ-ერთ საფუძველზე - დირექტორის მხრიდან ინსტიტუტებისა და ნორმების უგულებელყოფაზე. უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ „...ოს“ დირექტორის ნ.კ-ის სსიპ „...ოში“ ადმინისტრაციის შექმნისა და მისი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის №... ბრძანებით, სსიპ „...ოს“ ფინანსური ეფექტიანობის, იურიდიული მხარდაჭერის და საკადრო ბაზის განვითარების სამსახურების კოორდინაციის და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, მათზე ეფექტური ზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით შეიქმნა სამსახურების ერთიანი ხელმძღვანელის თანამდებობა, რომლის სახელწოდება იყო სსიპ „...ოს“ ადმინისტრაციის უფროსი. ამ სამსახურებრივი პოზიციის ძირითად შრომით მოვალეობებად კი განისაზღვრა მაუწყებლის ფინანსური ეფექტიანობის სამსახურში, იურიდიული მხარდაჭერის სამსახურში და საკადრო ბაზის განვითარების სამსახურში დასაქმებული პირების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ზედამხედველობა და კონტროლი. ბრძანების 2.2. პუნქტში ხაზგასმით მიეთითა, რომ ადმინისტრაციის უფროსის სამსახურებრივი მითითებებისა და დავალებების შესასრულებლად სავალდებულო იყო დაქვემდებარებული ყველა პირისთვის, ასევე მაუწყებლის სხვა თანამშრომლებისათვის, იმ სამსახურებრივი მითითებების/დავალებების შესრულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მაუწყებლის ადმინისტრაციის გამართული ფუნქციონირება.

...ოს დებულების მე-3 მუხლის მიხედვით დადგენილი იყო, რომ ...ის ...ოს სტრუქტურა იყო შემდეგი სახის: მრჩეველთა საბჭო და მისი აპარატი; დირექტორი; დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის განვითარების დარგში; დირექტორის მოადგილე ტექნიკური განვითარების დარგში; სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახური; რადიო მაუწყებლობის სამსახური; ონლაინ მედიის სამსახური; ახალი ამბების სამსახური; საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახური; მიმდინარე მაუწყებლობის სამსახური; მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური; ფინანსური ეფექტიანობის სამსახური; იურიდიული სამსახური; საკადრო ბაზის განვითარების სამსახური; საარქივო სამსახური; მონიტორინგის/ხარისხის კონტროლის სამსახური; შიდა აუდიტის სამსახური. ...ის ...ოში ასევე მოქმედებდა კოლეგიური ორგანოები, რომელთა გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათის იყო - მმართველი საბჭო; სარედაქციო საბჭო; ტექნიკური განვითარების საბჭო; აუდიტორიის განვითარების საბჭო; ხარისხის განვითარების საბჭო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მრჩეველთა საბჭო დირექტორის წარდგინებით ამტკიცებდა ...ოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს (მუხლი 359). ამდენად, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ინსტიტუტებისა და ნორმების უგულებელყოფას, ისეთი ხელმძღვანელობითი თანამდებობის ერთპიროვნულად შემოღებით, რასაც არ ითვალისწინებდა მაუწყებლის სტრუქტურა და შესაბამისად, რისი უფლებამოსილებაც კანონმდებლობით მას არ გააჩნდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე დასაბუთებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ზოგიერთი პრიორიტეტი საერთოდ შეუსრულებელი დარჩა, კერძოდ, ასეთია, დოკუმენტური ფილმები, საბავშვო გადაცემები, გადაცემა განათლების შესახებ და ახალგაზრდული და გასართობი პროექტები. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, სსიპ ...ოს მრჩეველთა საბჭოს მიერ ხშირად მიეთითებოდა დირექტორს, თუმცა პროგრამული პრიორიტეტების შესრულების მხრივ მდგომარეობა არ გამოსწორებულა. მაუწყებლის რეიტინგის კლებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მაყურებლის და მსმენელის რაოდენობა, პირდაპირ უკავშირდება მაუწყებლის საჯარო ამოცანების შესრულებას, საზოგადოების ინტერესებს და შესაბამისად, საზოგადოების მიერ დაფინანსებული მაუწყებლის მიზანი, რეიტინგის შექმნასაც გულისხმობს, რასთანაც ორგანულ კავშირშია მაუწყებლის საქმიანობის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების შესრულება. იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის, რომ მაუწყებელს გააჩნდა და ყოველწლიურად ემატებოდა ტექნიკური, მატერიალური, ფინანსური და შრომითი რესურსი, რეიტინგის კლება (საქმეში წარმოდგენილი კვლევის მონაცემების მიხედვით 2016 წლიდან 2019 წლამდე ...ოს რეიტინგი შემცირდა, მე-8 ადგილიდან გადაინაცვლა მე-16 ადგილზე; სატელევიზიო რეიტინგების გაუარესების შესახებ აღნიშნულია სსიპ „...ოს“ 2018 წლის ანგარიშშიც) წარმოადგენს საყურადღებო და კრიტიკულ საკითხს, რომელიც პირდაპირ კავშირშია მაუწყებლის მიზნებთან და ამოცანებთან.

ამასთან, დადგენილი ფაქტია და მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, რომ სსიპ „...ში“ დასაქმებული მუშაკების შრომის ანაზღაურების საკითხი გაუმჯობესებას საჭიროებდა. ეს გარემოება მაუწყებლის დირექტორად მოსარჩელე ნ.კ-ის არჩევისას, მრჩეველთა საბჭოს მოთხოვნათა ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა. საბჭომ კი მიიჩნია, რომ მაუწყებლის დირექტორმა ეს პირობა ვერ შეასრულა, მაუწყებელში მისი მუშაობის პერიოდში კვლავ მოქმედებდა გაუმჭვირვალე სახელფასო სისტემა. სსიპ „...ის“ დირექტორი თავად მიუთითებდა 2018 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომ მოქმედი სახელფასო სისტემა არასამართლიანი იყო, ხოლო 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში გეგმავდა სახელფასო კალათის მოწესრიგებას. ამას მოწმობს ასევე, ...ის ტელევიზიის მუშაკთა კოლექტიური წერილები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ უშუალოდ დირექტორის მიერ 2019 წლის 3 იანვრის ბრძანებით ...ის ...ოს მუშაკების თანამდებობრივი სარგოს გაზრდა მოხდა მრჩეველთა საბჭოს ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლად, არასაშტატო თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 10 %-იანი მატებით, ხოლო საშტატო თანამშრომლები დარჩნენ ხელფასების მატების გარეშე, რაც საბჭოს მიერ შეფასებული იქნა, არასამართლიან და უთანასწორო ანაზღაურების წესის გამოყენებად. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობითაც არაერთხელ ეცნობა მოსარჩელეს, რომ მრჩეველთა საბჭო ასეთ წესს არ ეთანხმებოდა, რითაც, მინიმალურ და მაქსიმალურ ანაზღაურებებს შორის ისედაც არსებული უსამართლო სხვაობა, კიდევ უფრო გაიზარდა. ასევე, სსიპ ...ოს პროფკომიტეტის 2019 წლის 17 იანვრის წერილით დირექტორისადმი, არ იქნა მოწონებული, მუშაკებისათვის შრომის ანაზღაურების ასეთი წესით მატება და მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის შეუსრულებლობა. სსიპ „...ის“ მუშაკების შრომის ანაზღაურების გაზრდის შეთავაზებული წესი, მრჩეველთა საბჭოს მიერ დირექტორისადმი რეკომენდაციის სახით იყო წარდგენილი, თუმცა ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლად, დირექტორის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით ...ოს მუშაკების ანაზღაურების სამართლიანი პრინციპი ვერ იქნა განხორციელებული და ეს გარემოება, როგორც უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი, მოპასუხე მხარის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებულია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მრჩეველთა საბჭო წარმოადგენდა კოლეგიურ ორგანოს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც პასუხისმგებელი იყო ...ოს მაუწყებლობის ძირითად პოლიტიკასა და მიმართულებებზე, პრიორიტეტების განსაზღვრაზე, ხოლო მათი განხორციელების მიზნით ნიშნავდა მაუწყებლის დირექტორს, რომელიც აღჭურვილი იყო აღმასრულებელი უფლებამოსილებებით და ანგარიშვალდებული იყო საბჭოს წინაშე. ამდენად, სწორედ საბჭო იყო მის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებსა და პრიორიტეტებთან დირექტორის საქმიანობის შესაბამისობის შეფასებაზე უფლებამოსილი.

შესაბამისად, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან საქმის გარემოებებთან დაკავშირებულ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სსიპ „...ს“ მრჩეველთა საბჭომ, იხელმძღვანელა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და მისი დისკრეციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ადგილი არ ჰქონია დისკრეციული უფლებამოსილების არამართლზომიერად, არაპროპორციულად გამოყენებას და შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან და პასუხობდა, ლოგიკურ მიმართებაში იყო იმ მიზნებთან, რასაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი უდგენდა მრჩეველთა საბჭოს.

გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინების თაობაზე, რომლითაც საქმეს მტკიცებულებად დაერთო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ...ოს რეიტინგების გამოთვლის შესახებ ინფორმაცია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმეზე დართული მტკიცებულება ეხება ტელევიზიის 2021 წლის რეიტინგს. სარჩელი აღძრულია 2019 წლის 30 აპრილს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეზე მთავარი სხდომები იმართებოდა 2021 წლის მაისის თვიდან. ამდენად, ამ პერიოდში მოპასუხე მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას წარედგინა აღნიშნული მტკიცებულებები. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი და საქმეზე დართული მტკიცებულება ეხება არა არსებითად ახალ ფაქტებსა და გარემოებებს, არამედ კავშირშია საქმეში უკვე არსებულ და გამოკვლეულ საკითხთან - სატელევიზიო რეიტინგების თაობაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე შეფასებული იყო და დადგენილ ფაქტად იყო მიჩნეული სატელევიზიო რეიტინგების კლება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დართული მტკიცებულების შეფასება წარმოადგენდა არა მოსარჩელის ინტერესების საწინააღმდეგოდ ახალი ფაქტების და გარემოებების დადგენას, არამედ საქმეში უკვე არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და უკეთ გამოკვლევის მიზნით, სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების არსი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში მდგომარეობს. სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის №ბს-985(კ-20) განჩინება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთიუთებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ.კ-ეს 09/12/2022 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

3. ნ.კ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09/12/2022 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი