№ბს-585(კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 18 მარტს ი.ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 17 თებერვალს გამართული მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მას საშიშროების რისკის სახედ განესაზღვრა მომეტებული. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ი.ფ-ას სასჯელის მოხდის პერიოდში რისკის სახე სამჯერ განესაზღვრა. 2017 წლის 8 აგვისტოს მას რისკის სახედ განესაზღვრა მომეტებული და მოთავსებულ იქნა დახურული ტიპის დაწესებულებაში. რისკი გადაფასდა 2020 წლის 28 ივლისს, შეფასება იყო ანალოგიური, რის გამოც დარჩა დახურული ტიპის დაწესებულებაში. ბოლო რისკის გადაფასება განხორციელდა 2022 წლის 17 თებერვალს და მოსარჩელეს კვლავ მომეტებული რისკის სახე განესაზღვრა. საგულისხმოა, რომ სამივე შემთხვევაში რისკის დასაბუთება იყო მსგავსი. მოსარჩელისთვის უცნობია მიზეზები, თუ რატომ ხდება მისთვის მომეტებული კატეგორიის რისკის მისადაგება. თუ მსჯავრდებულისთვის უცნობი იქნება მიზეზები, რის გამოც უარს ეუბნებიან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უარი თვითნებური და უსაფუძვლოა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი სანიმუშო ქცევისა, პენიტენციური დაწესებულება უდგენს აბსტრაქტულ მოთხოვნას, რომელიც მისი რისკის კატეგორიის ცვლილებას გამოიწვევს, ამ მოთხოვნის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების გარეშე. თუ მსჯავრდებულმა არ იცის რატომ არის კონკრეტული რისკის მატარებელი, ის ვერ შეძლებს მისი ქცევის იმგავარ გარდაქმნას, როგორსაც მისგან დაწესებულება და საზოგადოება მოითხოვენ. თუ მსჯავრდებული შექმნილი პირობების გამო ვერ ახერხებს რესოციალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება მხოლოდ მსჯავრდებულის დასჯაა, რაც ტანჯვას და არასათანადო მოპყრობას უთანაბრდება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი სანიმუშო ქცევის მქონეა, არ არის მიდრეკილი თვითდაზიანებისკენ, მისი სურვილია ჩართული იყოს სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში, რასაც ვერ ახერხებს. მსჯავრდებულს ასევე აქვს სწავლისა და დასაქმების სურვილი. რესოციალიზაცია, როგორც სასჯელის მიზანი, ასევე სავალდებულოდ მოითხოვს მსჯავრდებულისთვის იმ რეკრეაციულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიცემას, რაც მას ახალი უნარების შეძენაში დაეხმარება. მოსარჩელის განმარტებით, სასჯელის რესოციალიზაციის მიზანი მის შემთხვევაში ვერ მიიღწევა, რადგან მის შესახებ არსებული ინფორმაციის უსაფუძვლოდ გასაიდუმლოებით, შესაძლებლობა ერთმევა გაიგოს რა მიმართულებით უნდა შეცვალოს ქცევა.
მოსარჩელეს 2018 წლის 19 ნოემბერს ჩაუტარდა ოპერაცია - ლაპარატომია, ქოლეცისტექტომია, ხოლო 2022 წლის 11 თებერვალს სპინალური ანესთეზიით მარცხენამხრივი სპერმატოცელეს ქირურგიული გზით მკურნალობა. ზემოაღნიშნული ოპერაციების შემდგომ მსჯავრდებულისთვის მნიშვნელოვანია დღეში რამდენჯერმე გასეირნება, რასაც ვერ ახერხებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის, ი.ფ-ას საშიშროების რისკის სახედ მომეტებული კატეგორიის განსაზღვრის შესახებ, სხდომის ოქმისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 თებერვლის №3232 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელეს მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ი.ფ-ასთვის რისკის შეფასების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლითაც შეიცვლება მოსარჩელისთვის დადგენილი რისკის სახე და მოხდება მსჯავრდებულის ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანა, გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის, ი.ფ-ას საშიშროების რისკის სახედ მომეტებული კატეგორიის განსაზღვრის შესახებ, სხდომის ოქმი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 თებერვლის №3232 ბრძანება, ი.ფ-ასთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, ი.ფ-ას საშიშროების რისკის სახედ განესაზღვრა - მომეტებული. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გაეწია რეკომენდაცია, მსჯავრდებულის ი.ფ-ას მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში განთავსებაზე.
2017 წლის 3 აგვისტოს ი.ფ-ას მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 8 აგვისტოს №12481 ბრძანებით, ი.ფ-ას სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. მსჯავრდებულ ი.ფ-ას 2020 წლის 28 ივლისის მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის გადაფასებით კვლავ საშიშროების მომეტებული რისკის სახე დაუდგინდა, რის საფუძველზეც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 ივლისის №2062 ბრძანებით, სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 თებერვლის №3232 ბრძანებით, ი.ფ-ას სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველი გახდა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებულ „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესზე“, რომლის მე-4 მუხლით დადგენილია მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ)დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ)დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ)ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/ რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.
გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის გადამოწმების მიზნით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე, სააპელაციო პალატამ გამოითხოვა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველობით. სწორედ, ამ მტკიცებულების გაცნობის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 53-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარემ არ გამოიკვლია ყველა სათანადო ინფორმაცია, რაც მსჯავრდებულის რისკების შეფასების პროცესში უნდა ყოფილიყო, შეფასების თაობაზე არ ეცნობა მსჯავრდებულს, რითაც მას წაერთვა რისკების შეფასების გუნდისთვის გარკვეული სახის დამატებითი ინფორმაციის მიეწოდების შესაძლებლობა, შესაბამისად, ის სრულად გამორიცხული იყო ამ პროცესში ეფექტიანი მონაწილეობისაგან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი.ფ-ას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას, თუ რატომ შეიძლება დარჩეს მსჯავრდებული იმავე საშიშროების ტიპის დაწესებულებაში. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეს საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეცია, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. პალატამ აღნიშნა, რომ მხარემ უნდა იცოდეს მის მიმართ მიღებული ნებისმერი გადაწყვეტილების მოტივაცია.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სადავო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 თებერვლის №3232 ბრძანებაში სათანადო საკანონმდებლო აქტის მუხლების გარდა არ არის არავითარი მითითება, მსჯავრდებულისათვის კონკრეტული რეჟიმის განსაზღვრის კონკრეტულ საფუძვლებზე. სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის საიდუმლო სხდომის ოქმი. თავის მხრივ, ამ ოქმში გადმოტანილია ინფორმაცია გასულ წლებში ი.ფ-ას რისკების შეფასების თაობაზე და მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმიდან ამოღებული ინფორმაცია სასჯელის მოხდისას ი.ფ-ას ქცევის შესახებ, სადაც უარყოფითი ინფორმაცია არ არის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი რისკის შეფასების პროცესი, რომლის შედეგიცაა პირისთვის კონკრეტული რეჟიმის განსაზღვრა უნდა იყოს დასაბუთებული. პალატამ აღნიშნა, რომ კომისიას არ შეუსწავლია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გაუუარესდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული, შეფასებული და ამასთან ერთად დასაბუთებული მოსარჩელე ი.ფ-ას რისკის შეცვლასთან დაკავშირებული გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოცემული კატეგორიის საქმეზე არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და არსებობს ვარაუდი, რომ დარღვევებს შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ ი.ფ-ას მიმართებით საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურის დაწყება დაავალა. სააპელაციო სასმართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 17.02.2022წ. საიდუმლო სხდომის ოქმი მიღებულია დასაბუთების გარეშე.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გააჩნიათ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს უფლება არ აქვთ გაეცნონ სხდომის ოქმში მითითებულ ოპერატიულ ინფორმაციას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის შეუსწავლელობას. კასატორი აცხადებს, რომ რისკების შეფასების გუნდმა შეისწავლა მოსარჩელესთან მიმართებით არსებული ყველა გარემოება, პოზიტიური და ნეგატიური შინაარსის შემცველი ინფორმაციის შეჯერების შედეგად ჩათვალა, რომ ი.ფ-ას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსება საფრთხის შემცველი იქნებოდა, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.
კასატორი მიიჩნევს, რომ იგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო აქტში მითითებულია ყველა ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია დასაბუთებულად, კანონის მოთხოვნათა და თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით. ამასთან, მოსარჩელემ საქმისწარმოების ვერცერთ ეტაპზე ვერ დაასაბუთა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცემული აქტის უკანონობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის, ი.ფ-ას საშიშროების რისკის სახედ მომეტებული კატეგორიის განსაზღვრის შესახებ სხდომის ოქმის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 თებერვლის №3232 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ი.ფ-ასთვის რისკის შეფასების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლითაც შეიცვლება ი.ფ-ასთვის დადგენილი რისკის სახე და მოხდება მსჯავრდებულის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა, გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა)გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ)დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ)დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
საკასაციო სასამართლო, მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდესაც სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. მითითებული ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა შეიძლება მოხდეს საშიშროების რისკების გათვალისწინებით
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება), საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
ამავე წესის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ)დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ)დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ)წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ)მსჯავრდებულის ასაკი; ო)ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ)დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ)ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ)წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სხდომის ოქმი, რომელშიც ასახულია გუნდის გადაწყვეტილება და ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების თანახმად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასების შედეგად. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის გენერალურ დირექტორს.
ამავე წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს უკვე შეფასებულ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 12 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე, 2017 წლის 3 აგვისტოს ი.ფ-ას მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი. შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 8 აგვისტოს №12481 ბრძანებით, მოსარჩელეს სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2020 წლის 28 ივლისს მსჯავრდებულ ი.ფ-ა გადაფასდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ და მას კვლავ საშიშროების მომეტებული რისკის სახე დაუდგინდა, რის საფუძველზეც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 ივლისის №2062 ბრძანებით, სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, გუნდმა მხედველობაში მიიღო მონაცემების პირველადი დამუშავების შედეგად შეკრებილი ინფორმაცია მსჯავრდებულ - ი.ფ-ასთან მიმართებით, ასევე, გაითვალისწინა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი და მიიჩნია, რომ ი.ფ-ას განთავსება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ი.ფ-ას საშიშროების რისკის სახე არის მომეტებული.
მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2022 წლის 17 თებერვლის სხდომის ოქმში აღნიშნულია შემდეგი: ი.ფ-ას მიმართ შედგენილია მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა (ნაწილი I), რომელშიც აღნიშნულია მსჯავრდებულ ი.ფ-ას პირადი მონაცემები, ინფორმაცია დანაშაულისა და სასჯელის შესახებ. სასჯელის დასაწყისი განსაზღვრულია 02.02.2015წ.-დან; სასჯელის დასასრული განსაზღვრულია - 29.01.2027წ.-მდე; დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა - 5 წელი, 00 თვე, 5 დღე; ი.ფ-ა მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (28.04.2006წ. მოქმედი რედაქციით) 25-ე, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.
მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 17.02.2022წ. სხდომის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ ი.ფ-ა არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ერთხელ, წახალისებული არ ყოფილა, არ არის მიდრეკილი თვითდაზიანებისაკენ. ი.ფ-ა იცავს რეჟიმისა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მსჯავრდებულ ი.ფ-ას აქვს სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა შესაძლებლობა არ აქვს. მსჯავრდებული ი.ფ-ა აღნიშნავს, რომ აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა თანამესაკნესთან და ციხის ადმინისტრაციასთან, მისი სამომავლო გეგმები უკავშირდება ოჯახს. მსჯავრდებული ადვილად შედის კონტაქტში, გარეგნულად მოწესრიგებულია, არ ვლინდება გარემოსთან ადაპტაციის სირთულეები. ამავე ოქმში მითითებაა პენიტენციურ დეპარტამენტში არსებულ საიდუმლო ინფორმაციაზე, რომლის გათვალისწინებითაც მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილებით ი.ფ-ას საშიშროების რისკის სახედ განესაზღვრა მომეტებული.
მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, დაეფუძნა პენიტენციურ დეპარტამენტში არსებულ ოპერატიულ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
შესაბამისად, მხარეთათვის გასაჩივრებული სხდომის ოქმიდან ცნობილია მხოლოდ ღია ინფორმაცია. რაც შეეხება ოქმის საიდუმლო ნაწილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის მიმართვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 თებერვლის №3232 ბრძანების გამოცემის საფუძვლად არსებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 17 თებერვლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი და ოქმში მითითებული შესაბამისი ოპერატიული (საიდუმლო) ინფორმაცია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 211 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ მიეთითება მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული მონაცემის გამჟღავნებას. საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საიდუმლო ხასიათის გათვალისწინებით, მისი შინაარსი გადაწყვეტილებაში არ აისახება, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასების შედეგად, ფასდება სადავო სხდომის ოქმთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკისა და მისი შესაბამის დაწესებულებაში განთავსების საკითხის განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდი ითვალისწინებს არა მხოლოდ პატიმრის პერსონალურ, პირად ინტერესებს, არამედ დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროების ხარისხს, სხვა პატიმართა უსაფრთხოებას. ასევე, მსჯავრდებულთა კონკრეტულ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება იმგვარად უნდა იქნეს მიღებული, რომ მიღწეულ იქნეს როგორც სასჯელის მიზნები, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირება.
თუმცა საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, განმარტავს, რომ მსჯავრდებულთათვის საშიშროების რისკის განსაზღვრა სხვადასხვა საკითხთა ერთობლივ შეფასებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ კომპლექსურ პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით, რამდენადაც საკითხის სპეციფიკურობა და მსჯავრდებულებზე ყოველდღიური დაკვირვების ფაქტობრივი შესაძლებლობა ამარტივებს ზემოხსენებულ კრიტერიუმთა შეფასების პროცესს. ცხადია, აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უკონტროლო თავისუფლებას და სასამართლო რევიზიის სრულ გამორიცხვას, თუმცა თავისუფალი მოქმედების ფართო არეალი გარკვეულწილად ავიწროვებს სასამართლო კონტროლის ფარგლებს.
ამასთან, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე, როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება ხსნის მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, სადავოობის პირობებში, შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ ი.ფ-ა სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ერთხელ, წახალისებული არ ყოფილა. არ არის მიდრეკილი თვითდაზიანებისაკენ. ი.ფ-ა იცავს რეჟიმისა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ი.ფ-ა არ არის წარსულში ნასამართლევი პირი. საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ი.ფ-ას ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაციული ჩარევა, კერძოდ 19.11.2018წ. სს „...ში" ზოგადი გაუტკივარების პირობებში - ლაპარატომია, ქოლეცისტექტომია, ხოლო 11.02.2022წ. შ.პ.ს „...ში“ სპინალური ანესთეზიის პირობებში - მარცხენამხრივი სპერმატოცელეს ქირურგიული მკურნალობა. ი.ფ-ას 2006 წლის 11 მაისის პრეზიდენტის №259 განკარგულებით გადაეცა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი. ი.ფ-ას 2006 წლის 17 ოქტომბერს პრეზიდენტის №621 განკარგულებით გადაეცა მედალი მხედრული მამაცობისთვის. მოსარჩელეს, როგორც პოლიციელს, სხვადასხვა დროს გადაეცა მედლები და სერტიფიკატები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი.ფ-ასთვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის თაობაზე არ ემყარება საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილ, სათანადო გამოკვლევა-შეფასებას. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია მსჯავრდებულის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა სათანადოდ განმარტებული, თუ რამ განაპირობა მოსარჩელის იმავე საშიშროების ტიპის დაწესებულებაში დატოვება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულია გასულ წლებში ი.ფ-ას რისკების შეფასების თაობაზე ინფორმაცია და მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმიდან ამოღებული ინფორმაცია სასჯელის მოხდისას მსჯავრდებულის ქცევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მკაფიო საფუძვლები. ამასთან, კასატორის ხაზგასმა მოსარჩელის პირად საქმეში წახალისების არარსებობაზე არ ადასტურებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას. საყურადღებოა, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება. ამდენად, დაუსაბუთებელია, ადმინისტრაციულმა ორგანომ კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებისას, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ი.ფ-ასთვის მომეტებული რისკის განსაზღვრის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ.აბუსერიძე
ბ. სტურუა