Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-218(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - ა. გ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „ს...“

თავდაპირველი მოპასუხე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს...მ“ 2018 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 08/09/2016 წლის N184 ბრძანების; „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ 10/10/2016 წლის N219 ბრძანების; „ ა. გ-ეის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ 21/11/2016 წლის No241 ბრძანებისა და მშენებლობის N... სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ა. გ-ე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ს...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 08/09/2016 წლის N184 ბრძანება „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 10/10/2016 წლის N219 ბრძანება „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 21/11/2016 წლის N241 ბრძანება „ა. გ-ეის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა N.... აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირმა ა. გ-ემ და მოპასუხემ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევის მოტივით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით ა. გ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილება, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 172-ე მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად კი საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა-გ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია; კერძოდ: პირველი ინსტანციის მოსამართლემ საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისა და შეფასების გარეშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის იგნორირებით, მტკიცებით ფორმაში გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა სამშენებლო კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს, მიიჩნია, რომ მოპასუხის - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაირღვა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები“, ასევე, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის N366 დადგენილების მე-3-მე-4 მუხლების მოთხოვნები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების 4.15 პუნქტით უსაფუძვლოდ გაიზიარა სიღნაღის რაიონული სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მის მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ 4.22 პუნქტით უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობდა რა სს „ს...ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში, ხაზის მესაკუთრის თანხმობა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა... ამ ხაზის ქვეშ აშენებული კაპიტალური ნაგებობა თავის თავად საფრთხის შემცველია შენობაში მყოფი პირებისათვის. ხაზის დაზიანების ან გაწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია სავალალო შედეგი დადგეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი შესაბამისი სტანდარტით აშენებული. ხაზის რეკონსტრუქციის ან ავარიის შემთხვევაში ელექტროსისტემამ ოპერატიულად უნდა განახორციელოს საავარიო სამუშაოები, დაცვის ზონაში შეიყვანოს მძიმე ტექნიკა, რასაც ხელი შეეშლება ამ ნაგებობის აშენებით. მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას მერიას აუცილებლად უნდა მიეღო მოსარჩელის წინასწარი თანხმობა, რადგან სს „ს...“ განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი და შესაძლებელია თუ არა საერთოდ აქ მშენებლობის განხორციელება. ყოვლად დაუშვებელია დაცვის ზონაში ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის განთავსება, რომელიც მუდმივად არის დამაგრებული მიწაზე, რადგან შესაბამის ორგანოს თავისუფალი მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეს დაცვის ზონაში. ასეთი ტიპის ხაზის ქვეშ შენობის აშენების აკრძალვა არ ემსახურება, მხოლოდ მესაკუთრის და იმ ფართში შესული ადამიანების უსაფრთხოების მიზანს. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დაცული იყოს თვითონ ხაზის ექსპლუატაციის და გამოყენების პირობები. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ხაზის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მის მომატებულ საფრთხესთან ერთად. აღნიშნული ხაზი ამარაგებს საგარეჯოს რაიონს მთლიანად შესაბამისად, ამ ხაზზე ნებისმიერი დაზიანება ან ხაზის მწყობრიდან გამოყვანა უდიდესი ზარალის მომტანი იქნება მთელი მუნიციპალიტეტისთვის.

კასატორის განმარტებით როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 172-ე მუხლების იგნორირებით საერთოდ არ გაითვალისწინეს ა. გ-ეის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 26 სექტემბრის N5006217119 დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ა. გ-ეის მიერ აშენებული შენობა არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს, რომ მისი მშენებლობისას დაცული იყო ელექტროდანადგართა მოწყობის წესები („Py3“), იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას მიენიჭება სამრეწველო დანიშნულების საწარმოო შენობა-ნაგებობის კლასიფიკაცია. სააპელაციო სასამართლომ კონკრეტულ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე არ განმარტა, რატომ მიიჩნია სარწმუნოდ მოსარჩელე მხარის არგუმენტები და არ გაიზიარა მოპასუხე მხარისა და მესამე პირის პოზიცია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას ადგილი არ ჰქონია მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევებს და რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იქნა კანონის შესაბამისად, მითუმეტეს, 4.23 პუნქტში მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერში ხაზობრივი ნაგებობა დატანილი იყო და მისი არსებობის შესახებ ადმინისტრაციული წარმოებისას ცნობილი იყო საგარეჯოს მერიისთვის.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განვითარებული მსჯელობა, მოიხმო რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკა, კერძოდ, 2022 წლის 14 აპრილის განჩინება (საქმე Nბს-1151 (3კ-21) კანონიერი ნდობასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, კომერციული ფართის აშენებით საფრთხე არ ექმნება არც საზოგადოებრივ ინტერესს და არც სხვა პირების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო და სიღნაღის რაიონულმა სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილი. უდავოა, რომ დაინტერესებულ პირს - ა. გ-ეს სადავო აქტების მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა - მან ადმინისტრაციულ ორგანოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინა მისგან მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია, მისთვის არ მოუთხოვიათ ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრის, სს „ს...ის“ თანხმობა მშენებლობის განხორციელებისათვის; ა. გ-ეს არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა, მისი ქმედება არ იყო უკანონო; კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული აქტის გაუქმების გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში, ა. გ-ეს ჰქონდა კანონიერი ნდობა სადავო აქტების მიმართ და რომ მას არ ევალებოდა, დამოუკიდებლად მოეპოვებინა რაიმე ნებართვები სხვა ორგანოების მხრიდან, თუ ამას კანონით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, ანუ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, არ მოსთხოვდა. მან კანონის საფუძველზე განახორციელა კაპიტალური შენობის მშენებლობა, რაზეც გასწია დიდი ხარჯი და ძალისხმევა, შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობით მიადგება მნიშვნელოვანი, 215 100 (ორას თხუთმეტი ათას ასი) ლარის ოდენობის ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით ა. გ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ საქმეში სადავოა „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 08 სექტემბრის N184 ბრძანების, „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ 2016 წლის 10 ოქტომბრის N219 ბრძანების, „ა. გ-ეის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ 2016 წლის 21 ნოემბრის N241 ბრძანების და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წლის 07 დეკემბერს გაცემული N... მშენებლობის ნებართვის შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის 08 სექტემბრის N184 ბრძანებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ქალაქ საგარეჯოს ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდით ...) (ტომი 1, ს.ფ. 14). საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის 10 ოქტომბრის N219 ბრძანებით ამ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მაღაზიის არქიტექტურული პროექტი (ტომი 1, ს.ფ. 15), ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის 21 ნოემბრის N241 ბრძანებით გაიცა კომერციული ფართის მშენებლობის დაწყების ნებართვა (ტომი 1, ს.ფ. 16). ამასთან, აღნიშნული აქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 07 დეკემბერს მოქალაქე ა. გ-ეის სახელზე გასცა მშენებლობის ნებართვა N... (ტომი 1, ს.ფ. 17). საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით დადგენილია, რომ ქალაქ საგარეჯოს ტერიტორიაზე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე არის ა. გ-ე, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია მიერ 01/03/2016 წელს გაცემული N55 საკუთრების მოწმობის საფუძველზე (ტომი 1, ს.ფ. 84), ხოლო N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე არის სს ,,ს...“, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტია 26/04/2018 წლის მიმართვა და სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის 06/11/2014 წლის N01-26 ბრძანება(ტომი 1, ს.ფ. 22-23, 24-25).

საკასაციო პალატა მიუთითებს 2013 წლის 24 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N366 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესზე“, რომელიც ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. მითითებული წესის მე-3 მუხლით დადგენილია ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები. წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება.

რაც შეეხება თანხმობის გაცემის საკითხს, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩატარების მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია, განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოიცა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-4 მუხლის მე- 2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევით, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის წინაპირობაა. მართალია, სადავო აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუმცა მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, სადავო აქტებით კასატორისათვის მინიჭებული უფლება უპირისპირდება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვის ვალდებულებას, ასევე სხვა პირთა, მათ შორის, მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებს. იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როდესაც უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში, კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. აღსანიშნავია ისიც, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 941 მუხლის თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა კასატორს, რომელმაც, კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, წინასწარ იცოდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომერციული ფართის (მაღაზიის) მშენებლობის დაუშვებლობის შესახებ.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ელექტროდანადგარების მოწყობის წესების (ე.წ. РУЭ), გამოყენების საკითხზე, ვინაიდან საქმეში დაცული სადავო აქტებით ირკვევა, რომ სამშენებლო ნებართვა გაცემულია კომერციული ფართის (მაღაზიის) მშენებლობაზე და არა სამრეწველო შენობებისა და ნაგებობების მოწყობაზე, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული ელექტროდანადგარების მოწყობის წესები (,,РУЭ“), როგორც ეს საექსპერტო დასკვნაში არის მითითებული.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, ა. გ-ეის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა. გ-ეის საკასაციო საჩივარზე 09.02.1023წ. №16012744133 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - ა. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 09.02.2013წ. №16012744133 საგადახდო დავალებით კ. მ-ეის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა