საქმე №ბს-564(2კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 3 ოქტომბერს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მის მამას ვ. ბ-ეს 1993 წელს საკუთრებაში გადაეცა ბორჯომის რაიონში (...ში) მდებარე მიწის ნაკვეთი. 2000 წლის 28 აგვისტოს, მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეეესტრის სამსახურში ვ. ბ-ეის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), რაზეც გაიცა სარეგისტრაციო მოწმობა. მოსარჩელის ოჯახი აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობს 1993 წლიდან, წლების განმავლობაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღირიცხებოდა გადასახადი.
2018 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...), დაზუსტებული სახით დარეგისტრირების მიზნით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, რომლის 2018 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მონაცემები ზედდებაში იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ...ის აღკვეთილის საზღვართან (ს.კ. ...) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პასუხის მიხედვით შესაძლებელი არ იყო ...ის აღკვეთილის საზღვრის კორექტირება. ზემოაღნიშნული მიზეზით სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო 2018 წლის 21 აგვისტოს შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან წარდგენილი არ იქნა კორექტირებული ნახაზი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ემ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 3 სექტემბერის №... გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის 17.07.2017 წლის №... გადაწყვეტილებებით ...ის აღკვეთილში მდებარე 68252503 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს საკუთრება, აღნიშნულს საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.07.2017წ №1/1-1599 და 14.07.2017წ. №1/1-1651 ბრძანებები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მასთან დაცული დოკუმენტების მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც არსებობდა ვ. ბ-ეის დაუზუსტებელი რეგისტრაცია 7868,69 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრება, რითაც შეილახა მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა სხვა პირებთან მიმართებაში იმავე მოცემულობაში, სხვაგვარია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთები, რომლებიც იმავე პროცედურებით მიიღეს კონკრეტულმა პირებმა და ასევე მოქცეულია ...ის აღკვეთილის ტერიტორიაზე, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე. ლ-ის (ს/კ ...) და ი. გ-ის (ს/კ ...) სახელზე. ამასთან, მოსარჩელის და მ. გ-ეის ოჯახს ერთ დღეს ერთი გადაწყვეტილებით გამოეყოთ სათიბი ...ში, ნაკვეთები მდებარეობს მეზობლად. მ. გ-ეს დარეგისტრირებული აქვს საკუთრებაში ზუსტად მოსარჩელის ნაკვეთის ფართის ტოლი მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე მდებარეობს ...ის აღკვეთილის ტერიტორიაზე, ხოლო მოსარჩელეს მარეგისტრირებელი ორგანო უარს ეუბნება რეგისტრაციაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ეის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ განსაჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში ასკ-ის 16.2 მუხლით, აუცილებელ მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო.
მოპასუხეთა წრის და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური და საბოლოოდ მოითხოვა ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილების, 2018 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების, 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელის სახელზე დაზუსტებული ნახაზის შესაბამისად, ბორჯომის რაიონში, ...ში მდებარე მოსარჩელის მამის სახელზე რიცხული 7868.89 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემა დავალება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილება ზედდების ნაწილში, 2018 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილება, 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, 2018 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილება. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებაც რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის გზით მოითხოვა მ. ბ-ემ, მდებარეობს ...ის აღკვეთილის ტერიტორიაზე, რომლის საზღვრები და ფართობი დადგენილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილებით „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 28 აგვისტოს მიწის საკუთრების №... სარეგისტრაციო მოწმობისა და მიწის სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მოსარჩელის სამართალმამკვიდრებლის - ბ-ე ვ. მ.-ის ძის ოჯახს საკუთებაში გადაეცა ბორჯომში, ..., ..., (...ი), 7868.89 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., საფუძველი: საგადასახადო სია №402. ამასთან, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს უშუალოდ დაცული ტერიტორიების საზღვრებში.
2017 წლის 17 ივლისს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებული ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და 68252503.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აქედან სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორია ფართით 67913791 კვ.მ., ს.კ. ..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე.
დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, ორთოფოტოს მიხედვით ზედდებაშია ...ის აღკვეთილში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიასთან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №...გადაწყვეტილებით, მ. ბ-ეის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა მესამე პირის პოზიცია, რომ აღკვეთილის საზღვრები და ფართობი დადგენილია 1995 წლიდან და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია აღკვეთილის საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისება, სხვა პირზე რეგისტრაცია. მიუხედავად არგუმენტის სისწორისა, პალატამ აღნიშნული არ გაიზიარა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ძალაში მყოფია მოსარჩელე მხარის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კერძოდ, დადგენილია, რომ აღკვეთილის საზღვრების დადგენის (1995 წ.) შემდეგ, 2000 წელს ბარბაქაძეების ოჯახის სახელზე რეგისტრირებულ იქნა 7868.89 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პალატამ აღნიშნა, რომ მ. ბ-ეის ოჯახის სახელზე ჯერ კიდევ 2000 წელს დარეგისტრირდა ქონება, საკუთრების უფლების პრეზუმფციის გათვალისწინებით, იმ პირობებში, რომ აღნიშნული რეგისტრაცია ჯერ ისევ ძალაშია, განსახილველი დავის პირობებში აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი 1995 წელს უკვე აღკვეთილის სტატუსის ქვეშ ექცეოდა, ამდენად, მ. ბ-ეს ეკარგებოდა მისი დარეგისტრირების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატა დაეთანხმა ახალციხის რაიონული სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ საკუთრების რეგისტრაციების რიგითობის გათვალისწინებით უპირატესია რიგით პირველი - მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია (2000 წელი) ნაცვლად სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისა (2017).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური მიუთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო ფორმალურად მიუდგა საკითხს, რადგან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სრულყოფილად გამოიკვლია საკითხი და ამასთან, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი №394 (13.07.2018) წერილის შესაბამისად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო წინააღმდეგი იყო ზედდების ნაწილში საზღვრების კორექტირებაზე, რაც თავის მხრივ, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის რეგისტრაციის განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაშიც, ვერ იქნება ის სამართლებრივი შედეგი მიღწეული, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელე მხარეს.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, დაურეგისტრირებელი უძრავ ქონება, რომელზეც კერძო პირის საკუთრების უფლება არ ფიქსირდება და არ არსებობს რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, ექვემდებარება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას.
სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის №1/1-1599 და 2017 წლის 14 ივლისის №1/1-1654 ბრძანებების საფუძველზე, ...ის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ 68252503 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კასატორი მიუთითებს საქმეში დაცულ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, არ დადასტურდა მ. ბ-ეის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობა ვ. ბ-ეის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთთან. კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემული დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველად არსებული, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის №1/1-1599 და 2017 წლის 14 ივლისის №1/1-1654 ბრძანებები. კასატორი აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის საფუძვლების დღეის მდგომარეობით ძალაში ყოფნის პირობებში, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმება უსაფუძვლოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილების, 2018 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების, 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელის სახელზე დაზუსტებული ნახაზის შესაბამისად, ბორჯომის რაიონში, ...ში მდებარე მოსარჩელის მამის სახელზე რიცხული 7868.89 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემა დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ივნისს მ. ბ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება ...ში, „...ში“ (ზონა ბორჯომი, სექტორი ...) არსებულ მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ აუცილებელი იყო იმ გარემოების დადგენა, დაცული ტერიტორია ხვდებოდა თუ არა ...ის აღკვეთილის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოდან 26.06.2018წ. №279206 წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მ. ბ-ეის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მოძიებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ...ის აღკვეთილის საზღვართან. ამავე წერილში მითითებულია, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაცული ტერიტორიების დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის შემცირება ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში. მოცემულ შემთხვევაში კი არ არის შესაძლებელი განხორციელდეს ...ის აღკვეთილის საზღვრის კორექტირება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებით მ. ბ-ეს ეცნობა, რომ ორთოფოტოს მიხედვით ფიქსირდებოდა ზედდება ...ის აღკვეთილში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიასთან (ს.კ. ...), რის გამოც დაინტერესებულ პირს მოეთხოვა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა დადგენილ ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მოტივით.
2018 წლის 15 აგვისტოს მ. ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილების გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილებით „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ დადგინდა ...ის აღკვეთილი ტერიტორიის საზღვრები და ფართობი, რომლის ტერიტორიაზეც მოექცა ის მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებაც რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის გზით მოითხოვა მ. ბ-ემ.
საქმეში წარმოდგენილი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით 7868,89, საკადასტრო კოდი: ..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ. მ.-ის ძე ბ-ეის ოჯახზე. ამასთან, სააგენტოში დაცულია აღნიშნული უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი (რეგისტრაციის ნომერი ..., რეგისტრაციის თარიღი: 28.08.2000) და საკადასტრო რუკა, რომლებზეც ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. სამკვიდრო მოწმობით დადგენილია მ. ბ-ეის, როგორც ვ. ბ-ეის პირველი რიგის მემკვიდრის მიერ გარდაცვლილის მთელი სამკვიდრო ქონების საკუთრებაში მიღების ფაქტი.
2000 წლის 28 აგვისტოს მიწის საკუთრების №... სარეგისტრაციო მოწმობისა და მიწის სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მოსარჩელის სამართალმამკვიდრებლის - ბ-ე ვ. მ.-ის ძის ოჯახს საკუთებაში გადაეცა შემდეგი ქონება: ბორჯომი, ..., ..., (...ი), 7868.89 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., საფუძველი: საგადასახადო სია №402.
საქმეში წარმოდგენილი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ...ის აღკვეთილში მდებარე 68252503.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/1-1599 (10.07.2017) და №1/1-1651 (14.07.2017) ბრძანებები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა (სუსგ 28.02.2013წ., №ბს-367-363(კ-12)). საკასაციო სასამართლომ განმარტავს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისგან დამოუკიდებლად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე, სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე, მოსარჩელის სახელზე 17-წლიანი რეგისტრაციის არსებობის პირობებში, აუცილებლად უნდა გამოეკვლია სად მდებარეობდა მოსარჩელის ნაკვეთი. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან კი იკვეთება, რომ აღნიშნული სრულყოფილად არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიმართვისა და სსიპ საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ეტაპზე, სადავო უძრავ ქონებაზე დაზუსტებული სახით არ ფიქსირდებოდა სხვა პირის საკუთრების უფლება, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალებით გადაემოწმებინა სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობის ფაქტი, რათა არ დაეშვა ერთსა და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც მ. ბ-ეის ოჯახის სახელზე 2000 წელს განხორციელებული მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი სახით რეგისტრაცია დღევანდელი მდგომარეობით ძალაშია და უფლების დამდგენი დოკუმენტით დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება (მოთხოვნის უფლება), უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია მითითებული მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შეუძლებლობაზე, ხსენებული ნაკვეთის 1995 წელს აღკვეთილის სტატუსის ქვეშ მოქცევის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას მისი 10.07.2017წ. N1/1-1-1599 და 14.07.2017წ. №1/1-1654 ბრძანებების გაუსაჩივრებლობის პირობებში, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების გაუქმების შეუძლებლობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლზე, რომლის თანახმად, მართალია მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მოცემული დავის ფარგლებში, წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ არის ქცეული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. განსახილველ შემთხვევაში, დავას იწვევს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული აქტების მატერიალური და ფორმალური კანონიერება, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა, რასაც არ აბრკოლებდა სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლების გაუსაჩივრებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 18.07.2023წ. №34333 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.07.2023წ. №34333 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა