საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-№1446(კ-22) 19 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ლ. კ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხეები)
თავდაპირველი მოსარჩელეები - მ. ო-ი, ე. ო-ი
მესამე პირი - ე. ქ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ო-იმა და ე. ო-იმა 2019 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 აგვისტოს №... და 2014 წლის აგვისტოს №... გადაწყვეტილებებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ივლისის №... და 2008 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით მ. ო-ისა და ე. ო-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. კ-ი, გ. გ-ე და ნ. მ-ი.
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა 2019 წლის 4 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა გ. გ-ეის და ნ. მ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ს.კ. ... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, იმ საფუძვლით, რომ N... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება არ ფიქსირდებოდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციული საქმის წარმოება მ. და ე. ო-იების სარჩელისა გამო ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 31 დეკემბრის N... გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 10 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.
მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სააგენტოს 10.01.2019 წლის №..., 12.02.2019 წლის №..., 10.04.2019 წლის №... გადაწყვეტილებებისა და ლ. კ-ის საკუთრების (ს.კ....) რეგისტრაციის შესახებ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში სააგენტოს 11.08.2015 წლის №..., 21.08.2014 წლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დავალება, განახორციელოს უძრავი ქონების ს.კ. ... რეგისტრაცია მოსარჩელე მ. ო-ის და ე. ო-ის სახელზე განმცხადებელთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ო-ის და ე. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ქ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ო-ისა და ე. ო-ის სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ო-ისა და ე. ო-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.01.2019 წლის №..., 12.02.2019 წლის №..., 10.04.2019 წლის №... გადაწყვეტილებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.08.2015 წლის №... და 21.08.2014 წლის №... გადაწყვეტილებები ლ. კ-ის საკუთრების (ს.კ. ...) რეგისტრაციის შესახებ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში; ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტების გამოცემა. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-იმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელეები არიან პ. ი.-ს ძე გ-ეის მემკვიდრეები, რომელსაც 1997 წლის 6 იანვრის №058 მიღება-ჩაბარების აქტით ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში გადაეცა 2 მიწის ნაკვეთი, მათ შორის 800 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლის სამხრეთ მხარეს ესაზღვრება ლ. კ-ი. მოსარჩლეების მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, უძრავი ქონების ს/კ ... რეგისტრაციის დავალება, თუმცა, დავა რეალურად მიმდინარეობს ლ. კ-ის კუთვნილ, მის საკუთრებაში „საჯარო რეესტრის შესახებ“კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც რეგისტრირებული იყო 1999 წლის 20 აგვისტოდან საკადასტრო კოდით ...; კერძოდ, 2014 წელს ლ. კ-იმა მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია, რაზედაც 2014 წლის 21 აგვისტოს საჯარო რეესტრმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
2015 წლის 05 აგვისტოს ლ. კ-იმა კვლავ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, ვინაიდან უძრავი ნივთის საზღვრები აზომილი იყო არასწორად და რეალურად მის საზღვრებში არასწორად იყო მოქცეული გზის ნაწილი. ლ. კ-იმა წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა რეგისტრირებული მონაცემების შესწორება, რის შემდეგაც საჯარო რეესტრმა 2015 წლის 11 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება №... რეგისტრაციის შესახებ და დაზუსტდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ლ. კ-იმა მისი საკუთრება დააზუსტა იმ ფართობითა და კონფიგურაციით, რასაც ფლობდა წლების განმავლობაში და სხვა ტერიტორიებიდან გამიჯნული იყო ღობით.
კასატორის განმარტებით, მ. და ე. ო-იებმა არასწორად აზომეს თავიანთი ფართი და შევიდნენ ლ. კ-ის ღობის შიგნით, მაშინ როდესაც თავისუფლად შეეძლოთ აზომვის დროს საზღვარი ღობის გასწვრივ გაევლოთ და არანაირი დავა არ იქნებოდა. მართალია, 2014 და 2015 წლებში განხორციელდა ლ. კ-ის უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, მაგრამ ეს ცვლილება გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ლ. კ-ის საკადასტრო საზღვრები იყო აზომილი არასწორად და მოქცეული იყო გზის ნაწილი. რაც შეეხება ო-იების მხარეს, იქ რეალურად დარჩა იგივე მონაცემები, რაც რეგისტრირებული იყო 1999 წლიდან. არასოდეს ყოფილა ჩათვლილი სახელმწიფოს მიერ კ-იების ღობე უკანონოდ, ღობის დემონტაჟთან დაკავშირებით არანაირი დავა არ ყოფილა, არანაირი ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა ღობის თითქოსდა უკანონობასთან დაკავშირებით, არ ყოფილა სადავო ის გარემოება რომ თითქოს ღობე სხვის საკუთრებაში არსებულ მიწაზე იყო განთავსებული. ო-იები არაკეთილსინდისიერად ცდილობენ მიითვისონ კ-ის ტერიტორია და სპეციალურად აზომეს არასწორად და ნახაზის მიხედვით საზღვარი გაავლეს კ-ის მიწაზე ღობის შიგნით, რაც კარგად ჩანს სიტუაციურ ნახაზში.
კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია 2007 წელს დაუზუსტებელი მონაცემებით, ფართით 1050 კვ.მ. ეს რეგისტრაცია პ. გ-ეის მიერ განხორციელდა 8 წლის შემდეგ, რაც ლ. კ-იმა მის მომიჯნავედ თავისი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ჯერ კიდევ 1999 წელს. ე. ო-იმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს 2018 წლის 1 ოქტომბერს მიმართა განცხადებით და განმარტა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მოითხოვდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაციას. საჯარო რეესტრმა ო-იებს მიუთითა, რომ წარმოედგინათ კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რათა აღმოფხვრილიყო ზედდება ლ. კ-ის მიწის ნაკვეთის მიმართ, მათ ეს არ გააკეთეს და სწორედ ამიტომ ეთქვათ უარი რეგისტრაციაზე სრულიად კანონიერად. აღსანიშნავია, რომ გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზების თანახმად, ო-იების მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ გეგმაზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მასალაში დაცულ ნახაზსა და მიღება-ჩაბარების აქტის ექსპლიკაციის გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთების მდებარეობას, თუმცა შეუსაბამოა უძრავი ნივთების კონფიგურაცია, ამდენად აშკარაა, რომ მათ მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებულია არასწორი კონფიგურაციით და სწორედ ამიტომ ითხოვდა საჯარო რეესტრი ნახაზის კორექტირებას. ო-იებს შეეძლოთ ჩრდილოეთით მათ მომიჯნავედ არსებულ თავისუფალი ტერიტორიის გამოყენებით მოეხდინათ ნახაზის კორექტირება. ასევე აღსანიშნავია, რომ მიღება-ჩაბარების აქტით პ. გ-ეს გამოყოფილი აქვს საკარმიდამო 800 კვ.მ., ხოლო ტექპასპორტის თანახმად, დაკავებული აქვს 1025 კვ.მ, რეალურად კი რეგისტრირებული აქვს 1050 კვ.მ. ყველა უფლების დამდგენ დოკუმენტში დაფიქსირებულია განსხვავებული ფართები, ამდენად რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ ო-იების მიწის ნაკვეთის მონაცემები უგულებელყოფილია, გაურკვეველია, რა მონაცემები მიიჩნია დარღვეულად; იმ პირობებში, როდესაც ყველა დოკუმენტში მიწის ნაკვეთის სხვადასხვა ფართებია მითითებული, გაუგებარია რომელი მონაცემები მიიჩნია სწორად.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, ვერ გადაწყვიტა სადავო საკითხი და აღნიშნული საქმის შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა დაავალა საჯარო რეესტრს. აღნიშნული გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება დავა უნდა გაგრძელდეს წლების განმავლობაში, თავიდან უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ო-იებს პრინციპულად არ სურთ ნახაზის კორექტირება და ითხოვენ ლ. კ-ის კუთვნილი ფართის ნაწილის მითვისებას, რაც მყარი მიჯნით არის გამოყოფილი მათი მიწის ნაკვეთიდან, მიუხედავად იმისა რომ არანაირი უფლება არ გააჩნიათ იმ კონკრეტულ ფართზე და ვერც საჯარო რეესტრში და ვერც ორი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარმოადგინეს დოკუმენტი, რაც მათ კანონიერ უფლებას ან თუნდაც ფლობას და სარგებლობას დაადასტურებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა კასატორის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული 65 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და არა ზოგადად ლ. კ-ის საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (სუსგ 20.04.2010წ. №ბს-1285-1229(2კ-09)).
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის გარემოებები, ამ გარემოებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მათი დადგენა და გამოკვლევა სასამართლოს მიერ შეუძლებელია. ხსენებული მუხლის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოება არ იქნა შესწავლილი და დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რა საკითხი საჭიროებს გამოკვლევას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული მტკიცებულებათა საკუთარი ინიციატივით მოპოვების უფლებამოსილების გამოყენების პირობებშიც კი, რატომ არის ამ ფაქტების დადგენა შეუძლებელი სასამართლოს მიერ. მხოლოდ ამგვარი დასაბუთების შემთხვევაში მიიჩნევა მართებულად ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, არსებითად გადაწყვიტოს სასამართლოში მიმდინარე დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკითხი შეეხება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის თვალსაზრისით საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას, პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლში 2016 წლის 17 ივნისს შევიდა ცვლილება (03.06.2016 წ. №5154 რს) და დაემატა 62 პუნქტი, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა, მისი საქმიანობის სპეციფიკისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის არსებობის გამო, სარეგისტრაციო საქმიანობა უნდა განახორციელოს კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილად დაცვით, ყოველი რეგისტრაცია, მასში ცვლილების შეტანა თუ სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქცია განახორციელოს არა აბსტრაქტულად შესაძლო გარემოებასა და ვარაუდზე, არამედ, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე, რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, განახორციელოს კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და არ დაუშვას საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველი - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე, ასევე - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა და საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1997 წლის 6 იანვრის №058 მიღება-ჩაბარების აქტით, პ. ი.-ს ძე გ-ეს ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში გადაეცა 2 მიწის ნაკვეთი, მათ შორის 800 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლის სამხრეთ მხარეს ესაზღვრება ლ. კ-ი.
საარქივო ცნობის მიხედვით, პ. ი.-ს ძე გ-ეის ოჯახს სოფელ ...ში სულ აწერია 0.07 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ნაგებობათა ქვეშ კი - 0.01 ჰექტარი. 1988 წლის 07 აგვისტოს ტექპასპორტის თანახმად კი პ. გ-ეს ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში ფაქტობრივად დაკავებული ჰქონდა 1025 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
პ. გ-ე გარდაიცვალა 2003 წლის 17 ნოემბერს. პ. გ-ეის შვილიშვილმა ე. ო-იმა 2007 წლის 17 სექტემბერს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა აწ.გარდაცვლილი პ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე.
საჯარო რეესტრიდან 18.09.07წ. ამონაწერით და მიწის 17.09.07წ. სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ბორჯომის რაიონი, სოფელი ...ი, დაუზუსტებელი ფართობით 1050.00 კვ.მ., ს.კ. ..., დარეგისტრირდა პ. გ-ეის საკუთრებად.
1997 წლის 8 თებერვლის №059 მიღება-ჩაბარების აქტით, ლ. ა.-სს ასულ კ-ის, ბორჯომში, სოფელ ...ში გადაეცა 2 მიწის ნაკვეთი, მათ შორის 1800 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ნაკვეთს ჩრდილოეთის მხარეს ესაზღვრება პ.გ-ე. მითითებული უძრავი ქონება ს.კ. ..., აღრიცხულია ლ. კ-ის საკუთრებად. განაცხადის რეგისტრაციის თარიღია 20.08.1999წ.;
2014 წლის 04 აგვისტოს განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია ლ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ბორჯომის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ს.კ. ...;
ლ. კ-ის წარმომადგენელმა 2015 წლის 5 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, იმ მოტივით, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საზღვრები აზომილი იყო არასწორად, ხოლო ახალი საკადასტრო-აზომვითი ნახაზი შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას და ითხოვდა რეგისტრირებული მონაცემების შესწორებას.
ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 11 აგვისტოს მიიღო №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და დაზუსტდა ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები;
მ. ო-იმა, როგორც პ. გ-ეის მემკვიდრემ, 2018 წლის 24 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 31 აგვისტოს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. ზედდების აღმოუფხვრელობის მოტივით საბოლოოდ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზების თანახმად, სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ გეგმაზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მასალაში დაცულ ნახაზსა და მიღება-ჩაბარების აქტის ექსპლიკაციის გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთების მდებარეობას, თუმცა შეუსაბამოა უძრავი ნივთების კონფიგურაცია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის დასკვნით, 2008 წლის 20 აგვისტოს შპს „ლ...“-ს მიერ მომზადებულ გენ-გეგმაზე ასახული მყარი ორიენტირებისა და ხსენებული მყარი ორიენტირების ფაქტობრივი კოორდინატების გათვალისწინებით გაორიენტირებული 1050 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაფარვაში მოდის საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, კერძოდ გადაფარვის ფართი შეადგენს 65 კვ.მ-ს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 ივლისის დასკვნით, ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია ძირითადად არ შეესაბამება 1997 წლის 8 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის №059 მიღება-ჩაბარების აქტში და მასზე თანდართულ გეგმა-ნახაზში არსებულ საკარმიდამო (რეფორმამდე არსებული) 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას; კერძოდ ძირითადი სხვაობა კონფიგურაციებს შორის ფიქსირდება ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ძირითადი სხვაობები გაბარიტულ ზომებს შორის ფიქსირდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ასევე არ შეესაბამება შენობა-ნაგებობების რაოდენობა. კერძოდ საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია ორი შენობა-ნაგებობა, ხოლო №059 მიღება-ჩაბარების აქტში საკარმიდამო (რეფორმამდე არსებული) მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება სამი შენობა-ნაგებობა, რაც შეეხება მიწის ნაკვეთების ფართებს ისინი ერთმანეთის იდენტურია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად პ. გ-ეის სახელზე საჯარო რეესტრის 17.09.2007 წლის გადაწყვეტილებით უძრავი ქონების დაუზუსტებელი სახით რეგისტრაციისა, (რა დროსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი ...), საჯარო რეესტრმა 2014-2015 წელს ისე დაარეგისტრირა ლ. კ-ის უძრავი ქონება და იგი ზედდებაში ისე მოვიდა პ. გ-ეის საკუთრებასთან, რომ არ შეადარა ლ. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი პ. გ-ეის 2007 წელს რეგისტრირებულ საკუთრების მონაცემებს. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, კონკრეტულად რა გარემოებები არ იყო შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და რა საკითხებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება მარეგისტრირებელ ორგანოს, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს უტყუარად არ დაუდგენია მოსარჩელეთა მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. აღნიშნულის შემოწმება კი, საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიუხედავად, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესრულებას და იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც მოცემულ საქმეში სახეზეა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს ადმინისტრაციული ორგანოს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, ლ. კ-ის საკუთრების რეგისტრაციისას შეფასდა თუ არა პ. გ-ეის დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული მონაცემები, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ლ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 09.01.2023წ. №15694887007 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ლ. კ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 09.01.2023წ. №15694887007 საგადახდო დავალებით ე. ქ-ეის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა