№ბს-674(3კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. კ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 7 დეკემბერს ზ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისმა მამამ - ჯ. კ-ემ 1984 წელს ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში (...), ... მ/რ, ... კვარტ, ბინა №22 გადაცვალა იმავე დასახლებაში არსებულ კორპუს №...-ში, მდებარე ბ.№17-ში. 1984 წლის 23 აგვისტოს ჯ. კ-ეის სახელზე გაიცა ბინის გაცვლის ორდერი №6451. 1986 წელს ჯ. კ-ემ კვლავ გადაცვალა №17 ბინა იმავე კორპუსში მდებარე №13 ბინაში.1986 წლის 21 მაისს გაიცა საბინაო ბარათი (ფორმა №17), რომლის თანახმად ძირითადი დამქირავებელი გახდა ჯ. კ-ე და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე- ვ. კ-ე და შვილები - ზ. და ჯუ. კ-ეეები. 2002 წელს სხვა ბინაში ცხოვრების პერიოდში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ბინაში შეიჭრა მ. მ-ი. 2015 წელს 14 ივნისს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა - ჯ. კ-ე. მოსარჩელის მამის გარდაცვალების პერიოდიდან ბინაში უკანონოდ შეჭრილნი არიან მათი ნათესავები. ბინას ამჟამად ფლობს ს. ნ-ი, რომლის მიმართ გამოსახლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს პოლიციას და სასამართლოს, რომელებმაც ზემოაღნიშნული პირი არ გამოასახლეს, რადგან მოსარჩელეს საკუთრების უფლებით არ ჰქონდა ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა პოლიციის რაიონულ სამმართველოს, საპატრულო პოლიციასა და გამგეობას ამზომველის ბინაში შესვლაში დახმარების აღმოსაჩენად, თუმცა, უშედეგოდ. 2018 წლის 22 ოქტომბერს ზ. კ-ემ მიმართა ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მოითხოვა არაპრივატიზებული ფართის კანონიერი მოსარგებლისთვის - ზ. კ-ეისთვის გადაცემა. მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა პრივატიზებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი. 2020 წლის 25 ივნისის წერილით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 25 ივნისის №35-01201771197 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოთხოვა მისი ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ნოემბრის №1602 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ. კ-ეის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 25 ივნისის №35-01201771197 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ნოემბრის №1602 ბრძანების, ზ. კ-ეის წარმომადგენლის ე. გ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათილად ცნობა და ზ. კ-ეის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მისთვის ქ. თბილისი, ..., მე-3 მ/რაიონი, მე-5 კვ. კორპ. №...-ში მდებარე №13 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ზ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ზ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 25 ივნისის №35-01201771197 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ნოემბრის №1602 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა)არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა- დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო განყოფილების მიერ 1984 წლის 23 აგვისტოს, მოქალაქე ჯ. ა.-ს ძე კ-ეის სახელზე გაიცა ბინის გაცვლის №6451 ორდერი. შესასახლებელ პირთა სიაში მიეთითა: ჯ. კ-ე - ძირითადი დამქირავებელი, ვ. კ-ე - მეუღლე, ჯუ. კ-ე - შვილი, ზ. კ-ე - შვილი (ს/ფ 17, ტომი 1). ასევე დადგენილია, რომ საქართველოს სსრ ლენინის რაიონის ქ. თბილისის №10 სახლმმართველობის მიერ გაცემული საბინაო ბარათის თანახმად (ფორმა №17), ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მ/რ, სახლი №5, კორპუსი №..., ბინა №13-ის დამქირავებელს წარმოადგენდა ჯ. კ-ე, ხოლო მისი ოჯახის წევრებს შეადგენდნენ - მეუღლე და შვილები - ვ. კ-ე, ჯუ. კ-ე და ზ. კ-ე (ს/ფ 20, ტომი 1). სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ზ. კ-ე არის 2015 წლის 14 ივნისს გარდაცვლილი ჯ. კ-ეის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე და მან, მამკვიდრებლის მეუღლესთან, ვ. გ-ასთან ერთად, თანაბარწილად მიიღო ჯ. კ-ეის სამკვიდრო ქონება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტებით განმცხადებელს დაევალა ისეთი სახის დოკუმენტის წარმოდგენა, რომლის წარდგენის დამაბრკოლებელ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმირებულია ადმინისტრაციული ორგანოც. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მათ თვითონაც სცადეს სადავო ფართში მცხოვრებ პირთან კომუნიკაციის დამყარება, თუმცა წარუმატებლად. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ოქმები, რომლებიც ადასტურებენ აპელანტის მხრიდან მცდელობების განხორციელებას, რათა მას მოეპოვებინა სადავო შენობის შიდა აზომვითი ნახაზი სწორედ იმ ფორმით, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნასთან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ განცხადებას თან უნდა დაერთოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი - თავის თავში იმთავითვე მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - შეაფასოს მხარის მიერ წარდგენილი ყველა სახის ინფორმაცია, ცნობა, დოკუმენტი, რაც ხსენებული მოთხოვნის შესრულების მიზნით იქნება წარდგენილი. თუკი აღმოჩნდება, რომ მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტის არსებული ფორმაცია კანონით გათვალისწინებულ სახესა და ფორმას ზედმიწევნით არ შეესაბამება, ხოლო პირი, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენების მიუხედავად, ვერ ახერხებს, დაძლიოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ნაკლოვანება (რაც მისი ბრალით არ არის გამოწვეული) და ამასთან, მხარე ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენით ადასტურებს ყველა წინაპირობის არსებობას, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა საგამონაკლისო შემთხვევა განიმარტოს იმ სახით რომ მხარის იურიდიული ინტერესის რეალიზაციის შესაძლებლობა გამოუვალ ლაბირინთში არ იქნეს შეყვანილი, მიღებული გადაწყვეტილებით არ შეილახოს საპრივატიზაციო ობიექტზე უფლების მქონე დაინტერესებული პირის ინტერესები.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 53.5 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორ - ზ. კ-ეის განმარტებით, მის 4-სულიან ოჯახს სადავო უძრავ ქონებაზე კანონიერი სარგებლობის უფლება წარმოეშვა 1984 წელს. ბინის ძირითადი დამქირავებელი იყო მამა ჯ. კ-ე (გარდაცვლილია), ხოლო ოჯახის წევრები დედა ვ. კ-ე, და ჯუ. კ-ე (დაიკარგა უგზო-უკვლოდ) და თვითონ. 2002 წელს ბინაში შეიჭრა მ. მ-ი. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ბინას ფლობდნენ მისი შვილიშვილები ლ. და რ. ჭ-ეები. ამჟამად ბინას ფლობს მათი ნათესავი ს. ნ-ი. კასატორი აღნიშნავს, რომ არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს უკანონოდ შეჭრილების გამოსახლების, მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ზ. კ-ეს უარი ეთქვა ბინიდან ს. ნ-ის გამოსახლებაზე იმ საფუძვლით, რომ ბინა მის სახელზე არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
კასატორისთვის გაუგებარია ორი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მის მიერ ტექბიუროს გეგმის მიხედვით წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189-ე დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას და წარმოდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი არ არის შედგენილი იმგვარად, რომ ზუსტად ასახავდეს საპრივატიზაციო ბინის ფაქტობრივ მდგომარეობას. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას. აზომვითი ნახაზი შედგენის სპეციალური წესი კი დადგენილი არ არის. ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ დაახარვეზა მის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189-ე დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს იმ სავალდებულო დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც უცილობლად უნდა დაერთოს განცხადებას პირისთვის საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს საპრივატიზებო ფართის შიდა აზომვითი ნახაზი. კასატორი განმარტავს, რომ მერიაში გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე მიცემული მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მის მიერ წარდგენილი ნახაზი შედგენილია საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს გეგმის მიხედვით. ზემოაღნიშნული დოკუმენტი შეუძლებელია ასახავდეს პრივატიზებამოთხოვნილი ფართის ფაქტობრივ მდგომარეობას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში არსებული დოკუმენტების უგულებელყოფით. კასატორისთვის გაუგებარია სააპელაციო პალატის მოსაზრება ს. ნ-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ფართში მცხოვრებ პირს ორჯერ სხვადასხვა მისამართზე გაეგზავნა შეტყობინება ზეპირი მოსმენის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა იგი არ გამოცხადებულა. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელახალ ადმინისტრაციული წარმოებას სადავო ფართში მცხოვრები პირის მოწვევის საფუძვლით, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სცადა ზემოაღნიშნულ პირთან დაკავშირება, თუმცა წარუმატებლად.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტას, რადგან მითითებული მუხლის გამოყენება აუცილებელი ხდება თუ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც თავიდან შეიძლება გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გააჭიანურების საფუძველი. სასამართლომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა აპრიორი სასარჩელო მოთხოვნების ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც შეიძლება არ წარმოადგენდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუმცა ნათელ წარმოდგენას ქმნიდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა/უსაფუძვლობის შესახებ.
კასატორ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ორგანოს დაავალა ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენით ჩატარება, მაშინ როდესაც ნაძალადევის რაიონის გამგეობის 6.06.2019წ. წერილით ს. ნ-ის ეთხოვა პოზიციის წარმოდგენა სადავო ფართთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. ასევე 17.02.2020წ. წერილით ს. ნ-ის ეცნობა მიმდინარე წარმოებასთან დაკავშირებით ჩანიშნული ზეპირი სხდომის გამართვის თარიღი. ზემოაღნიშნულ პიროვნებასთან კომუნიკაციის მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა. სააპელაციო პალატის მოსაზრება მოსარჩელის უფლებების დასაცავად ხელახლა გასამართ ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარის ჩართვასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და უშედეგო იქნება, რადგან ს. ნ-იმა ერთხელ უკვე არ მიიღო მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კასატორი აღნიშნავს, რომ საჭიროა იმ საკითხის გადაწყვეტა ტექბიუროს გეგმის მიხედვით წარმოდგენილი ნახაზი შეესაბამება თუ არა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189-ე დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომელიც პირს ავალდებულებს წარადგინოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. კასატორისთვის გაუგებარია სააპელაციო პალატის მიერ საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების არსი, სასამართლო რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად იმ პროცედურების გავლა, რაც მხარისთვის შედეგის მომტანი არ იქნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. კ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ზ. კ-ეის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 25 ივნისის №35-01201771197 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ზ. კ-ეის წარმომადგენლის ე. გ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ნოემბრის №1602 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ.თბილისში, ...ში, მე-... მ/რაიონში, მე-... კვ. კორპ. №...-ში მდებარე №13 ბინის ზ. კ-ეისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობისთვის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო განყოფილების მიერ 1984 წლის 23 აგვისტოს, მოქალაქე ჯ. ა.-ს ძე კ-ეის სახელზე გაიცა ბინის გაცვლის №6451 ორდერი. ბინები გადაიცვალა მოქალაქე ჯ. კ-ესა და თ. წ-ას შორის. შესასახლებელ პირთა სიაში მიეთითა: ჯ. კ-ე - ძირითადი დამქირავებელი, ვ. კ-ე - მეუღლე, ჯუ. კ-ე - შვილი, ზ. კ-ე - შვილი.
საქართველოს სსრ ლენინის რაიონის ქ. თბილისის №10 სახლმმართველობის მიერ გაცემული საბინაო ბარათის თანახმად (ფორმა №17), ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მ/რ, სახლი №..., კორპუსი №..., ბინა №13-ის დამქირავებელს წარმოადგენდა ჯ. კ-ე, ხოლო მისი ოჯახის წევრებს შეადგენდნენ: მეუღლე და შვილები - ვ. კ-ე, ჯუ. კ-ე და ზ. კ-ე. სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ზ. კ-ე არის 2015 წლის 14 ივნისს გარდაცვლილი ჯ. კ-ეის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე და მან, მამკვიდრებლის მეუღლესთან, ვ. გ-ასთან ერთად, თანაბარწილად მიიღო ჯ. კ-ეის სამკვიდრო ქონება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს ზ. კ-ეის წარმომადგენელმა, ე. გ-ამ განცხადებით მიმართა ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ა) დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ. კორპ. №...-ში, №13 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. განცხადებასთან ერთად მის მიერ წარდგენილი იქნა ი/მ ი...ს მიერ შედგენილი საპრივატიზებო ფართის აზომვითი ნახაზი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 25 ივნისის №35-01201771197 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზ. კ-ეის წარმომადგენელს, წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. განმცხადებელს 15 სამუშაო დღის ვადაში დაევალა პრივატიზებამოთხოვნილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ვინაიდან მის მიერ წარდგენილ იქნა საპრივატიზებო ფართის აზომვითი ნახაზი, რომელიც შესრულებულია დამკვეთის მითითებით, ტექბიუროს გეგმის მიხედვით.
2020 წლის 1 ივლისს ზ. კ-ეის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2020 წლის 25 ივნისის №35-01201771197 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ნოემბრის №1602 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ. კ-ეის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, საკუთრების უფლების რეალიზაციისათვის სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე საკუთრების უფლების ობიექტის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ხსენებული დანაწესი უზრუნველყოფს საკუთრების უფლების კვალიფიციურ დაცვას, ამასთან, მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებს ფართო დისკრეციას, ჩაერიონ ამ უფლებაში: უშვებს პირის საკუთრების ჩამორთმევას „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ და მეორე პუნქტი უფლებამოსილს ხდის სახელმწიფოს, დაადგინოს „თავისი შეხედულებისამებრ აუცილებელი კანონმდებლობა“ გადასახადებთან და სხვა შემოწირულობასა თუ სახდელებთან დაკავშირებით (იხ. სპამპინატო იტალიის წინააღმდეგ (Spampinato v. Italy), No. 23123/04, განჩინება 29.3.07.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე’’, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. ზემოაღნიშნული წესის (09.06.2016წ. მდგომარეობით) მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა). საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, რომელიც ადგენდა განაცხადზე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დართვის ვალდებულებას, 09.06.2016წ. განხორციელებული ცვლილებებით სავალდებულოა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზის წარდგენა.
ადმინისტრაციული სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგო რაიმე ქმედება (სზაკ-ის 5.1 მუხლი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის განცხადებაზე ხარვეზის დადგენა განაპირობა შიდა აზომვითი ნახაზის წარუდგენლობამ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზებზე, კერძოდ განმცხადებელის მიერ საცხოვრებელ სახლზე ფაქტობრივი მფლობელობის დაკარგვის ფაქტზე. საგულისხმოა, რომ საქმეში დაცული პოლიციის ოქმებით დასტურდება ზ. კ-ეის მცდელობა საცხოვრებელ სახლში შესვლისა და შიდა აზომვითი ნახაზის შედგენის წარუმატებელი მცდელობის თაობაზე. საგულისხმოა თავად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტება, რომ მათ თავადაც სცადეს სადავო ფართში მცხოვრებ პირთან კომუნიკაციის დამყარება, თუმცა წარუმატებლად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოხსენებული კოდექსის 97-ე მუხლი განამტკიცებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას გამოიკვლიოს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საჭირო მტკიცებულებები. კერძოდ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული წესი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის დებულებას, რაც, საჭიროებისამებრ გამოყენებული უნდა იქნეს ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა საპრივატიზებო ფართის აზომვითი ნახაზი, რომელიც შესრულებულია ტექბიუროს გეგმის მიხედვით. წარდგენილი ნახაზის მიღებაზე და განცხადებაში ასახულ მოთხოვნაზე უარი კი არ არის საკმარისად დასაბუთებული. ყურადსაღებია, რომ მოსარჩელეს ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე (სხვა პირის მიერ ფართის ფაქტობრივი ფლობა) არ გააჩნია წვდომა საცხოვრებელ ფართზე, რის გამოც არ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს დაევალა იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლის წარმოდგენის დამაბრკოლებელი გარემოებების თაობაზეც ადმინისტრაციული ორგანო იმთავითვე ინფორმირებული იყო. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ თუ პირი მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით მოწადინებულია დოკუმენტის მოსაპოვებლად, თუმცა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე მისთვის ეს შეუძლებელია და ამასთან, თუ მხარე ყველა სხვა დოკუმენტის წარდგენით ადასტურებს საპრივატიზებო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა არ შელახოს დაინტერესებული პირის ინტერესები. ფორმალიზმი არ უნდა იქცეს პირის უფლებების დარღვევის საფუძველად.
ადმინისტრაციული წარმოების მიზანი კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის უზრუნველსაყოფად იგი ორ მნიშვნელოვან საფეხურს შეიცავს: 1. საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება და 2. დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე ქმედების კვალიფიკაცია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი განხილვა და სრულად გამოკვლევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეიძლება მოიწვიოს სადავო ფართში ფაქტობრივად მცხოვრები პირი, დაადგინოს მისი უფლებები სადავო ფართთან დაკავშირებით, მოისმინოს მოსაზრებები მოსარჩელისთვის შიდა აზომვითი ნახაზის გაკეთებაზე მის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას ს. ნ-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში წარსულში უშედეგო ჩაბმის მოტივით, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული წარმოება ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვაზე, არ უნდა მოხდეს დაინტერესებული პირის უფლებების დაუსაბუთებელი ხელყოფა. განსახილველ შემთხვევაში, თუ სადავო ფართში მცხოვრები პირი კვლავ უარს განაცხადებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობაზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ზ. კ-ეის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189-ე დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, მესაკუთრეს არ აქვს შესაძლებლობა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ისარგებლოს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტით, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობისას არის შესაძლებელი იძულებითი გამოსახლების პროცედურის დაწყება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში უძრავის ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის სარჩელის საფუძველზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მაზედ, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, არსებობს რისკი იმისა, რომ სხვა პირის საცხოვრებელ ფართში არამართლზომიერად შეჭრისას, მოცემული ფართის კანონიერ მოსარგებლეს შეიძლება შეეზღუდოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. კ-ეის საკასაციო საჩივარზე ე. გ-ას 18.07.2023წ. №5516 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. გ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ზ. კ-ეის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. კ-ეის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;
3. ე. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. კ-ეის საკასაციო საჩივარზე 18.07.2023წ. №5516 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა