№ბს-676(2კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. მ-ის და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 15 სექტემბერს ზ. მ-იმა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2016 წლის განკარგულებით დაინიშნა ...ის თანამდებობაზე. 2021 წლის 18 აგვისტოს ჩაბარდა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს 17.08.2021წ. №02721 განკარგულება, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი განთავისუფლება მოხდა სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით, უკანონოდ. მისი განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი არაა დასაბუთებული, მასში არაა მითითებული სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად ხელმძღვანელი პირებისაგან ჰქონდა დადებითი შეფასება, როგორც კეთილსინდისიერ მოხელეს, შრომითი ურთიერთობის პერიოდში არ მიუღია საყვედური ან გაფრთხილება.
მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2021 წლის 17 აგვისტოს №02721 განაკარგულების, ზ. მ-ის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ბათილად ცნობა; ზ. მ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენის თაობაზე, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ზ. მ-ის სასარგებლოდ, განაცდური ხელფასის, კერძოდ, 2021 წლის 18 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის 700 (შვიდასი) ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ზ. მ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2021 წლის 17 აგვისტოს №02721 განკარგულება, ზ. მ-იის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-იმა და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულმა.
ზ. მ-იმა მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულმა მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ზ. მ-ის და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 86-ე, 96-ე, 97-ე, 101-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებანი, კერძოდ, ის რომ ზ. მ-ი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს და არღვევდა ეთიკის ნორმებს, სისტემატიურად, არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სამსახურში და არ ასრულებდა სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ მოვალეობებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებდა კონკრეტულ გადაცდომაზე, შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით, კერძოდ, რომელი დაკისრებული სამუშაო არ შეასრულა, ასეთი შეუსრულებელი დავალებების რაოდენობა, რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა და რა რაოდენობით იქნა იგი დარღვეული.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე (საქმე №ბს-595-592(კ-17) 28.09.2017წ. განჩინება), რომლის თანახმად: „ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და
არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც, წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებებისა - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება“. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოთხოვა, იმ პირის/პირების გამოკითხვა, ვისაც/რომელთაც ევალებოდათ დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობის აღრიცხვა, შეუსრულებელი ვალდებულების დაფიქსირება, გამოიწვევდა სრული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. მ-ის მიმართ 2019 წელს გამოყენებული დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა მოსარჩელის განთავისუფლების დროისათვის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის თანახმად, უკვე გასული იყო. შესაბამისად, მხოლოდ ხსენებულ სახდელებზე მითითება არ ადასტურებდა სადავო აქტის კანონშესაბამისობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-იმა და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულმა.
კასატორმა - ზ. მ-იმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა - დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორ ზ. მ-ის განმარტებით, მოცემულ საქმეზე სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი და უსაფუძვლოდ უთხრეს უარი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (სუსგ 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-380-375(2კ-16)), რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლო სასკ-ის 32.4 მუხლს იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული. კასატორის განმარტებით, სასამართლოს შეეძლო განხილვის პერიოდში თვითონ დაედგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2021 წლის 17 აგვისტოს №02721 სადავო განკარგულების მიღების საფუძველი იყო სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შეუსრულებლობა და არა მისი მოქალაქეობრივი მდგომარეობა. სახელმწიფო რწმუნებულს სამსახურიდან იგი არ გაუთავისუფლებია იმის გამო, რომ ნიდერლანდების მოქალაქე იყო. კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არც სამსახურიდან განთავისუფლების 2021 წლის 17 აგვისტოს №02721 განკარგულებაში, არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს ყურადღება არ გაუმახვილებია მოსარჩელის სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე. მოპასუხე მხოლოდ დისციპლინალურ პასუხისმგებლობის ზომებზე აპელირებდა. კასატორი მიიჩნევს, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მის განთავისუფლების საფუძვლად მიუთითებს საქართველოს მოქალაქეობის არქონას. კასატორი სზაკ-ის 60 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილზე მითითებით მიიჩნევს, რომ მას კანონიერი ნდობა გააჩნდა მისი დანიშვნის თაობაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, რის გამოც არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორ - დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულია ორი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, კერძოდ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 20.11.2019წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის მსუბუქი დისციპლინური გადაცდომისთვის შეეფარდა გაფრთხილება, ხოლო 27.12.2019წ. განკარგულებით მეორედ, მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის - საყვედური „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რაც წარმოადგენს მისი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების კანონისმიერ უპირობო საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ფაქტობრივად დაადასტურა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად განკარგულების გაუქმებით და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით სხვა სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება გამოიწვევს ადმინისტრაციული რესურსის უსაგნო ხარჯვას. კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზე არ იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშველობის მქონე გარემოებები, აქტის მომზადებისას დარღვეული არ ყოფილა არსებითი მნიშვნელობის საკითხი. კასატორის მითითებით არ იკვეთება მოსარჩელის გადაუდებელი კანონირი ინტერესი, რადგან, მისი მოქალაქეობის საკითხის გათვალისწინებით, არსებობს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების უალტერნატივო კანონისმიერი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. მ-ისა და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ისა და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლი მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2021 წლის 17 აგვისტოს №02721 განკარგულების, ზ. მ-ის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ბათილად ცნობა; ზ. მ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ზ. მ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის, კერძოდ, 2021 წლის 18 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის 700 (შვიდასი) ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2017 წლის 27 მარტის №1036 განკარგულებით, ,,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დებულების“ მე-2 თავის მე-5 მუხლის ,,რ“ პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ზ. მ-ი დაინიშნა დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ...ის პოზიციაზე.
დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2017 წლის 11 მაისის №1663 განკარგულებით, ,,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დებულების“ მე-2 თავის მე-5 მუხლის ,,რ“ პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ზ. მ-ი დაინიშნა ...ის პოზიციაზე.
საქმის მასალებით, ასევე, დადასტურებულია, რომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2021 წლის 17 აგვისტოს №02721 განკარგულების თანახმად, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 271-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 273-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო რწმუნებულის დებულების მე-5 მუხლის ,,ფ“ პუნქტისა და მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ზ. მ-ი 2021 წლის 18 აგვისტოდან გათავისუფლდა სამსახურიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით. მოპასუხემ საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა რომ ზ. მ-ი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს და არღვევდა ეთიკის ნორმებს, სისტემატიურად, არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სამსახურში და არ ასრულებდა სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, აქტის დასაბუთებისას მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებების მიღებისას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა ასახოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ამგვარად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების შემზღუდავი სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს იმგვარ დასაბუთებას, რომ მხარისათვის ნათელი და განჭვრეტადი იყოს, რა მოტივით და რა საფუძვლით გაანთავისუფლეს სამსახურიდან,
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა კონკრეტულ გადაცდომაზე, კერძოდ, რომელი დაკისრებული სამუშაო არ შეასრულა მოსარჩელემ, ასეთი შეუსრულებელი დავალებების რაოდენობა, რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა და რა რაოდენობით იქნა იგი დარღვეული.
საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად (სზაკ-ის მე-5 მუხ.). ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებების ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევის ვალდებულება ეკისრება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომაა სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. ამავე კანონის 85-ე მუხლის მესამე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. ამავე კანონის 101-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში.
დადგენილია, რომ ზ. მ-ის მიმართ მოქმედებდა ორი დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება და საყვედური, რომელიც დაედო 20.11.2019 და 27.12.2019. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური აქტის მიღებისას (17.08.2021), მოსარჩელე იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონე პირი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ხსენებულ სახდელებზე მითითება არ ადასტურებს სადავო აქტის კანონშესაბამისობას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
„ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-161-158(კ-15)).
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91.6 მუხლის თანახმად, თუ დისციპლინური წარმოების შედეგია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდება, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მონაწილეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღებაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება განაპირობა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენამ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ:
ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით;
ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული, ამასთან დასტურდება, რომ სადავო აქტების მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულმა ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცება. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვის, ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის, საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემა, ასევე არ დასტურდება თანამშრომლებისთვის ახსნა - განმარტებების ჩამორთმევა, რაც ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის წინაპირობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ასეთ დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2021 წლის 17 აგვისტოს №02721 განაკარგულება კი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არარელევანტურად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას ზ. მ-ის საქართველოს მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი არ გამხდარა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ ზ. მ-ის მოქალაქეობის საკითხზე დამსაქმებლის განმარტებები შესაძლოა მიუთითებდეს სამსახურში მიღების თაობაზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლების შესაძლო არსებობაზე, რაც მოცემული დავის საგანს არ შეადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს განსახილველი საკითხი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნეს ბათილად დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის 2021 წლის 17 აგვისტოს №02721 განაკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ზ. მ-ის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. მ-ის და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა