Facebook Twitter

ას-178-499-05 13 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 6 ნოემბერს დ. ჩ.-მ და ა. ი.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების _ ჯ. და ა.შ.-ების მიმართ და მოითხოვეს დ. ჩ.-სა და ჯ. შ.-ს შორის 1998წ. 7 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ჯ. შ.-მ დ. ჩ.-ს შესთავაზა მიეყიდა მის საკუთრებაში არსებული ოთახები, რაზეც შეთანხმდნენ და გააფორმეს მინდობილობა ა.შ.-ზე. დ. ჩ.-ს განმარტებით, ჯ. შ.-მ მას მოატყუა და ხსენებულ ოთახებთან ერთად გადაიფორმა ის ოთახებიც, რომლებიც 1985 წელს მიყიდა ა. ი.-ს, მაგრამ ამ უკანასკნელს არ გაუფორმებია. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ჯ. შ.-ისათვის, რადგან მინდობილობის გაცემისას აუხსნა მას ამის შესახებ.

დ. ჩ.-მ სარჩელით მოითხოვა მას და ჯ. შ.-ს შორის 1998წ. 7 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, ხოლო ა. ი.-მ _ ქ.ბათუმში, ...-ის ქ.¹36-ში მდებარე სახლის ლიტერ “ა”-ს მეორე სართულზე არსებულ ¹27,33,35 ოთახებზე, ¹23,24,25,26,31,36 დამხმარე ოთახებზე, ასევე ეზოში მდებარე ორ დამხმარე სათავს-ფარდულზე მესაკუთრედ ცნობა, ასევე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 250 აშშ დოლარის ოდენობით შესაბამისი კურსით ლარებში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჩ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: 1998წ. 7 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, დ.ჩ.-ის მიერ დ.შ.-ზე, ქ.ბათუმში, ...-ის ¹36-ში მდებარე სახლის 1\12-ის მიყიდვის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და, ბოლოს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. და ა.შ.-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ.ჩ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ.ჩ.-მ 1998 წელს უკრაინაში, ქ.კიევში, გასცა მინდობილობა ქ.ბათუმში მცხოვრებ ა.შ.-ზე მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის თაობაზე, რის საფუძველზეც მინდობილ პირ ა.შ.-სა და ჯ. შ.-ს შორის 1998წ. 7 სექტემბერს გაფორმდა საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ.ბათუმში, ...-ის (...-ის) ქ. ¹36-ში მდებარე სახლმფლობელობიდან დ. ჩ.-ს საკუთრებაში არსებული 1/12 იყიდა ჯ. შ.-მ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული სახლმფლობელობა ბათუმის სახალხო სასამართლოს 1977წ. 4 მარტისა და 1980წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილებებით წილობრივად დაიყო თანამესაკუთრეებს შორის. მოსარჩელე დ. ჩ.-ს მიეკუთვნა 1/6, რომლის 1/12 1989წ. 17 იანვარს სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით მიყიდა ა. იაკობაძეს, კერძოდ, ლიტ „ა“-დან მე-2 სართულზე ¹29, 30, 32 და 34 ოთახები და დამხმარე ფართი ამავე სართულზე ¹22 და ¹28 ოთახები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტების _ ჯ. შ.-ისა და ა.შ.-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე დ.ჩ.-მ სადავო გახადა აპელანტებს შორის 1998წ. 7 სექტემბერს დ.ჩ.-ს სახლთმფლობელობაზე გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მაგრამ მას სადავოდ არ გაუხდია 1998 წ. 12 აგვისტოს ა.შ.-ზე გაცემული, სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა, რომლის საფუძველზედაც დაიდო დასახელებული ხელშეკრულება. ამდენად, თუ ეს მინდობილობა ნამდვილია და მოტყუებით არ გაფორმებულა, ჩ.-ს მიერ გაცემული მინდობილობით განხორციელებული მოქმედების _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა. დ.ჩ.-მ სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ის მოპასუხეებმა შეცდომაში შეიყვანეს. მან მინდობილობა გასცა რა ა.შ.-ზე, ეგონა, რომ ისინი გადაიფორმებდნენ პირველ სართულზე არსებულ ოთხ ოთახს, მან არ იცოდა, რომ მის ბიძას, მოცემულ საქმეზე მის წარმომადგენელ ა.იაკობაძეს, არ ჰქონდა გადაფორმებული მის მიერ შინაურული წესით შესყიდული ოთახები მეორე სართულზე, რომელიც მის მიერ გაცემული მინდობილობის გამოყენებით გადაიფორმა ჯ. შ.-მ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ საქმეში მოიპოვება დ. ჩ.-ს მიერ დაწერილი მინდობილობის გაცემის დღესვე, იმავე ნოტარიუსთან დამოწმებული განცხადება, სადაც ის ბათუმის სასამართლოს აცნობებს, რომ მას ქ.ბათუმში ერიცხება სადავო სახლის 1/12, კერძოდ, ლიტერ „ა“-ში მეორე სართულზე ¹33, 30, 37 და 31 ოთახები, აგრეთვე, ლიტერ „ა“-ს პირველ სართულზე ¹25 და 22 ოთახები, რომლის თაობაზედაც მან უფლებამოსილება მიანიჭა ა.შ.-ს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა.და ჯ. შ.-ების მხრიდან დ.ჩ.-ს მოტყუებას ადგილი არ ჰქონია, მან გარკვეული საფასურის მიღების შემდეგ, რასაც ადასტურებს მისი წარმომადგენელი, 1998 წელს, საცხოვრებელი სახლის მის საკუთრებაში არსებული წილი მინდობილი პირის მეშვეობით მიყიდა ჯ.შ.-ს და აღნიშნული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება საცილო გახადა 2001წ. ნოემბრში, რითაც ასევე გაუშვა გასაჩივრების ვადა. დ.ჩ.-მ ჯ.შ.-სთან 1998წ. 7 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა სკ-ის 81-84 მუხლების შესაბამისად. სკ-ის 84-ე მუხლის თანახმად, „მოტყუებით დადებული გარიგება“ შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა ითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. ერთწლიანი ვადა გაშვებულია და პალატამ არ გაიზაირა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან შეცილების უფლების შესახებ ალ.იაკობაძესთაგან გაიგო 2001წ. აგვისტოში, როცა ეს უკანასკნელი მასთან ჩავიდა უკრაინაში, რადგან ალ.იაკობაძემ აღნიშნული ყიდვა-გაყიდვისა და მინდობილობის შესახებ შეიტყო და სადავო გახადა სხვა საფუძვლით ჯერ კიდევ 1999 წელში.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელ პირობად დადგენილია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც ჯ.შ.-ის მხრიდან დაცულია. ამასთან, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს კეთილდსინდისიერ შემძენად. 1985წ. 8 აგვისტოს შინაურული ხელშეკრულება კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უპირატესი ძალის მქონედ, რადგან დაცული არ არის უძრავი ქონების გასხვისებისათვის სსკ-ის 183-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა ნივთის შესაძენად სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ჩ.-ს წარმომადგენელმა ა. ი.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 81-84-ე მუხლები, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია მოტყუების ფაქტი. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არასწორი შეფასება მისცა. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა სააპელაციო საჩივარსა და საქმეში არსებულ მასალების სრულყოფილი გაანალიზება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მოსარჩელე (კასატორი) აღიარებითი სარჩელით მოითხოვს გარიგების ბათილად ცნობას. შეცილების საფუძვლად მიუთითებს მოტყუებას. სკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. გარიგება ბათილია მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუება შეცდომაში განზრახ შეყვანაა, რომ არა გარიგების ერთ-ერთი მხარის მიერ არასწორი წარმოდგენების შექმნა, გაყალბებული ფაქტები, თუ არსებული ფაქტების არასრული შეტყობინება, დამალვა, გარიგება არ დაიდებოდა. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი მოტყუება, რომელიც წარმოშობს ამ ხელშეკრულებას. რომ არა ტყუილი, გარიგება არ დაიდებოდა.

პალატა თვლის, რომ დ.ჩ.-ს სარჩელში მითითებული გარემოებანი, რომლითაც შეცილება ხდება, არ წარმოადგენს მითითებული ნორმით გარიგების ბათილობის საფუძველს. უდავოა, რომ მოსარჩელემ, სათანადო მინდობილობის გაცემით, წარმომადგენლის მეშვეობით დადო ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხესთან. პალატა თვლის, რომ, თუკი მოტყუების ფაქტი დადასტურდებოდა, ბათილად მიიჩნეოდა ნასყიდობის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, დავალების ხელშეკრულება (მინდობილობა) ძალაში დარჩებოდა თუ არა, რადგან, რომ არა მოტყუების ფაქტი, არ დაიდებოდა არც ერთი გარიგება (დავალება, ნასყიდობა), მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა მოტყუება, შესაბამისად, არ არსებობს ამ გარემოებით გარიგების ბათილობის საფუძველი.

პალატა მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსსრულად გამოკვლევის თაობაზე. სასამართლომ სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, სადაც მიუთითა როგორც დადგენილ გარემოებაზე, მტკიცებულებებსა თუ მოსაზრებებზე, ისე კანონზე, რომლითაც იხელმძღვანელა. პალატამ ამავე კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ისე მიიღო საქმეზე ახალი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ჩ.-ს წარმომადგენელ ა. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.