№12561-13 11 აპრილი, 2013 წელი
რ.ი კ., 12561-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
ადვოკატ – ლ. მ-ის
მსჯავრდებულ _ კ. რ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. რ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მარტის განაჩენით კ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 1 მარტიდან 4 მარტამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენით კ. რ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 8 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით განესაზღვრა 30 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 31 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 ივლისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 9000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით შეიცვალა: კ. რ-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის დადგენილებით კ. რ-ს ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ამ მუხლით განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით კ. რ-ს ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ამ მუხლით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით კ. რ-ს ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენითა და 2007 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილები და განესაზღვრა 1 თვითა და 15 დღით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
კ. რ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 12 წლით, ხოლო 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულ 12 წელს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე დაემატა 143-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან – 7 წელი და განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 26 წელი, 11 თვე, 27 დღე და საბოლოოდ კ. რ-ს მიესაჯა 40 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. რ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული კ. რ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 4 თვითა და 15 დღით, ხოლო 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 22 წელი, 7 თვე, 15 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით, 10 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. კ. რ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 31 წლით, 6 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენის გამოტანის დროისათვის მოხდილი სასჯელი – 4 წელი, 3 თვე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 27 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 ივლისიდან. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განჩინებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ შევიდა ცვლილება: კ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 22 წელი, 7 თვე, 15 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ კ. რ-ს მოსახდელად დარჩა 27 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. რ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინების შეცვლას, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და ამნისტიის გავრცელების შედეგად შემცირებული სასჯელის გამოკლებას საბოლოო სასჯელისათვის – 40 წლით თავისუფლების აღკვეთისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. რ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე და 273-ე მუხლებით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება კანონიერია.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. რ-ისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება ასევე კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისას იგი განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.
უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მითითება, რომ მისთვის სასჯელი უნდა დაანგარიშდეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელიდან – 40 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე