Facebook Twitter

№12571-13 11 აპრილი, 2013 წელი

ს-ე ჯ.-12571-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჯ-ის

მსჯავრდებულ _ ჯ. ს-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ს-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განაჩენით გ. ტ-ე (ჯ. ს-ე), ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 9 ოქტომბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 3 ივლისის განაჩენით გ. ტ-ის (ჯ. ს-ის) ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 მაისის განაჩენით გ. ტ-ე (ჯ. ს-ე) ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 1 თვე, 27 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 1თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაპატიმრების მომენტიდან.

ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით ჯ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 9 წელი, 1 თვე, 27 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 7 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 23 ოქტომბრიდან იმავე წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის განაჩენით შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნის შესახებ; მსჯავრდებულს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ამავე სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 მაისის განაჩენი: ჯ. ს-ეს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით, 3 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 2 თვე, 27 დღე და ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული 2 წელი, 6 თვე, რის გამოც საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; ჯ. ს-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 ნოემბრიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განაჩენით ჯ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 10 თვე, 2 დღე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 10 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 13 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განაჩენით შეიცვალა: სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ 1 წელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 9 თვით, 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი 3 წლის ვადით, რის გამოც ჯ. ს-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 9 თვისა და 2 დღის ვადით, ასევე - პირობითი მსჯავრი 3 წლის ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 13 იანვრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განჩინებით საკსაციო საჩივარი სააპელაციო პალატის 2010 წლის 30 აპრილის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ჯ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 379-ე მუხლით დანიშნული 3 წელი, 3 თვე, 3 დღე და განესაზღვრა 2 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 378-ე მუხლით დანიშნული 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ჯ. ს-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 3 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განაჩენის მიღების მომენტისათვის მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 3 თვისა და 24 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 13 იანვრიდან; გარდა ამისა, მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის სწორად გამოყენებასა და გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯ. ს-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის - 5 წლისა და 3 თვის - მომდევნო განაჩენზე დასამატებელი (მოუხდელი) ნაწილი შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 23 დღეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 379-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ ზომას - 2 წელს, 5 თვესა და 9 დღეს - უნდა დაემატოს აღნიშნული 1 წელი, 1 თვე, 23 დღე და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის საფუძველზე შემცირებული ზომა - 1 წელი, 10 თვე, 15 დღე, რის გამოც ჯ. ს-ეს უნდა განესაზღვროს 5 წლით, 5 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი ზომის პროპორციული წილი შეადგენს 3 წელს, 7 თვესა და 10 დღეს, ხოლო - 1 წელი, 8 თვე და 17 დღე – მსჯავრდებულს უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

გარდა ამისა, ჯ. ს-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ბოლო განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლით დანიშნული 1 წელი და უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული რეალური სასჯელის - 3 წლის, 7 თვისა და 10 დღის - მოუხდელი ნაწილი (2008 წლის 16 ნოემბრიდან 2010 წლის 13 იანვრამდე მოხდილი ზომის გათვალისწინებით) – 2 წელი, 5 თვე, 13 დღე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 3 წლით, 2 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 1 წელი, 8 თვე და 27 დღე – უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ვინაიდან მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 13 იანვრიდან, იგი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ჯ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და მოსახდელად განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 3 წელი, 3 თვე, 3 დღე და მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 1 თვე, 23 დღე, ასევე ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის – 2 წლისა და 6 თვის – ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ დანიშნული სასჯელი – 1 წელი, 10 თვე, 15 დღე, რაც საბოლოოდ შეადგენს 5 წელს, 5 თვესა და 17 დღეს, საიდანაც ჯ. ს-ეს მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით, 7 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი, 8 თვე და 17 დღე – პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ჯ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი და მოსახდელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 5 თვე, 13 დღე თავისუფლების აღკვეთა და 1 წელი, 8 თვე, 27 დღე – პირობითი მსჯავრი.

მსჯავრდებულ ჯ. ს-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 3 წლით, 2 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი, 8 თვე და 27 დღე – პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ჯ. ს-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 13 იანვრიდან.

ჯ. ს-ე ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი