Facebook Twitter

საქმე №ბს-653(კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 10 მარტს გ... კოოპერატივმა „გ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქ. გურჯაანში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე (241,90 კვ.მ) და მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 8.10.2021წ. №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.01.2022წ. №... გადაწყვეტილებით კოოპერატივ „გ...ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი ინტერესის სფეროში შემავალი ფართი რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე, რასაც საფუძვლად დაედო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის 24.10.2012წ. №9/1760 მიმართვა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, 53-ე მუხლი, 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 177-ე, 178-ე, 192-ე, 201-ე და 203-ე მუხლების მოთხოვნები.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინებით გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ სარჩელი მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, განსახილველად განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა - გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

ამასთან, იმავე მოსარჩელის მიერ 20.04.2022წ. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში აღძრულ იქნა ახალი სასარჩელო წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული საქმე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა აღნიშნული საქმეები.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

მოსარჩელემ 2022 წლის 8 ივლისს სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №9/1760 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 მარტის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებულ არასაცხოვრებელ ფართზე, საკ. კოდით ... (241.90 კვ.მ) და მიწის ნაკვეთის ნაწილზე კოოპერატივ „გ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულივ სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №9/1760 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მიმართვა), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა - ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებულ არასაცხოვრებელ ფართზე საკ. კოდით ... (241.90 კვ.მ) და მიწის ნაკვეთის ნაწილზე კოოპერატივ „გ...ის“ საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, რამეთუ აღნიშნულით უზრუნველყოფილ იქნება საკუთრების უფლების დაცვა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობდა და განკარგავდა გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ი“, რომლის მიერ განკარგული ფართები აღირიცხებოდა საკუთრებაში და ხდებოდა მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რასაც ადასტურებს ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და კოოპერატივის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც სადავოდ არ ყოფილა გამხდარი ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში არსებულ ფართებზე კოოპერატივის უფლება; ამასთან, მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობა დადასტურებულია ასევე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებით და მოცემულ უძრავ-ქონებაზე მიღება-ჩაბარების აქტებით, ასევე, ხსნებული აქტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოცემულ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის მიღწეული სხვა პირობებით, რითაც კოოპერტივის საკუთრების უფლება და სააღსრულებო აქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ეჭვქვეშ არ დამდგარა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გაუქმდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც იყო გამოცემული სააღსრულებო აქტები, გავლენას ვერ მოახდენს სადავო საკითხზე.

სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ კოოპერატივი „გ...ი“ წარმოადგენდა გ...ის „რ...ს“ სამართალმემკვიდრეს და რ...ს მეპაიეები საკუთარ მოთხოვნებს რ...ს მიმართ იკმაყოფილებდნენ სწორედ კოოპერატივისგან, 2007 წლის არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადამხდელთა სიის ჩანაწერებში (№229) გადასახადის გადამხდელად მითითებული ჩანაწერი - „ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე რ...ს შენობა“, ასევე ადასტურებს კოოპერატივ „გ...ის“ საკუთრების უფლების არსებობას ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია მასზედ, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება არ გააჩნდა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის საკუთრების უფლება ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებაზე, მათ შორის, პირველ სართულზე მდებარე კოოპერატივის მიერ გაუსხვისებელ არასაცხოვრებელ ფართზე (საკ. კოდით ..., ფართით 241.90 კვ.მ.), რაც თავის მხრივ, ასევე დამადასტურებელია მითითებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონშეუსაბამობის.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისა, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება 2012 წლის 24 ოქტომბრის №9/1760 მიმართვაზე, როგორც სადავო რეგისტრაციის კანონიერების საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-2 მუხლის „ა“ და „უ1“ ქვეპუნქტებზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №9/1760 მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის 2012 წლის 1-ლი ნოემბრის №... გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა ქ. გურჯაანში, ...ს ... №...-ზე მდებარე 1354 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, ფართობით: 241.90 კვ.მ (ს/კ ...).

კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-8 და მე-9 მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა, თუ დადგინდებოდა არსებითი წინააღმდეგობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნასა და უკვე რეგისტრირებულ უფლებას შორის. მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. კასატორი ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა უფლების რეგისტრაციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხევაში წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №9/1760 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის №..., 2021 წლის 8 ოქტომბრის №..., 2022 წლის 20 იანვრის №..., 2022 წლის 31 იანვრის №..., 2022 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებულ არასაცხოვრებელ ფართზე, საკ. კოდით ... (241.90 კვ.მ) და მიწის ნაკვეთის ნაწილზე კოოპერატივ „გ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.

2020 წლის 13 ოქტომბერს გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ წარმომადგენელმა გ. წ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), მდებარე - ქ. გურჯაანი, ...ს ქუჩა №....

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი არ იყო საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან 20.10.2020წ. წერილით გამოთხოვილი ინფორმაციის მიღებამდე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო №... სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო №... გადაწყვეტილება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 11 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, მოთხოვნის შინაარსის გაურკვევლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ასევე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ ... საკადასტრო კოდის შესაბამის უძრავ ქონებაზე აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება და დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1.11.2012წ. ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. გურჯაანი, ...ს ...ი №..., საკ. კოდით: ... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1354 კვ.მ., არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, 241.90კვ.მ.,), რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებით გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილება, ასევე ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებით გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან სარეგისტრაციო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამდასატურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრმა ვერ მოიძია და აღნიშნული არც განმცხადებლის მხრიდან ყოფილა წარდგენილი. ამასთან, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოება ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ინფორმაცია, რაც არ შეფასდა საჯარო რეესტრის №..., 20/01/2022 გადაწყვეტილებით.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 10.02.2020წ. ამონაწერის თანახმად, გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს კოოპერატივი და რეგისტრირებულია 1997 წლის 31 დეკემბერს, მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს - ქ. გურჯაანი, ...ს ...ი №....

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განჩინების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი 2007 წლის არასასოფლო- სამეურნეო მიწის გადამხდელთა სიის (№229) თანახმად, ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში გადასახადის გადამხდელად მითითებულია რ...ს შენობა, ფართით 1700 კვ.მ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სამომხმარებლო კოოპერატივ „გ...ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა 8935 ლარის გადახდა და 9657 ლარის ეკვივალენტი ქონების გადაცემის ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ გ...ი დაფუძნდა 1991 წლის აგვისტოში, 1 პაის ოდენობა განისაზღვრა 1000 რუბლით; მ. ქ-იმა შეიტანა 10 000 რუბლი და გახდა 10 პაის მესაკუთრე; გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ 1997 წელს მომხმარებელთა კოოპერატივმა „გ...მა“ სასამართლოში გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და 10 პაის მფლობელი მ. ქ-იი გაუთანაბრდა ერთი პაის მფლობელებს, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაციის მოთხოვნით. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მხარის მოუწვევლობის საფუძვლით, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და განახლდა მ. ქ-იის სარჩელზე საქმისწარმოება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. ქ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - სამომხმარებლო კოოპერატივ „გ...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8935 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დადგენილადაა მიჩნეული, რომ სამომხმარებლო კოოპერატივი „გ...ი“ წარმოადგენს გ...ის „რ...ს“ სამართალმემკვიდრეს. ასევე დადგენილადაა მიჩნეული, რომ 1997 წლის 31 დეკემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დარეგისტრირდა გ... კოოპერატივი გ...ი, სადაც მოსარჩელე დარეგისტრირებულია, როგორც ერთი პაის მფლობელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინებით, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: გ... კოოპერატივ „გ...ში“ მ. ქ-ის აღუდგება შეტანილი პაი და რეესტრში რეგისტრირებული იქნება, როგორც 10 პაის მფლობელი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, ა. გ-ის სარჩელზე, გ... კოოპერატივ „გ...ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დამტკიცდა მორიგება და შეწყდა საქმისწარმოება. მორიგების თანახმად, სამომხმარებლო კოოპერატივი „გ...ი“ იმ მიზნით, რომ შეწყდეს დავა მხარეთა შორის და კოოპერატივის ინტერესები არ დაზარალდეს, თანახმაა მოსარჩელე ა. გ-ის საკუთრებაში გადაეცეს მის მიერ ქირავნობის ხელშეკრულებით დაკავებული ფართი საზკვების „...“, მდებარე - ქ. გურჯაანი, ...ს ქ. №...-ში და პრეტენზია არ ექნება ...ს ფანჯრების გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე. მორიგების პირობების თანახმად, უნდა განხორციელებულიყო ა. გ-ის ფართის მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. გურჯაანის კოოპერატივი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 თებერვლის №62029 წერილის მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, წარმოდგენილია 15/04/2002 წლის ტექნიკური პასპორტი, მისამართით - ქ. გურჯაანი. ტექნიკური აღრიცხვის მასალის შესაბამის გრაფაში, ობიექტის დასახელება მითითებულია რაიონული კოოპერატივი „გ...ის“ ...ი ... სართული, ხოლო მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სიის გრაფაში თანაბარი რაოდენობის 1/23 წილები რეგისტრირებულია - თ. ა-ის, ა. ყ-ის, ვ. მ-ის, ლ. ღ-ის, თ. ბ-ის, თ. კ-ის, ა. ბ-ას, ი. ა-ის, ნ. მ-ის, ც. ც-ის, ნ. ჩ-ის, ი. კ-ეის, ნ. ე-ის, მ. მ-ის, ნ. ღ-ეის, გ. ხ-ის, თე. ა-იის, ლ. კ-ის, ლ. ყ-ის, თე. კ-ის, ე. ბ-ის, ლ. შ-ის, თ. შ-ის სახელზე. საფუძველი: ოქმი №5, გურჯაანის რაიონის ...ის 27/03/2003 წლის №7 მოწერილობა, რაიონული კოოპერატივი „გ...ის“ გამგეობის 2001 წლის 5 ივლისის სხდომის ოქმი №2-ის დადგენილება რაიონული კოოპერატივი „გ...ის“ ...ის მე-2 სართულის გაყიდვის შესახებ. ასევე წარმოდგენილია 15/04/2002 წლის ტექნიკური პასპორტი, მისამართით - ქ. გურჯაანი, ტექნიკური აღრიცხვის მასალის შესაბამის გრაფაში (მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა სია) მითითებულია ...ის მე-2 სართულზე მდებარე შპს „ა...“. რაიონული კოოპერატივი „გ...ის“ ...ი ... სართული, საერთო ფართი - 1161,6 კვ.მ. ტექნიკურ პასპორტებში მიწის ნაკვეთის ფართი მითითებული არ არის. მიმდინარე პერიოდისათვის, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი გურჯაანი, ქუჩა ... №... (მიწის საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია 9 (ცხრა) ინდივიდუალური საკუთრების საგანი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების კუთვნილების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი საბუთი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამდენად, რეგისტრაციის სავალდებულო პირობას წარმოადგენს უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სამომხმარებლო კოოპერატივი „გ...ი“ წარმოადგენს გ...ის მომხმარებელთა საზოგადო რაიონული კავშირის „რ...ს“ სამართალმემკვიდრეს. დასტურდება, რომ რაიკავშირში შემავალი მეპაიეები (მ. ქ-იი, ა. გელაშვილი) 1997 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სამართლებრივ დავას აწარმოებდნენ სწორედ გ...ის რაიონული სამომხმარებლო რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ წინააღმდეგ. ასევე დადგენილია, რომ ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობდა და განკარგავდა გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ი“, რომელიც ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობის ფართებს კონკრეტულ პირებს საკუთრებაში გადასცემდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას მასზედ, რომ სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მასზე არ არის რეგისტრირებული სხვა პირთა კერძო საკუთრება. ასევე, თუ საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ხდება არსებული ფაქტის ფიქსაცია. თუმცა სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მოსარჩელის საკუთრების უფლების არარსებობის თაობაზე და დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის საკუთრება ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მათ შორის, პირველ სართულზე მდებარე კოოპერატივის მიერ გაუსხვისებელ არასაცხოვრებელ ფართზე (საკ. კოდით ..., ფართით 241.90 კვ.მ.).

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სადავო ფართის სახელმწიფისთვის გადაცემის შესახებ მიმართვის განხორციელებამდე ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გარემოებები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და არ გაუთვალისწინებია გ...ის რაიონული სამომხმარებლო რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ კანონიერი ინტერესები სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთთან მიმართებით, რაც დასტურდებოდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მასთან დაცული დოკუმენტაციის, ასევე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში, საჯარო რეესტრიდანაც გამოეთხოვა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია და გამოერკვია, ხომ არ ვრცელდებოდა რეგისტრაციამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლებები. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც შესწევს სამართლებრივი შედეგის დამოუკიდებლად განსაზღვრის ძალა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლების, სარჩელის მიზნის მიღწევის და მოსარჩელის რეალური ინტერესის მხედველობაში მიღებით, აგრეთვე გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის პირობებში, არსებობდა სადავო გადაწყვეტილებების მთავარი საფუძვლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №9/1760 წერილის ბათილად ცნობის წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებებით სადავოდ არ ყოფილა გამხდარი ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში არსებულ ფართებზე კოოპერატივის საკუთრების უფლება; ამასთან, მითითებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის დამადასტურებელია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებით და მოცემულ უძრავ-ქონებაზე მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, საყურადღებოა ზემოხსენებული აქტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის მიერ მეპაიებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი. გასაზიარებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს პოზიცია მასზედ, რომ მიუხედავად მხარეებს შორის მორიგების დამტკიცებისა, კოოპერატივის საკუთრების უფლება და სააღსრულებო აქტებში მითითებული გარემოებები ეჭვქვეშ არ დამდგარა. მარტოოდენ სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტი კი გავლენის მომხდენი ვერ იქნება სადავო საკითხზე.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს 2007 წლის არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადამხდელთა სიის ჩანაწერებზე (№229), რომლებშიც გადასახადის გადამხდელად მითითებულია ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩა №...-ში რ...ს შენობა, ფართით 1700 კვ.მ. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რა, რომ გურჯანიის სამომხმარებლო კოოპერატივი რ...ს სამართალმემკვიდრეა, შესაბამისად, მასზე სრულად უნდა გადავიდეს წინამორბედის საკუთრებაში შემავალი აქტივები და პასივები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმომშობი სათანადო სამართლებრივი საფუძველის არსებობის პირობებში, დაუშვებელია სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვისას უგულებელყოფილ იქნეს მისი უფლებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტით სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების დარეგისტრირებით შეილახა მოსარჩელის საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა გაეთვალისწინებინათ დასახელებული გარემოებები, რის გამოც სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა