№ბს-1254(3კ-22) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები - თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – საქართველოს პრეზიდენტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები), სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ა-ა
მესამე პირი - გ.ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 22 ივლისს ა.ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა გ.ნ-ის მიერ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ.ნ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა გ.ნ-ის მიერ და მოსარჩელეს წაერთვა უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სარჩელის თანახმად, ა.ა-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მეუღლესთან განქორწინების შემდგომ, 2011 წლიდან ცხოვრობს ქირით, რომელსაც ვერ იხდის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო. მოსარჩელემ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. სააგენტოში განუმარტეს, რომ იგი 2012 წელს დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, რის გამოც ხელმეორედ დაკმაყოფილება გამოიწვევდა კანონის დარღვევას. მოსარჩელემ იმავე დღეს განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გადაცემა. 2020 წლის 3 ივლისს მიიღო №03/8696 წერილი და თანდართული მასალები, რომლითაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა მეუღლემ - გ.ნ-ემ 2012 წელს სიმბოლურ ფასად მიიღო ქ. თბილისში, ...ის გამზ. №138-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი. გ.ნ-ესა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2. და 2.4. მუხლებით მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიმართოს სახელმწიფოს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების დანართში მოსარჩელე მოხსენიებულია, როგორც ფართის მესაკუთრე. მოსარჩელე განმარტავს, რომ მან აღნიშნულის შესახებ არ იცოდა, შესაბამისად, არც თანხმობა გამოუხატავს. დარღვეულია მისი კანონიერი ინტერესები და უფლებები, ვინაიდან ითვლება ფართით დაკმაყოფილებულ დევნილად და ეზღუდება უფლება, მონაწილეობა მიიღოს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების სახელმწიფო პროგრამებში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გ.ნ-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ა.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა გ.ნ-ის მიერ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ.ნ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა გ.ნ-ის მიერ და მოსარჩელეს წაერთვა უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე - ა.ა-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის სარეგისტრაციო მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ... ...ის გამზირი, №138; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულებით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, გ.ნ-ეს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, გადაეცა საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ... ...ის გამზ. №138-ში. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულებით, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - გ.ნ-ეს დაევალა მოსარჩელე ა.ა-ას, როგორც ოჯახის წევრის, აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა; გ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ.ნ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გ.ნ-ეს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, გადაეცა საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ...ის გამზ. №138-ში. ამასთან, იმავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - გ.ნ-ეს დაევალა მოსარჩელე ა.ა-ას, როგორც ოჯახის წევრის, აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და მოსარჩელეს წაერთვა უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ; ე) მოსარჩელე ა.ა-ა და ზემოთ აღნიშნული უძრავი ნივთის მყიდველი - გ.ნ-ე არასდროს ყოფილან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე და 31-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა გ.ნ-ე და მას დაევალა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების არც ერთ ეტაპზე არ გამოკვლეულა და არ დადასტურებულა გ.ნ-ისა და მოსარჩელის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ა.ა-ა გ.ნ-ის მეუღლე იყო საცხოვრებელი ფართის გადაცემის დროს. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე ა.ა-ას და გ.ნ-ის ერთ ოჯახად ცხოვრების თაობაზე, ისინი არასდროს ყოფილან რეგისტრირებულ ქორწინებაში, უძრავი ნივთი, რომელიც გ.ნ-ეს საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტით გადაეცა სიმბოლურ ფასად, საჯარო რეესტრში აღირიცხა მხოლოდ მის საკუთრებად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე ა.ა-ას იმ პირად მითითება, რომელმაც მიიღო აღნიშნული საცხოვრებელი ფართი და ეზღუდება უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მხოლოდ ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტით არ შეიძლება დადასტურდეს მათი ერთ ოჯახად ცხოვრება, რადგან რეგისტრაციის მისამართი შესაძლებელია არ ემთხვეოდეს პირის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლსა და 70-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ და მოსარჩელეს არც რაიმე სახის თანხმობა მიუცია გ.ნ-ისათვის ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და ხელშეკრულებაში მოსარჩელე ა.ა-ას იმ პირად მითითება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებლით, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ხანდაზმულობასთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან, ხოლო ხელშეკრულების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მომენტიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეს არ ჩაჰბარებია, იგი უშუალოდ მის მიმართ არ ყოფილა გამოცემული და არ გამოქვეყნებულა, რის გამოც მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, სცოდნოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი შედეგების თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ასევე სადავო ხელშეკრულების დადებისას ადგილი ჰქონდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და ხელშეკრულებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის (დადების) სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა გ.ნ-ის მიერ, ასევე სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ.ნ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა გ.ნ-ის მიერ და მოსარჩელეს წაერთვა უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა ისინი. პალატამ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გასაჩივრებული განკარგულებით საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა გ.ნ-ე და მას დაევალა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების არც ერთ ეტაპზე არ გამოკვლეულა და არ დადასტურებულა გ.ნ-ისა და მოსარჩელის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ა.ა-ა გ.ნ-ის მეუღლე (ოჯახის წევრი) იყო საცხოვრებელი ფართის გადაცემის მომენტში. პალატის განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი თვალსაზრისითაც უნდა იქნეს შემოწმებული.
სააპელაციო საჩივრებით ადმინისტრაციული ორგანოები მიუთითებენ დევნილის ანკეტებზე, რომლებშიც ა.ა-ასა და გ.ნ-ის მისამართის გრაფაში დაფიქსირებულია იდენტური მისამართები. მხოლოდ ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტით არ შეიძლება დადასტურდეს მათი ერთ ოჯახად ცხოვრება, რადგან რეგისტრაციის მისამართი შესაძლებელია არ ემთხვეოდეს პირის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 67-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ და მოსარჩელეს არც რაიმე სახის თანხმობა მიუცია გ.ნ-ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.
სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით პალატამ განმარტა, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს. ამდენად, ხანდაზმულობის ვადების არსებობა სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული, რომლის სწორად გამოთვლისას მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 3 ივლისს მიიღო №03/8696 წერილი, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ.ნ-ემ სიმბოლურ ფასად მიიღო ... ...ის გამზ. №138-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ.ნ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების თანახმად, განისაზღვრა მოსარჩელე ა.ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა გ.ნ-ის მიერ. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მოსარჩელეს წაერთვა უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის განსაზღვრას, თუ რა მომენტიდან უნდა იქნეს ათვლილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა, რაც განსახილველ შემთხვევაში დაკავშირებულია იმ მომენტთან, როდესაც ა.ა-ამ შეიტყო, რომ იგი ითვლებოდა სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2020 წლის 22 ივლისს, ზემოხსენებული წერილის მიღებიდან ცხრამეტი დღის შემდეგ, რის გამოც დაუსაბუთებელია აპელანტების მოსაზრება, საქალაქო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის არასწორად შეფასებასთან დაკავშირებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
5.1. კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რომლებიც ადგენდა დევნილი ოჯახის შემადგენლობისა და ერთად ცხოვრების ფაქტს. საქმეში არსებულ, ამგვარ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დევნილთა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელთა მიხედვითაც, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ა.ა-ა და საქმეში მესამე პირად ჩაბმული გ.ნ-ე წარმოადგენდნენ ერთ ოჯახად მცხოვრებ პირებს, ვინაიდან დევნილთა ანკეტებში მითითებული იყო მათი საერთო ოჯახის იდენტური სარეგისტრაციო ნომერი (№...). ამასთან, ორივე დევნილის ანკეტაში მითითებული იყო სწორედ ის საერთო მისამართი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელდა სახელმწიფო ქონების პრივატიზება (ქ. თბილისი, ... ...ის გამზირი, №138).
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, სადავო პერიოდის მოქმედი რედაქციით მსგავსი ან რაიმე სხვა სახის საკანონმდებლო დეფინიციით არ იყო ზუსტად განსაზღვრული დევნილი ოჯახის ცნება, თუმცა არსობრივად დევნილი ოჯახის ცნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც, განიმარტება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ საქმეში, ერთი მხრივ, წარმოდგენილი იყო დევნილი პირისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი მტკიცებულება დევნილთა სარეგისტრაციო მონაცემების სახით, დევნილთა ანკეტები, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელის მიერ საქმეში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დაადასტურებდა, რომ ა.ა-ა და გ.ნ-ე არ წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებათა შეუფასებლობის გამო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ასევე სასამართლომ არასწორად იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ არ მიუთითა (სადავო სამართალურთიერთობის პერიოდისთვის მოქმედი რედაქციით) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტზე (იდენტური სამართლებრივი ნორმა მოქმედებს იმავე კანონის ახალი რედაქციით, მე-6 კვინტა მუხლით). აქედან გამომდინარე, აღნიშნული ნორმის სრულყოფილი განმარტების შემთხვევაში სასამართლოს უნდა მიეთითებინა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება არის ერთიანი პროცესი და არ უნდა გაემიჯნა ერთმანეთისაგან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და მისგან გამომდინარე პრივატიზების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილშიც შეუსაბამოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ოჯახის წევრს და ცხოვრობდა აღნიშნულ პირთან სადავო ხელშეკრულებით გადაცემულ ფართში, ამასთან, მას ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, წლების განმავლობაში არ მიუმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით. შესაბამისად, არსებობს საფუძველი დასკვნისათვის, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა ბინით დაკმაყოფილების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის.
5.2. კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. დღეს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილია განახორციელოს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები კონკრეტული დევნილი ოჯახებისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების აღსრულების მიზნით, სააგენტოსა და გ.ნ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს პირობადადებული საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ... ...ის გამზ. №138-ში მდებარე უძრავი ქონება. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა ა.ა-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ხელშეკრულების 2.4. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია. ამავე ხელშეკრულების 2.5. მუხლის თანახმად კი, მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ, მყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილ იქნენ სათანადო საცხოვრებელი ფართით. ხელშეკრულების 2.5. მუხლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მყიდველის ვალდებულებას, საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ მიღებული უძრავი ქონება გამოიყენოს იმგვარად, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირი უზრუნველყოფილიყო სათანადო საცხოვრებელი პირობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, 2.2 მუხლში მითითებული პირები სხვა უძრავ ქონებას, გარდა ხელშეკრულებაში მითითებული ქონებისა, არ ფლობდნენ.
მოცემულ შემთხვევაში, ფართის დაკანონების პერიოდისთვის ა.ა-ა გ.ნ-ესთან ერთად დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ... ...ის გამზ. №138-ში, რაც უცვლელია დღეის მდგომარეობითაც. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს საცხოვრებლის დევნილი ოჯახისთვის გადაცემას არა მხოლოდ ოჯახის რომელიმე კონკრეტული პირისთვის. მითითებული უძრავი ნივთი საცხოვრებლად გადაეცა დევნილ ოჯახს, კერძოდ, გ.ნ-ეს და ა.ა-ას, რომლებიც ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და არასდროს ყოფილან რეგისტრირებულნი ცალკე ოჯახად. შესაბამისად, გ.ნ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა მისი ოჯახის წევრებთან, კერძოდ, ა.ა-ასთან ერთად, სწორედ იმ მდგომარეობით, რა ფაქტობრივი და იურიდიული მდგომარეობითაც ფიქსირდებოდნენ საცხოვრებელ ადგილზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ გასულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
3.3. კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემული დანაწესი არ გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე სრულად გათავისუფლებულია მტკიცების ტვირთისაგან. გარდა სააგენტოში არსებული დოკუმენტებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ როგორ უნდა ამტკიცოს, რომ ა.ა-ა და გ.ნ-ე ფართის გადაცემის დროს ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ფართის დაკანონების შემდეგაც, 2013 წელს მხარეებს ერთ სარეგისტრაციო ნომერსა და მისამართზე აქვთ რეგისტრაცია გავლილი. შესაბამისად, მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ფართის გადაცემის დროს ის და გ.ნ-ე ერთ ოჯახს არ წარმოადგენდნენ, აქარწყლებს 2013 წლის დევნილთა საყოველთაო რეგისტრაციის დროს შევსებული ანკეტები. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ვინაიდან უძრავი ქონების ამონაწერში მხოლოდ გ.ნ-ე ფიქსირდება, ამიტომ უძრავი ქონების გადაცემა ა.ა-ასთვის არ მომხდარა. 2009 და 2012 წლებში განკარგულების გამოცემის შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებას ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი აწერდა ხელს. შესაბამისად, ნება გამოხატულია ოჯახის ერთი წევრის მიერ და იგულისხმება, რომ მას მიღებული აქვს ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობაც. პრეზიდენტის 2009 და 2012 წლების განკარგულებისა და დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სააგენტოს არაერთი დევნილი ოჯახი ჰყავს მონიშნული კომპენსირებულად დევნილთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. სასამართლოს ასეთი მიდგომა კი, სტიმულს აძლევს მოსარჩელის იდენტურ მდგომარეობაში მყოფ სხვა დევნილებს, იმავე გზით მოითხოვონ საცხოვრებელი. ამ მიდგომით სახელმწიფო ვერასდროს ამოწურავს იმ ოჯახთა რიცხვს, რომლებიც საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და მათი განსახლების საკითხი გაგრძელდება უსასრულოდ.
კასატორი სრულიად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ინფორმაცია ფართის დაკანონების შესახებ. მოსარჩელემ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ოჯახის მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე თანხმობის შემდეგ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან ფართის ან კომპენსაციის მოთხოვნა ეზღუდებოდა, ოჯახის უფროსის არჩევითა და მის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით - თავის დროზე თანხმობა განაცხადა გარიგების დადებაზე, მიიღო საცხოვრებელი, თუმცა ახლა, რატომღაც, ამტკიცებს, თითქოს, მისთვის არ იყო ცნობილი და არ მიუღია საცხოვრებელი. მოსარჩელის მიზანია, წარმოადგინოს თავი ცალკე ოჯახად და სახელმწიფოსაგან მიიღოს დამატებითი საცხოვრებელი. აღსანიშნავია, რომ სადავო ქონების პრივატიზების პერიოდისათვის დაკანონების პროცედურები არ ითვალისწინებდა თანასაკუთრების ცნებას. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, შეუძლებელია, მას არ სცოდნოდა ფართის დაკანონების შესახებ, მით უფრო, რომ ობიექტი იყო დევნილთა კოლექტიურად ჩასახლების ცენტრი და ყველა დევნილს, რომელიც ობიექტში ცხოვრობდა, ჰქონდა სათანადო ინფორმაცია უშუალოდ სააგენტოს თანამშრომლებისაგან.
მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი პრეზიდენტის განკარგულების გამოცემისა და ხელშეკრულების დადების დროს ცხოვრობდა სხვა მისამართზე და შესაბამისად, წარმოადგენდა ცალკე დამოუკიდებელ ოჯახს. უფრო მეტიც, პრეზიდენტის მიერ განკარგულების გამოცემის დროს და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, 2012 წლის მდგომარეობით, 2013 წლის საყოველთაო რეგისტრაციამდე, ა.ა-ას და გ.ნ-ეს განსხვავებული სარეგისტრაციო ნომრები ჰქონდათ (გ.ნ-ე - ..., ა.ა-ა - ...) და განსხვავებულ ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართებზე ფიქსირდებოდნენ, თუმცა ფართის დაკანონების შემდეგ, 2013 წლის დევნილთა საყოველთაო რეგისტრაციის გავლისას, ერთ სარეგისტრაციო ნომერზე - ..., ფიქსირდებიან, ერთ ფაქტობრივ და იურიდიული მისამართზე. ამდენად, მხარის მოსაზრება, რომ ისინი ფართის გადაცემის პროცესშიც კი დაშორებულნი იყვნენ, დაუსაბუთებელია. თუ გ.ნ-ე და ა.ა-ა უკვე 2012 წელს ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაშინ გაუგებარია, 2013 წელს რატომ გაიარეს რეგისტრაცია ერთ სარეგისტრაციო ნომერსა და მისამართზე და რატომ მიუთითეს ერთი და იგივე ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, რომელიც ასევე იურიდიულ მისამართს ემთხვევა. ასევე, ა.ა-ას 2013 წლის დევნილის ხელით შევსებული ანკეტის მე-13 პუნქტში მითითებულია, რომ ა.ა-ა იმჟამად ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ სახლში/ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გადასცა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში. ამ ინფორმაციის ნამდვილობა კი, მან ანკეტაზე ხელმოწერით დაადასტურა.
ზემოთ მითითებული გარემოებების გარდა, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულება დადებულია 2012 წლის 17 სექტემბერს. ვინაიდან გასულია სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 3-წლიანი ვადა, დავა ხანდაზმულია.
დევნილთათვის ბინების საკუთრებაში გადაცემას წინ უძღოდა მთელი რიგი ღონისძიებები და იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სხვა მისამართზე ცალკე ცხოვრების ფაქტი, შეუძლებელია არ სცოდნოდა მიმდინარე პროცესების, სადავო ხელშეკრულებისა და მისი შინაარსის შესახებ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2013 წლის შევსებულ ანკეტაში ა.ა-ას თავად აქვს ხელმოწერით დადასტურებული, რომ ცხოვრობს სახლში/ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გადასცა გრძელვადიანი განსახლების პირობებში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული ა.ა-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ.ნ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 და 2.4 პუნქტები და ა.ა-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულება. შესაბამისად, სადავოა საკითხი იმის შესახებ, ა.ა-ა, როგორც დევნილი, ითვლება თუ არა სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იმ პირობებში, როდესაც გ.ნ-ესთან გაფორმდა საცხოვრებელი ფართის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გ.ნ-ემ აიღო ვალდებულება მოსარჩელე - ა.ა-ა უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ბინაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ა.ა-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის სარეგისტრაციო მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ... ...ის გამზირი, №138, ... (ს.ფ. 15); ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულებით, გ.ნ-ეს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, გადაეცა ქ. თბილისში, ... ...ის გამზირი №138-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული განკარგულებით, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - გ.ნ-ეს დაევალა მოსარჩელე ა.ა-ას, როგორც ოჯახის წევრის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). ამავე განკარგულების თანახმად, მყიდველი და ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები (ოჯახის წევრები) არ მოითხოვენ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე (მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი) (ს.ფ. 20-22); გ) სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.09.2010წ. #1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ.ნ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გ.ნ-ეს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, გადაეცა საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ... ...ის გამზირის №138-ში. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - გ.ნ-ეს დაევალა მოსარჩელე ა.ა-ას, როგორც ოჯახის წევრის, აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და მოსარჩელეს წაერთვა უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემისა, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა „ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ (ს.ფ. 16-18); დ) ა.ა-ა და გ.ნ-ე არასდროს ყოფილან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (მუხ. 1.1). დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამინისტროს მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაზე, რომლითაც დამტკიცდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-5 თავის („დევნილთა ინტეგრაცია“) თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში“ დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა. განკარგულებით განისაზღვრა ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიც არის დევნილი ოჯახის შემადგენლობის განსაზღვრა, მათი უახლოესი ნათესაური კავშირების დადგენა, დევნილთა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართების დადგენა, ინფორმაციის მოპოვება მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობის შესახებ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ შეამოწმეს სარჩელის შესაბამისობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა ისე, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა.ა-ას და გ.ნ-ის ცალ-ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. აღნიშნული მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცნებას – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამასთანავე, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებდა სადაო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დევნილი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ).
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე - ა.ა-ა და მესამე პირი - გ.ნ-ე არ უარყოფენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტს, თუმცა მიუთითებენ, რომ 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების გაფორმებისას ერთად აღარ ცხოვრობდნენ და იყვნენ განქორწინებული (იხ. სარჩელი და გ.ნ-ის განცხადება (გვ. 115). შესაბამისად, თავად მოსარჩელის და მესამე პირის ახსნა-განმარტება უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, რაც, თავის მხრივ, ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ სადავო განკარგულების გამოცემისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულების ფარგლებში მოქმედებისას, ა.ა-ა და გ.ნ-ე განესაზღვრა ერთ ოჯახად, ხოლო მათ საცხოვრებელ ადგილად დაედგინა ქ. თბილისი, ..., ... ...ის გამზირი, №138 (როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემის მიზნით განკარგულებით განისაზღვრა ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიც არის დევნილი ოჯახის შემადგენლობის განსაზღვრა, მათი უახლოესი ნათესაური კავშირების დადგენა, დევნილთა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართების დადგენა, ინფორმაციის მოპოვება მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობის შესახებ). აღნიშნული ვარაუდის საფუძველს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არა თუ არ წარმოუდგენია მტკიცებულება, არც კი მიუთითებია, რომ მან „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, გ.ნ-ესთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში (ჩვენს შემთხვევაში 2012 წლამდე) თავად აცნობა ადმინისტრაციულ ორგანოს მისამართის ცვლილების შესახებ, რაც შემდგომში ავტომატურად შესაძლოა გამხდარიყო (ანუ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე), 2012 წლის მდგომარეობით მისი გ.ნ-ესთან ერთ ოჯახად ცხოვრების მიჩნევის წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ.ნ-ის სახელზე შევსებულ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტას, რომლის თანახმად, გ.ნ-ის რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის ქ. თბილისი, ..., ... ...ის გამზირი, №138. იგივე ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართია მითითებული 2013 წლის 4 აპრილს ა.ა-ას სახელზე შევსებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტაში. ამასთან, ორივე ანკეტაში სარეგისტრაციო ნომერი არის იდენტური - №.... საყურადღებოა, რომ ა.ა-ას ანკეტის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში გადაცემულ ფართში (ს.ფ. 94-95, 258).
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2007 წლის 3 აგვისტოს ა.ა-ას სახელზე შევსებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა (ს.ფ. 256-257), რომლის თანახმად, ა.ა-ას მისამართი (დროებითი საცხოვრებელი ადგილი) არის ქ. თბილისი, ..., კორპ. №20ბ, ბინა №10. ამავე ანკეტის მიხედვით ა.ა-ას სარეგისტრაციო ნომერი არის .... საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 26 ივნისს გ.ნ-ის სახელზე შევსებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა, რომლის თანახმად, გ.ნ-ის დროებითი საცხოვრებელი ადგილი არის ქ. თბილისი, ..., ... ...ის გამზირი, №138. ამავე ანკეტის მიხედვით გ.ნ-ის სარეგისტრაციო ნომერი არის ... (ს.ფ. 259-260).
ზემოდასახელებული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების გარეშეა დატოვებული. ამასთან, საყურადღებოა, რომ იმ პირობებში, როდესაც ა.ა-ა და გ.ნ-ე არ უარყოფენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტს, რაც მათი ერთ ოჯახად ცხოვრებაზე მიუთითებს, საქმეში არ არის დაცული არანაირი მტკიცებულება, 2012 წლის მდგომარეობით რის საფუძველზე უნდა მიეჩნია მოპასუხეს ა.ა-ას მისამართად ქ. თბილისი, ..., ... ...ის გამზირი, №138, თუ არა ზემოაღნიშნული №4 განკარგულების ფარგლებში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი ოჯახის შემადგენლობის განსაზღვრასთან, მათი უახლოესი ნათესაური კავშირების დადგენასთან, დევნილთა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართების დადგენასთან, ინფორმაციის მოპოვებასთან მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობის შესახებ.
ასევე საყურადღებოა, რომ მოსარჩელე 2012 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით სხვა მისამართზე ცხოვრების შესახებ მიუთითებს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელ არც რაიმე მტკიცებულებაზე უთითებს, ასეთი მტკიცებულება არც საქმეშია წარმოდგენილი და არც სასამართლოს გამოუკვლევია, ისე დაადგინა ა.ა-ას ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია ა.ა-ას სახელზე შევსებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა, სადაც მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ..., ... ...ის გამზირი, №138. აღნიშნული ანკეტა შევსებულია 2013 წლის 4 აპრილს და იგი ხელმოწერილია თავად ა.ა-ას მიერ. ანუ მოსარჩელე, ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ იგი 2012 წლის მდგომარეობით აღარ ცხოვრობდა მისამართზე ქ. თბილისი, ..., ... ...ის გამზირი, №138 და ამავდროულად, გარდა იმისა, რომ არ წარმოუდგენია სხვა მისამართზე ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულებები (არც ის მიუთითებია სად ცხოვრობდა), 2013 წლის მდგომარეობით თავად აწერს ხელს ანკეტას, სადაც მის მისამართი არის ქ. თბილისი, ..., ... ...ის გამზირი, №138.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა სადავო საკითხი, რომ არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები - მოსარჩელის გ.ნ-ესთან ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. აღნიშნული გარემოების დადგენას მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის წარმოშობის მომენტის განსაზღვრისათვის, რადგან მოსარჩელე 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან არ იცოდა ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და მის მიერ არ იყო თანხმობა გაცემული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლთან მიმართებაში. ამასთანავე, მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ ა.ა-ასათვის ცნობილი იყო მისი გაფორმებისას, თუმცა სასამართლოს არ გამოუკვლევია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 3 ივლისის №03/8696 წერილის მიღებამდე ა.ა-ას უნდა შეეტყო თუ არა მისი უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 3 ივლისის №03/8696 წერილით ა.ა-ას მისი განცხადების პასუხად გადაეგზავნა 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის 2.2 პუნქტით მყიდველი - გ.ნ-ე ვალდებულია ა.ა-ა, როგორც მისი ოჯახის წევრი, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემული ქონებით.
ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს 2012 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით და მის შემდეგ ა.ა-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ა.ა-ას, როგორც მოსარჩელის 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უფლების წარმოშობას, რამდენადაც დადგენას საჭიროებს, რა დროიდან უნდა სცოდნოდა მოსარჩელეს მისი უფლების დარღვევის - მისი თანხმობის გარეშე 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე