№ბს-169(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ქ-ა, ე. შ-ი, ბ. ქ-ა, ა. ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ქ-ამ, ე. შ-იმა, ბ. ქ-ამ და ა. ქ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ქ-ას, ე. შ-ის, ბ. ქ-ას, ა. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან დევნილები. 1998 წლიდან ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში („... სკოლა“). შესაბამისი უწყების მიერ წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული შენობებიდან, ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში („... სკოლა“) მცხოვრები დევნილების განსახლებისა და ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელეთა მიერ, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1247/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ წარედგინა მოპასუხეს, რომლის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, რ. ქ-ას ოჯახს ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით რ. ქ-ას, ე. შ-ის, ბ. ქ-ას, ა. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რ. ქ-ას, ე. შ-ის, ბ. ქ-ას, ა. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელეები რ. ქ-ა, ე. შ-ი, ბ. ქ-ა, ა. ქ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილია აფხაზეთი, გალი, ...ის ქ. №37, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5, „... სკოლა“; ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, რ. ქ-ას (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, ...ის ქ. №37. დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელია ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ბ. ქ-ას (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია თბილისი. მუდმივ საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, ...ის ქ. №37. დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ა. ქ-ას (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია თბილისი. მუდმივი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებამდე: აფხაზეთი, გალი, ...ის ქ. №37. დროებით და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ე. შ-ის (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, ს. .... დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელია ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1247/ო ბრძანებით რ. ქ-ას ოჯახს ქ. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის №3/5414-18 გადაწყვეტილებით, რ. ქ-ას, ე. შ-ის, ბ. ქ-ას, ა. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1247/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის №3ბ/1512-19 განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის №3/5414-18 გადაწყვეტილება; დ) 2020 წლის 3 ივლისს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი შედგა ქ. თბილისში ...ის №5-ში „...ის“ შენობაში, სადაც მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა რ. ქ-ას ოჯახის მონიტორინგის მიზნით. ოჯახში არავინ დახვდათ, იმავე შენობაში ბინა №10-ში მცხოვრებმა რ. ქ-ას დედამ განაცხადა, რომ გასულები იყვნენ, სად ზუსტად არ იცოდა. 2020 წლის 3 ივლისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისში ...ის №5-ში „...ის“ შენობაში, ბინა №10-ში დაახლოებით 15 წუთში გამოცხადდა რ. ქ-ა, მასთან საუბრისას 5 წუთში მისი მეუღლე ე. შ-იც მივიდა. მათ განაცხადეს, რომ იყვნენ პარკში. 2020 წლის 3 ივლისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მინიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ქ. თბილისში, ...ს №32, ბინა №3-ში. ადგილზე დახვდათ მ. ყ-ა, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოვრობს მის საკუთრებაში მარტო. პერიოდულად სტუმრობენ შვილი, სიძე და შვილიშვილები, რომლებსაც დაკავებული აქვთ ...ის №5-ში ფართი; ე) 2018 წლის 29 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №32-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია მ. ყ-ას საკუთრების უფლება; ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) რ. ქ-ას (პ/ნ ...) ოჯახს ნგრევად ობიექტში (ქ. თბილისი, ... სკოლაში) ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე; ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 ივლისის №03-3242/ო ბრძანებით ცვლილება შევიდა 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) რ. ქ-ას (პ/ნ ...) ოჯახს სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში (ქ. თბილისი, ... სკოლაში) ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე; თ) ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით გ. ტ-ა, ნ. ბ-ა, ბ. კ-ა და ი. ჯ-ა ადასტურებენ, რომ რ. ქ-ა, ე. შ-ი, ბ. ქ-ა, ა. ქ-ა 1998 წლიდან ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში ყოფილ ... სკოლაში, დევნილთა დასახლებაში; ი) საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისში, ...ის №5, „... სკოლის“ შენობა, ბინა №20-ში, აბონენტი ქ-ას ოჯახის მიერ 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ამსახველი ინფორმაცია.
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესზე“, ამავე წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე და განმარტა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემა, თუმცა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ში, „... სკოლაში“, სადაც რეგისტრირებული არიან მოსარჩელეები და უთითებენ, რომ ფაქტობრივად ცხოვრობენ 1998 წლიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა ერთხელ, 2020 წლის 3 ივლისს, რა დროსაც რ. ქ-ა და ე. შ-ი სატელეფონო კომუნიკაციიდან 15 წუთში მივიდნენ და განაცხადეს, რომ იმყოფებოდნენ პარკში. მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების, რაც განვითარებულ ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, საკუთარ თავზე გადატანა, არის უპირატესი და ადმინიტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე რ. ქ-ას ოჯახის, როგორც დევნილის, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაატარა სრულყოფილად. მაშინ როცა მოპასუხე უთითებს, რომ მითითებულ მისამართზე არცხოვრების გამო ეუბნებიან დევნილს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარს, არ გამოიკვლია საკითხი თუ მოსარჩელე არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მაშინ სად ცხოვრობს იგი. სადავო არ არის, რომ მოსარჩელეთა სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება. საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, 2020 წლის 3 ივლისს მონიტორინგის ჯგუფი რ. ქ-ას მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე: თბილისი, ...ს ქ. 32, ბინა №3-ში ე. შ-ის დედის საკუთრებაში. მისამართზე მყოფმა ბინის მესაკუთრემ, მ. ყ-ამ, განმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობს მარტო, მას პერიოდულად სტუმრობს მისი შვილის ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს საკითხის განხილვის დროს საკუთრებაში არ გააჩნდათ უძრავი ქონება. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაშიც არ გამოირიცხება მოსარჩელეთა უფლება, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო, ვინაიდან საქმის მასალებით, კერძოდ დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტებით, ასევე აბონენტის ბრუნვის ისტორიითა და ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები რ. ქ-ა, ე. შ-ი, ბ. ქ-ა, ა. ქ-ა ცხოვრობენ თბილისში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში. ის, რომ პერიოდულად უწევთ ე. შ-ის დედის მ. ყ-ას სახლში ყოფნა, არ გამორიცხავს სახელმწიფო მნიშვნელობის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში ცხოვრების ფაქტს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიის 2019 წლის 8 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/5414-18) თანახმად, რ. ქ-ას, ე. შ-ის, ბ. ქ-ას, ა. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1247/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით (№3ბ/1512- 19) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით (საქმე №ბს-96(კ-20)). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების (ოქმი №19) თანახმად, მოსარჩელეებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ ქ. თბილისში ...ის ქ. №5-ში მდებარე ნგრევად ობიექტ „... სკოლაში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), რ. ქ-ას ოჯახს, ნგრევად ობიექტში (ქ. თბილისი, „... სკოლა“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ლ“, „ნ“, „ო“ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-13 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებზე, მე-14 მუხლის პირველ, მე-3, მე-6 პუნქტებზე, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-20 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-10 პუნქტებზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებზე, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები რ. ქ-ა (დაბ. ... წ.), ე. შ-ი (დაბ. ... წ.), ბ. ქ-ა (დაბ. ... წ.) და ა. ქ-ა (დაბ. ... წ.) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი). მათი ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ადგილი/რეგისტრაციის ადგილია: თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5, ობიექტი: „... სკოლა“. რ. ქ-ას, ბ. ქ-ასა და ა. ქ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გალი, ...ის ქ. №37, ხოლო ე. შ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გალი, ს. .... სადავო არაა, რომ ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5-ში მდებარე ობიექტის - „... სკოლის“ ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, არის ნგრევადი ობიექტი და განხორციელდა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მოახდინა მოსარჩელე დევნილი ოჯახის (მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვის) კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, მათი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანება მიღებულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამასთან, სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მითითებები მოსარჩელე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, „სადავო საკითხზე მიღებული გასაჩივრებული აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ, რაც ადასტურებდა გასაჩივრებულ აქტთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის მოსარჩელეებს გააჩნიათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლა/შემოსვლის უფლება (მათ შორის, ახლობლის გარდაცვალების, ახლობლების მონახულების, მკურნალობისა და სხვადასხვა გარემოების გამო). ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მოსარჩელე დევნილი ოჯახის მონიტორინგის განხორციელებისას არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ადგილზე, შეუძლებელია დადასტურდეს მოსარჩელე დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში არცხოვრების ფაქტი. პალატის მოსაზრებით, შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის ან/და სხვა მიზეზით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ფაქტობრივი (რეგისტრაციის) საცხოვრებლის დატოვება (ახლობლების მონახულების, სამსახური, სწავლა, მკურნალობა, ნათესავთან ან დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და სხვ.), თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელს და არ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრისი.
ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას, რაც ზემოაღნიშნული, სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო აპელანტის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და 102.3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში მდებარე: ქ. თბილისი, დიდუბე, ა. ...ის ქ. №5, „... სკოლა“ და გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრისი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ...ის ქუჩაზე მდებარე „... სკოლის“ ნგრევადობასთან დაკავშირებით. აღნიშნული შენობა არის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტი და არა ნგრევადი ობიექტი. სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანებაში 2021 წლის 23 ივლისის №03-3242/ო ბრძანებით შევიდა ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), რ. ქ-ას (პ/ნ ...) ოჯახს, სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში (ქ. თბილისი, „... სკოლა“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვას ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
კასატორის განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 2 აპრილის კომისიის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა რ. ქ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. სასამართლოს მიერ 2020 წლის 29 აპრილის №ბს-96(კ-20) საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დევნილი რ. ქ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მოსარჩელის ოჯახის მოკვლევის მიზნით მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №5 („... სკოლა“) განხორციელდა მონიტორინგი 2020 წლის 3 ივლისს. ადგილზე მისულ მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს რ. ქ-ას ოჯახი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ მოსარჩელის დედა, მამიდა და ძმა. სატელეფონო საუბრის შემდეგ მისამართზე მივიდა რ. ქ-ა. იმავე დღეს დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №32, ბინა №3. აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა რ. ქ-ას სიდედრი - მ. ყ-ა და ე. შ-ი, რომელმაც მონიტორინგის სამსახურის მისვლისთანავე დატოვა ბინა. უძრავი ქონება არის მ. ყ-ას საკუთრება (ფართი 108 კვ.მ). მ. ყ-ა განმარტავს, რომ 108 კვ.მ ფართში ცხოვრობს მარტო და ზოგჯერ მიდიან მასთან შვილი და შვილიშვილები. მის შვილს ოჯახთან ერთად დაკავებული აქვს ფართი ...ის ქუჩაზე, ... სკოლაში. იმავე შენობის პირველ სართულზე რ. ქ-ას დედას, მამიდას და ძმას დაკავებული ჰქონდა ფართი. აღნიშნული ოჯახი სააგენტოს მიერ დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით ...ში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №22 (ფართი 53 კვ.მ) 2019 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ადგილზე დათვალიერების და გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ რ. ქ-ას ძმა დედასთან და მამიდასთან ერთად დაკმაყოფილების მიუხედავად, ისევ იქ იმყოფება იმ მოტივით, რომ ...ში ჯერ რემონტი არ გაუკეთებიათ. მ. ყ-ას საკუთრებაში გადაღებულ ფოტომასალაზე დაფიქსირებულია თბილისში, ...ს ქ. №32-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ამსახველი ფრაგმენტები, საიდანაც ცალსახად ირკვევა, რომ აღნიშნულ ბინაში მ. ყ-ასთან ერთად ცხოვრობს მისი შვილის - ე. შ-ის ოჯახი. იგივე სიტუაცია იყო 2018 წელსაც, მაშინ როდესაც „... სკოლიდან“ სახელმწიფო ახორციელებდა აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივი მაცხოვრებლების დაკმაყოფილებას.
2017 წლის 22 თებერვალს შევსებული აღწერის ფორმის მიხედვით, დადგინდა, რომ იმჟამად საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, ბინა №5 (ძველად №20) არის გაქირავებული და ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ერთ შვილთან ერთად. ადგილზე სტუმრად იმყოფებოდა ბ. ქ-ა, რ. ქ-ას შვილი. მისი განმარტებით, მისი მშობლები და და ცხოვრობენ ...ს ქ. №32-ში, ახლადაშენებულ კორპუსში, რომელიც არის 108 კვ.მ და ეკუთვნის მ. ყ-ას. საკითხის სრულყოფილად მოკვლევის მიზნით, განხორციელდა ვიზიტი ...ს ქ. №32, ბ. №3-ში, სადაც ადგილზე იმყოფებოდა ოჯახის უფროსი, რ. ქ-ა და მისი მეუღლე - ე. შ-ი. მათი განმარტებით, აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის რ.-ს სიდედრს - მ. ყ-ას, რომელიც ცხოვრობს ამავე ბინაში. განმცხადებლის (ოჯახის უფროსის) განმარტებით, მისი მეუღლე - ე. შ-ი არის დედისერთა. რ. ქ-ას სიმამრი გარდაიცვალა 2017 წელს. ამ ბინაში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიმამრის ავადმყოფობა, ვინაიდან სხვა მომვლელი არ ჰყავდა. ამდენად, მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახი მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, მუდმივ მაცხოვრებლად არ დაფიქსირდა. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი №21) რ. ქ-ას, ე. შ-ის, ბ. ქ-ას და ა. ქ-ას უარი ეთქვათ მიმდინარე ეტაპის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს (ოქმი №19) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში მდებარე ობიექტში („... სკოლა“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი 25 კვ.მ ფართში, რომელიც ძალიან მცირეა, ვერ იცხოვრობს. აღნიშნულს ადასტურებდა ოჯახი 2017 წელსაც, რაც დაფიქსირებულია ასევე 2019 წლის 8 აპრილის თბილისის საქალაქო სასამრთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში და იგივე შინაარსი ფიქსირდება ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, სადაც მოსარჩელის ოჯახი ახსნა-განმარტების დროს აღნიშნავს, რომ ...ის ქუჩაზე დაკავებულ ფართში ისინი არათუ 2020 წლიდან, არამედ 2016 წლიდან ფაქტობრივად არ ცხოვრობენ ფართის სიმცირის და სივიწროვის გამო და ოჯახი გადასულია მ. ყ-ას საკუთრებაში 108 კვ.მ ფართში. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის სრულყოფილად მოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება.
კასატორის მოსაზრებით, იმისათვის, რომ მოხდეს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლება, საჭიროა, რომ ის რეალურად ცხოვრობდეს ამ ობიექტში. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოსარჩელის დევნილ ოჯახთან მიმართებითაც მოხდა საკითხის შესწავლა და გამოირკვა, რომ მხოლოდ ფორმალურად იყვნენ რეგისტრირებულები აღნიშნულ მისამართზე და რეალურად იქ არ ცხოვრობდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს რეგისტრაციის ადგილი ფაქტობრივად შეცვლილი აქვთ ერთ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში და ამის თაობაზე არ უცნობებიათ სააგენტოსთვის, მათი მხრიდან დარღვეულია კანონით დაკისრებული ვალდებულება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, რ. ქ-ას (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, ...ის ქ. №37. დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელია ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5 (ობიექტის დასახელება - ... სკოლა). იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ბ. ქ-ას (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია თბილისი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, ...ის ქ. №37. დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5 (ობიექტის დასახელება - ... სკოლა). იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ა. ქ-ას (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია თბილისი. მუდმივი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებამდე: აფხაზეთი, გალი, ...ის ქ. №37. დროებით და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5 (ობიექტის დასახელება - ... სკოლა). იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ე. შ-ის (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, ს. .... დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელია ქ. თბილისი, დიდუბე, ...ის ქ. №5 (ობიექტის დასახელება - ... სკოლა) (ს.ფ 63-66); ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1247/ო ბრძანებით რ. ქ-ას ოჯახს ქ. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის №3/5414-18 გადაწყვეტილებით, რ. ქ-ას, ე. შ-ის, ბ. ქ-ას, ა. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1247/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის №3ბ/1512-19 განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის №3/5414-18 გადაწყვეტილება (ს.ფ 91-130); გ) 2020 წლის 3 ივლისს შედგენილ იქნა დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი ქ. თბილისში, ...ის №5-ში მდებარე „...ის“ შენობაში, სადაც მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა რ. ქ-ას ოჯახის მონიტორინგის მიზნით. ადგილზე არავინ დახვდათ. იმავე შენობაში ბინა №10-ში მცხოვრებმა რ. ქ-ას დედამ განაცხადა, რომ გასულები იყვნენ, სად ზუსტად არ იცოდა. დაახლოებით 15 წუთში ადგილზე გამოცხადდა რ. ქ-ა, მასთან საუბრისას 5 წუთში მისი მეუღლე ე. შ-იც მივიდა. მათ განაცხადეს, რომ იყვნენ პარკში. 2020 წლის 3 ივლისს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მინიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ქ. თბილისში, ...ს №32, ბინა №3-ში. ადგილზე დახვდათ მ. ყ-ა, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოვრობს მის საკუთრებაში მარტო. პერიოდულად სტუმრობენ შვილი, სიძე და შვილიშვილები, რომლებსაც დაკავებული აქვთ ფართი ...ის №5-ში (ს.ფ 50-52); დ) 2018 წლის 29 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №32-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია მ. ყ-ას საკუთრების უფლება (ს.ფ 69-70); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) რ. ქ-ას (პ/ნ ...) ოჯახს ნგრევად ობიექტში (ქ. თბილისი, „... სკოლა“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 16); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 ივლისის №03-3242/ო ბრძანებით ცვლილება შევიდა 2021 წლის 23 აპრილის №03-1552/ო ბრძანებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) რ. ქ-ას (პ/ნ ...) ოჯახს სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში (ქ. თბილისი, „... სკოლა“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვას ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 133); ზ) სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით გ. ტ-ა, ნ. ბ-ა, ბ. კ-ა და ი. ჯ-ა ადასტურებენ რომ რ. ქ-ა, ე. შ-ი, ბ. ქ-ა და ა. ქ-ა 1998 წლიდან ცხოვრობენ ქ. თბილისში ...ის ქ. №5-ში ყოფილ „... სკოლაში“, დევნილთა ჩასახლებაში (ს.ფ 27-32); თ) საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისში, ...ის №5-ში „... სკოლის“ შენობა, ბინა №20-ში, აბონენტი ქ-ას ოჯახის მიერ 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ამსახველი ინფორმაცია (ს.ფ 34).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. საქართველო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, უსახლკარობის თავიდან აცილებასა და შემცირებას თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დევნილთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიას ქმნის დევნილის უფლება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა, შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთა დევნილი ოჯახისათვის სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს ადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებდა სააგენტოს უფლებამოსილებას დევნილი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.
ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. თბილისში მდებარე „... სკოლა“ წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტს და კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელეთა აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პირს აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია - სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები კონკრეტული მონიტორინგის დროს არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ ადგილზე, არ წარმოადგენს აღნიშნულ ობიექტში მათი არცხოვრების შესახებ დასკვნის გაკეთებისა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2020 წლის 3 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის დროს დაახლოებით 15 წუთში ადგილზე გამოცხადდა რ. ქ-ა და მისი მეუღლე ე. შ-ი. ამასთან, ქ. თბილისში, ...ს №32, ბინა №3-ის მესაკუთრე მ. ყ-ას განმარტებით ცხოვრობს მის საკუთრებაში მარტო. პერიოდულად სტუმრობენ შვილი, სიძე და შვილიშვილები, რომლებსაც დაკავებული აქვთ ...ის №5-ში ფართი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო მისამართზე მოსარჩელეთა ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი. საქმის მასალებით, კერძოდ, დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტებით, ასევე აბონენტის ბრუნვის ისტორიითა და სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა - განმარტებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები რ. ქ-ა, ე. შ-ი, ბ. ქ-ა და ა. ქ-ა ცხოვრობენ თბილისში, ...ის ქ. №5-ში („... სკოლა“). ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე