Facebook Twitter

№ბს-436(კს-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მოსარჩელე - გ.ბ-ე

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 29 აპრილს გ.ბ-ემ მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიეთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი) დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №..., 2021 წლის 7 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და №... სარეგისტრაციო წარმოებაზე, გ.ბ-ის მიერ 2021 წლის 5 თებერვალს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილება და 2021 წლის 7 აპრილის №... გადაწყვეტილება. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 3.04.2023წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩართვაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას ასევე დაეთანხმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი. შუამდგომლობის მოტივაცია არ გაიზიარეს მოწინააღმდეგე მხარე გ.ბ-ემ და მისმა წარმომადგენელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლის შუამდგომლობა, ადმინისტრაციულ დავაში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე, სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. სააპელაციო პალატამ ჩათვლა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა არ წარმოადგენს იმ პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ გ.ბ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო განცხადება, რომლითაც მოითხოვა დაბა ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის მონაცემებით, ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 9980 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია ე.ბ-ის (პ/ნ...) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს დაბა ...ის საკრებულოს გადაწყვეტილება (27.04.2000წ, სიაში რიგითი №...).

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის №13/34-1793 წერილით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმის სრულყოფილი გამოძიების მიზნებისთვის, საგამოძიებო ორგანომ მოითხოვა სრული ინფორმაცია დაბა ...ის ტერიტორიაზე გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული აქვთ დაბა ...ის საკრებულოს 2000 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მიიჩნევნ, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დასახელებული ნორმა არ გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას საქმეში მესამე პირის ჩართვასთან დაკავშირებით, დასახელებული ნორმის საფუძველზე ჩართვის მიზანს მხარის ინფორმირება წარმოადგენს, ვინაიდან იგი უშუალო სამართალურთიერთობის მონაწილეს არ წარმოადგენს, არ სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და არც მოსარჩელის მოვალეობები არ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება გამოძიების მიზნებისთვის გამოყენებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობა. სასამართლოს მიერ ასკ-ის 16.1 მუხლით ჩაბმა, საგამოძიებო ორგანოების ინფორმირებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა საჭიროების შემთხვევაში სისხლისამართლებრივმა დევნის ორგანომ გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა. სისხლისამართლებრივი მიზნების უზრუნველსაყოფად, გამოძიების საწყის ეტაპზე, ყადაღის გამოუყენებლობა, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით, არ გულისხმობს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ინტერესის არქონას, სხვა ეტაპზე შესაბამისი ინფორმაციის ქონის პირობებში. ასეთ დროს უძრავ ნივთთან დაკავშირებულით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი, შესაძლოა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდეს საგამოძიებო ორგანოს და საერთოდ, მართლწესრიგის ინტერესებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად. სხვა შემთხვევაში, სასამართლომ საკუთარ უფლებამოსილებაზე მითითებით, შეიძლება აზრი დაუკარგოს ამ ნაწილით მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრებას.

კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გაჩინებაზე (№ბს-443-443(კ-18) 18.10.2018წ.), სადაც განმარტებულია, რომ გამოძიების არსებობა დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელზეც პირი საკუთრების უფლების მოთხოვნას ამყარებს, წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს, პროკურატურაში გაგზავნილი წერილის დაბრუნებამდე. ამავე განჩინებაში აღნიშნულია, რომ გარემოება, თუ რამდენადაა დაცული სისხლისამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მხრიდან, სისხლისამართლებრივი ვადების შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი, რათა გამოძიების გაჭიანურებით არ შეილახოს კერძო პირთა ინტერესები, აღნიშნული სცილდება როგორც სასამართლო მართლმსაჯულების ისე სარეგისტრაციო ორგანოს უფლებამოსილების, მტკიცების და პასუხისმგებლობის ფარგლებს. განსხვავებით, მესამე პირის საქმეში მონაწილეობის საფუძვლების წარმოშობისაგან, როდესაც სასამართლო, მართალია თვლის, რომ პირი არ არის უშუალო სამართალურთიერთობის მონაწილე, თუმცა აშკარაა, რომ მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს ამ პირის ინტერესებსაც.

განსახილველ შემთხვევაში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით, დაბა ...ის საკრებულოს თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, რომელზეც საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული კი კერძო და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების უგულებელყოფით, მივალთ იმ შედეგამდე, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პარალელურად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, მესაკუთრე განკარგავს უძრავ ქონებას, რომლის დანაშაულებრივი გზით მოპოვების/ანდა დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, სახეზე იქნება მართლწესრიგის გვერდის ავლით, უკანონოდ მოპოვებული და გასხვისებული ქონება, რაც აზრს დაუკარგავს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასაც.

კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ საუბარია არამხოლოდ სახელმწიფო და კერძო პირთა ინტერესების საწინააღმდეგოდ გასხვისებული ქონების კეთილსინდისიერი შემძენიდან უკან დაბრუნების შეუძლებლობაზე, არამედ თავდაპირველი მესაკუთრის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის მონაცემების დაზუსტების დამაბრკოლებელ გარემოებაზე, რომლის უგულებელყოფითაც შეიქმნება მართლწესრიგის ინტერესების საწინააღმდეგოდ ამა თუ იმ პირის საკუთრების უფლების შესახებ ნამდვილი სარეგისტრაციო ჩანაწერი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და მართლწესრიგის ერთიანობის მიზნებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევნ, რომ სააპელაციო სასამართლოს მესამე პირის სტატუსით უნდა ჩაება სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო და ოფიციალურად ეცნობებინა მისთვის ადმინისტრაციული პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 არილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის №ბს-585-585(კს-18) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართალურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივ განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ (ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირები) და აუცილებელ (სავალდებულო მოწვევის მესამე პირები) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო აუცილებელი ჩაბმა - ვალდებულება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი მესამე პირის მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი - აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში ჩვეულებრივი და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობის და ქმედუნარიანობის თვალსაზრისით.

განსახილველ დავაში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩართვასთან დაკავშირებით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №..., 2021 წლის 7 აპრილის №... გადაწყვეტილებების კანონიერება და გ.ბ-ის მიერ 5.02.2021წ. საჯარო რეესტრში წარდგენილი წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

დადგენილია, რომ 2020 წლის 22 ივლისს გ.ბ-ემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, ...ში მდებარე 9980 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა 19.08.2020 წლის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ახალციხის რაიონული პროკურატურიდან. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზემოაღნიშნული წერილის პასუხად აცნობა, რომ მათ მიერ გადაგზავნილი დოკუმენტები დაერთო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №01606907 საქმეს. დადგენილია, რომ გ.ბ-ემ თავადაც მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას და ითხოვა ეცნობებინათ მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №01606907 საქმის მიმდინარეობის შესახებ, შესაძლებელი იყო თუ მის მიერ წარდგენილი მასალების საფუძვლად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წარმოების გაგრძელება, რაზეც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ მას აცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, 2020 წლის 19 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში მითითებულ უძრავ ქონებაზე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო. რაც შეეხება საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის გაგრძელების საკითხს, აღნიშნული წარმოადგენდა შესაბამისი ორგანოს კომპეტენციას.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 11.02.2021წ. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე: სახელმწიფო) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა სამცხე-ჯავახეთის რაიონული პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ-ემ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.04.2021წ. №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარტივი მოწვევის მესამე პირთა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ჩაბმა წარმოადგენს არა სასამართლოს ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას. შესაბამისად, მარტივი მოწვევის მესამე პირთა ჩართვა სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას მასზედ, რომ არასავალდებულო მოწვევის პირად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩაბმა, ამ უკანასკნელის ინფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმოწერით უტყუარად დასტურდება, რომ სისხლისამართლებრივი დევნის ორგანო ინფორმირებულია იმ გარემოების შესახებ, რომ გ.ბ-ე ითხოვს ...ში მდებარე 9980 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) საკუთრებაში აღრიცხვას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს (№ბს-443-443(კ-18) 18.10.2018წ.) განჩინებაზე, რომლითაც თითქოსდა მსგავსი კატეგორიის საქმეებში, სისხლისამართლებრივი დევნის ორგანოს არასავალდებულო მესამე პირად უპირობოდ ჩაბმაა გამყარებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ მოხმობილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება მოცემული დავის ფაქტობრივი გარემოებებისგან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებულ საქმეში, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სადავო უძრავ ქონებაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 პრიმა ნაწილის შესაბამისად გამოყენებული იყო ყადაღა. სადავო ქონებას ყადაღა დაედო სასამართლო განჩინებით, რომლის აღსრულების ვალდებულებაც მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორები უარყოფენ, რომ გ.ბ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ქონებას (ს/კ №...) სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის №01606907 ფარგლებში არ ადევს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისთვის არ იყო საჭირო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მესამე პირად ჩაბმა ასკ-ის 16 მუხლის პირველი ნაწილით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგნისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ იკვეთება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის წინაპირობები, ხოლო ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირად ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, მითუმეტეს, რომ სადავო ქონებას სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა არ ადევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა