Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1260(კ-22) 11 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - მ.ჭ-ე, მუ.ჭ-ე, ნ.ჭ-ე, ქ.ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ტ-ემ 2021 წლის 24 სექტემბერს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც უძრავი ქონების (ს.კ....) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის გ.ტ-ის საკუთრებად რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ.ჭ-ე, მუ.ჭ-ე, ნ.ჭ-ე და ქ.ჭ-ე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით გ.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ნაკვეთის 2000 წლის 14 აგვისტოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი. გ.ტ-ე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე გაკეთდა განმარტება, რომ სააღრიცხვო ბარათი და სარეგისტრაციო მოწმობა, იმჟამად მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს, რომელშიც აისახებოდა უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაცია. სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემოდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების საფუძველზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლით - თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მასზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა 15 წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ როგორც საკუთარს. სადავო ნაკვეთი 2000 წლიდან რეგისტრირებული იყო გ.ტ-ის საკუთრებად და 2017 წელს საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება იგი სხვისთვის დაერეგისტრირებინა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან დარღვეული იყო არაერთი ნორმა. მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ნახაზი ასახავდა მიწის ნაკვეთის ზუსტ მონაცემებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2000 წელს ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო, სარეგისტრაციო სამსახურს უნდა გამოეკვლია ნაკვეთზე მოსარჩელის უფლება. სადავო რეგისტრაციით სარეგისტრაციო სამსახურმა ფაქტობრივად ხელყო საკუთრების კონსტიტუციური უფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.2005წ. კანონი ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ,,ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად“. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.2008წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, რეესტრის სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის არსებობა. ზოგადია ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის - მოსარჩელისათვის ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით გ.ტ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას საჭიროებს.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2021 წლის 27 აგვისტოს გ.ტ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 790 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (01.09.2021წ), №... (04.10.2021წ) და №... (04.11.2021წ) გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვარში (საკადასტრო კოდი ...).

ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მ.ჭ-ის და მისი კომლის წევრების: ქ.ჭ-ის, მუ.ჭ-ისა და ნ.ჭ-ის თანასაკუთრებაში დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 800 კვ.მ. უძრავ ნივთს მიენიჭა ს/კ ..., გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა საჯარო რეესტრიდან. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 1997 წლის 25 თებერვლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №2207 აქტი, რომლის თანახმად, მ.ჭ-ეს გადაეცა სამი მიწის ნაკვეთი, მათ შორის, 800 კვ.მ ფართობის მქონე ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტზე დართული გეგმის თანახმად, ნაკვეთს ორი მხრიდან ესაზღვრება გზა, ხოლო დანარჩენი ორი მხრიდან - ჯ.ჭ-სა და ნ.ქ-ეს საკუთრებაში არსებული ნაკვეთები. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მესამე პირების საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთებზე რეგისტრირებულია სწორედ ჯ.ჭ-სა და ნ.ქ-ეს საკუთრების უფლება. ამდენად, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო რეგისტრაცია განხორციელდა იმ ნაკვეთზე, რომელიც მ.ჭ-ეს გადაეცა 1997 წლის 25 თებერვლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №2207 აქტით. ამდენად, არ დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა.

რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთზე გ.ტ-ის უფლებას, დადგენილია, რომ მოსარჩელე სარეგისტრაციო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა 1201,66 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე გ.ტ-ის სახელზე 2000 წლის 14 აგვისტოს გახსნილ სააღრიცხვო ბარათზე, რომლის მიხედვით, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტი №1980. მოცემული მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია მოსარჩელე გ.ტ-ის სახელზე, რომლითაც დგინდება, რომ გ.ტ-ეს მიღებული აქვს ოთხი მიწის ნაკვეთი: 2744 კვ.მ, 788 კვ.მ, 615 კვ.მ, 869 კვ.მ. საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხსენებული მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე კასატორს უკვე რეგისტრირებული აქვს ყველა მიწის ნაკვეთი: ს/კ ...-ით 869 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ს/კ ...-ით 2744 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ს/კ ...-ით 788 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ს/კ ...-ით 609 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთის მესამე პირთა საკუთრებაში რეგისტრაციის პირობებში, უსაფუძვლოა კასატორის მითითება უძრავ ქონებაზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს საკუთრების უფლების მნიშვნელობასა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საჯარო რეესტრის მიერ განსახორციელებელ მოქმედებებზე, თუმცა საჩივარში აღნიშნული არ არის, კონკრეტულად რომელი დოკუმენტი ან ფაქტობრივი გარემოება არ იქნა შეფასებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაბამისი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა