Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-477(კ-23) 11 სექტემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელეები) - თ. ღ-ა, მ. შ-ა, მ. ღ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ღ-ამ, მ. შ-ამ და მ. ღ-ამ 2021 წლის 28 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 2021 წლის 21 აპრილის №03-1287/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის თ. ღ-ასა და მისი ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, თ. ღ-ას, მ. შ-ასა და მ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1287/ო ბრძანება; მოპასუხეს თ. ღ-ას და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მხარეს ჰქონდა ქულათა საკმარისი ოდენობა, მის მიმართ სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ მოსარჩელემ არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს მეუღლესთან დაკავშირებით. როგორც მოკვლევის შედეგად გაირკვა, მოსარჩელის ყოფილ მეუღლეს - ვ. შ-ას აქვს საკუთრება ...ში. 2021 წლის 4 თებერვალს დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა ვ. შ-ას საკუთრებაში. ადგილზე მისულ მონიტორინგის სამსახურს სახლში არავინ დახვდა. გასაუბრება მოხდა მეზობელთან მ. კ-ასთან. მისი განმარტებით, თ. ღ-ა იყო თბილისში, ვ. შ-ა - სამსახურში. მან ასევე განაცხადა, რომ თ. და ვ. ჰყავდათ ორი შვილი, რომლებიც იმყოფებოდნენ თბილისში. კასატორის მითითებით, 2021 წლის იანვრის მონიტორინგის ოქმის შესაბამისად, მოსარჩელის შვილი მ. შ-ა იყო სტუდენტი, ამდენად, ოჯახს დროებით უწევდა თბილისში ყოფნა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გასაბათილებლად ოჯახს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დამატებით ინფორმაცია არ წარუდგენია. მხოლოდ მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. კ-ამ მოკვლევის სამმართველოსთვის გასაუბრებისას მიწოდებული ინფორმაცია უარყო, რაც ქმნიდა ვარაუდს, რომ სასამართლო პროცესზე მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.

კასატორის მითითებით, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თბილისში ყოფნისას მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საკუთრებაში, რომლებიც სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თ. ღ-ამ 2013 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა 5.5 ქულა. განაცხადი შეავსო ორ შვილთან ერთად. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოსარჩელე ფიქსირდება მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. კორპ N101, ბინა N5 შემდეგი შემადგენლობით: ჯ- ლ., ღ- ო., ღ- თ., ღ- მა., ღ- მ.. ქულის მინიჭების თარიღია 2020 წლის 16 თებერვალი. მოსარჩელის სრულწლოვანი შვილი მ. შ-ა სოციალურად დაუცველთა ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება. 2020 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელის მიერ აპლიკაციაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ N32 განხორციელდა მონიტორინგი. ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელე არ იმყოფებოდა. სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ თ. ღ-ა საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან ...ის ქუჩაზე. 2021 წლის 23 იანვარს მონიტორინგის სამსახური გამოცხადდა ...ის ქუჩაზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ქირის გარეშე მშობლების საკუთრებაში. მის მშობლებსა და და-ძმას 2014 წელს დევნილთა სამინისტროს მიერ გადაეცა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით, ვინაიდან მიწოდებული იყო არსებითად მცდარი ინფორმაცია მეუღლესთან თანაცხოვრებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, პირველ რიგში ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ცხოვრობენ თუ არა ისინი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, გააჩნიათ თუ არა მათ საცხოვრებელი, საიდანაც ისინი უნდა გავიდნენ და დატოვონ და ფაქტობრივად რჩებიან საცხოვრებლის გარეშე, ასევე აქვთ თუ არა მათ ალტერნატიული საცხოვრებელი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის მეუღლეს აქვს საკუთრება ...ში, სადაც მოსარჩელე რეალურად ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. კასატორის მითითებით, სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის მასალების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1287/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით თ. ღ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი N2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი N4-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“.

მითითებული „წესის“ თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი („წესის“ 6.1 მუხლი).

განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმების კომპეტენცია გააჩნია დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე („წესის“ 3.1 მუხლი). თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით („წესის“ 3.5 მუხლი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულათა ჯამზე და, შესაბამისად, დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, როგორც დევნილს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ამ სახის ინფორმაციად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია მეუღლესთან თანაცხოვრების შესახებ მცდარი მონაცემების წარდგენა, რის დასადასტურებლად მიუთითა მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მასალებზე, რომლის მიხედვით მოსარჩელე რეალურად ცხოვრობდა ყოფილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ სახლში, ქალაქ ...ში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ღ-ასა და ვ. შ-ას შორის ქორწინება შეწყდა 2013 წელს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თ. ღ-ას უმცროსი შვილის მ. ღ-ას დაბადების მოწმობაში მამის გრაფა არის ცარიელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ღ-ას, მისი არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... ...ს დაბადებული მ. ღ-ას მიმართ მარტოხელა მშობლის სტატუსი დაუდგინდა. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ქალაქ ...ში, ვ. შ-ას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მონიტორინგის დროს, ადგილზე არ იმყოფებოდა თ. ღ-ა.

საქმის ზეპირი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მ. კ-ამ დაადასტურა, რომ მონიტორინგის სამსახურს ხელი ნამდვილად მან მოუწერა, თუმცა ხელის მოწერა სთხოვეს ადგილზე გამოცხადების დადასტურებაზე და არა იმ განმარტებებზე, რაც მას არ გაუკეთებია. ვ. შ-ა არის მისი მეზობელი, რომლის მეუღლე იყო თ. ღ-ა, რომელთანაც განქორწინებულია დაახლოებით 10 წელია და თ. მას მერე ...ში აღარ უნახავს, ხოლო მათი საერთო შვილი მ. ხშირად არის ხოლმე მამასთან. თ. მეორე შვილი ვისგან ჰყავს, მისთვის უცნობია.

ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ვ. შ-ამ განმარტა, რომ თ. ღ-ასთან ქორწინება და ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს 2013 წლიდან. ყოფილი მეუღლე მათ საერთო შვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში მშობლებთან და მისი პირადი ცხოვრების შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.

ამდენად, დაუსაბუთებელია, რის საფუძველზე მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ მოსარჩელემ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს მეუღლესთან თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ თ. ღ-ა დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზეა იგი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიც.

საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის შედეგად შეგროვებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ქალაქ ...ში, მეუღლესთან ერთად ცხოვრების ფაქტს, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა