Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-260 (კ-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ს. მ. ჰ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ს. მ. ჰ-მა 2022 წლის 5 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის N1000614514/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. მ. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის N1000614514/5 გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ. ჰ-მა.

კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, სასამართლოს მხედველობის მიღმა დარჩა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას, არ განუხორციელებია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება, რამაც სადავო საკითხთან მიმართებით, არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ს. მ. ჰ-ი საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 12 წლის განმავლობაში, ოჯახთან ერთად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მას არ ჩაუდენია არავითარი სამართალდარღვევა ან დანაშაული, რაც შეიძლება საფუძვლად დადებოდა მისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორ მხარეს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით ს. მ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო :

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების უფლებით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების (ან ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების) საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური, თანმიმდევრული, უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ისევე როგორც მისი მოქმედების ვადის შეწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის როგორც მინიჭების, ასევე მისი მოქმედების ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ. სახელმწიფო ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს უარი არ უნდა იქნეს გაგებული სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო პრინციპების დარღვევად, პირიქით, რიგ შემთხვევებში უარყოფითი გადაწყვეტილება შესაძლოა ბინადრობის ნებართვის მაძიებლის დაცვის ინტერესით იქნეს განპირობებული.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს მითითებული კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ამავე კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიხედვით უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე.

ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის არამხოლოდ მინიჭების, არამედ გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის პროცესში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მასზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. მ. ჰ-ი (დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის N1000614514 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. მ. ჰ-ის 2018 წლის 19 ივნისის N1000614514 განცხადება და მას მიეცა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის N1000614514/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის N1000614514 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. მ. ჰ-ის საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თავისივე ინიციატივით გადაამოწმოს მის მიერ მიღებული აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი, მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ხოლო ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის მიერ იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავე კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას.

განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მოსარჩელის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება.

გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის N1000614514/5 გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად საკასაციო პალატამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი გახდა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის სახელმწიფო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ბუნების (სახელმწიფო საიდუმლოება) გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი არ არის გადაწყვეტილებაში ასახოს მისი შინაარსი. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, საიდუმლო მასალაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საიდუმლო მასალის გათვალისწინებით, დგინდება სახელმწიფო უშიშროებისათვის უპიტესობის მინიჭების აუცილებლობა მოსარჩელის ინდივიდუალურ უფლებასთან მიმართებაში.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენის გამო, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიმართ გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ს. მ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ა. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. მ. ჰ-ის (პარპორტის ნომერი: ...) საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 6 მარტის №2318 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე