საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-778(კს-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ნ.ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური
მესამე პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო; შპს „ნ...“
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ.ფ-ემ 2020 წლის 26 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და შპს „ნ...ს“ მონაწილეობით და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის 2014 წლის 17 იანვრის №104 განკარგულების, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის №1099120 ბრძანების, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 14 თებერვლის №1121130 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 იანვრის №4343852 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1826 ბრძანების, ასევე „ნ.ფ-ის წარმომადგენლის - ნ.ს-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 დეკემბრის №5231084 ბრძანებისა და „ნ.ფ-ის წარმომადგენლის - ნ.ს-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 მაისის №696 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.ფ-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით ნ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება 2023 წლის 6 თებერვალს გაეგზავნა ნ.ფ-ის წარმომადგენელს - ნ.ს-ას მის მიერვე მითითებულ მისამართზე - ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №10-ში და არ ჩაჰბარდა. ჩაუბარებლობის მიზეზი იყო ის, რომ შპს „გ..“ აღარ იყო მითითებულ მისამართზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 23 თებერვალს კვლავ გაეგზავნა მოსარჩელე ნ.ფ-ის წარმომადგენელს - ნ.ს-ას შპს „გ...ს“ მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №87, ბ-ბლოკი, მე-4 სართული და 2023 წლის 24 თებერვალს ჩაბარდა თ.თ-ს - იურისტს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მიმღები პირის ხელმოწერითა და ჩაბარების თარიღის - 24.02.2023წ. მითითებით. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ.ფ-ის წარმომადგენელს - ნ.ს-ას საპროცესო კანონმდებლობის ნორმებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2023 წლის 24 თებერვალს. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 25 თებერვალს, ხოლო ნ.ფ-ის წარმომადგენელმა - ნ.ს-ამ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა ვადის გადაცილებით, კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ფ-ემ, რომლის განმარტებითაც, სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით. ნ.ფ-ის წარმომადგენელმა - ნ.ს-ამ კერძო საჩივარს თან დაურთო საფოსტო ბილი, ასევე საფოსტო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ ნ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი საფოსტო ორგანიზაციას ჩაჰბარდა 2023 წლის 10 მარტს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის საფუძვლით, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელე ნ.ფ-ის წარმომადგენელს - ნ.ს-ას მის მიერ მითითებულ შპს „გ...ს“ მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №87, ბ-ბლოკი, მე-4 სართული და 2023 წლის 24 თებერვალს ჩაჰბარდა თ.თ-ს - იურისტს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილ უკუგზავნილზე ხელმოწერილით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დინება დაიწყო 2023 წლის 25 თებერვალს და დასრულდა 2023 წლის 10 მარტს (პარასკევს), 24:00 საათზე. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ნ.ფ-ის წარმომადგენელმა ფოსტას (შპს „...ის“) სააპელაციო საჩივარი ჩააბარა 2023 წლის 10 მარტს, რაც მითითებულია შესაბამის დოკუმენტზე (რეგისტრაციის თარიღი - 10.03.2023წ.) (ტ. III, ს.ფ. 342-343). კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო პალატაში წარმოადგინა ასევე შპს „...ის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც უდავოდ დასტურდება ნ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის 2023 წლის 10 მარტს ფოსტისთვის ჩაბარების ფაქტი (ტ. III, ს.ფ. 344).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით დადგენილი გარემოება - ნ.ფ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შესახებ, არ დასტურდება. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს ნ.ფ-ის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენას. შესაბამისად, არ არსებობდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ.ფ-ის წარმომადგენლის - ნ.ს-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე