Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-1072(კს-23) 24 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ს. თ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებაზე.

2022 წლის 4 მარტს დ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს დეტექტივის 2022 წლის 2 მარტის №... შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაერთო ს. თ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს დეტექტივის მიერ გამოცემული 2022 წლის 2 მარტის №... შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი მოპასუხე -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს დეტექტივის 2022 წლის 2 მარტის №... შემაკავებელი ორდერის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით დ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. №3ბ/559-23 ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დ. ა-ის №1743 საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებაზე ს. თ-ის მიერ წარდგენილ იქნა კერძო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია აღნიშნული განჩინების გაუქმება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი აღძრულია შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლი შეეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესს, კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 2114.12 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.12 მუხლით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.

მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2.1 მუხლი), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი არაქვემდებარე დავის განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული სასამართლო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლი), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში, არსებითი დავის საგანია შემაკავებელი ორდერის გაუქმება. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება შემაკავებელი ორდერის გაუქმებასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლი). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა, არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად, გულისხმობს დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2023 წლის 24 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 2114 მუხლის მე-12 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. თ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. ს. თ-ეს (ს/კ ...) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 20.07.2023წ. №166 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე